Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ბიბლიოთეკა

სალომე აფხაზიშვილი

თუკი ჩვენს რადიო-გადაცემებს უსმენდით და ასევე, რამდენიმე ინტერნეტ თუ ბეჭდურ გამოცემას თვალს აქტიურად ადევნებდით, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მეღვინეობა-მევენახეობის დარგში წარმოშობილ პრობლემებსა და გადაჭრის გზებს განიხილავდა. იყო საუბარი ვაზის ჯიშობრივი მრავალფეროვნების შემცირებაზე, სუბსიდიის არასწორ გადანაწილებაზე, ღვინის დაყენების არაჯანსაღ მეთოდებზე, სტატისტიკის სიმცირეზე,  დარგის არასწორ მენეჯმენტსა და სხვა საკითხებზე. თუმცა, ამ პრობლემებზე მსჯელობა, ისევე როგორც ყველა სხვა სფეროში არსებული უარყოფითი ტენდენციების აღმოფხვრაზე საუბარი, სწორი განსჯისა და ადეკვატური დასკვნებისათვის, ორგანიზებულ და განახლებულ ინფორმაციას საჭიროებს. უდავოა ის, რომ ინფორმაცია ისეთივე მნიშვნელოვანი ფაქტორია მცირე საოჯახო მარნების მქონე გლეხებისთვის, როგორც მსხვილი კომპანიების მენეჯერებისთვის. ამ მხრივ განსაკუთრებული როლი იმ ლიტერატურასა და პერიოდულ გამოცემებს ენიჭება, რომელიც მეღვინეობა-მევენახეობაში განვითარებულ მოვლენებს, სპეციფიკურ საკითხებსა და სასარგებლო ინფორმაციას მოიცავს, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა, არა მხოლოდ ამ დარგში დასაქმებული ადამიანებისთვის, არამედ მათთვისაც, ვისაც ამ საკითხის გარშემო მწირი ინფორმაცია აქვს.

ვიდრე მეღვინეობა-მევენახოების შესახებ რამდენიმე ქართულენოვან წიგნს გაგაცნობდეთ, პერიოდული გამოცემების შესახებ გეტყვით, რომელიც დღესდღეობით მხოლოდ ერთადერთ ბეჭდურ გამოცემას მოიცავს. ეს გახლავთ გაზეთი „მარანი“, რომელიც გაზეთ „ვიკენდთან“ ერთად ყოველ პარასკევს გამოდის. 2006 წლიდან მოყოლებული, ეს არის ერთადერთი ბეჭდური გამოცემა მეღვინეობა-მევენახეობის შესახებ, რომელიც მკითხველს კვირის განმავლობაში, სფეროში მომხდარ ადგილობრივ და საერთაშორისო ამბებს, ასევე საინტერესო და ექსკლუზიურ მასალებს, რჩევებსა და ანალიტიკურ სტატიებს სთავაზობს. აღნიშვნის ღირსია ასევე გაზეთი "ქვევრი", რომელსაც დავით თამარაშვილი რედაქტორობდა.

ბოლო პერიოდში, მეღვნეობა-მევენახეობის დარგში გამოცემული წიგნებიდან აღსანიშნავია მცირე ბროშურები, რომლებიც დაახლოებით 30-35 გვერდისგან შედგება და დარგის სხვადასხვა საკითხებს განიხილავს. ასეთია მაგალითად ბროშურა, სახელწოდებით -  „ღვინის დაყენება ოჯახურ პირობებში“, რომლის გაცნობა ქართულენოვანი მკითხველის გარდა, ინგლისურენოვან მკითხველსაც შეუძლია.

„ეს იყო სასაჩუქრე, სასუვენირე გამოცემა, რომელიც განკუთვნილი იყო იმ მოსახლეობისთვის, რომელიც ასე თუ ისე, ოჯახურ პირობებში მისდევდა ყურძნის მეურნეობას და ღვინის დაყენებას“, -  აღნიშნავს ბროშურის ავტორი, მეღვინეობა-მევენახეობის მკვლევარი გიორგი ბარისაშვილი, რომელმაც თანამოაზრეების, რამდენჯერმე, კი საკუთარი შესაძლებლობებით,  კიდევ რამდენიმე ბროშურა გამოსცა. ერთი-ერთი ასეთია -  „ვაზის მავნებელი დაავადებები და მწვანე ოპერაციები“, რომელიც უშუალოდ მევენახეებისთვისაა განკუთვნილი და ვაზის დაზიანების თავიდან აცილებასთან დაკავშირებით მეტად სასარგებლო რჩევებს მოიცავს. პროფესიული ტიპის სახელმძღვანელოს წარმოადგენს ასევე ბროშურა, ღვინის ქართულად დაყენების შესახებ, რომელშიც ილია ჭავჭავაძის წერილებია თავმოყრილი და მეღვინეობის შესახებ გამოთქმულ მის მოსაზრებებს გვაცნობს.

ღვინის თანამედროვე ქართულ ბიბლიოთეკაში ღირსეულ ადგილს იკავებს ორენოვანი გამოცემა - „ღვინის დაყენება ქვევრში“.  ეს არის ისტორიულ-ეთნოგრაფიული ტიპის ბროშურა, რომელიც დოკუმენტური ინფორმაციის გარდა, მკითხველს ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგიებსაც სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ წიგნის ინგლისურენოვანი ვერსია, სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ კონკურსებსა და ღვინის ფესტივალებზე მისულ სტუმრებს ქვევრის ღვინის სპეციფიკას და მისი დაყენების ტექნოლოგიების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აძლევს.

თეორიულ ნაშრომებთან ერთად, ღვინით დაინტერესებული მკითხველისთვის ღვინოსთან დაკავშირებული ტერმინების პროფესიული ლექსიკონიც არსებობს, რომელიც ავტორმა, გიორგი ბარისაშვილმა, ათობით სამეცნიერო ნაშრომის გათვალისწინებით შეადგინა და ერთ წიგნში გააერთიანა. განმარტებითი ხასიათის ლექსიკონი 1300-მდე სიტყვას მოიცავს.

არსებობს ისეთი ქართულენოვანი გამოცემებიც, რომელიც ღვინის შესანახი, გადასაზიდი და სუფრასთან მისატანი ჭურჭლის მრავალფეროვნების შესახებ გვიყვება. ამ მხრივ აღსანიშნავია ბროშურა - „თიხის ტრადიციული ქართული საღვინე ჭურჭელი“ და  „სპილენძის ქართული საღვინე ჭურჭელი და მარნის იარაღები“. მათი ავტორიც გიორგი ბარისაშვილი გახლავთ, რომელიც ერთ-ერთი გამოცემის შექმნის შესახებ რადიო „ცხელი შოკოლადის“ მსმენელს ესაუბრება:

„ამ წიგნში შესული საღვინე ჭურჭლის 80%-ს ჩემს მარან-მუზეუმში დაცული ჭურჭელი წარმოადგენს. ხოლო 20%- კარდენახში მცხოვრები ნუნუ კარდენახლიშვილის მარან-მუზეუმში დაცულ ექსპონატებს აერთიანებს. აქვეა თელავის არქეოლოგიური მუზეუმის ეთნოგრაფიულ ფონდში დაცული ნიმუშებიც. ამ გამოცემამ სრულად მოიცვა მთელი მასალა, რაც სპილენძის საღვინე ჭურჭელს და მარნის იარაღებს შეეხება“.

მეღვინეობაში არსებულ პრობლემებს ეხება, გასული წლის დასასრულს გამოცემული წიგნი - „ვაზი, ღვინო და პრობლემები“, რომლის ავტორი თეიმურაზ ღლონტია.  წიგნი, 2005-2012 წლებში ქართულ პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებულ კრიტიკულ სტატიებს აერთიანებს.

ქართველი ავტორების მიერ გამოცემული წიგნების გარდა, არსებობს თარგმნილი ლიტერატურაც, რომელიც დამატებითი ინფორმაციის წყაროა მეღვინეობა-მევენახოებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. ამ მხრივ აღსანიშნავია ცნობილი ამერიკელი ღვინის მწერლის - ელის ფეირინგის ავტორობით გამოცემული წიგნი - „სრულქმნილი ღვინო“, რომელიც ქართლად გასულ წელს ითარგმნა. მხატვრული წერის სტილის მიუხედავად, ავტორი მკითხველს ნატურალური ღვინის დაყენებისა და მისი პერსპექტიულობის შესახებ სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს. ამასთან ერთად აღსანიშნავია საფრანგეთის აგრონომიული სასწავლებლების პროფესორების - კოლეტ ნავარისა და ფრანსუაზ ლანგლადის ავტორობით შექმნილი ნაშრომი - „ენოლოგია“, რომელიც ქართულ ენაზე ენოლოგმა გიორგი სამანიშვილმა თარგმნა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ბონდო კალანდაძის ორი სქელტანიანი წიგნი, "მსოფლიოს მაგარი ალკოჰოლური სასმელები" და "ქართული ღვინის მატიანე", სადაც უნიკალური მასალაა თავმოყრილი და დეტალურად მიმოიხილავს ქართული ღვინის ისტორიას. უნდა ვახსენოთ ლევან ჭილაშვილის და თამაზ კანდელაკის წიგნი "ვენახი, ღვინო და ქართველები", ასევე თამაზ კანდელაკის და თამარ შარაბიძის რედაქციით გამოცემული წიგნი, კრებული "ვაზი – სიცოცხლის ხე", სადაც ცნობილი ქართველი მეცნიერების კვლევებია შესული.

და ბოლოს, ღვინის ბიბლიოთეკა წარმოუდგენელია „ქართული ღვინის გზამკვლევის“ გარეშე, რომელიც წელიწადში ერთხელ გამოდის და წლის განმავლობაში ამ სფეროში მომხდარი მოვლენების ანალიზს გვთავაზობს. აქვეა ინფორმაცია ქართული საღვინე ჯიშების, ღვინის ტურისტული მარშრუტების, ღვინის მცირე მარნებისა და კომპანიების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ მეღვინეობა-მევენახეობის დარგის განვითარებასთან ერთად, სპეციფიკური ლიტერატურის მრავლფეროვნება სულ უფრო იზრდება, წიგნების გავრცელებასთან დაკავშირებით პრობლემები მაინც იქმნება. რამდენიმე მსხვილი გამოცემის გარდა, ზემოთ ნახსენები ბროშურები და ლიტერატურა, ძირითადად ამ საკითხით დაინტერესებული ადამიანების ენთუზიაზმითა და ფინანსური შემწეობით გამოიცემა. გარდა ამისა, არსებობს ფონდები და არასამთვრობო ორგანიზაციები, მაგალითად - ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია - „ელკანა“, ასევე ქვევრის ფონდი და ღვინის კლუბი,  რომლებიც ღვინის ლიტერატურის გამოცემას აფინანსებენ. გიორგი ბარისაშვილის აზრით კი, ტირაჟის ზრდას, მეტი თარგმანებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შემსწავლელი ლიტერატურის გამოცემას უფრო მეტი ფინანსები და პროფესიონალთა გუნდი სჭირდება, რაც სახელმწიფოს შესაბამისი უწყების და ღვინის სპეციალისტების თანამშრომლობით უნდა განხორციელდეს.

© რადიო "ცხელი შოკოლადი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული