Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

2022 წლის მოსავლის მეგრული ღვინოების დეგუსტაცია „ღვინის სოფელში“ ლევან სეფისკვერაძე

ღვინის კლუბისა“ და USAID-ს პროექტ „ღვინის სოფელი“-ს ეგიდით 26-27 მაისს, სამეგრელოსა და გურიაში, პროექტის მონაწილე მეღვინეების ახალი, 2022 წლის მოსავლის ღვინოების პირველი დეგუსტაცია-ჭაშნიკი გაიმართა.

გამართულ დეგუსტაციებზე ახალი ღვინის ნიმუშების დაგემოვნება და საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა შეხვედრების ყველა სტუმარს შეეძლო. ეს დეგუსტაციები იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ „ღვინის სოფელი“-ს მეღვინეებს საშუალება ჰქონდათ ესაუბრათ ერთმანეთის ღვინოებზე, ღვინის სამომავლო პოტენციალზე და პარალელურად კონკრეტულ ნიმუშებთან დაკავშირებით  მოესმინათ ღვინის ექსპერტების შეფასებებიც.

დეგუსტაციის პროცესი მიჰყავდათ და მთავარი დეგუსტატორის მისია იკისრეს „ღვინის სოფლის“ ექსპერტებმა, მევენახეობა-მეღვინეობის მკვლევარმა გიორგი ბარისაშვილმა და ბუნებრივი ღვინის ბარის, „ჯივინოს“ დამფუძნებელმა, გურამ მაისურაძემ.

წარმოგიდგენთ სამეგრელოში 26 მაისს გასინჯული 2022 წლის მოსავლის ახალი ღვინის ყველა  ნიმუშს „ღვინის სოფელი“-ს ექსპერტების შესაბამისი შეფასებებითა და განმარტებებით.

1. ცოლიკოური 2022 - მარანი „ორკოლი“. ჭაშნიკის დასაწყისში, იმერეთის სოფელ სვირიდან სამეგრელოში ჩატანილი და იქ დაწურული 2020 წლის ცოლიკოური გაისინჯა. ღვინო იმერული ტექნოლოგიით (30% ჭაჭაზე) ქვევრში იყო დაყენებული და ჭაჭაზე მხოლოდ სამი კვირა იდუღა. 

გიორგი ბარისაშვილი: რაღაცით მადერის ტიპის ღვინოს მაგონებს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ღვინოა, მაინც დამრგვალებულია და ტანინებიც საკმაოდ აქვს. სიძველეში წესით საინტერესო ღვინო უნდა გახდეს“

გურამ მაისურაძე: „პირველად გემოში ხის ტონები იგრძნობა. ცოცხალი ღვინოა მაღალი სიმჟავით და ჯერ კიდევ გასახსნელი აქვს გემოები“. 

2. კრახუნა 2022 - მარანი „ორკოლი“. შემდეგ ნიმუშად ასევე მარან „ორკოლში“ დამზადებული, იმერეთის სოფელ მეორე სვირში მოწეული კრახუნასგან დაყენებული ღვინო დაჭაშნიკდა. ცოლიკოურის მსგავსად, კრახუნამაც სამი კვირა იდუღა.

გურამ მაისურაძე; „ენერგიული, მკვეთრი არომატების მქონე ღვინოა. ვხედავ პოტენციალს ამ ღვინოში. გამოკვეთილად მოსჩანს ტროპიკული ხილის და ციტრუსების ტონები, განსაკუთრებით კი გრეიპფრუტი“. 

გიორგი ბარისაშვილმა „ორკოლის“ 2022 წლის მოსავლის კრახუნაში განსაკუთრებით მკვეთრად ნიგვზის გემოები აღმოაჩინა. მისი აზრით, ასევე ჩანდა ვაშლატამას გემოც. 

3. ცოლიკოური კლასიკური 2022 - მარანი „ორკოლი“. ჭაშნიკი მარან „ორკოლის კიდევ ერთი ღვინით - ჭაჭის და კლერტის გარეშე, კლასიკური მეთოდით დაყენებული ცოლიკოურით გაგრძელდა. ეს ღვინოც იმერეთის სოფელ მეორე სვირში დაკრეფილი ყურძნისგან დამზადდა. 

გიორგი ბარისაშვილი: ყველაფერში ემჩნევა, რომ ღვინო ჯანსაღია და პოტენციალის მატარებელი. მასში მკვახე ხილის ტონები თავიდანვე იგრძნობა. ცოტა მაღალმჟავიანია, მაგრამ ახალი იმერული ღვინისგან ეს არაა გასაკვირი და სიძველეში აუცილებლად დამრგვალდება“.

გურამ მაისურაძე: „როგორც იტყვიან, „ცოცხალი ღვინოა“, მაღალმჟავიანი და იმერული თეთრი ღვინის ყველა სიკეთეებით სავსე.  მე ამას „ზაფხულის ღვინოს“ დავარქმევდი, რომელსაც კარგად ჩაციება ძალიან მოუხდებოდა“.

ნიკა ფარცვანია: „არომატებით სავსე ღვინოა. დაძველება ალბათ მოუხდებოდა“.   

4. ცოლიკოური 2022 „გიული თოდუას მარანი“. მარტვილის სოფელ ნოღაში დაკრეფილი მეგრული ცოლიკოურისგან ღვინო მეღვინე გიული თოდუამ ქვევრში ჭაჭის გარეშე დააყენა. 

გურამ მაისურაძე: „ამ ღვინოს, როგორც ჩანს, ცოტა ნარჩენი შაქარი აქვს. ეს ბუნებრივ მეღვინეობაში განსაკუთრებულ პრობლემას არ წარმოადგენს და ბევრ ადამიანს სწორედ ამ ტიპის ღვინო მოსწონს. დაჟანგული ღვინოა. პირველივე ყლუპისთანავე ჩანს ე.წ. ტკბილი არომატები:“.  

გიორგი ბარისაშვილი: „ღვინო ცოტა დაჟანგულია. იგრძნობა კომშის და ატმის არომატები. თავიდან სიტკბო მოდის, თუმცა დაბოლოება მაინც საკმაოდ გრძელი და სასიამოვნოა“.

5. ცოლიკოური 2022 – „თარგამეულის მარანი“. ჭაშნიკზე გამოტანილი კიდევ ერთი მეგრული ცოლიკოური მეღვინე ნიკა ფარცვანიას ეკუთვნოდა. მარტვილის სოფელ თარგამეულში მოწეული, ცოლიკოურისგან დაყენებული ღვინო ქვევრში დადუღდა და დაძველების დროს დაემატა ე.წ. ღვინის ჩიფსები. როგორც მევენახე-მეღვინე განმარტავს, ჩიფსების დამატება მისი ღვინის უცხოელი ექსპორტიორის მოთხოვნა იყო.

გიორგი ბარისაშვილი: „აშკარად ეტყობა მუხის გემო და ეს სწორედ ჩიფსების დამსახურებაა. ამიტომაც მკვეთრად განსხვავდება დღეს უკვე გასინჯული სხვა ცოლიკოურებისგან. ახასიათებს გადამწიფებული ხილის გემო, განსაკუთრებით ზღმარტლი დავინახე“.

გურამ მაისურაძე: „მე პირველყოვლისა ამ ღვინოში აღმოვაჩნე თივის და ზოგადად ბალახოვანი ტონები. მცირედით ასევე იგრძნობა თაფლიც. ზოგადად, როგორც გემოში, ასევე არომატშიც, საკმაოდ ეფექტური ღვინოა“.

ბექა გახარია: „ნამდვილად განსხვავებული ღვინოა, თუმცა, ცოლიკოურისთვის დამახასიათებელი გემო და მაღალმჟავიანობა მაინც ეტყობა“. 

6. ჭვიტილური 2021 - „თარგამეულის მარანი“ - დეგუსტაციაზე თეთრი ღვინოებიდან ყველაზე ბოლოს, „თარგამეულის მარნის“ 2021 წლის მოსავლის იშვიათი მეგრული ვაზის ჯიშის - სოფელ თარგამულში მოწეული ჭვიტილურისგან დაყენებული ქვევრის ღვინო გაისინჯა. ღვინოს დუღილის დროს დამატებული ჰქონდა მისივე ჭაჭის 60%. მოსავლის შაქრიანობა რთველის დროს 23% იყო.

გურამ მაისურაძე: „აშკარად იგრძნობა ე,წ. თივის და ზოგადად მცენარეული გემოები. ამ ღვინოში ნარჩენი შაქარიც იგრძნობა. ალბათ არ აწყენდა მსუბუქი გაფილტვრა. დაველოდოთ და ვნახოთ სიძველეში როგორი იქნება“

გიორგი ბარისაშვილი: „დალევისთანავე მკვახე თუთის, კომშის და ხურმის გემო ვიგრძენი. ასევე აქვს ჩახარშული ტონები და ტყლაპის, ზოგადად გამომშრალი ჩირეულის გემო“.  

7. ოჯალეში 2022 – „აქვსენტი საგინაძის მარანი“. ყურძენი 24 ნოემბერს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში ახალ ვენახში დაიკრიფა. ეს იყო აღნიშნული ვენახიდან პირველი რთველი. ღვინო მცირე ჭაჭაზე დაყენდა უჟანგავი ფოლადის ავზებში. ბატონ აქვსენტის წელს პირველად ექნება მცდელობა, მისი დაყენებული ღვინო ბოთლში ჩამოასხას.

გურამ მაისურაძე: „როგორც ჩანს ღვინოს მომატებული მქროლავი აქვს, თუმცა აუცილებლად სჭირდება საამისო გადამოწმება ლაბორატორიაში. იგრძნობა სანელებლების და მიწის სუნი. ასევე დავიჭირე საზამთროს სუნიც“.

გიორგი ბარისაშვილი: „ალბათ მოუხდება გაფილტვრა და შეიძლება ცოტა გოგირდის დამატებაც დასჭირდეს. მე პირველყოვლისა ჭინჭრის სუნი ვიგრძენი, როდესაც ღვინო ჭიქაში დავისხი. ცხარე სუნელების სუნი შედარებით გვიან მოვიდა“.

8. ოცხანური საფერე 2022 - მარანი „ორკოლი“ - დეგუსტაციაზე მარან „ორკოლის“ კიდევ ერთი იმერული ვაზის ჯიშისგან დაყენებული ღვინო - 2022 წლის ოცხანური საფერე გაისინჯა. ყურძენი სოფელ მეორე სვირში მოიკრიფა და 22 დღე სრულ ჭაჭაზე კლერტის გარეშე დადუღდა.

გიორგი ბარისაშვილი: „ტიპური ოცხანური საფერეა, მისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატებით. არის მაღალმჟავიანი, ახალგაზრდა და ტანინიანი ღვინო დაძველების კარგი პოტენციალით“. 

გურამ მაისურაძე: „საკმაოდ ინტენსიური ღვინოა. გემოზე მაყვლის არომატებიდა შავი ქლიავი ჩანს.  ეფექტური და მძლავრი ღვინოა. სიძველეში სიამოვნებით გავსინჯავდი“.

ბექა გახარია: „როგორც ვიცი, ეს ჯიში სიძველეში კიდევ უფრო მეტ ახალ და საინტერესო თვისებებს ავლენს ხოლმე“. 

9. მაჭყვატური 30% და ოჯალეში 70 % - 2022 წლის მოსავლის - „თარგამეულის მარანი“ –  „თარგამეულის მარნის“ მიერ დეგუსტაციაზე წარმოდგენილი კიდევ ერთი ქვევრის ღვინო, მეგრული იშვიათი ჯიშის - მაჭყვატურის (იგივე მაჭყვადინა) და ოჯალეშის კუპაჟური შერევით იყო დამზადებული. მეღვინის განმარტებით, ეს ღვინო ერთგვარ ექსპერიმენტულ შინაარს ატარებდა, რადგან აღნიშნულ მარანში ამგვარი ღვინის დაყენება პირველად სწორედ გასულ 2022 წელს სცადეს. ღვინო 1 თვე  ქვევრში სრულ ჭაჭაზე იყო.

გიორგი ბარისაშვილი: „რა თქმა უნდა უცნაური ღვინოა რადგან მსგავს კუპაჟს ფაქტობრივად ვერსად შეხვდებით. ძლიერი, ინტერნიუსი არომატის მქონე ღვინოა. აქვს მძაფრი ტონები და დიდი ინტერესით ველოდები, როგორი იქნება ეს ღვინო სიძველეში, თუნდაც 2-3 წლის შემდეგ“.

გურამ მაისურაძე: „თავიდანვე იგრძნობა კოწახურის ძლიერი გემო. აქვს საშუალო მჟავიანობა. საკმაოდ ჯანსაღი და დამრგვალებული ღვინოა. ჩემი აზრით, დაძველების ნაკლები პოტენციალი გააჩნია“.

10. მაჭყვატური 2020 – „თარგამეულის მარანი“. ჭაშნიკზე ღვინის ექსპერტების შესაფასებლად და სხვა ნიმუშებთან შესადარებლად, მეღვინე ნიკა ფარცვანიას  2020 წლის მოსავლის ქვევრის მაჭყვატურიც ჰქონდა გამოტანილი. ახალ ღვინებთან ორი წლის ღვინო ცხადია ვერ იქნებოდა შესაბამისად „კონკურენტუნარიანი“, თუმცა თუნდაც სულ ორი წლით დაძველებული, თარგამეულში მოწეული მაჭყვატურის ღვინო მაინც საინტერესო გახლდათ.

გურამ მაისურაძე: „ღვინოში ცხოველური გემოები იგრძნობა. მომატებულადაქვს მქროლავი. ზოგადად, მაღალმჟავიანი ღვინოა კოწახურის არომატით“. 

გიორგი ბარისაშვილი: „ყველაზე მკვეთრად შებოლილი ტონები და სანელებლები ვიგრძენი“. 

11. ოჯალეში 2022 – „ლაშხიების მარანი“. დეგუსტაციაზე უკანასკნელ ნიმუშად, პროექტ „ღვინის სოფლის“ კიდევე ერთი ბენეფიციარის, „ლაშხიების მარნის“ ბოლო, 2022 წლის მოსავლის სოფელ სალხინოს ოჯალეში იყო წარმოდგენილი. ჭაშნიკის დროს ღვინოს ალკოჰოლი 13% ჰქონდა.

ამ ნიმუშის გასინჯვისას ყველა შეთანხმდა, რომ ღვინო ჯერ ზედმეტად ახალია, თუმცა იგრძნობა ე.წ. ცხოველური ტონები და შესაძლებელია დამუშავება დასჭირდეს.

USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ The USAID Economic Security Program ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელო და გურიაში, პროექტ „ღვინის სოფელის“ ფარგლებში  „ღვინის კლუბის“ ლექცია-სემინარების კურსი დასასრულს უახლოვდება

შარშან ზაფხულში დაწყებული პროექტი მთლიანად მიყვება მევენახეობა-მეღვინეობაში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები როგორც წესი წლის სეზონისა და პერიოდის შესაბამისად, მეგრელ და გურულ ახალბედა მევენახე-მეღვინეებს უტარებენ ლექცია-სემინარებს. სემინარებზე დასწრება დაწყებიდან ბოლომდე უფასოა და მასში მონაწილეობა ყველა მსურველს და მეღვინეობით დაინტერესებულ ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია. პროექტის პარტნიორები არიან„მენაბდის მარანი“ და ღვინის მაღაზია-ბარების ქსელი „8000 მოსავალი“.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული