Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საიდან მოდის “თამადა”?

ოლეგ გოლიაძე

“თამადა” ქართული სიტყვაა და უთარგმნელად არის შესული მეზობელ ხალხთა ენებში”, – სათანადო კატეგორიულობით გვარწმუნებს ჟურნალის – “თამადა” – სოლიდური სარედაქციო საბჭო (”თამადა”, ¹1, 2003 წ.). მეტიც, ზოგიერთი სპეციალისტ-მეცნიერი უფრო შორს მიდის და აცხადებს: “...არაბულ, თურქულ და სპარსულ ენებში სიტყვა “თამადა” არ ჩანს” (თ. ღლონტი).

ასეა კი სინამდვილეში?!.

დადგენილ-დაზუსტებულია, რომ სიტყვა-ცნება “თამადა” არ მოიძიება ქართულ საისტორიო, მხატვრულ, ლექსიკოლოგიურ, ბიბლიურ წყაროებში XIX საუკუნის ბოლომდე – სიტყვა-ცნება “თამადობა” პირველად ფიქსირდება დავით ჩუბინაშვილის “ქართულ-რუსულ ლექსიკონში” (სანკტ-პეტერბურგი, 1887 წ.).

ვთქვათ აქვე: ვფიქრობთ, უხერხული და არაფრისმომცემია ბიბლიური ზირაქის წიგნის (თუნდაც აპოკრიფულის) მონაცემებით ხელოვნური მანიპულირება – “თუ თამადად დაგსვეს”... “თამადას დარბაისლური სიტყვა შეშვენის”... (იხ. გაზ. “24 საათი”, ყოველთვიური დამატება “მარანი”, 24.II.2007 წ., ¹2 (4)).

ასევე ცალმხრივი და კვლავ და კვლავ არაფრის მომცემია აქცენტირება იმისა, თითქოს “ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ამ პერიოდისათვის სიტყვა “თამადა” არ იყო დამკვიდრებული რუსულ სალიტერატურო ენაში”... (თ. ღლონტი), მაგრამ ისმის კითხვა: საკუთრივ ქართულ სალიტერატურო ენაში (და არა ყოფით ცხოვრებაში) იყო კი “თამადა” დამკვიდრებული?.. სამწუხაროდ, ვერ იხილვება, მაგრამ ეს როდი ნიშნავს იმას, რომ XVIII-XIX სს.-მდე “სიტყვა “სადღეგრძელო” (ისევე როგორც “თამადა” ან “ტოლუმბაში”) არ არსებობდა” (ლ. ბრეგაძე), თუნდაც სხვადასხვაგვარი ნაირსახეობითა თუ ტრასკრიფციით...

არაერთგზის და არაერთმნიშვნელოვნად შენიშნულია, რომ “თამადა” რთული სიტყვაა, შესაძლოა, ის კომპოზიტი იყოს. ქართული ტრადიციული ყოფის, ქართული პურ-ღვინის, ეთნოგრაფიის ჩინებული მცოდნე, მწერალი ნუგზარ შატაიძე მართებულად გამოთქვამს გუმანს შესახებ იმისა, რომ სიტყვა-ცნება “თამადის” ადრინდელი ფორმა იყო “თავმადა”.

მაინც, საიდან უნდა მომდინარეობდეს “თამადა”?

კატეგორიული განცხადება იმის თაობაზე, რომ “არაბულ, თურქულ და სპარსულ ენებში სიტყვა “თამადა” არ ჩანს”, მთლად მართებული არაა... სიტყვა “თამადა” არაბულ სამყაროში არსებობს და ჰქვია სინაის ნახევარკუნძულზე ერთ-ერთ პატარა დასახლებულ პუნქტს, ქალაქს – “ბირ-თამადა”, – რაც იმაზეც მიუთითებს, რომ სიტყვა-ცნება, ტოპონიმი – თამადა” – არსებობდა (ან, ეგების, არსებობს კიდეც ჩვეულებრივ ყოფით ცხოვრებაშიც...); ქართველ არაბისტებს მართებთ ამის კვლევა...

დაკვირვებული მკითხველი, მით უფრო, სპეციალისტი-მეცნიერი, ბუნებრივია, დაეჭვდება: გულუბრყვილო ტოპონიმ-ეტიმოლოგიასთან ხომ არა გვაქვს საქმე?.. ვთქვათ, ასეთებთან – “მოსული”, “ჯიბუტი”?.. ან უბრალო დამთხვევა-ასოციაციასთან?..

ვჩქარობ, განვაცხადო, – არა!..

არაბულ სამყაროსა (ეგვიპტე, იორდანია, სირია, საუდის არაბეთი, ლიბანი, ერაყი) და ისრაელის დაპირისპირებამ მკვეთრად იჩინა თავი 1967 წელს, რისი კულმინაციაც გახლდათ ე. წ. “ექვსდღიანი ომი”, რომელიც მსოფლიო ისტორიაში ძალთა უმაგალითო უთანასწორობითა და უიშვიათესი ტაქტიკური ქმედებებით უნიკალურია, ხოლო შედეგი კი – განსაცვიფრებელი და არნახული: სრული მატერიალური და იდეოლოგიურ-სულიერი კრახი არაბული შეიარაღებული ძალებისა, რომელთა მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვა მთლიანად რუსულ-საბჭოური გახლდათ!

მკითხველი მართებულად შეამჩნევს კალმის გაქცევას: სად არაბეთ-ისრაელის ომი და სად “თამადა”?!.

მოგახსენებთ...

ომის დამთავრების შემდგომ ებრაელი გენერალი ადონი ერთ-ერთ რუსულ გაზეთში გამოქვეყნებულ ინტერვიუში შეუნიღბავი იუმორით წერდა: ეგვიპტის სამხედრო დასახლება-ქალაქების დაბომმბვისას ამა და ამ ქალაქმა მეორეს ვერ გაუწია სათანადო “собутильник”-ობა და მასაც იგივე ხვედრი ხვდაო წილად... მაშინ ეს განცხადება გამედიდებული სამხედრო პირის, გენერლის არცთუ გონებამახვილურ, ნიშნისმიმგებურ თქმად მივიჩნიე... თურმე, ამაოდ!..

შემდგომ, 1975 წელს გამოცემული რ. და უ. ჩერჩილების “ექვსდღიანი ომი” ჩამივარდა ხელთ, რომელიც, სამწუხაროდ, დღესაც კი არაა თარგმნილი ქართულ ენაზე. ესაა უნიკალური წიგნი არა მხოლოდ ომების სტრატეგია-ტაქტიკის თვალთახედვით, არამედ იმ თვალსაზრისით განსაკუთრებით, თუ ვით ძალუძს პატარა, თითქმის შეუმჩნეველ ქვეყანას წინააღმდეგობა გაუწიოს, თავი დაიცვას რიცხვმრავალი ძალმომრეობისაგან, უფრო მეტიც – გაიმარჯვოს კიდეც!

ჩერჩილების წიგნში ბევრი რამაა: ტაქტიკური სქემები, შეტევათა მიმართულებანი, ტაქტიკურ-სტრატეგიული გათვლები, ნუსხები, რუკები... და აი აქ, ამ წიგნში ხელახლად, ამჯერად უკვე თვალნათლივ წავაწყდი იმ ქალაქის ადგილმდებარეობასა და სახელწოდებას, ზემოთ რომ მოგახსენეთ. ქალაქი მდებარეობს სინაის ნახევარკუნძულზე, ეგვიპტის ტერიტორიაზე და ჰქვია “ბირ-თამადა”, რაც არაბულ ენაზე ნიშნავს “ჭას” ან “წყაროს თანამეინახეთა”. აშკარაა, არაბულ ენაში არსებულა ცნება “თამადა” (თანაც ჩვენთვის საინტერესო კონტექსტით). გასაგები ხდება ებრაელი გენერლის ენამწარობა – ბირ-თამადას სამხედრო-საჰაერო ძალები ვერაფრით დაეხმარა თანამებრძოლთო...

მტკიცება იმისა, რომ არაბულში ქართულიდან შევიდა “თამადა” ან პირიქით, ქართულმა შეისისხლხორცა არაბული, ჩვენ ვერ გვეხელწიფება და, ვფიქრობთ, ეს არცაა ამჯერად არსებითი. ერთობ საინტერესო და გასაკვირველად აუხსნელი (ჩვენთვის მაინც!) ისაა, რომ თუ ქართულ ენაში არაბობის ბატონობის პერიოდში არსებობდა ცნება “თამადა”, შემდგომ ვით გაქრა სიტყვა-ხმარებიდან ქართველთათვის ესოდენ თვისიერი რამ? ანთუ – შესაძლოა, არაბულში ქართულის გზით შევიდა, რაც გამორიცხული არაა, მაგრამ, საკვირველია, სხვა ენა, არაბული გავამდიდრეთ ჩვენეული ცნებით და თვით ჩვენი საუკუნოობით დავივიწყეთ?

გადაჭრით ვერაფერს მოგახსენებთ; ისე კი, ნათელია, აღმოსავლური სამყაროსათვის უცხო არ ყოფილა “თანა სმა”, “თანა ღვინისა სმა” (“ვისრამიანი”...).

ახლა პირველსავე სიტყვას მოვიდეთ... პირადად ჩვენ სიტყვა-ცნების – “თამადა” – ქართული წარმომავლობა-რეკონსტრუქცია (თუკი ის დანამდვილებით ქართულია!) ასე გვესახება: 1. ერთ-ერთმა უძველესმა ხელნაწერმა შემოგვინახა ტერმინი – სახელო” – “თავი მაგიდესაი”, ე. ი. სუფრის, მაგიდის თავი. ზემორე მონაცემით, აქედან: თავი მაგიდისა>თავმაგიდა>თავმადა>თამადა; 2. მამითადი//ნადი საქართველოში ჩვეულებრივი, ყოფილი მოვლენა გახლდათ. ეს ეთნოგრაფიული ინსტიტუტი ჯერაც ცოცხლობს, სასოობს თავისი ამა თუ იმ ელემენტებით. მამითადსაც და ნადსაც (რომელთაც მუშაობის შასრულებისას უეჭველად მოჰყვებოდა ქართული საჭირნახულო, საწესო სუფრა) ჰყავდა ხელმძღვანელი (გურიაში ნადის გამრიგეს თავი ნადი ერქვა; ასევე იქნებოდა, სავარაუდოდ, სხვაგანაც), გამრიგე, გამგებელი, თავკაცი, მოთავე, ე. ი. თავი მამითადი>თავმამითადი>თავმადა>თამადა... ყველაფერი ეს, ცხადია, მოსაზრება-ვარაუდია და არა კატეგორიული მტკიცება.

შესაძლოა, ლინგვისტურ-ენთამეცნიერულ ლაბირინთებში დიდად გზაგაკვალული და მეშანდლე არ გახლდეთ, მაგრამ ოპონენტებს გულითადად ვთხოვ, ცუდუბრალოდ ქვათა სროლას ნუ დამიწყებენ, თუნდაც იმის გამო, რომ მათეულ პროფესიულ-საჭირბოროტო, კარგა ხნის გასაკეთებელს ერთი რიგითი ლიტერატორი შეეჭიდა, თანაც მხოლოდ იმის გამო, რომ ყოველივე ამის შესახებ ბევრი უფიქრია, ბევრი უძებნია-უკითხავს, პასუხისათვის კი ვერსად მიუგნია...

© „მარანი“

თემა:


გოგოლაძის ეს სტატია წარმოადგენს როგორც ჟურნალისტიკის პრინციპების (ობიექტივიზმის და მიუკერძოებლობის) სულ უგულვებელყოფას, ასევე ენათმეცნიერული კვლევის პროფანაციას და აბუჩად აგდებას. 1. გოგოლაძე წერს რომ - ,,შესაძლოა, ლინგვისტურ-ენთამეცნიერულ ლაბირინთებში დიდად გზაგაკვალული და მეშანდლე არ გახლდეთ" - და მაინც განაგრძობს ,,თამადის" ეტიმოლოგიის (სრულიად აბსურდული სახის) კვლევას და იძლევა თავის დასკვნებს. თუ ადამიანმა არ იცის ,,ლინგვისტურ-ენთამეცნიერული" ანალიზი მაშინ არც უნდა გაკადნიერდეს და ამ საკითხში გაუთვიცნობიერებულ საზოგადოებას თავს არ უნდა მოახვიოს თავისი აზრები. (ხომ შესაძლებელია რომ იგი არსწორი აღმოჩნდეს? და ვინმე რატომ უნდა დარჩეს მოტყუებული?) 2. სტატიის კონცეფცია და შინაარსობრივი სტრუქტურა მეტყველებს იმაზე რომ გოგოლაძის ამოსავალ წერტილს წარმოადგენს (დაუსაბუთებელი)და მისთვის აპრიორი აზრი რომ სიტყვა ,,თამადა" არ წარმოადგენს ქართულ კულტურულ ფენომენს და სტატია მხოლოდ ამ ,,თეორიის" დასამტკიცებლად არის დაწერილი და არა სიტყვის ეტიმოლოგიის გამოსარკვევად. გამოდის რომ გოგოლაძემ სტატია იმიტომ დაწერა რომ მას აღიზიანებს ზოგიერთი ადამიანი(რომელიც შესაძლოა ასევე არამეცნიერულად)ამტკიცებს რომ სიტყვა ,,თამადა" არის ქართული. შემდეგ სტატიაში იმის დასამტკიცებლად რომ ,,თამადა" ქართული სიტყვა არ არის გოლიაძეს მოჰყავს ასევე არაფრისმთქმელი ფრაზა- რომ ეგვიპტეში არსებობს დასახლება “ბირ-თამადა”, რაც სულ არ წარმოადგენს იმის დამადასტურებელ ფაქტს რომ ეს სიტყვა ,,ქართული" არ არის. უფრო მეტიც, ვინმესთვის ეს ფაქტი შეიძლება პირიქითაც ,,თამადის" ქართულობაზე მეტყველებდეს - ჯერ ერთი თუ გოგოლაძემ ღრმად იცნობს ქართველურ კულტურულ ფენომენს (ისტორიას) მაშინ სრულებით არ არის გამორიცხული რომ სიტყვა ,,თამადა" ქართველური კულტურიდან იყოს გასულიყო ეგვიპტეში (მაგრამ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს და არც ის ვიცით თუ რომელი პერიოდიდან არსებობს სახელი “ბირ-თამადა”). ნუთუ შეუძლებელია რომ ასეთი უძველესი კულტურული ტრადიიციის აღმნიშვნელი სიტყვა ქართველურიდან შესულიყო სხვა ენებში (სადაც ამგვარი ტრადიცია არც გააჩნდათ და არც ქართველური კულტურის მსგავს ღვინის და სუფრის კულტურას იცნობდნენ?). თუ ქართველური ,,ღვინო" (van, vain, вино)შევიდა მსოფლიოს ენებში და მეტალების აღმნშვნელი სახელებიც ქართველური ენებიდან შეითვისეს სხვა ენებმა (როგორც ამას გერმანელი და სხვა ენათმეცნიერები ამტკიცებენ) რატომ არ შეიძლება ,,თამადა" გასულიყო საზღვრებს გარეთ. 3. და ბოლოს ყველაზე მარტივი და აშკარა ფაქტია ის რომ თვითონ სიტყვა ,,თამადის" ფუძეში ფიგურირებს სიტყვა ,,მადა" რაც დაკავშირებულია ,,სუფრასთან" და ,,კვებასთან", რაც ალბათ მეტყველებს ამ სიტყვის ქართველურ წარმოშობაზე. ამიტომ გოგოლაძემ პირველ ყოვლისა საზოგადოება ჯერ იმაში უნდა დაარწმუნოს რომ არც სიტყვა ,,მადა" არის ქართველური. ყველას კი ჯობია სანამ რაიმეს ვიტყვით და გამოვიტანთ საზოგადოების სამსჯავროზე, ჯერ ღრმად შევისწავლოთ ეს საკითხი. პატივისცემით: დავით ცინცაძე.


სანამ ამხელა კომენტს დაწერთ, იქნებ გვარი მაინც დაგეზუსტებინათ სტატიის ავტორის :)



(ბოდიშს ვიხდი წინ ატვირთულ წერილში არსებული შეცდომის გამო, რომელიც კლავიატურის შრიფტის გაუმართაობის გამო იქნა დაშვებული) გოლიაძის სტატია - ,, საიდან მოდის თამადა" წარმოადგენს როგორც ჟურნალისტიკის პრინციპების (ობიექტივიზმის და მიუკერძოებლობის) სრულ უგულვებელყოფას, ასევე ენათმეცნიერული კვლევის პროფანაციას და აბუჩად აგდებას. 1. გოლიაძე წერს რომ - ,,შესაძლოა, ლინგვისტურ-ენთამეცნიერულ ლაბირინთებში დიდად გზაგაკვალული და მეშანდლე არ გახლდეთ" - და მაინც განაგრძობს ,,თამადის" ეტიმოლოგიის (სრულიად აბსურდული სახის) კვლევას და იძლევა თავის დასკვნებს. თუ ადამიანმა არ იცის ,,ლინგვისტურ-ენთამეცნიერული" ანალიზი, მაშინ არც უნდა გაკადნიერდეს და ამ საკითხში გაუთვიცნობიერებულ საზოგადოებას თავს არ უნდა მოახვიოს თავისი აზრები. (ხომ შესაძლებელია რომ ასეთი უსაფუძვლო ,,მტკიცებულება" არსწორი აღმოჩნდეს? მკითხველი რატომ უნდა დარჩეს მოტყუებული?) 2. სტატიის კონცეფცია და შინაარსობრივი სტრუქტურა მეტყველებს იმაზე, რომ გოლიაძის ამოსავალი (სრულიად დაუსაბუთებელი) აპრიორი აზრი არის ის, რომ სიტყვა ,,თამადა" არ წარმოადგენს ქართულ კულტურულ ფენომენს. სტატიაც მხოლოდ ამ ,,აზრის" დასამტკიცებლად არის დაწერილი და არ ემსახურება სიტყვის ნამდვილი წარმომავლობის და ეტიმოლოგიის (მიუკერძოებელ და ობიექტურ) გამორკვევას. გამოდის რომ გოლიაძემ სტატია იმიტომ დაწერა, რომ მას აღიზიანებს ზოგიერთი ადამიანი რომელიც (შესაძლებელია, ასევე არამეცნიერულად) ამტკიცებს რომ სიტყვა ,,თამადა" არის ქართული. შემდეგ, თავისი შეხედულების დასამტკიცებლად, რომ ,,თამადა" არ არის ქართული სიტყვა, გოლიაძეს მოჰყავს ფაქტი - რომ ეგვიპტეში არსებობს დასახლება “ბირ-თამადა”, რაც სრულებით არ წარმოადგენს იმის დამადასტურებელ ფაქტს რომ ეს სიტყვა არ უნდა იყოს ,,ქართული" ! უფრო მეტიც, ეს ფაქტი (გარკვეული მიმართებით) შეიძლება პირიქით - ,,თამადის" ქართულ წარმომავლობაზეც კი მეტველებდეს! ჯერ ერთი თუ გოლიაძე ღრმად იცნობს ქართველურ კულტურულ ფენომენს (ისტორიას) მაშინ სრულებით არ არის გამორიცხული რომ სიტყვა ,,თამადა" ქართველური კულტურიდან იყოს გადასული ეგვიპტეში (მაგრამ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს და არც ის ვიცით თუ რომელი პერიოდიდან არსებობს სახელი “ბირ-თამადა”). ნუთუ შეუძლებელია რომ ასეთი უძველესი კულტურული ტრადიიციის აღმნიშვნელი სიტყვა ქართველურიდან შესულიყო სხვა ენებში (სადაც სუფრის ესოდენ დახვეწილი და ღრმა კულტურული ტრადიცია არ ჩამოყალიბებულა!). თუ ქართველური ,,ღვინო" (van, vain, вино) შევიდა მსოფლიოს ენებში და მეტალების აღმნშვნელი სახელებიც ქართველური ენებიდან შეითვისეს სხვა ენებმა (როგორც ამას გერმანელი და სხვა ენათმეცნიერები ამტკიცებენ) რატომ არ შეიძლება ,,თამადა" გასულიყო საზღვრებს გარეთ. 3. და ბოლოს ყველაზე მარტივი და აშკარა ფაქტია ის, რომ თვითონ სიტყვის - ,,თამადის" ფუძეშივე ფიგურირებს (ჯერ ჯერობით ქართული) სიტყვა - ,,მადა", რაც დაკავშირებულია ,,სუფრასთან" და ,,კვებასთან" - და რაც უნდა მეტყველებდეს ამ სიტყვის ქართველურ წარმომავლობაზე. ამიტომ გოგოლაძემ პირველ ყოვლისა საზოგადოება ჯერ იმაში უნდა დაარწმუნოს რომ არც სიტყვა ,,მადა" არის ქართველური. ყოველივეს კი სჯობს სანამ რაიმეს ვიტყვით და გამოვიტანთ საზოგადოების სამსჯავროზე ღრმად შევისწავლოთ ეს საკითხი. პატივისცემით: დავით ცინცაძე.


მეგობრებო,სიტყვა თამადა,ჩერქეზულ ენაზე ,,მამა-უფალს''ნიშნავს''..შეგიძლიათ გადაიკითხოთ ნინო აბაკელიას,,სიმბოლო და რიტუალი ქართულ კულტურაში''))


თამადა არის აფხაზური სიტყვა და ნიშნავს უხუცესს


"ათახმადა" აფხაზურში ნიშნავს უხუცესს, ოჯახის უფროსს, ოჯახის თავს. ჩერქეზული "თამადაც" მამა-უფალი, უფალი და ოჯახის თავს,ზოგადად უფროსს, წინამძღოლს აღნიშნავს. კავკასიური ენებიდან შემოსული სიტყვა "თამადა" სუფრის გამძღოლს ნიშნავს, რაც ყველა ხალხებში ოჯახის უფროსს ევალებოდა. თამადის ინსტიტუტი კი ყველა ხალხებში იყო, ჩვენთან შემორჩა ბოლომდე ეს ტრადიცია.


წარღვნის შემდეგ ღვინის კულტურა ნოედან მოყოლებული არსებობს და სალაპარაკო ენაც და ტრადიციებიც ერთი იყო საკმაოდ დიდხანს ყველასთვის. რა გასაკვირია, რომ სიტყვა "თამადა" ქართულშიც და სხვა ენებშიც ნოეს სალაპარაკო ენიდან შესულიყო. აგერ https://allwine.ge/ka/blog/tamadis-funqcia-bibliasi-da-sadregrzeloebis-t... ბიბლიურ ზირაქის წიგნში "სიბრძნე ზირაქისა" სუფრის თამადის ზნე და წესის შესახებ წერია. "თუ თამადად დაგსვეს, თავს ნუ აიმაღლებ, იყავი დანარჩენთა შორის, როგორც ერთი მათგანი. ჯერ მათზე იზრუნე, მერე დაჯექი. როცა ყველაფერს აღასრულებ, რაც გავალია, დაიკავე შენი ადგილი, რათა თანამეინახეებმა მოილხინონ და სუფრის გაძღოლისათვის გვირგვინი დაიმსახურო. თამადას დარბაისლური სიტყვა შეშვენის, სიტყვას ნუ გააგრძელებ, უდროო დროს ნუ ბრძნობ, რაც ლალის თვალია ოქროს ბეჭედში. სიმღერას ნუ ჩაახშობ, ხმატკბილი სიმღერა იგივეა ნადიმობისას, რაც ზურმუხტის თვალი ოქროს ბუდეში და საამო ჰანგი ღვინის სმისას", - ალბათ ამ სიბრძნეზე იყო დაფუძნებული ქართველი თამადის ზნე და წესი. ახალ აღთქმაში უფალმა იესო ქრისტემ წყალი ღვინოდ რომ აქცია, პირველი ღვინო ამადას მიართვეს და მოიწონა თამადამ ის ღვინო. ანუ სიტყვა "თამადა" თავისი მნიშვნელობით ახალ აღთქმაშიც და ძველ აღთქმაშიც ნახსენებია ნამდვილად ძალიან დიდი ხნის წინათ.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული