Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ინდური გემო საბურთალოზე

Taste of India

ინდური რესტორანი

კანდელაკის ქ. #23

მუშაობს ყოველ დღე 10:00-დან 24:00-მდე

შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებაც

აქვს wi-fi

ამ ინდურმა რესტორანმა ბრიტანელი მწერლის, ზედი სმიტის ”თეთრი კბილები” გამახსენა, უფრო სწორად, ერთ-ერთი გმირის, სამიდის სამუშაო ადგილი - ლონდონის ტურისტულ რაიონში გახსნილი ”კარი ჰაუზი”.

კარი ჰაუზს ინდურ სწრაფი კვების, დაბალი კლასის რესტორნებს ეძახიან და ლონდონში ათასობითაა ასეთი. ზედი სმიტი მათ ასე ახასიათებს: ”ინდური რესტორანი - პატარა ოთახი, ვარდისფერი გადასაფარებელი, ხმამაღალი მუსიკა, მომაკვდინებელი შპალერი, კერძები, რომლებიც არც კი გაუგიათ ინდოეთში, საწებლების კარუსელი”.

...ნეონის ასოებით აბრჭყვიალებული აბრა შესასვლელში; ვიწრო დერეფანი; ხელმარჯვნივ - ოთხ პატარა კუპედ გადატიხრული ოთახი, ტიხრებად -  ოქროსფერი ძაფებით მორთული ხავერდის ფარდები; კედლებზე - ოქროსფერ, მოჩუქურთმებულ ჩარჩოებში ჩასმული ბუდისტური ხატები; ხის მაგიდებზე - პლასტმასის ჭრელი ყვავილებით გაწყობილი კალათები; მუსიკაც - ისეთი, საკონტროლო გასროლის ეფექტი რომ აქვს ცნობიერებაზე, რომელიც უკვე დაბინდულია კარის შეღებისთანავე წამოსული ცხელი და ცხარე, ყნოსვისთვის უცხო ოხშივარით... ასე მგონია, ვიღაცის სახლში შევედი; ვიღაც შეშლილი მეცნიერის, რომელიც ოცნებობს, გამოიყვანოს ყველაზე მრავალკომპონენტიანი და ყველაზე სწრაფად გარდამავალი გემო და ამ მიზნით, დღედაღამ, დაუსრულებლად ხარშავს და წვავს ქათმისა და ცხვრის ხორცს სპეციალურ ინდურ ქვაბში; ერთმანეთში ურევს ზაფრანას, დარიჩინს, მუსკატს თუ ჯანჯაფილს და მერე მათგან აკეთებს მოტკბო-მომწაროს, ცხარე-მომჟავოს, ან ყველა გემოს ნაზავს ერთად - ეს უკვე ზადი სმიტზე გაცილებით ცუდად და გაწელილად, მე ვცდილობ, აღვწერო კანდელაკის ქუჩაზე მდებარე ინდური რესტორანი, რომელიც არც ახალია და არც ერთადერთი ინდურია ქალაქში, მაგრამ მე ექსპერიმენტების არ მეშინია, განსაკუთრებით კულინარიაში!

...თუმცა, ეს გაბედული განწყობა Taste of India-ში რამდენჯერმე მეცვლება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოფიციანტი მონდომებით მაბნევს და ისე არეულ-დარეულად გვაკეთებინებს არჩევანს, რომ მერე, დამფრთხალი სახეებით ველით შეკვეთის მოტანას. ვეკითხები: რა არის გამორჩეული, რის გაუსინჯავად არ უნდა წახვიდე თქვენი ინდური რესტორნიდან? მიკიბვ-მოკიბვას იწყებს, არც პორციების ზომაზე გვაფრთხილებს და მისი ინდიფერენტულობის გამოა, რომ ერთი იაღლიშიც მემართება - ტკბილი ფლავი შემიკვეთავს, ზაფრანით, მაშინ, როცა რესტორნის საფირმო კერძი მეგონა მთავარი მენიუნიდან...

ალალბედზე გაკეთებული არჩევანი მაინც ამართლებს. ვიწრო მაგიდა ნელ-ნელა ივსება ორნაირი ბრინჯის გარნირით - ძირას მარცვლებით და მათ გარეშე. პატარა თეთრ თეფშზე განაწილებული ფქვილში ამოვლებული შემწვარი ქათმის ნაჭრებით, რომელსაც თან ორნაირი სოუსი ახლავს - მწვანე, პიტნით, და ქლიავისფერი - სავარაუდოდ, ტყემლითა და ქლიავით. თითქმის იმ წუთსვე მოაქვს გოგონას ინდური პურის თხელი მართკუთხედები - ნივრით, მწვანილებითა და კარაქით. ყველაფერი საუცხოოა ამ სიტყვის გაფართოებული მნიშვნელობით, მაგრამ საუცხოოზე საუცხოოა ჩვენი სუფრის მშვენება, ვერცხლისფერი, მძიმე ჯამით მოტანილი, ქათმის ტიკა მასალა. აი, იმ წარმოსახულ შეშლილ მეცნიერს ზუსტად ამ კერძში ჩაუქსოვია მთელი თავისი ფანტაზია - სოუსის ფაფუკი ფაქტურა, თან თხილოვან-კრემოვანი, თან სანელებლებისგან ჩამუქებული ფერი და გემო, რომელიც თითქოს მოძრაობსო, იმდენად სწრაფად იცვლის ხასიათს...

ზედი სმიტი დასცინის ლონდონურ ინდურ რესტორნებს, როგორც კიჩს. და Taste of India-ც სინამდვილეში იაფფასიან, თეატრალიზებულ დადგმას ჰგავს ინდური ფერადოვნების შესახებ. მართალია, მე ვერ გეტყვით, რომელია ავთენტურად ინდური კერძი მათ მენიუში და რომელი - ბლეფი, მაგრამ იქ წასვლა ერთ თავგადასავლად მაინც ღირს.

პ.ს. მენიუ მხოლოდ ინგლისურად აქვთ, ამიტომ თუ ოფიციანტის იმედი (ჩემს გამო) უკვე აღარ გაქვთ და არც ინგლისურს ფლობთ, Taste of India-ში აუცილებლად ამ ენის მცოდნე გაიყოლეთ, უკეთესი იქნება, თუ  მას ზუსტად ეცოდინება ინდური სამზარეულოს ნამდვილი აქცენტებიც.

© "ცხელი შოკოლადი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული