Home
ქართული | English
თებერვალი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
26272829123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ჩვენი მიზანი ძალიან ცხადი და მარტივია: მსოფლიოს შევაყვაროთ ქართული ღვინო.” - ინტერვიუ ირაკლი ჩხაიძესთან

ირაკლი ჩხაიძე ძალიან პოპულარული ღვინის ბარის, 8000 მოსავლის დამფუძნებელია. ახლა კი გვესაუბრება მათი ახალი, ბერლინის ფილიალის შესახებ, რომელიც სულ ორიოდე კვირის წინ გაიხსნა. ინტერვიუში მათი მიზნების, დაბრკოლებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ წაიკითხავთ.

მოგვიყევით, როგორ დაიბადა 8000 მოსავლის ბერლინში გახსნის იდეა?  რა იყო ის ძირითადი ფაქტორები, რამაც ბერლინში ქართული ღვინის ბარის გახსნის მოტივაცია მოგცათ?

- იდეა, რომ 8000 მოსავალი ქვეყნის გარეთ უნდა გასულიყო, იმთავითვე იყო კომპანიის გახსნის საფუძველში. ჩვენ გვჯეროდა, რომ 8000 მოსავალი საქართველოს ფარგლებს გასცდებოდა და მის მისიას, რომ ადამიანებს ქართული ღვინო შეაყვაროს, ქვეყნის გარეთაც შეასრულებდა. ამის გვჯეროდა იმიტომ, რომ ვფიქრობდით, ღვინო საქართველოსთვის ძალიან ავთენტური პროდუქტია, ზოგადად საერთაშორისო ბაზრებზეც სწორედ ისეთი პროდუქტები ხდება წარმატებული, რომლებსაც რაღაც ავთენტური აქვთ მასში. კი, შეიძლება ითქვას, რომ ღვინო მსოფლიოში ძირითადად იტალიასთან და საფრანგეთთან ასოცირდება, მაგრამ საქართველო მაინც ღვინის სამშობლოა და მას ავთენტურობის მხრივ ძალიან ბევრი შესაძლებლობა აქვს. ეს ბევრი მიზეზის გამოა, თუნდაც ქვევრის ტექნოლოგიის გამო, რომელიც, რეალურად, არავის არ აქვს სხვაგან, ინტერესიც ამ პროდუქტის მიმართ უფრო და უფრო იზრდება. რაც შეეხება გერმანიას და ბერლინს, ძალიან ბევრ ქვეყანაზე ვფიქრობდით, იაპონიაზეც, ამერიკაზეც, ჩინეთზეც და იაპონიაზეც, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც აქცენტი ისეთ ქვეყანაზე გავაკეთეთ, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისითაც  გაამართლებდა. ვგულისხმობ ინვესტიციასა და შემდეგ უკვე შედეგებს. ასეთი ქვეყანა შეიძლებოდა ყოფილიყო პოლონეთი, ბელგია, მაგრამ გერმანიას ბევრი კარგი მახასიათებელი აქვს. აქ ყველაზე მეტ იმპორტირებულ ღვინოს მოიხმარენ. გერმანია ღვინის მსმელი ქვეყანაა, ბერლინი კი სხვა ქალაქებს შორის, ჩვენი მონაცემების მიხედვით, პირველია. აქ ყველაზე მეტ იმპორტირებულ ღვინოს მიირთმევენ და ძალიან ტრენდულია ახალი ღვინის ბარები, მაღაზიები, ქარვისფერი ღვინო და ა.შ. თითქოს ხალხი მზად არის ამისთვის და ჩვენც ამ ქალაქში გადავწყვიტეთ საბოლოოდ 8000 მოსავლის გახსნა. 

ქართული ღვინოები ღვინის სხვა რეგიონებთან შედარებით ნაკლებად ცნობილია.როგორ აცნობთ თქვენს მომხმარებელს ჩვენს პროდუქტსა და მათ უნიკალურ მახასიათებლებს?

- როდესაც ამდენი ცნობილი რეგიონია და საქართველო არ არის ცნობადი, მნიშვნელოვანია მისი გაცნობის გზები. გერმანიის მოსახლეობა ძალიან გახსნილია სიახლეების მიმართ, ბერლინში ნებისმიერი ქვეყნის სამზარეულო სავსეა გერმანელებით. მით უმეტეს, ქართულ ღვინოს უამრავი შესაძლებლობა აქვს, რომ მისით დაინტერესდნენ. მარტო ის რად ღირს, რომ ამდენი ჯიში გვაქვს, გამორჩეული გემური თვისებებითა და მახასიათებლებით. ძირითადი ხელმოსაჭიდი ალბათ ქვევრის ღვინოა, ჩვენ amber wine-ის გარდა ვცდილობთ ტერმინი Qvevri Wine-ს დავამკვიდროთ. ის, რომ ღვინის სამშობლო ვართ, ბევრმა არც იცოდა და რაღაცნაირად ეს უკვე მიზიდულობასაც იწვევს, მათ შორის უწყვეტი 8000 წლიანი ღვინის ისტორია. ბევრი მესიჯია,  რითაც შეიძლება, რომ გერმანელები დააინტერესო. თვითონაც გაძლევენ ამის შესაძლებლობას, რადგან ძალიან დიდი ინტერესი აქვთ.  ვფიქრობთ, რომ არაფრის მოგონება საჭირო არ არის, რაც გვაქვს, მხოლოდ იმით უნდა გამოვირჩეოდეთ, ეს არის ჩვენი ტექნოლოგია, ჩვენი ქართული ჯიშები და ისტორია.

- რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით ღვინის ბარის გახსნის საწყის ეტაპზე, რა სირთულეების ან დაბრკოლებების გადალახვა მოგიწიათ?

ზუსტად წელიწადნახევარი გავიდა იმ გადაწყვეტილებიდან, რომ ბერლინში უნდა გაგვეხსნა 8000 მოსავალი. ბევრი სირთულე იყო დაკავშირებული ბიუროკრატიასთან და სამართლებრივ მხარეებთან, არ იყო ადვილი ლოკაციის შერჩევა და ფართის მოძებნაც, დიდი ხანი ვეძებდით ადგილს, სადაც ფილიალს გავხსნიდით, დაახლოებით 6-7 თვე, ამან დიდი დრო წაიღო ძალიან. ახლა სადაც ვართ, ამ ადგილის მოძებნაში გიგი სუჭაშვილი, რომელიც ჩვენი კომპანიის ხელმძღვანელია გერმანიაში, ძალიან დაგვეხმარა. მეორე ბარიერი, რომელიც ამ გზაზე შეგვხვდა იყო კომპანიის დაფუძნება იურიდიულად, მთავარი მიზეზი იყო ის, რომ არ ვიყავით არც გერმანელები და არც გერმანული წარმოშობის კომპანია, თუმცა თანმიმდევრული და შეუპოვარი ნაბიჯებით, როგორც აღმოჩნდა, შესაძლებელია საქმის ბოლომდე მიყვანა. შემდეგი სირთულე იყო რემონტი. თუმცა საბოლოოდ ყველაფერი დალაგდა და კარგად დასრულდა.
მოგვიყევით ღვინოების შერჩევის პროცესის შესახებ. რა ფაქტორებს ითვალისწინებთ შემოთავაზებული ღვინის არჩევისას?

- მანდ საქმე შედარებით მარტივადაა, რადგან საქართველოში უკვე შერჩეული გვაქვს ღვინოები საქართველოში ფარული დეგუსტაციის გზით. იგივე ღვინოები მიგვაქვს გერმანიაში და იმავეს ვყიდით. უბრალოდ ერთი მომენტია, რომ საქართველოში 2000-მდე დასახელების ღვინო გვაქვს და ბერლინის თაროები არ გვაძლევს ამის საშუალებას, თუმცა ისედაც ვფიქრობ, რომ არ არის ამის დიდი საჭიროება. სასურველია, რომ 600 დასახელების ღვინო გვქონდეს და მეტნაკლებად მასში ყველა მეღვინეობა მოვახვედროთ. 

მიუხედავად იმისა, რომ სულ ათიოდე დღის წინ გაიხსნა ფილიალი, შეინიშნება რაიმე ტენდენცია? რომელი ღვინის კატეგორიას ანიჭებენ უპირატესობას გერმანელები, განსაკუთრებით რომელი ღვინოებით ინტერესდებიან?

- ტენდენცია ამ ორ-სამ კვირაშიც გამოიკვეთა და ეს ძალიან სასიხარულო ტენდენციაა. ყველაზე მეტად რისიც მეშინოდა იყო ის, თუ რამდენად მიიღებდნენ გერმანელი ადგილობრივები ქვევრის ღვინოს. თქვენ წარმოიდგინეთ და ეს პერიოდი, რაც ბერლინში ვიყავი და 8000-ში სტუმრებს ჩვენს ღვინოებს ვაცნობდი, მათი 80% თეთრი ყურძნით წარმოებულ ქვევრის ღვინოს ირჩევდა. თვითონ ეს ფერი, ქარვისფერი, ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდა. ბევრი უსვამდა ხაზს მისი არომატებისა და გემოს მოულოდნელობას. არომატის გაგების შემდეგ მოლოდინი აქვთ, რომ დახვდებათ შედარებით მოტკბო ღვინო, თუმცა როცა პროდუქტი მშრალი ხვდებათ, ძალიან უხარიათ და აღფრთოვანებას ვერ მალავენ ხოლმე. 
ნაკლებად ცნობილი რეგიონიდან ღვინის იმპორტისა და პოპულარიზაციის პროცესი არც ისე მარტივია. რა იყო ის ძირითადი ფაქტორები, რამაც მოტივაცია გაგიჩინათ ამ რისკისკენ და რის გამოც 8000 მოსავალი ახლა უკვე ბერლინშია? 
პირველ რიგში, ჩვენ კომპანიის დაარსებისთანავე გვქონდა მიზნად, რომ 8000 მოსავალი ქვეყნის გარეთ გაგვეხსნა და ის მეტად ხელმისაწვდომი გაგვეხადა. დიდი რისკი ადრე შეიძლება უფრო იყო, მაგრამ ქართული ღვინის განვითარების ამ ეტაპზე განსაკუთრებით გერმანიაში, როდესაც ქართული ღვინის შესახებ ბევრი იციან და გაუგიათ კიდეც, ვფიქრობთ, არც ისეთი დიდი რისკია. გარკვეული კავშირი არის, თითქოს, გერმანიასა და საქართველოს შორის. მით უმეტესი, ადრეც ვახსენე, რომ გერმანელები არ არიან კონსერვატორები და ძალიან ჩაკეტილები , პირიქით, დიდი სიამოვნებითა და ინტერესით იღებენ სიახლეებს. 

აპირებთ ან გაქვთ თუ არა დეგუსტაციები ან სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებები, რომლებიც კიდევ უფრო უკეთ და სიღრმისეულად გააცნობს გერმანელ საზოგადოებას ქართულ ღვინოს? (ან სამომავლოდ რამეს ხომ არ გეგმავთ ამ მიმართულებით)

- რაც შეეხება ღონისძიებებს, რა თქმა უნდა ვაპირებთ. რეალურად, თბილისშიც ასე დავიწყეთ და აქაც იგივე გზის გავლას ვფიქრობთ. ყოველკვირეული დეგუსტაციები გვექნება, სადაც ჩვეულებრივ ბილეთები გაიყიდება და ჩვენი სომელიე გააცნობს მომხმარებელს ქართულ ღვინოს. მხოლოდ ამ დეგუსტაციებითაც არამგონია შემოვიფარგლოთ, შევეცდებით დავაორგანიზოთ, რომ ჩვენი ქართველი მეღვინეებიც მოვიწვიოთ აქ და იქნებ პატარა ფესტივალიც დავაორგანიზოთ. ამ მხრივ, ვფიქრობ, ძალიან აქტიურები ვიქნებით. სულ მინიმუმ, ჩვენს სტუმრებს ეცოდინებათ, რომ კვირაში ერთხელ შესაძლებლობა ექნებათ 8000 მოსავალს დეგუსტაციაზე ესტუმრონ.

- თუ არსებობს რაიმე კონკრეტული ქართული ვაზის ჯიშები, რომლებმაც მიიპყრეს თქვენი მომხმარებლების ინტერესი და როგორ აღწერთ მათ უნიკალურ მახასიათებლებს? რატომ ხდის მათ გამორჩეულს?

- ჯიშებზე საუბარი ჯერ ცოტა ადრეა, რეგიონების მიხედვით უფრო შეიძლება რომ ვისაუბროთ. კახეთი მოსწონთ, იმერეთიც მოსწონთ, ზოგს ქართლი. წითლებში კი - რაჭა და ლეჩხუმში, ასევე ოჯალეში. თხელი ღვინოებიც ძალიან მოსაწონია მათთვის, ნუ, საფერავი თავისთავად. ჩვენ უფრო მეტად აქცენტს ტექნოლოგიაზე ვაკეთებთ, ვიდრე კონკრეტულ ჯიშებზე, რა თქმა უნდა, ყოველი ღვინის გასინჯვისას რეგიონებსა და რუკებსაც ვაჩვენებთ, ვესაუბრებით კიდეც ამაზე, თუმცა მნიშვნელოვანი მაინც ქვევრის ტექნოლოგიაა. ზოგ სიტყვას იმახსოვრებენ კიდეც, მაგალითად, საფერავსა და ქვევრს. ნელ-ნელა კიდევ უფრო წინ წავალთ. როგორც უკვე ვისაუბრე, ქვევრისა და კლასიკურ ღვინოს ძალიან კარგად არჩევენ. ეს მომზადებული სეგმენტია უკვე, ღვინოს ძალიან კარგად იცნობენ, ადარებენ სხვა ევროპულ ჯიშებს და პროდუქტშიც კარგად ერკვევიან. გასახარი სწორედ ის არის, რომ მათთვის ეს უცხო პროდუქტი ძალიან მოსაწონი და მისაღებია.

თქვენს გუნდში  ადგილობრივებიც არიან თუ მხოლოდ ქართველები მუშაობენ?

- რა თქმა უნდა, ადგილობრივებიც არიან. გვყავს კოლუმბიელიც, მათ შორის. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ძალიან დიდ ინტერესს გამოხატავენ ეს ადამიანები ქართული ღვინის მიმართ, აქტიურად ჩართულები არიან ამ ამბავში და სრულებით არ იგრძნობა, რომ ისინი მხოლოდ ვალდებულების მოხდის მიზნით მოდიან სამსახურში. შემდეგშიც ვეცდებით, რომ ადგილობრივები სულ უფრო და უფრო მეტად ჩავრთოთ, რომლებიც შემდეგ უკვე, თავის მხრივ, თავიანთ სანაცნობოს და სამეგობროს მოუყვებიან ჩვენზე.
- რა არის თქვენი მთავარი მიზანი? 

- ჩვენი მიზანი ძალიან ცხადი და მარტივია: მსოფლიოს შევაყვაროთ და მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ ქართული ღვინო. ყველა გადაწყვეტილებისას, რომელსაც ვიღებთ, ჯერ იმას ვაკვირდებით, რამდენად ხელს უწყობს ჩვენი მიზნის მიღწევას. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული