Home
ქართული | English
სექტემბერი 2019
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

მულტიმედია

კომენტარები

0 კომპრომისი. ყველაფერი, ან არაფერი

ფოტო: ენეკ პეტერსონი

ქეთო ნინიძე

სანამ თბილისის ყველაზე მოფუსფუსე და საქმიანი საზოგადოება „Expo Georgia“-ში წარმატებულ ბიზნეს-კონტაქტებს ამყარებდა, ნატურალისტური ღვინის ანდერგრაუნდი თავის პროტესტანტულ ძალებს იკრებდა და იყო მათ თრობაში როგორც დიონისური, ასევე, მილანის ედიქტის წინარე ქრისტიანული. 

როგორც ყველა მოკვდავ ჟურნალისტს, თითქმის, ერთდროულად, ორივე ღონისძიების სტუმრობა მომიწია და ამის გამო ორივეგან, დაახლოებით, ისე მაწუხებდა სინდისი, როგორც ჩემი შვილის ორ პედიატრთან, რომელთაგან ერთი ტრადიციული მედიცინის მიმდევარია, მეორე - ჰომეოპათიის. ამავე უხერხულობამ დიდხანს მაჩხრეკინა ჩემი გარდერობი, რადგან ერთგან დრესკოდის თვითცენზურა მოქმედებდა, მეორეგან კი - ანტი-დერსკოდის, რომელიც, ვერ ვიტყვი, რომ უფრო ლიბერალური იყო, ვიდრე - პირველი. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ საგამოფენო ცენტრში დახეული ჯინსით მისვლა მერჩივნა, ანდერგრაუნდში - მაღალი ქუსლებით კააკუნს.

ჯანდაბას, სწორხაზოვანი დამოკიდებულებები!

რეპორტაჟი ნატურალისტური ღვინის საერთაშორისო ფესტივალიდან, რომელიც 6 ივნისს ღvino underground-ში მოეწყო. 

ფესტივალს ასე ჰქვია „0 კომპრომისი - „ყველაფერი, ან არაფერი!“, აქ მონაწილეობს 50-მდე მწარმოებელი 60-მდე ღვინით, მათ შორის, 40 ღვინო საქართველოდან, დანარჩენი 20 კი - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო ნატურალისტური მარნებიდან (ესპანეთი, პორტუგალია, იტალია, საფრანგეთი, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, საბერძნეთი). 

ღvino underground-ში თავიანთი ღვინოები წარმოდგენილი აქვთ როგორც მსოფლიოს ნატურალისტური ღვინის ფესტივალების გამოცდილ მონაწილეებს - იაგო ბიტარიშვილს (იაგოს ღვინო), სოლომონ ცაიშვილს (ჩვენი ღვინო), ხოხბის ცრემლებს, რამაზ ნიკოლაძეს (ნიკოლაძეების მარანი) და სხვებს, რომლებსაც დღევანდელი სტუმრების მხარდაჭერით, უკვე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებელი იცნობს, ისე - დებიუტანტებს - მერაბ მირცხულავას, ზურა მღვდლიაშვილს (ნიკალას მარანი), მარიამ იოსებიძეს და სხვა მონაწილებს, ვისი ღვინოებიც, სავარაუდოდ, ამჯერად გახდება მათი „სამიზნე“. ფესტივალში მონაწილეობენ ცნობილი ნატურალისტი მეღვინეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორებიც არიან  ესპანეთიდან - ჟოან რამონ ესკოდა (Joan Ramon Escoda),  საფრანგეთიდან, ლუარას რეგიონიდან  - ნიკოლა რო (Nikolas Reau), სამხრეთ აფრიკიდან - ტომ ლუბი (Tom Lubbe) და სხვები. 

აქაურობას ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი სტუმრობს, მაგალითად, ლონდონში  ნატურალისტური ღვინის წამყვანი იმპორტიორი კომპანიის,  Les Caves de Pyrenees, დამფუძნებელი და ამავე დასახელების მაღაზიათა მსოფლიო ქსელის მფლობელი - ერიკ ნარიოო (Eric Narioo), რომელიც დიდი ხანია, ლონდონში ქართული ნატურალისტური ღვინის იმპორტს ეწევა. ამავე ქსელის წარმომადგენელი, ნატურალისტური ღვინის იმპორტიორი იტალიაში - კრისტიან ბუჩი (Christian  Bucci). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რესტორან NOMA-ს მთავარი სომელიეს, მას კლეპის (Mads Kleppe) სტუმრობა დანიიდან, რომელიც საქართველოში მეორედაა და საკუთარ რესტორანში მომხმარებელს უკვე სთავაზობს იაგოს, ნიკოლაძეებისა და ნიკა ბახიას მარნების ღვინოებს. ჩვენთან საუბარში მასი აღნიშნავს, რომ დღეს მისი ამოცანაა, დააკვირდეს მისთვის უკვე ნაცნობი ძველი ღვინოების განვითარებას და, ასევე, ახალ დასახელებებს, რომელთა გაცნობა პირველად ამ ფესტივალზეა შესაძლებელი. უნდა აღინიშნოს, რომ  NOMA ჟურნალ Restaurant-ის მიერ მსოფლიოს # 1 რესტორნად არის დასახელებული 2010, 2011, 2012, 2013 და 2015 წლებში. 

ფესტივალის სტუმართა შორის გვეცნობა ამ სამყაროს კიდევ ერთი სახე - სილვი ოჟერო (Sylvie Augereau), ნატურალისტური მეღვინეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენის - La Dive Bouteille-ის (ლუარას რეგიონი) დამფუძნებელი და ორგანიზატორი საფრანგეთიდან. ქალბატონი სილვიც დიდი ხანია, მეგობრობს ქართველ ნატურალისტებთან და თავის გამოფენაზე ყოველწლიურად აძლევს მათ შესაძლებლობას, შეხვდნენ თანამოაზრეებსა და მომხმარებელს, რომელსაც ზუსტად ის სჭირდება, რასაც ისინი ქმნიან. აქვე არიან ლონდონში მიშლენის ორ- და სამვარსკვლავიანი რესტორნების სომელიეები - მიშელ დეშამი (Michael Dechamps) და რიკარდო მარკო (Riccardo Marcon), ღვინისა და გასტრონომიის იტალიელი მწერალი აშშ-დან - კარლა კაპალბო (Carla Capalbo), რომელიც საქართველოს რამდენიმე კვირით სტუმრობს და 2016 წლისთვის ამზადებს წიგნს ქართულ ღვინოსა და სამზარეულოზე. 

სტუმრები აგემოვნებენ მათთვის უკვე ნაცნობ და უცნობ ღვინოებს, ბევრს საუბრობენ ახალ არომატებზე და ძველი გემოების გარდასახვაზე, აკეთებენ ჩანაწერებს და თავიანთი კამერებით აღბეჭდავენ მათთვის საინტერესო ეტიკეტებს. 

ბოლო წლების მანძილზე მსოფლიოში ნატურალისტური მეღვინეობების რიცხვი უფრო და უფრო მზარდია, ღვინის გურმანებს განსაკუთრებით ხიბლავთ ყველაფერი ის, რაც ბუნებრივია ხელშეუხებელია და ადამიანის ზემოქმედებისგან დამოუკიდებლად ვითარდება. მიუხედავად ამისა, ეს ოჯახი, რომელსაც უფრო მეტად ღირებულებები და იდეები აერთიანებს, არცთუ დიდია. აქ ყველა ერთმანეთს იცნობს და ენობრივი წინაღობების მიუხედავად, მარტივი და უშუალო ურთიერთობები მყარდება. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ  ამ ფესტივალსაც, ისევე, როგორც ნატურალისტური მარნების უცხოეთში ვიზიტებს ხელს უწყობს ღვინის ეროვნული სააგენტო, რადგან ამგვარი ფესტივალები ძალიან დიდი შესაძლებლობაა მცირე და საოჯახო მარნებისთვის, საკუთარი ღვინით დააინტერესონ ძალიან მაღალი კლასის სასტუმროები, რესტორნები და მაღაზიები. 

ფესტივალი დასრულდა. მონაწილეებსა და სტუმრებს სადილით უმასპინძლდება რესტორანი „აზარფეშა“, რომლის ხელწერა ჩემთვის უკვე საკმაოდ ნაცნობი და დასამახსოვრებელია - ტრადიციული ქართული სამზარეულო ახალი ხედვებით, საინტერესო ინტერპრეტაციებით. საღამოს After Party კვლავ ანდერგრაუნდში აღინიშნება და ჭეშმარიტების თაყვანისმცემელნიც კატაკომბებს დაუბრუნდებიან. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.