მოკლე მიმოხილვა
ნუკრი ქურდაძე
სტილისტიკის თვალსაზრისით ესპანური ღვინო არანაკლებ მრავალფეროვანია ვიდრე ფრანგული და მით უმეტეს, იტალიური ღვინო. აქ ჩვენ ვხვდებით მეღვინეობის ისეთ საინტერესო პლასტებს, როგორიცაა - ხერესი, მალაგა, კავა, და რა თქმა უნდა მშრალი წყნარი ღვინის უზარმაზარ კატეგორია, რომლის მრავალფეროვრებას განსაზღვრავს ერთის მხრივ ენდემური ჯიშების სიმრავლე (დაახლოებით 300 ჯიში), მეორეს მხრივ რეგიონების და ზონების მრავალფეროვნება. ეს ყველაფერი გაზავებული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით, წარმოადგენს დღევანდელი ესპანური ღვინის სახეს.
როდესაც ვლაპარაკობთ ესპანური ღვინის კანონმდებლიობაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს აღნიშნული ფაქტი. რა თქმა უნდა, არსებობენს კანონმდებლობის ზოგადი პრინციპები, რომლებიც ერთნაირად მუშაობენ სხვადასხვა ტიპის ღვინოებისთვის, მაგრამ კავა, ხერესი, მალაგა და მშრალი ღვინოები თვისობრივად იმდენად განსხვავებულ პლასტებს წარმოადგენენ, რომ მათვის შემუშავებულია სპეციალური საკანონმდებლო ბაზა. სტატიაში, რომელსაც მკითხველს ვთავაზობთ, განხილულია მხოლოდ ნატურალური მშრალი ღვინის საბაზისო კანონმდებლობა.
თავისი არსით ესპანური ღვინის საკანონმდებლო ბაზა სრულად შეესატყვისება ევროკავშირის ღვინის კანონის პრინციპებს, თუმცა რა თქმა უნდა მასში გათვალისწინებულია ადგილობრივი, ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციები, რაც ესპანური ღვინის კანონს ინდივიდუალურ იერს ანიჭებს.
Vino de Mesa (ვინო დე მესა) - ეს არის ჩვეულებრივი სუფრის ღვინო. როგორც წესი, თუ ღვინო მიეკუთვნება ამ კატეგორიას, ბოთლის ეტიკეტზე იგი არ აღინიშნება. ამის საშუალებას იძლევა ღვინის კანონმდებლობა. ამ კატეგორიის ღვინო შეიძლება დამზადდეს როგორც ესპანური, ასევე ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის ღვინომასალის კუპაჟით. ამ კატეგორიისთვის არსებობს შეზღუდვა ალკოჰოლზე: მინიმუმ 8,5-9%, მაქსიმუმ 15%. კატეგორია Vino de Mesa არის ფრანგული ღვინის კანონმდებლობით განსაზღვრული Vin de table (სუფრის ღვინო)-ს ანალოგი.
Vino de la Tierra (ვინო დე ლა ტიერა) - ამ კატეგორიის ღვინო იწარმოება კანონმდებლობით განსაზღვრულ რეგიონებში Camarca vitinicola. მათთვის არსებობს სპეციალური შეზღუდვები:
-ტერიტორია.
-ყურძნის ჯიში.
-ალკოჰოლის დონე (მინიმუმ მოცულობითი %).
ნებადართულია ეტიკეტზე მოსავლის წლის აღნიშვნა. კატეგორია Vino de la Tierra არის ფრანგული ღვინის კანონმდებლობით განსაზღვრული Vin de Pays (ადგილობრივი ღვინო)-ს ანალოგი.
Denomination de origin (დენომინასიონ დე ორიხინ). ხშირად გამოიყენებენ მის შემოკლებულ ვარიანტს DO.
ყოველი DO განისაზღვრება ესპანეთის მეღვინეობის ზონების ტერუარული თავისებურებების მიხედვით. სპეციალური მმართველი ორგანო პასუხისგებელია DO -ში მოღვაწე მწარმოებლების მიერ შესაბამისი სტანდარტების დაცვაზე და არის შესაბამისი კლასის ხარისხის გარანტი. DO-ს სტანდარტები შემუშავება ხდება ინდივიდუალური წესით, გამომდინერე ზონალობის და ტრადიციის თავისებურებებით, და ძირითადად გამოიხატება შემდეგში:
- ვენახის ფართობის დაზუსტება და განსაზღვრა.
- ყურძნის მოსავლის გამოსავალი 1 ჰექტარიდან.
- წარმოებული ღვინის მოცულობა.
- დაძველების ვადა (როგორც მუხის კასრებში, ასევე ბოთლებში).
- სავაჭრო მარკის (ბრენდი) რეგლამერტაცია.
კატეგორია Denomination de origin არის ფრანგული ღვინის კანონმდებლობით განსაზღვრული Appellation d’Origine Соntroleе (AOC)-ს ანალოგი.
Denomination de Origin e Calificada (დენომინასიონ დე ორიხინ კალიფიკადა) - ხშირად იყენებენ მის შემოკლებულ ვარიანტს - DOC. ეს კატეგორია მიენიჭებათ მხოლოდ გამორჩეულად საუკეთესო მეღვინეობის რეგიონებს.
დღეისთვის ესპანეთში მხოლოდ ორი რეგიონი ფლობს ამ სტატუსს. რიოხა იყო პირველი DOC კატეგორიის რეგიონი, ხოლო პრიორატი 2001 წლიდან გახდა ამ საპატიო სტატუსის მატარებელი. საკმაოდ დიდი ხანი გრძელდება დავა რიბერა-დელ-დუეროს შესახებ, მიანიჭონ თუ არა DOC ხარისხი. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგიონში ისხმება არა ერთი პრესტიჟული კლასის ღვინო, რეგიონი ჯერ კიდევ ვერ ფლობს DOC-ის სტატუსს, რისი მიზეზიც არის დაბალი კლასის ვენახების სიჭარბე.
DOC კატეგორიის ღვინისთვის არსებობს უფრო მკაცრი რეგლამენტაცია, ვიდრე მაგალითად DO-ს კლასისთვის, კერძოდ:
- მეღვინეობის ზონების საზღვრები მკაცრად კონტროლდება.
- DOC ზონიდან მიღებული ყურძნის ფასი ჩვეულებრივი ყურძნის ფასსზე 200%-ით ძვირი უნდა იყოს.
- ღვინის წარმოების ყველა ეტაპი უნდა განხორციელდეს გამოყენებული ყურძნის კულტივაციის რაიონში.
- კონტროლირდება წარმოებული ღვინის მოცულობა.
- არსებობს სტანდარტების მკაცრი კონტროლი ყველა ეტაპზე, ვენახის მოშენებიდან დაწყებული ღვინის გაყიდვით დამთავრებული.
კატეგორია Denomination de origin Calificada არის ერთდროულად ფრანგული ღვინის კანონმდებლობით განსაზღვრული Appellation d’Origine Соntroleе (AOC)-ს და იტალიური Denominazione di Origine Controllata e Garantita (იტალიური ღვინის უმაღლესი კლასიფიკაცია)-ს ანალოგი.
Vino de Pago (ვინო დე პაგო)- ხარისხის მიხედვით ღვინის უმაღლესი კლასი ესპანეთში. ღვინო ერთი კონკრეტული ვენახიდან.
კატეგორია Vino de Pago თავისი მნიშვნელობით ყველაზე ახლოს ფრანგული Grands Crus კატეგორიასთან იმყოფება, თუმცა მათ შორის განსხვავებაც არსებობს. მაგალითად: Grand Cru თავისი საზღვრებით იმყოფება (AOC)-ს ზონაში, ხოლო Pago არ არის აუცილებელი DOC-ის ან DO ზონაში მდებარეობდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც Pago მდებარეობს DOC-ის ტერიტორიაზე, მას უწოდებენ აღიარებულს, ანუ Pagos Calificados, ხოლო თუ ამავდროულად ეს უკანასკნელი აკმაყოფილებს DOC-ის მოთხოვნებს, უწოდებენ აღიარებული პაგოს ღვინოებს, ანუ Vinos de Pagos Calificados, რაც ფაქტიურად ელიტარული ღვინის სინონიმია.
Pago ესპანურ ენაზე ნიშნავს ვენახს, ამიტომ არ უნდა დაგვაბნიოს იმ ფაქტმა, რომ ბევრი ესპანური ღვინის სახელში ფიგურირებს. ამ ფაქტს არავითარი კავშირი არ აქვს ღვინის კლასთან, იგი უბრალოდ სავაჭრო ნიშნის ან ბრენდის სახელია, მაგალითად ღვონო Pago de Florentino (ფლორენტინოს ვენახი), ეს არის Vino de la Tierra-ს კატეგორიის ღვინო სადაც Pago ბრენდის სახელის შემადგენელი ნაწილია და არა იურიდიულად განსაზღვრული კლასი.
ესპანეთში დღეს 12 პაგოა ცნობილი, 8 კასტილია-ლამანჩადან, 3 - ნავარიდან და 1 ვალენსიიდან.
ესპანეთში სხვადასხვა ღვინის დაძველების ტექნოლოგიას კანონი არეგულირებს.
დაძველების ტექნოლოგიის რეგლამენტაციას გააჩნია დიფერენცირებული ხასიათი, იმისდა მიხედვით, თუ რა კლასის და ტიპის ღვინოსთან გვაქვს საქმე. ამ მხრივ ესპანური ღვინის კანონმდებლომა საკმაოდ განსხვავგება ფრანგული, იტალიური და სხვა ქვეყნების კანონმდებლობისგან.
დაძველების ზოგადი ტერმინილოგია, რომელიც ეხება ყველა კლასის ღვინოს:
Anejo (ანიეხო): მინიმუმ 12 თვის განმავლობაში მუხის კასრში ან ბოთლში დაძველებული ღვინო
Noble (ნობლე): მინიმუმ 24 თვის განმავლობაში მუხის კასრში ან ბოთლში დაძველებული ღვინო
Viejo (ვიეხო):მინიმუმ 36 თვის განმავლობაში მუხის კასრში ან ბოთლში დაძველებული ღვინო.
აღნიშნული კატეგორიის ღვინოებისთვის დაძველებისთვის განკუთვნილი მუხის კასრის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 600 ლიტრს.
დაძველების კლასი ანიეხო, ნობლი და ვიეხო არ ითვალისწინებს კომბინირებულ (პირველ ეტაპზე მუხის კასრში და შემდეგ ბოთლში დაძველება) ტექნოლოგიას. ამ ტექნოლოგიის რეგლამენტაცია დაწესებულია მხოლოდ DO და მასზე მაღალი კატეგორიის ღვინოებისთვის და განისაზღვრება შემდეგნაირად:
Joven (ხოვენ): ეს არის ღვინო, რომელიც მუხის კასრში ძველდება მცირე, რამოდენიმე თვის პერიოდში, ან საერთოდ არ აძველებენ და მოსავლის აღებიდან შემდეგ წელს გააქვთ ბაზარზე. ეს კანონი ეხება როგორც წითელს, ასევე თეთრ და ვარდისფერ ღვინოს.
Crianza (კრიანცა): წითელი ღვინისთვის- მუხის კასრში დაძველების ვადაა მინიმუმ 6 თვე (რიოხასა და რიბიერო დელ დუეროს რეგიონებში - 12 თვე). შემდეგ ეტაპზე მას ასხამენ ბოთლებში და დაძველებას აგრძელებს იმავე ბოდეგაში (მარანში). დაძველების ჯამური (მუხის კასრი+ბოთლი) პერიოდია 24 თვე.
თეთრი და ვარდისფერი ღვინოებისთვის - მუხის კასრში დაძველების ვადაა 6 თვე. შემდეგ ეტაპზე, ბოთლში ჩამოსხმის შემდეგ აგრძელებს დაძველებას და ჯამური პერიოდი შეადგენს 18 თვეს.
Reserva (რეზერვა): ღვინო, რომელისთვისაც მუხის კასრში დაძველების ვადაა მინიმუმ 12 თვე. შემდეგ ეტაპზე მას ასხამენ ბოთლებში და დაძველებას აგრძელებს იმავე ბოდეგაში (მარანში). დაძველების ჯამური პერიოდია 36 თვე.
თეთრი და ვარდისფერი ღვინოებისთვის - მუხის კასრში დაძველების ვადაა 6 თვე. შემდეგ ეტაპზე, ბოთლში ჩამოსხმის შემდეგ აგრძელებს დაძველებას და ჯამური პერიოდი შეადგენს 24 თვეს.
სიტყვა რეზერვას საკმაოდ ხშირად ვხვდებით სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ღვინის ეტიკეტზე. როგორც წესი, ეს ტერმინი ასოცირდება განსაკუთრებული, მაღალი ხარისხისა და კლასის ღვინოებთან და ხშირ შემთხვევაში აღიქმება როგორც დაძველებული ღვინო, ან განსაკუთრებული ვინტაჟი; ხშირად, როგორც სარეზერვო კუვე, მაგალითად შამპანის რეგიონში; განსაკუთრებული ვენახებიდან აღებული მოსავლით დამზადებული ღვინო და ა.შ. მეღვინეობის დარგში ძნელად მოიძებნება მსგავსი მრავალფეროვანი და ამავე დროს იურიდიული თვალსაზრისით არაფრის მთქმელი ტერმინი, როგორც რეზერვაა. ესპანეთი ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანაა, სადაც ეს ტერმინი ღვინის კანონითაა განსაზღვრული.
Gran Reserva (გრან რეზერვა): ღვინო, რომელისთვისაც მუხის კასრში დაძველების ვადაა მინიმუმ 24 თვე. შემდეგ ეტაპზე მას ასხავენ ბოთლებში და დაძველებას აგრძელებს იმავე ბოდეგაში (მარანში). დაძველების ჯამური პერიოდია 60 თვე
თეთრი და ვარდისფერი ღვინოებისთვის - მუხის კასრში დაძველების ვადაა 6 თვე. შემდეგ ეტაპზე, ბოთლში ჩამოსხმის შემდეგ აგრძელებს დაძველებას და ჯამური პერიოდი შეადგენს 48 თვეს.
ამ კატეგორიის ღვინოებისთვის დაძველებისთვის განკუთვნილი მუხის კასრის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 330 ლიტრს (რიოხას რეგიონში ძირითადად იყენებენ 225 ლიტრიან ფრანგული სტანდარტის კასრებს).
ესპანური ღვინის ეტიკეტის ენა:
Bodega (ბოდეგა) - ღვინის სარდაფი. ეს ტერმინი ხშირად გამოიყებება როგორც ღვინის ბრენდის შემადგენელი ნაწილი, მაგალითად Bodega Juan Alcorta. აღსანიშნავია, რომ ფრანგული ტერმინი „შატო“ (Château) ესპანეთში არ იხმარება. ზოგადად, საფრანგეთის გარდა ევროპის წამყვან მეღვინეობის ქვეყნებში (ესპანეთი, იტალია, გერმანია, პორტუგალია) სიტყვა „შატო“ როგორც წესი „საეჭვო“ ღვინის სინონიმია, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, როდესაც ღვინის წარმოება რეალურად განთავსებულია შუა საუკუნეების შატოში. თუმცა როგორც წესი, ამ შემთხვევაშიც მწარმოებლები უპირატესობას ნაციონალურ ტერმინს ანიჭებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან დიდი რისკია იმისა, რომ არაფრანგული ღვინო შატოს აბრევიატურით ევროპელმა მომხმარებელმა ფრანგულ ყალბ ღვინოდ აღიქვას. რა თქმა უნდა, სულ სხვა მდგომარეობაა ამ სიტვის სამშობლო საფრანგეთში. თუმცა აქაც აბრავიატურა შატოს გამოყენება კანონმდებლობთ მკაცრად არის რეგლამენტირებული.
Cava (კავა) – DO ცქრიალა ღვინო, რომელიც იწარმოება ტრადიციული მეთოდით. ყველა სხვა მეთოდით დამზადებული ცქრიალა ღვინო აღინიშნება როგორც Espumose.
Clarete (კლარეტი) – საშუალო, წითელ და ვარდისფერ ღვინოს შორის (სინონიმი - tintillo).
Cosecha (კასეშა) - ვინტაჟი, რაც ნიშნავს, რომ ღვინის მინიმუმ 85% დამზადებულია აღნიშნული წლის მოსავალით.
Crianza Corta (კრიანსა კორტა) - ღვინო, რომელმაც ჯერ ვერ მიაღწია Crianza- სთვის დაწესებულ დაძველების ვადის მინიმუმს (სინონიმი - sin crianza)
Doble pasta (დობლე პასტა) - ტერმინი გამოიყენება წითელი ღვინოებისთვის იმ შემთხვევაში, როდესაც მაცერაციის პერიოდში დურდოსა და ღვინის წვენს შორის პროპორცია დაახლოებით ორჯერ აჭარბებს ჩვეულებრივ ნორმას. მსგავსი ღვინო გამოირჩევა შეფერილობის და ტანინების მაღალი ინტენსივობით და როგორც წესი, იყენებენ უფრო სუსტი ღვინის საკუპაჟე მასალად, თუმცა ბოთლში ჩამოსხმულიც შეიძლება ხშირად შეგვხვდეს. ეს მეთოდი დაახლოებით მოგვაგონებს ღვინის დაყენების კახურ ტექნოლოგიას.
Vinedos de Espana - ეს არის ფრანგული Vin de France -ს ანალოგი. ესპანეთის იმ ადმინიტრაციულ ტერიტორიული ერთეულების გეოგრაფიული დასახელება, რომელლთაც უფლება აქვთ აწარმოონ Vino de la Tierra-ს კლასის ღვინო. ევროკავშირის მოთხოვნით ვინო დე ლა ტიერას კლასისის ღვინის ეტიკეტზე აუცილებელია აღნიშნული კლასის აღნიშვნა.
Unico - ღვინო, რომელიც მზადდება 80-100 წლის ვაზისგან მიღებული ყურძენის მოსავლით. მაგალითად, ალბათ ყველაზე ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული (ამ სტატუსში მას მხოლოდ რამოდენიმე წლის წინ შეეცილენ სხვა ესპანური ბრენდები) ღვინო Vega Sicilia, რომელის საკუთრებაში 101 ჰექტარი ვენახია, მოსავლის დაახლოებით 30% - ს ღებულობს Unico კატეგორიაში და შესაბამისი ღვინის ეტიკეტზე რა თქმა უნდა ეს ტერმინიც არსებობს.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი