Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კატო შალვაშვილის ოქტომბრის 5 რჩეული ღვინო

ქარვისფერ შემოდგომას ზაფხულთან გამომშვიდობების სენტიმენტთან ერთად ზამთრის მოახლოების დარდი მუდამ თან ახლავს. ხშირად გარდამავალსა და მომავალ სეზონზე ფიქრით იმდენად ვართ გართულნი, რომ გვავიწყდება, რამდენად მშვენიერია თავად შემოდგომა. ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ ივსება ფერად-ფერადები ფოთლებით ქუჩები. ჩემი ოქტომბრის ხუთეულიც შემოდგომას ეძღვნება... დღეს კი იმ ღვინოებზე უნდა მოგიყვეთ, რომელთაც ჩემთვის შემოდგომის არომატი აქვთ.

ქისი, ვაინ ვუდი, 2020


ამ სტატიის დასაწერად რომ მოვკალათდი და გონებაში ღვინის შერჩევა დავიწყე, პირველ რიგში, სწორედ "ვაინ ვუდის" ქისი გამახსენდა და ოქტომბრის ხუთ რჩეულ ღვინოს შორის დაუფიქრებლად მივუჩინე ადგილი. სუბიექტური ვიქნები და გეტყვით, რომ კახეთიდან ყველაზე არომატული თეთრყურძნიანი ჯიში ჩემთვის ქისია, ამიტომაც ქისის დაგემოვნებისას ყოველთვის განსაკუთრებით ველი არომატების მრავალფეროვნებას. "ვაინ ვუდის" ქისმა მოლოდინი სრულიად გამიმართლა, ნათელი ქარვისფერი შეფერილობის ღვინომ, რომელსაც ოქროსფერი ელფერი დაკრავს, მდიდარია დამწიფებული, თეთრი, ტკბილი ხილის არომატებითა და რბილი ტანინებით. ღვინის სიმსუბუქესა და სინაზეს ხავერდოვანი სტრუქტურა ქმნის, ყველაფრის ერთობლიობა კი ყველაზე მთავარს კომპონენტს - კომპლექსურობას გვაძლევს.

საფერავი, ლომთაძეების მარანი, 2020

ვფიქრობ, ბევრი ადამიანი დამეთანხმება, რომ საქართველო საფერავის ქვეყანაა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საინტერესო ჯიში გვაქვს და ბაზარიც განსხვავებული ჯიშებით დღითიდღე იზრდება, მაინც ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი მეღვინე ცდილობს საფერავის საუკეთესო ნიმუში შექმნას, სწორედ ამიტომ, ბევრ განსხვავებულ საფერავს ვხვდებით. რთულია მრავალგზის ნანახმა ჯიშმა კიდევ გაგაოცოს, თუმცა ამ ჯიშის გენიალურობაც სწორედ ესაა - ჩვენს გაოცებას მაინც ახერხებს. "ლომთაძეების" საფერავის გასინჯვის შემდეგ სწორედ ეს შეგრძნება დამეუფლა. თითქოს ყველა ღირსება, რომლის გამოც საფერავი გვიყვარს, ერთ ბოთლში იყო მოქცეული. ამგვარი შეფასების შემდეგ არ გაგიკვირდებათ, მდიდარი გემური თვისებებისა და ჯიშური მახასიათებლების შესახებ რომ არ მოგიყვეთ, ლომთაძეების საფერავში მთავარი ეს სულაც არ არის. ჩემი აზრით, "ლომთაძეების" საფერავის მთელი ხიბლი არა ორგანოლეპტიკური მახასიათებლები, არამედ ღვინის ხასიათია, რომელიც საფერავის შეუცვლელობას ამგვარი სიზუსტით გვაგრძნობინებს.

ხიხვი, უწყნარი, 2021

შემოდგომა გარდამავალი პერიოდია. თბილი დღეების დასასრული ჯერ კიდევ არ გვაქვს გააზრებული და კარსმომდგარი ზამთრის სუსხიანი დღეები კიდევ შორ მომავლად გვეჩვენება. ვერ ველევით ზაფხულს, თავის ცინცხალ, მსუბუქ, ჩაციებულ თეთრ ღვინოსთან ერთად და თითქოს მზად არ ვართ ზამთრის ცივ დღეებთან ერთად, წითელ სხეულიან ღვინოებს დავუბრუნდეთ. ასეთ დროს კი ვხვდები, რომ შემოდგომას ისე არაფერი უხდება, როგორც ქარვისფერი ქვევრის ღვინო. "უწყინარის" ხიხვიც სწორედ ასეთია, ინტენსიური, ქარვისფერი შეფერილობის ღვინო, რომელიც მდიდარია გადამწიფებული ხილისა და ჩირების არომატით. ტანინები ძლიერი და უხეში აქვს, სხეული კი სრული, რაც ამ ღვინის მთავარი ხიბლია. ხშირად გვსმენია ფრაზა: "მარტივად დასალევი ღვინო" - ეს ის შემთხვევაა, როცა რადიკალურად საწინააღმდეგოს თქმა შემიძლია. ეს არ გახლავთ "მარტივი ღვინო", რომელსაც ასე ადვილად მიირთმევთ. ეს არის ღვინო, რომელიც ღვინის მწერალს საწერ მასალას, მომხმარებელს კი ემოციებს არ გამოულევს.

შავკაპიტო, ფერაძის მეღვინოება, 2021

საქართველოში მიჩვეულები ვართ ძლიერ, სხეულიან წითელ ღვინოს. რა თქმა უნდა, ამ დროს იგრძნობა საფერავის გავლენა, როგორც ქვეყნის მთავარი ჯიშის, ამიტომ ხშირად პირველი დაგემოვნებისას მსუბუქ, წითელ ღვინოებს შეუჩვევლები, დიდად არ ვაქცევთ ყურადღებას და ჩვეული გემოს ძიებას ვაგრძელებთ.
თუმცა, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ღირსება ხომ ჯიშების მრავალფეროვნებაშია, არაერთი უნიკალური და ნაკლებად ცნობილი ჯიში გვაქვს, რომელთა პოტენციალიც უსაზღვროა. ჩემთვის სწორედ ასეთია შავკაპიტო.
შავკაპიტო იმ ჯიშებს მიეკუთვნება, რომელთა ნაკლებობასაც ნამდვილად განვიცდით. მცირეა იმ მარნების რაოდენობა, რომლებიც მას აყენებენ, მით უმეტეს, როგორც ცალკეულ ჯიშს, სხვა ჯიშებთან ბლენდის გარეშე, ამიტომ ჩემთვის შავკაპიტო მუდმივი ინტერესის საგანია და თუ დეგუსტაციის დროს სიაში ერთ-ერთ ნომრად შავკაპიტოს ამოვიკითხავ, ყოველთვის მოუთმენლად ველი მის დაგემოვნებას. "ფერაძის მეღვინეობის" შავკაპიტო ვფიქრობ, იდეალური ნიმუშია, რომ გავიცნოთ ჯიში, თავისი ხასიათით, თავისებურებებითა და გემოვნური თვისებებით. თხელი, მსუბუქი, ლალისფერი ღვინო, კენკროვანი ხილისა და წითელი მოცხარის არომატით, საოცრად დახვეწილი, რბილი და მსუბუქი. "ფერაძის" შავკაპიტო იმ ღვინოების სიაშია, რომელიც მთლიანობას წარმოადგენს. ცხვირისა და გემოს არომატები კი იმდენად თანხვედრაშია, რომ ერთობას ქმნის, რაც საბოლოოდ მისი კიდევ მრავალჯერ გასინჯვის სურვილს აღგვიძრავს.

ხვანჭკარა, ამბრა, 2021

ღვინის მოყვარულების ნაწილი ნახევრადტკბილ ღვინოებს ხშირად არ სწყალობს და დაინტერესებაც მათ მიმართ ნაკლები აქვთ. მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ თავადაც ხშირად მივირთმევ, თუმცა ხვანჭკარას გაგონებისას რაჭის განუმეორებელი ბუნებისა და თვალუწვდენელი მთების სილამაზე მახსენდება და ამ შეგრძნებების ფონზე არაფერია იმაზე სასიამოვნო, ვიდრე ერთი ჭიქა ხვანჭკარა. როდესაც "ამბრას" ხვანჭკარა პირველად გავსინჯე, მეგონა, თითქოს რაჭაში ვიმოგზაურე...
ლალისფერი შეფერილობის ჰაეროვანი ღვინო, რომელიც ვარდისა და მინდვრის ყვავილების სურნელით თავბრუდამხვევ არომატებს ქმნის და სიტკბოსა და რბილი ტანინების ნაზავია, საბოლოოდ დაგარწმუნებთ, რომ "ამბრას" ხვანჭკარა ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია. მისი ელეგანტურობა და ხავერდოვნება დაგავიწყებთ, რომ ნახევრად ტკბილი ღვინის მოყვარული არ ხართ. და, თუკი ხართ, მაშინ თქვენს მოლოდინებს ერთი-ორად გაზრდის.

პუბლიკაციის პარტნიორია ღვინის მაღაზია-ბარი 8000 მოსავალი

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული