Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩავლილი 2018 წელი ქართულ მევენახეობა-მეღვინეობაში

გიორგი ბარისაშვილი

ტრადიციულ წლის მიმოხილვას გამოცემებით დავიწყებთ. საკითხი ძალზე პრობლემატურია, რადგან დრო მიდის და თანამედროვე, პოპულარული ენით დაწერილი ლიტერატურა ფაქტობრივად არ მოგვეპოვება იშვიათი გამონაკლისების გარდა. გვაქვს შემთხვევები, როდესაც გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩარჩენილი ზოგიერთი ავტორი ამავე პერიოდის ლიტერატურის კოპირებითაა დაკავებული, რომელსაც საკუთარი გვარ-სახელით გვთავაზობს და სხვა. სამწუხაროდ ამგვარი ლიტერატურა ყოველწლიურად გამოიცემა. ნამდვილად გულდასაწყვეტია, რომ არ არსებობს რაიმე კომისია, რომელიც ვაზისა და ღვინის სფეროს გამოცემებსა და თუნდაც ცაკლეულ სტატიებს გააკონტროლებდა. დღეს ყველაზე მეტად დგას ამგვარი კომისიის შექმნის აუცილებლობის საკითხი, რათა თავიდან ავიცილოთ ზოგიერთი იმგვარი სამარცხვინო „მაკულატურის“ გამოცემა, როგორებიც უკვე მოესწრო ბოლო წლების განმავლობაში. ამ მხრივ არც გასული წელი იყო გამონაკლისი და არც მომავალი წელი იქნება, სავარაუდოდ. თუმცა საკითხი საზოგადოებას მივანდოთ და მან თავად განსაჯოს ამა თუ იმ გამოცემის ავკარგიანობა. გასულსავე წელს დაფიქსირდა ერთი პლაგიატის შემთხვევაც,რომელიც მევენახეობის ლიტერატურას ეხება, თუმცა ამ თემას არ დავაკონკრეტებთ.

დავიწყებთ ნუგზარ ბაღათურიასა და ნანა ბეგიაშვილის ნაშრომით „ქვევრის ღვინის ქართული ტექნოლოგია“. მონოგრაფია მეცნიერულ ხასიათს ატარებს და ის პრაქტიკოსი მემარნეებისთვის არ არის განკუთვნილი. აქვე გვინდა აღვნიშნოთ ბატონი ნუგზარ ბაღათურიას 2015 წელს გამოცემული წიგნი „ენოლოგია“, რომელიც მიზეზთა გამო 2015 წლის მიმოხილვაში სამწუხაროდ არ გვქონდა მოხსენიებული და ამ შეცდომას ახლაღა ვასწორებთ.

მომდევნო ნაშრომი, სახელოწდებით „მემარნის უბის წიგნაკი“, ეკუთვნის მირიან ნიკოლაძეს. წიგნი ნამდვილად საინტერესოა, რადგან გარდა ძირითადი, ავტორისეული მოსაზრებებისა, მასში განხილულია სხვადასხვა ავტორების სტატიებიდან და წიგნებიდან აღებული ინფორმაციაც.

გასულ წელს გამოიცა გ. ბარისაშვილის ორი ბროშურა „ქვევრი და ღვინო“, რომელიც ეხება კონკრეტულად ქვევრში კახური ტრადიციული ქარვისფერი ღვინის დაყენებას და „მარნის აშენება და მოწყობა“, რომელიც წარმოადგენს ტრადიციული მარნების მშენებლობის ერთგვარ ილუსტრირებულ სახელმძღვანელოს.

ძალზე საინტერესოა დავით ლორთქიფანიძის მიერ გამოცემული ინგლისურენივანი წიგნი „GEORGIA the CRADLE of viticulture“ (საქართველო - მეღვინეობის აკვანი). წიგნი გამოიცა სპეციალურ საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის მუზეუმის გახსნასთან დაკავშირებით. ის, ამავდროულად, შესანიშნავი საჩუქარი იქნება საქართველოს მევენახება-მეღვინეობით დაინტერესებული უცხოელებისთვისაც.

მომდევნო გამოცემაა საიმონ ვულფის ინგლისურენოვანი წიგნი „AMBER REVOLUTION“ (ქარვისფერი რევოლუცია). საკმაოდ მოცულობით, ილუსტრირებულ წიგნში თავმოყრილი არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მემარნეები, რომლებიც მისდევენ ნატურალურ მეღვინეობის მიმართულებას. წიგნში შესულია საქართველოც. აღსანიშნავია, რომ ავტორი თავად იყო ჩამოსული საქართველოში და მან თვითონ მოიარა საკუთარ წიგნში შეტანილი ყველა მარანი და ადგილი.

გვინდა შევეხოთ ერთ მეტად მნიშვნელოვან სტატიას, სათაურით „ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციათა მუზეუმი - კოლექცია საქართველოში მევენახება-მეღვინეობის შესახებ“, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ „LA REVUE DES MUSÉES DE FRANCE“ (საფრანგეთის მუზეუმების მიმოხილვა), ავტორები: ედუარდ დე ლაუბრი, მერაბ მიქელაძე, გ. ბარისაშვილი.

საქმე ისაა, რომ მარსელში, ერთ–ერთ მუზეუმში გაიხსნა საქართველოს კუთხე. ამისათვის ქართულმა მხარემ მუზეუმს უსასყიდლოდ გადასცა ექსპონატები. ჟურნალში გამოქვეყნებულ ამ პუბლიკაციაში მოთხრობილია საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობისა და ქართული კულტურის შესახებ. ასევე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობა მარსელის მუზეუმთან.

ქართული სოფლის მეურნეობისა და კონკრეტულად მევენახეობა-მეღვინეობის სტატიების მხრივ მუშაობს აგრძელებს ჟურნალი „აგრარული საქართველო“, რომელიც მკითხველს ყოველთვიურად სთავაზობს ვაზისა და ღვინის სფეროდან დარგობრივ სტატიებს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია.

შემდეგი გამოცემაა შალვა ავალიანის „ღვინის ტექნოლოგია“ (მეორე გამოცემა). ეს სახელმძღვანელო ავტორმა 1969 წელს გამოსცა.

ცხადია, აღნიშვნის ღირსია „ქართული ღვინის გზამკვლევი“ მალხაზ ხარბედიას ავტორობით. ამ წელს გზამკვლევი სამ ენაზე გამოიცა. გზამკვლევი ყოველწლიურად გამოდის და ის დიდ სამსახურს უწევს ქართული ვაზისა და ღვინით დაინტერესებულ ადამიანს, ქართველსა თუ უცხოელს.

გასული წლის მიწურულს გამოიცა წიგნი „ქართული ვაზის ჯიშები“. ავტორები: ლევან უჯმაჯურიძე, გიორგი კაკაბაძე, ლონდა მამასახლისაშვილი. გამოცემა უდაოდ უნდა ჩაითვალოს წლის მოვლენად ქართული ვაზისა და ღვინის სფეროებში. ესაა ილუსტრირებული და სრული კატალოგი ქართული ვაზის ჯიშებისა, სადაც გარდა ძველი ქართულისა, შესულია ასევე ახალი, სელექციური ჯიშებიც. მასში მოცემულია იმ ვაზის ჯიშთა ჩამონათვალიც, რომლებიც დაკარგულად ითვლებიან.

საქართველოს ვაზისა და ღვინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცემა ბატონი ლევან ფრუიძის შესანიშნავი ნაშრომი „საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის ისტორიაა“ (წიგნი 3). პირველ ორ ტომთან ერთად ეს გახლავთ დიდი შენაძენი, რომელიც, მეორე მხირვ, განხლავთ ბატონი ლევანის ვაზისა და ღვინის სფეროში ათეულობით წლების ერთგვარი შეჯამება. წიგნი გამოიცა ღვინის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით.

მომდევნო გამოცემა გახლავთ ბატონი თამაზ კობაიძის შესანიშნავი და ამასთან ძალზე საჭირო წიგნი „მევენახეობა-მეღვინეობის ენციკლოპედიური ლექსიკონი“. ამგვარი ვრცელი და სერიოზული ნაშრომი ჩვენ აქამდე არ მოგვეპოვებოდა და ამიტომ, ის ნამდვილად დიდი შენაძენია.

კიდევ ერთი გამოცემა - ესაა ღვინის ეროვნული სააგენტოს ერმილე ნაკაშიძის ავტორობით გამოცებული წიგნი „მევენახეობა-მეღვინეობა გურია-სამეგრელოში, აჭარაში და აფხაზეთში“.

და ბოლოს, მალხაზ ხარბედიას ავტორობით გამოცემული წიგნი „ღვინის მეგზური“ (პრაქტიკული სახელმძღვანელო), აჭარის ტურიზმის ადმინისტრაციის დაკვეთით. ესაა დამხმარე სახელმძღვანელო ღვინის მეგზურებისთვის (გიდებისთვის) და ამავე დროს აქ დეტალურადაა განხილული აჭარის მევენახეობა-მეღვინეობისა და ღვინის ტურიზმის თანამედროვე მდგომარეობა და პოტენციალი.

 ამრიგად, 2018 წელი აქამდე ჩვენს მიერ განხილულ სხვა წლებთან შედარებით უდაოდ ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა. თუმცა, მაინც უნდა აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მანძილზე ამ მხრივ ჯერ მხოლოდ პირველი ნაბიჯები იდგმება.

დარგში გადაღებული ფილმებიდან ვფლობთ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტს მოკლემეტრაჟიანი საპოპულარიზაციო ფილმის სახით -„საქართველო - ღვინის სამშობლო“. ფილმი ეხება საქართველოს ღვინის კულტურასა და ბორდოში გახსნილი ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის მუზეუმის საკითხებს და ამრიგად ისაა ერთგვარი მატიანე.

გვინდა მოკლედ შევეხოთ ჩვენს ქვეყანაში ტრადიციული მარნების მშენელობის საკითხს. გადაუჭარბებელი იქნება, თუ ვიტყვით, რომ კახეთში ტრადიციული მარნები უკვე ყოველი ფეხის ნაბიჯზე შენდება. გვინდა აღვნიშნოთ, რომ თუ ამ გარემოებას ხელი არ შეეშალა, ალბათ 10 წელიწადში ნამდვილი ღვინის ქვეყანა ვიქნებით. ამის ხელშემშლელი პირობები კი მრავლადაა, რომელთა მიზეზი კი ჩვენსავე თავში უნდა ვეძებოთ. ამ ეტაპზე დიდ პრობლემას წარმოადგენს მცირე მემარნეების დარგობრივი ცოდნის დონე, რაც აისახება კიდეც ჩვენი ღვინის ხარისხზე. მეორე მხრივ თავად მარნების მშენებლობისა და სისწორის საკითხიცაა დასაფიქრებელი. ვერც ღვინის ტურიზმის მხრივ დავიკვეხნით. არადა, ეს სფერო წესით უკვე ძალიან განვითარებული უნდა იყოს, მაგრამ საქმე სხვანაირადაა და ეს მნიშვნელოვანი საკითხი არასწორი მხრივ ვითარდება, ხოლო ქართული ღვინის ტურიზმი კი სულ სხვაგვარ მიდგომას მოითხოვს. მისასალმებელია, რომ გასულ წელს მევენახეობის განაკუთრებულ ზონებს ახალი ადგილი შეემატა. ესაა მიკროზონა ხაშმი, რომელიც თავის მხრივ საფერავის ჯიშის ვაზს უკავშირდება. ამ მხრივ ჯერ დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი, ხოლო უპირველეს ყოველისა გამოსასწორებელია ის სამარცხვინო შეცდომები, რის დროსაც აქამდე არსებული მიკროზონები უაზროდ გაფართოვდა ქინძმარაულში, ხვანჭაკარაში და სხვა. ამ შემთხვევაში ეს საკითხი სპეციალურმა კომისიამ უნდა მოამზადოს და ფართო საზოგადოებას მიანდოს განსახილველად. ორი კაცისა თუ ქალის გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, თუ რამხელა და როგორი იქნება ესა თუ ის ძველი თუ ახალი მიკროზონა.

მეღვინეობის სფეროში ჩატარებულ შიდა თუ საერთაშორისო გამოფენა-დეგუსტაციებს უკვე სათვალავი აღარა აქვს. ჩვენში კი ძალზე მნიშნველოვანია ახალი ღვინის ფესტივალი, ექსპო-ჯორჯიას გამოფენა, ფესტივალი ამერ-იმერი, ქართული ღვინის კვირეული და სხვა.

დიდ პრობლემას წარმოადგენს ჩვენი ტრადიციული ჭაჭის საკითხიც, რაც უპირველესად კანონმა უნდა დაარეგულიროს. ამ სასმელის წარმოებას ჩვენი დახმარება ესაჭიროება. ჯერჯერობით მაღაზიებში წარმოდგენილი ჭაჭა ეწოდება ღვინის ქარხნებში ლექების მონაწურის, ან დაავადებული ღვინისგან გამოხდილ სითხეს, რაც უმეტესად მუხის ბურბუშელის ნახარშითაა გაზავებული და მუხის კასრებში დაძველებულად კი საღდება. მისახედია ამ სასმელის აქციზირების საკითხიც. „არყის ბაჟის“ საკითხს თავის დროზე წმ. ილია მართალიც შეეხო, თუმცა პრობლემა პრობლემადვე რჩება და ჯერ ჩვენ იმაზეც ვერ შევჯერდით, თუ რა უნდა ერქვას ღვინის ქარხნების ზემოთხსენებული ტექნოლოგიით გამოხილ სასმელსა და რა სახელს უნდა ატარებდეს სრული წესების დაცვით გამოხდილი ჭაჭა. ზოგადად ქართულ კანონში ვაზისა და ღვინის შესახებ არაერთი ცვლილებაა შესატანი და იმედს გამოვთქვამთ, რომ ახლო მომავალში საქართველოს მთავრობა საკითხისთვის გამოძებნის დროს.

გასულ წელს კინოთეატრ ამირანში გაიმართა ჩვენება ფილმისა „ნულოვანი მერიდიანი“ (რეჟისორი ნანა ჯორჯაძე), საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტის, შალვა ხეცურიანის მონაწილეობით. ქართულ ვაზზე და ღვინოზე ამ ხარისხის ფილმი აქამდე არ მოგვეპოვებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ფილმმა უცხოეთის არაერთ კინოფესტივალში მიიღო მონაწილეობა და საკმაო წარმატებებიც მოიპოვა. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მოსახლეობის ინიციატივა ძველი ქართული ვაზის ჯიშების გაშენების შესახებ. ტენდენცია ჯერხნობით ქართლსა და კახეთში აღინიშნება, თუმცა ამ ეტპაზე პროცესს ექსპერიმენტული ხასიათი აქვს და საერთო საქმე ნელა ვითარდება. ასევე არ შეიძლება არ აღინიშნოს ბიო და ნატურალური მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების განსაკუთრებული წინსვლა. ამ მხრივ უკვე არაერთი სპეციალური ღონისძიებაც ჩატარდა. მაგალითად, ნატურალური ღვინის ფესტივალი „ამერ-იმერი“, ასევე „ნული კომპრომისი“, ე.წ. „ზერო“ და სხვა. ეს გარემოება ხაზს უსვამს იმას, რომ საზოგადოება ამისათვის მზადაა და განსხვავებით ინდუსტრიული მეღვინეობისა, უფრო ფართოდ ჩაერთო ამ მიმართულებაში. ბოლო პერიოდში ბიო და ნატურალური მეღვინეობის მიმართულება ერთიორად გაიზარდა, რაც მისასალმებელია. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ქვეყნის მევენახეობა-მეღვინეობის სფეროებისათვის პრიორიტეტი არის ბიო-მიმართულება, რისთვისაც დღევანდელი საზოგადოება ნამდვილად მზადაა.

 ამგვარად ჩაიარა 2018 წელმა ჩვენს ქვეყანაში. ამ შემთხვევაში ყველაზე ნათელ წერტილად მაინც გამოცემები უნდა ჩაითვალოს, რომელთა მეშვეობით ქართული ლიტერატურა ნამდვილად გამდიდრდა. ჩვენ დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ტენდენცია გარდა ლიტერატურისა, სხვა სფეროებსაც გადაედება. მევენახება-მეღვინეობის დარგი ჯერჯერობით მაინც შეჭირვებულ დღეშია და საჭიროებს ჩვენს გვერდში დგომას. გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ბატონებს ლევან ფრუიძესა და თამაზ კობაიძეს მათი განსაკუთრებული ღვაწლისათვის. ასევე ჩვენს უცხოელ კოლეგებს, რომლებიც მოღვაწეობენ ბიო და ნატურალური მეღვინეობის სფეროებში და ჩვენც დიდად გვიდგანან გვერდში. იმედს გამოვთქვამთ, რომ ქართული ტრადიციული მევენახეობა-მეღვინეობა განვითარდება და თავის ღირსეულ ადგილზე დადგება. იგივე იმედს გამოვთქვამთ ღვინის ტურიზმის სფეროზეც. უპირველესად კი რეფორმებს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ ითხოვს, თუმცა მეორე საკითხია მისი რეალობაში განხორციელება.

მცხეთა, 2018 წ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული