Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩაი საქართველოში

მალხაზ ხარბედია

ჩვენამდე

მწვანე ჩაის სამშობლო ჩინეთია და იგი პირველად ძვ. წ. III ათასწლეულის ჩინურ ქრონიკებშია მოხსენიებული. აქედანვე მოდის მისი უძველესი სახელწოდება, “ჩინური ბალახი”, თუმცა, ჩაი, რა თქმა უნდა, ბალახი არაა და ამ სიტყვის ეტიმოლოგია “ცაი-იე”-დან მომდინარეობს, რაც “ახალგაზრდა ფოთოლს” ნიშნავს.

ჩაის ბუჩქების წარმოშობის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. როგორც წესი, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ იგი ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ რაიონში იზრდებოდა, იუნანის, გუინჯოუს და სეჩუანის პროვინციებში, სხვები ტიბეტის ზეგნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონს და ზოგადად ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთს ასახელებენ, თუმცა არიან ისეთები, ვინც ინდოეთსაც მიიჩნევს ჩაის სამშობლოდ.

თავიდან ჩაის მხოლოდ მმართველები და სასულიერო პირები მოიხმარდნენ, აქტიური ჩაის სმა კი ჩინეთში V საუკუნეში დაიწყეს. X საუკუნისთვის ჩაის უკვე ნაციონალური სტატუსი აქვს და იწყება მისი საზღვარგარეთ გატანაც და ჩაით ვაჭრობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ჩინეთიდან შევიდა იაპონიაში ჩაის ცერემონიალიც, ტრადიცია, რომელიც დღეს, როგორც წესი, ამომავალი მზის ქვეყანასთან ასოცირდება.

დიდი ხნის მანძილზე ჩაი მხოლოდ აზიის მოსახლეობის სასმელად ითვლებოდა. ევროპაში იგი მხოლოდ XVI-XVIII საუკუნეებში დამკვიდრდა, პირველ რიგში ჰოლანდიელებისა და პორტუგალიელების წყალობით. ნიდერლანდებში საკმაოდ მალე ჩვეულებრივ ამბად იქცა სადილისშემდგომი ჩაისსმა, რომელიც მალე ატლანტიკის მიღმაც გავრცელდა, ნიუ-ამსტერდამში. ჩაის ნამდვილი პოპულარობა ჯერ კიდევ წინ იყო, ამისთვის აუცილებელი გახდა საქმეში ბრიტანელების ჩარევა და 1664 წელს, ლონდონის დიდ ხანძრამდე 2 წლის ადრე, ინდლისელმა ვაჭრებმა მეფეს 2 ფუნტი ჩაი ჩაუტანეს საჩუქრად. მეფის კარმა ღირსეულად შეაფასა ძღვენი, ჯერ როგორც ფუფუნების საგანი, შემდეგ კი ფართო წრეების საყვარელ სასმელად იქცა იგი. რიგითი მოქალაქეებისთვის ჩაი XVIII საუკუნისთვის გახდა ხელმისაწვდომი, ჩაიზე გადასახადის შემცირების შემდეგ და სულ მალე პირველი ჩაის სახლები და კაფეებიც გაჩნდა ლონდონში (პირველი ასეთი კაფე, ე.წ. tea roomპროფესიით ფეიქარმა ტომას ტვინინგმა (Twining) გახსნა 1706 წელს, ქალაქის ცენტრში). მოგვიანებით, ჩაის წარმოება აქტიურად განვითარდა ინდოეთში, რომელიც მაშინ ბრიტანეთის იმპერიის ნაწილი იყო.

სათავეებთან

როგორც ამბობენ, პირველად ჩაი საქართველოში 1770 წელს გამოჩნდა, როცა რუსეთის იმპერატორმა, ეკატერინე II-მ ერეკლე II-ს სამოვარი და ჩაის სერვიზი აჩუქა. ამის შემდეგ რამდენიმე ათწლეულს უნდა გაევლო, სანამ რუსეთის იმპერიაში გასაშენებლად ჩაის ბუჩქს ვორონცოვი გამოიწერდა ჩინეთიდან. ეს 1833 წელს მოხდა, ანუ კავკასიის  მთავარმართებლობამდე 11 წლით ადრე. ბუჩქი ყირიმში დაურგიათ, სადაც ვერ უხეირია და მალე (1840 წელს) სოხუმის ბოტანიკურ ბაღში გადმოურგავთ ძირი. სოხუმში ბუჩქს გაუხარია და ეს სახელოვანი პირველი ნერგი, როგორც ამბობენ, XX საუკუნის 30-იან წლებშიც არსებობდა თურმე ბოტანიკურ ბაღში (ამაზე ერთი მაშინდელი ავტორი, აგრონომი ი. ორაგველიძე წერს). სოხუმიდან ნერგი ზუგდიდშიც წაუღიათ, დადიანების მამულში, ასევე ოზურგეთის საცდელ სანერგეში, რომელზეც იაკობ მარი “მზრუნველობდა, ვორონცოვის დანიშნულების მიხედვით”. მარის რჩევით, ჩაის ბუჩქი ოზურგეთიდან გორა-ბერეჟოულში გადაუტანიათ, მ. ერისთავის მამულში. ერისთავმა, როგორც ჩანს, პირველმა საქართველოში, შექმნა ჩაის პროდუქტი, პრიმიტიული წესით დაამუშავა იგი და ტფილისში გამართულ სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზეც გაიტანა 1864 წელს.

ამ დროს უკვე დასმული იყო საკითხი რუსეთის იმპერიაში, კერძოდ კი შავი ზღვის სანაპიროზე ჩაის გაშენების შესახებ (მაგ. 1854 წელს, აკადემიკოსი რუპრეხტი, 1858-ში კი აგრონომი სიტოვსკი წერდა ამაზე).

XIX საუკუნის 60-იან წლებში რკინიგზის ხაზის გაყვანა გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა ჩაის კულტურის განვითარებისთვის. 1872 წელს სააქციო საზოგადოებაც დაარსეს “ერთი მილიონი მანეთით ჩაის გავრცელების საქმეზე”, გამოიწერეს სპეციალისტი ლაიელი (კალკუტიდან) და მასთან ერთად, ჩაის ნერგებიც. 1872 წელს ნერგები ხელმეორედ გამოიწერეს, ამჯერად ხანკოუდან, მაგრამ ყინვების გამო ჩაი “გზაში დაიღუპა” და ჩაის კულტურის გავრცელებაზე ზრუნვა დროებით შეჩერდა საქართველოში.

1884 წელს, ბოტანიკისა და მებაღეობის საერთაშორისო კონგრესზე პეტერბურგში, აგრონომმა ზეიდლიცმა წაიკითხა მოხსენება შავი ზღვის სანაპიროზე ჩაის გავრცელების შესაძლებლობებზე და უკვე 1 წლის შემდეგ ინჟინერ-პოლკოვნიკმა სოლოვცევმა გამოიწერა ჩაის თესლი და ნერგები ჩინეთიდან და ჩაქვის სადგურის ახლოს, 1,5 ჰექტარზე გააშენა. საქმეში ჩაით მსხვილი მოვაჭრე რუსეთში, პოპოვი ჩაერთო და 90-იანებში ჩაქვში, სალიბაურსა და კაპრეშუმში 14 ჰექტარზე გააშენა ჩინური ჩაის ჯიშები. ამის შემდეგ, ჩაის კულტურების გაშენებას საუფლისწულო საზოგადოებამაც მოჰკიდა ხელი, შეისყიდეს 16 ჰექტარი მიწა ჩაქვში, გაგზავნეს ექსპედიცია ჩინეთსა და ინდოეთში და 1895 წელს გააშენეს კიდეც პლანტაცია. ამ ფაქტზე ძალზე საინტერესო ცნობებს გადავაწყდით ნინო დაღუნდარიძის წიგნში “ჩაის კულტურის სათავეებთან საქართველოში”. საქმე ისაა, რომ საუფლისწულო ექსპედიციამ სამეთვალყურეოდ ჩინეთიდან 23 წლის ჩინელი ახალგაზრდა, დიდგვაროვანი ოჯახიშვილი, ლიუ წუნჭოუ (კუანტონურ დიალექტზე, ლაო ჯონჯაო. ბათუმის მხარეში ამ ადამიანს სწორედ ჯონჯაოს სახელით იცნობდნენ. სხვათა შორის, მისი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პლანტაციების ფოტოები, ისევე, როგორც თავად ლიუ წუნჭოუს ფოტო, იმპერატორის კარის სახელოვნამა ფოტოგრაფმა, სერგეი პროკუდინ-გორსკიმ უკვდავყო. ფოტოები ამჟამად ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკაშია შენახული).

ლიუ წუნჭოუს 30 წლის მანძილზე ბევრი კარგი საქმის გაკეთება მოუსწრია, მისი 7 შვილიდან 5 აჭარაში დაბადებულა, უმცროს ვაჟს კი შემდგომში ქართველი ქალი შეურთავს ცოლად, ზაქარია თუშმალიშვილის ქალიშვილი ნონა, რომელიც პეკინში გაჰყვა თავის მეუღლეს საცხოვრებლად. აქვე, ჩაქვის სასაფლაოზე ყოფილა დაკრძალული ლიუს დედაც.

ლიუ წუნჭოუს რამდენიმე მამული მოუწყია: კაპრეშუმში – “ნაკრძალი”, სალიბაურში – “სალაღობო”, ჩაქვში - “საამო”. საუფლისწულო მამულებში მუშაობის 10 წლის თავზე იგი მესამე ხარისხის სტანისლავის ორდენით დაუჯილდოვებიათ (პროკუდინ-გორსკის ფოტოზე იგი სწორედ ამ ჯილდოთია აღბეჭდილი), ხოლო 1911 წელს კი ბათუმის მახლობლად, ჩალთაში 10 დესეტინა მიწაც შეუძენია (1200 მანეთად) და საკუთარი მეურნეობაც მოუწყვია. 1918 წელს პირველად გამოუშვია ჩაი საკუთარი დამღით, თუმცა 1919 წელს, თურქეთის საოკუპაციო ჯარებისგან ძალიან დაზარალებულა მისი მეურნეობა.   

1898 წელს პოპოვმა სალიბაურში ინგლისური მანქანებით აღჭურვილი ქარხანა ააშენა, 1899-ში კი ასეთივე ქარხანა ჩაქვშიც ააგო. 19-ე საუკუნის ბოლოს უკვე სახელი ჰქონდა განთქმული სინიცინის პლანტაციას სოფელ ყარადერეში, დიადიუშის, საბაევისა და ნაკაშიძის პლანტაციებს სალიბაურში. ცნობილ აგრონომს, ქართული ამპელოგრაფიისა და მევენახეობის პიონერს, ერმილე ნაკაშიძეს ოზურგეთშიც ჰქონდა გაშენებული ჩაი და პროდუქციასაც უშვებდა საკუთარი დამღით: “ერმილიტა”.

დავით კლდიაშვილი იგონებდა: “პოპოვის ჩაის პლანტაციებს ეკავა სალიბაურში და კაპრეშუმში ორასზე მეტი დესეტინა. პოპოვს აუარებელი ფული ჰქონდა ჩაყრილი ამ ადგილების დასამუშავებლად და გასაწმენდ-დასაშრობად; აგებული ჰქონდა მრავალი შენობა, გაყვანილი ჰქონდა მშვენიერი მოკენჭილი გზები მთების კალთებზე; სალიბაურში ჰქონდა ჩაის ქარხანა; შენობებზე დახარჯული ჰქონდა 200 000 მანეთამდი; მამულების გაწმენდა-გაუმჯობესებაზე – მილიონზე მეტი. პლანტაციებზე მოსამსახურეთა წლიური ხარჯი იყო – 13 500 მანეთი. ყოველდღიურად აქ მუშაობდა 200-მდე ქალი და კაცი. როცა მთელ მამულში მოთავდებოდა ჩაის ბუჩქების დარგვა – ყოველწლიურად მოიწეოდა 400 000-დე გირვანქა ჩაი. ჩაი ძლიერ კარგი თვისებისა კეთდებოდა, კარგი ფერისა, გემოსი, სურნელოვანი და არაფრით ჩამოუვარდებოდა საშუალო ხარისხის ჩინეთის ჩაის. მანეთად რომ გაეყიდნა გირვანქა, წლიური შემოსავალი პოპოვს ამ მამულებიდან ექნებოდა 400 000 მანეთამდი”.

1900 წელს საქართველოში უკვე 23 საცდელი ნაკვეთი იყო, აქედან ზუგდიდის მაზრაში - 6, ოზურგეთის – 9, სენაკის- 2, ქუთაისის – 2, სოხუმის ოლქში – 4. 1901 წელს სიმონსონმა პირველი პრაქტიკული სახელმძღვანელოც გამოსცა ჩაის კულტურის შესახებ, მთლიანობაში კი 1895 წლიდან მოყოლებული, როცა ჩაი სულ 18 ჰექტარზე იყო საქართველოში გაშენებული, ძალიან გაიზარდა ფართობი და უკვე 1925 წელს 1292 ჰექტარს ითვლიდა.

ქართული მწვანე ჩაი

რადგან მე განსაკუთრებით მწვანე ჩაის ვეტანები, ამიტომ ქართული მწვანე ჩაის შესახებ ცოტა დაწვრილებითაც ვიტყვი. თავის დროზე საქართველოში საკმაოდ ხარისხიანი მწვანე ჩაი იწარმოებოდა. გეგმიური პროდუქტის გარდა კარგი, ნამდვილი ჩაიც მზადდებოდა და მეც მახსოვს ნათესავების მიერ გამოგზავნილი, პერგამენტის ქაღალდში გახვეული საუკეთესო ჩაი, რომელიც ჩვენს ოჯახში ყოველთვის ბევრი ისმებოდა ხოლმე. როგორც ამბობდნენ, საუკეთესო სახეობები გემოს სისავსითა და ნაზი არომატით კარგ ჩინურ და იაპონურ ჩაის არაფრით ჩამოუვარდებოდა. გამოირჩეოდა ძალზე ორიგინალური გემოთი, ხავერდოვანი ტანინებით და სასიამოვნო სიმწკლარტით. ჩაის დაყენებისას გარკვეული წესების დაცვა ყოფილა საჭირო, რადგან ქართული ჩაის დაბალი ექსტრაქტულობის გამო, ცოტა მეტი რაოდენობით ჩაის გამოყენებას ურჩევდნენ სპეციალისტები. საბჭოთა პერიოდში ასორტიმენტიც საკმაოდ ფართო ყოფილა, სულ 30-მდე დასახელების მწვანე ჩაი იწარმოებოდა საქართველოში, დაწყებული №10-დან, №125-ით დამთავრებული. საუკეთესო ყოფილა №95, ასევე “საქართველოს თაიგული”. ეს სახეობები, როგორც ამბობენ, საუკეთესო მსოფლიო ნიმუშებს არაფრით ჩამოუვარდებოდნენ. ასევე უმაღლესი ხარისხის ჩაის რიცხს მიეკუთვნებოდა №125 და “ექსტრა”. სხვათა შორის, სულ ახლახანს გავიგე, რომ საქართველოში მწვანე ჩაის უფრო მეტი სახეობა არსებულა, ვიდრე შავისა. თანაც მათ არამხოლოდ პირველ, მეორე და მესამე ხარისხის ჩაებად ჰყოფდნენ, არამედ არსებობდა ასევე “თაიგული”, “ექსტრა” და “უმაღლესი”, ხოლო პირველ ხარისხში კი “ნარჩევ პირველსაც” გამოყოფდნენ. მესამე ხარისხის ჯგუფში შედიოდნენ: №10, 15, 20, 25, 35, 40; მეორეში - №45, 55, 60, 65, 75; პირველში - №85, 95, 100, 110; უმაღლესში - №115, 125. ჩამონათვალს აგვირგვინებდა “ექსტრა” და “თაიგული”.

ფოტოზე: ლიუ წუნჭოუ ჩაქვში – სერგეი პროკუდინ–გორსკის ფოტო

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული