Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის მაგიური მუზეუმი

სოფიკო კვანტალიანი
მეღვინეები არა მხოლოდ დედამიწისა და მთვარის ბუნებრივი რიტმებით ხელმძღვანელობენ, არამედ თანამედროვე ხელოვნების მაგიითაც. ინსტალაციები შატოში უკვე ჩვეულებრივი ამბავია. შარშან კი, თანამედროვე დიზაინერ-დეკორატორმა ფრანსუა კონფინომ ბაროლოში ღვინის მუზეუმი WiMu შექმნა. 
WiMu — ავანგარდული მუზეუმია, რომელიც რაღაცით ავსტრიულ Loisium-ს წააგავს, მაგრამ თუ Loisium-ის კონცეპტუალურ ჩანაფიქრს მისი თამამი არქიტექტურის წყალობით ადვილად ვწვდებით, პიემონტის მუზეუმის შემთხვევაში  კი საქმე სხვაგვარადაა. ღვინის სამყაროდან მოდენილი უცნაური იდეები აქ   ტრადიციული ციხეკოშკის სქელ კედლებს მიღმაა დაფარული. ამიტომაც, ეფექტიც უფრო ძლიერია და შთამბეჭდავი. WiMu-ს დიზაინერულ-კონცეპტუალური გადაწყვეტა ჰაი-ტექის ელემენტებსაც შეიცავს და კიჩისასაც. აქ ერთმანეთში იხლართება სამყაროული  სიბრძნე და რიგითი ისტორიები. მოკლედ, ბაროლოს ღვინის მუზეუმი ზამთარში პიემონტში სტუმრობის შესანიშნავი პირობაა.  
ბაროლოში ხომ ყველგან ღვინის თემაა! თანამედროვე მულტიმედიურ ღვინის მუზეუმში კი ღვინის ყველაზე ორიგინალური თემა Castello Falletti-ის Х საუკუნის კოშკში იშლება. ღვინის სამყარო აქ ფერის, შუქის, ჰოლოგრაფიის, მუსიკის, კინოს, ფოტოგრაფიის, ლაზერული და კომპიუტერული ეფექტებითაა წარმოდგენილი. ყველგან მკვეთრი ფერებია და უეცარი, მოულოდნელი გადაწყვეტა. ეს ინტერაქტიური მუზეუმი ერთგვარი ქედის მოხრაა Castello Falletti-ის და მისი ცნობილი მეპატრონის — მარკიზა ჟულიეტ კოლბერის წინაშე, რომელიც უფრო ჯულია დი ბაროლოს სახელითაა ცნობილი, რომელიც სიცოცხლეში მუდამ ცდილობდა ამ რეგიონში მეღვინეობის მოდერნიზაციას.
ფანტასმაგორიული ექსკურსია მეხუთე სართულიდან იწყება და ფალეტების ოჯახის ღვინის სარდაფში სრულდება,  სადაც ახლა სახელმწიფო რეგიონალური ენოთეკა  — Enoteca Regionale del Barolo-ა. მუზეუმი მუზეუმად, მაგრამ ღვინო კი დასალევად არის შექმნილი. და თუკი ბილეთის ფასი 7 ევრო ღირს, ენოთეკის მონახულება ყველა მსურველისთვის სრულიად უფასოა. კედლების გასწვრივ სტელაჟებზე სხვადასხვა წლის Barolo-ს ურიცხვი ბოთლია გამოფენილი, რომლებიც მხოლოდ ამ რეგიონებშია წარმოებული.  
ღვინის მუზეუმი, როგორც წესი,  ბერძნული ამფორებით და რომაული პატერებით იწყება. შემდგომ აქ ნახავთ  ყველა ეპოქისა და ყველა დანიშნულების ჭურჭელს, ბიზანტიურ ბარძიმებს, მცენარის ფორმის თეფშებს ბახუსის გამოსახულებით, კასრებს, მოკლედ ყველაფერს, რისგანაც შეიძლებოდა შემდგარიყო მეღვინის არქაული ინსტრუმენტები. ექსპოზიციას 1950-იანი წლების გლეხების ფოტოგრაფიები აგვირგვინებს, რომელებიც, ერთი შეხედვით, პაზოლინის ფილმებიდან სტოპ-კადრებს მოგვაგონებენ.
წინასწარ დაახლოებით ვიცით, რას ველოდოთ ზოგადად ღვინის მუზეუმისგან, მით უმეტეს ისეთ კლასიკურ ღვინის ადგილას, როგორც ბაროლოა, მით უმეტეს მარკიზ ფალეტების კოშკში, რომელთა სახელთანაცაა დაკავშირებული ბაროლოს ღვინოების თანამედროვე ისტორია. WiMu კი ამ მხრივ მოლოდინს არა მხოლოდ გვიცრუებს, არამედ თითქოს ღრუბლით წმენდს იმ ადგილს ჩვენს ცნობიერებაში, სადაც ეს მოლოდინია „ჩაწერილი“. ამიტომაცაა, რომ WiMu-ს ნახვისას ორი პოლარული განცდა იბადება - მისი დათვალიერება  ან გაღიზიანებასა და იმედგაცრუებას, ან სრულიად საპირისპირო განცდას - აღფრთოვანებას იწვევს.  
პროექტი  WiMu
დამკვეთები - ბაროლოს ქალაქის საბჭო, პიემონტის რეგიონალური საბჭო
შემსრულებელი - ფრანსუა კონფინოს სტუდია
ადგილმდებარეობა - ბაროლოს ფალეტების კოშკი, პიემონტი, იტალია 
დამთვალიერებელი - 120 000 ადამიანი წელიწადში
ფართობი - 3 200 მ², 5 სართული
ბიუჯეტი - 5 მლნ €
ღვინის მეტაფიზიკა
ექსპოზიცია 5 დონისგან შედგება. ზედა დონეს „ღვინის დრო“ ჰქვია. აქ არა მხოლოდ ის რელიგიის ღმერთები არიან წარმოდგენილნი, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში ღვინოს სწირავდნენ, არამედ მეცნიერებისაც. ქრონომეტრებით და ვარსკვლავებით გაფორმებული სივრცის გავლით კი მთვარის დერეფანში ვხვდებით, რომელზეც მანტრებია გამოსახული, იქიდან კი - სინათლით სავსე მზის ოთახში შევდივართ.  დედამიწა მოციმციმე პოსტერების სერიადაა კადრირებული, რომლებიც  კასკადურადაა აგებული: გლობუსიდან დაწყებული ყურძნის წიპწის დნმ-მდე. ამ ფოტოექსპოზიციის ცენტრში ადამისა და ევას გამოსახულებას ნახავთ, რომელთაც ყურძნის მტევანი უჭირავთ, რაც აკრძალული ნაყოფის ერთგვარი ინტერპრეტაციაა. დეკანტერები აქ სისხლძარღვების ქსელს, ვაზის ფესვები კი ნერვების ასოციაციას ქმნიან. ეს შერეული მეტაფორები გონებას აღვივებენ, რათა სრულიად ახალი ხედვა გაჩნდეს. აქვე ნახავთ როიალს, რომელზეც უჩინარი არსება უკრავს... აქ კი პირველი აქტი სრულდება.  
კოსმოგონია
გამოფენის მეოთხე სართულზე საინტერესო ექსპოზიცია დაგხვდებათ სახელწოდებით „ღმერთების ბარი“. ყველა აქაა: ოსირისი და დიონისე, ჰანუმანიდან ქრისტეს ჩათვლით. არანაირი სიძველე: ღმერთების ფიგურები ბრტყელია, ღვინიანი ბოკალები ცრუ და ჭიქები ცარიელი. გამოფენა ბართან - მინუს  პირველ სართულზე, ნამდვილი ბაროლოთი სრულდება, რომლის შეძენა იქვე შეგიძლიათ. ზედა და ქვედა ბარებს შორის კი ნამდვილი ღვინის მისტერიაა. ავტორის სახელდებით - ზედა დონე - ღვინის სულია, საშუალო - სამშვინველი, ქვედა დონეზე კი სხეულია.  
სიზმრის მეცნიერება
WiMu მართალია არ ფლობს ხელოვნებისა და არქეოლოგიის მარგალიტებს, თუმცა ის თავის სივრცეს საინტერესოდ განკარგავს. ეს თამაშის სივრცეა, რომლის გასაღები ის მეტაფორაა, რომელიც ხუთივე გრძნობის ორგანოზე ზემოქმედებს. კონფინომ ბრწყინვალედ შეასრულა ამოცანა. „შემეცნებითი ატრაქციონის“ წესი მკაცრად დაცულია: ყველა ოთახი (თუ შეიძლება ამ სივრცეს ოთახი ვუწოდოთ) თითქოს აბეზარი ბავშვის მიერაა გამოჭრილი და სრულებით არ ჰგავს წინა ოთახს, ყველა ოთახი ახალი გასართობია, ახალი სახეხატი, ღვინის თემაზე შექმნილი. WiMu-ში ექსკურსია სიზმრიდან სიზმარში გადახტომასავითაა. არასოდეს იცი, სად აღმოჩნდები და რა როლის თამაში მოგიწევს: ღმერთების მეტრაპეზის, დნმ-ის მოლეკულის, დემიურგის, სეზონთა მბრუნავი ბორბლის თუ ვაზის ფესვის, რომელიც წყვდიადში ფაჩუნობს. 
ღვინის ანთროპოლოგია: საშუალო დონე 
„ღვინო ისტორიასა და ხელოვნებაში“ - მეორე აქტის თემა. კაცობრიობა აქ მთელი მისი მშვენიერებითაა წარმოდგენილი:  უბრალო მიწის საჩიჩქნი კეტიდან დაწყებული - შუასაუკუნოვანი ტერასებით დასრულებული. მხატვრის სახელოსნოში სლაიდ-შოუ გადის ბოკალების სიუჟეტით (ალუზიები კარავაჯოდან კანდინსკამდე).  შემოსასვლელში წიგნია, რომელზეც ნაკადად მოედინება ღვინო-ციტატები მსოფლიო კლასიკიდან. კინოთეატრში ფილმის ნაწყვეტებია ჩაპლინიდან - რიდლი სკოტამდე. მუსიკალურ დარბაზში კი - პოპურია ყველა ენებზე. 
ღვინის სხეული: ქვედა დონეები 
მესამე აქტი -  „ფალეტის კოშკია“, რომლის ინტერიერები კონფინომ ისევე დატოვა როგორც ისინი იტალიის გაერთიანების საამაყო დროს იყო. უჩვეულოა მხოლოდ ის, რომ დარბაზები დასახლებულია. აქ არის თავად მარკიზა და კავური, პოეტი სილვიო პელიკო... ბიბლიოთეკაში წიგნი-ეკრანია, რომელიც ბაროლოს ისტორიას გვიყვება. კიდევ ერთი დონით დაბლა, პირველ სართულზე, ვირტუალური პროფესორი ვირტუალურსავე სტუდენტებს უხსნის დეგუსტაციის სიბრძნეს. დაბოლოს, მაყურებელი ქვეცნობიერში „ეშვება“ - მინუს პირველ დონეზე - რეგიონალურ ენოთეკაში...
ფრანსუა კონფინოს ნამუშევრები
გამოფენა „ურბანისტული არქეოლოგია“ ჟორჟ პომპიდუს სახელობის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის გახსნაზე, პარიზი. 1987—1990 წლები.
 გამოფენა „კინო-ქალაქები“(Cités-Cinés) (საფრანგეთი, ბელგია, კანადა)
 1993 წ.
 მუზეუმი Just for Fun მონრეალში (კანადა)
 1997 წ.
 გამოფენა „მოგზაურობა საოცრებათა ქვეყნაში“ ტოკიო (იაპონია)
 1998 წ.
 პავილიონი  „უტოპია“ World Expo’98-ზე ლისაბონში (პორტუგალია)
 2000 წ.
 ოკეანის ლაინერების მუზეუმი სენ_ ნაზერი (საფრანგეთი)
 2000 წ.
 მწერების მუზეუმი Micropolis სენ-ლეონში (საფრანგეთი)
 2000 წ.
 ნაციონალური კინოს მუზეუმი ტურინში (იტალია)
 2004—2008 წლები.
 ავტომობილის მუზეუმი ტურინში (იტალია)
 2005—2008 წლები.
 მეცნიერების მუზეუმი სუჩჟოუში (ჩინეთი)
 2005—2009 წლები
 ტელევიზიის მუზეუმი ობერვილში (საფრანგეთი)
 2010 წ.
 პავილიონი  „მომავალი“ შანჰაიში (ჩინეთი) 
© ღვინის კლუბი/Weekend


Shesanishnavia

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.