Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

უკეთესი, ვიდრე შარშან!

ლევან სეფისკვერაძე

მათ – ვისაც ჯერ კიდევ არ სჯეროდა, რომ კარგ ღვინოს ადამიანისთვის დიდი სიხარულის მინიჭება შეუძლია, წარმოდგენები აუცილებლად შეეცვლებოდა 14 მაისს, თბილისისEეთნოგრაფიულ მუზეუმში, ღვინის კლუბის მიერ ორგანიზებულ ახალი ღვინის ფესტივალზე. ეს იყო დღე, როცა ეთნოგრაფიული მუზეუმის ერთგვარ "პატარა საქართველოში" მხოლოდ გაღიმებულ და სიხარულით აღსავსე სახეებს ნახავდით.  

უსახელოური – ქართული მეღვინეობის "ფერარი"

უკვე მეორე წელია, ღვინის კლუბი “ახალი ღვინის ფესტივალს” მართავს. ორივე ფესტივალმა ისე ჩაიარა, არც ერთ სტუმარს აზრადაც არ მოსვლია ჩხუბი და აყალ-მაყალი. ათასობით სხვადასხვა ასაკის თუ შეხედულების ადამიანი ერთადერთი ფენომენის - ქართული ღვინის გარშემო იყო გაერთიანებული. როგორც ფესტივალის ერთ-ერთმა საპატიო სტუმარმა, უხუცესმა მეღვინემ, გივი ჩაგელიშვილმა თქვა: “ეს იყო დღე, რომელსაც ძალიანაც რომ გინდოდეს, მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ დაივიწყებ”.

ფესტივალზე დასწრება და ახალი ღვინოების დეგუსტაცია სტუმრებისათვის სრულიად უფასო იყო. თბილისის მერიის დახმარებით, სპეციალურად ამ დღისთვის, კუს ტბის ასახვევიდან ეთნოგრაფიულ მუზეუმამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყო. ეს რომ არა, გადაადგილება ერთობ გაჭირდებოდა, რადგან ასეთი მასშტაბური დღესასწაულის დროს ეთნოგრაფიულ მუზეუმთან ისეთი სივიწროვეა, ავტომობილის დაყენება ურთულესი საქმე ხდება. წლევანდელ ფესტივალზე 10 000-ზე მეტი ადამიანი მოვიდა.

ნიკა ლალიაშვილი, პარლამენტარი, ღვინის კლუბის წევრი: ”ფესტივალზე იმდენი შესანიშნავი ღვინოა, რომ ძალიან ძნელია რომელიმეს გამოყოფა. შესანიშნავი “საფერავი” ჰქონდათ კახელ გლეხებს და ძალიან ვისიამოვნე. ასევე გამორჩეული და კარგი იყო კახური ტიპის თეთრი ღვინოებიც, მაგრამ პირველ ადგილზე, რა თქმა უნდა, მაინც ლეჩხუმურ უსახელოურს დავაყენებდი. უსახელოურის გამოყოფა სხვა ღვინოებისგან, ჩემი აზრით, ბუნებრივია, რადგან ეს ღვინო ისევე გამოირჩევა სხვა ღვინისაგან, როგორც ”ფერარი” სხვა ავტომობილებისგან. რა თქმა უნდა, არაფერია გასაკვირი, თუ კაცი ”ფერარის” სხვა მანქანებს ამჯობინებს. ასევე უნდა აღვნიშნო ფესტივალის კარგი ორგანიზება. დავაკვირდი და არანაირი ექსცესი არ ყოფილა. არადა, როცა ადამიანები ღვინოს სვამენ, თქვენც იცით, ხშირად ძნელია ემოციების კონტროლი”.

”სამოთხეა, აბა, რაია?!”

უცხოელი სტუმრები არც შარშანდელ ფესტივალს აკლდა, მაგრამ წელს თამამად შეიძლება ითქვას, უცხოელთა რაოდენობა ბევრად მეტი იყო. ამის მიზეზი უპირველესად ფესტივალის ცნობადობის გაზრდაა.

ემილ ბირკინტერი, სტუმარი აშშ-დან: ”ფესტივალის შესახებ ჩემი შვედი მეგობრისგან გავიგე, რომელიც შარშან იყო ამ ფესტივალზე და ძალიან კმაყოფილი დარჩა. გამოგიტყდებით, ღვინის განსაკუთრებულად მოყვარული ნამდვილად არ ვარ. სასმელებიდან უფრო მეტად მაგარ ალკოჰოლიან სასმელებს ვანიჭებ უპირატესობას. თუმცა, ხარისხიანი ქართული ღვინო ნამდვილად არ ჰგავს იმ ღვინოებს, რაც ჩემს სამშობლოში დამილევია. ახლა გავიცანი ქართველი ფერმერები, რომლებიც ამბობენ, რომ მეტი ხელიშეწყობა და ფინანსები თუ ექნებათ, ღვინის ხარისხს უფრო გააუმჯობესებენ. ჩემი აზრით, ამ ადამიანებს მართლა შეუძლიათ ამის გაკეთება და იმედი მაქვს, ქართულ მეღვინეობაში უფრო მეტი ფული ჩაიდება. საქართველოში სულ 4 თვით ვარ ჩამოსული და ერთ თვეში დავტოვებ ამ ქვეყანას, მაგრამ ქართველები და მათი სიკეთე ყოველთვის დამამახსოვრდება”.

ფესტივალის ქართველი სტუმრები კი თავს ”ღვინის სამოთხეში” გრძნობდნენ. როკ-მუსიკოს რობი კუხიანიძისთვის, როგორც ჩანს, ჩვეული ამბავია ქართულ ღვინოსთან მიმართებით სიტყვა ”სამოთხის” ხსენება.

”შეხედე ამ კარგ ხალხს და ამ სიტუაციას! სამოთხეა, აბა, რაია?! ქართველებს ბევრი რამე არ გვაქვს და გვინდა რომ გვქონდეს, მაგრამ მშვენიერ ღვინოს – ის რაც გვქონდა და გვექნება, ვერავინ წაგვართმევს” - ამბობს რობი, რომელმაც აღიარა, რომ ღვინის დეგუსტაციამდე ერთგვარი ”მოთელვა” ჯერ მცირე მარნის - ”ოქროღვინოს” მიერ გამოხდილი ”ფილიპიჩის ჭაჭით” გაიარა და შემდეგ შეუდგა ღვინის დაგემოვნებას.

ფესტივალის უხუცესი სტუმარი, გივი ჩაგელიშვილი არ იზიარებს მისი თაობის ზოგიერთი მეღვინის ნიჰილიზმს და არასოდეს ამბობს, რომ ადრე (ყოფილ საბჭოთა კავშირში) უფრო კარგ ღვინოს აყენებდნენ - ”ახალგაზრდებმა ღვინის დაყენება არ იციან”, ”ძველი დრო სჯობდა” და მისთანანი... ბატონი გივი ჩვენთან საუბარში ადრეც ამბობდა, რომ გახარებულია ბოლო წლებში ღვინის ხარისხის გაუმჯობესებით და ეს ტენდენცია მომავლის დიდ იმედს აძლევს.

გივი ჩაგელიშვილი, მეღვინე: “გამორჩეული და რაც მთავარია, ინდივიდუალური გემოს ღვინოები გავსინჯე. ძალიან მიხარია, რომ ასეთი კარგი ღვინის დაყენება დაიწყეს ჩვენს ქვეყანაში. უფრო მეტად კი ის მახარებს, რომ გლეხებმაც აუწყვეს ფეხი ამ კარგ საქმეს. ადრე ბევრად მეტ ღვინოში გვხვდებოდა დაავადებებიცა და სხვა პრობლემებიც. ახლა კი, მთლიანობაში, ღვინის ხარისხი ნამდვილად გაუმჯობესებულია და ეს ყველამ უნდა აღიაროს. სულ ახალგაზრდა კახელი ბიჭების მიერ დაყენებული რქაწითელი გავსინჯე და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ახალგაზრდა კაცი როცა ბევრს ცდილობს და ძალას არ იშურებს კარგი ღვინის მისაღებად, ის შედეგს აუცილებლად მიაღწევს. ასეთი დღეები, ჩემი აზრით, კიდევ უფრო ბევრი უნდა იყოს, რომ ხალხმა ღვინის ფასი უფრო მეტად გაიგოს. სხვაგვარად ღვინის შესახებ ცოდნა ვერ ამაღლდება”.

გივი ჩაგელიშვილის ამ სიტყვებს მის გარშემო შეკრებილი რამდენიმე ოჯახური ღვინის მწარმოებელიც ისმენდა, რომლებსაც ძალიან მოეწონათ მხცოვანი მეღვინის ნათქვამი და ყველას გაუჩნდა სურვილი, რომ გივი ჩაგელიშვილს მათი ღვინოც გაესინჯა და შეეფასებინა.

ქართული ღვინო - ჯიბუტიდან მიანმამდე

უკვე ვთქვით, რომ ”ახალი ღვინის ფესტივალზე” უცხოელი სტუმრების სიმრავლე იყო. განსაკუთრებით თვალშისაცემი მაინც ის გახლდათ, რომ სტუმრები ჩვენთვის ისეთი ეგზოტიკური ქვეყნის წარმომადგენლებიც კი იყვნენ, როგორიც მიანმა და ჯიბუტია. ჯიბუტელმა სტუმარმა ჩვენთან საუბარი სამწუხაროდ არ ისურვა. მიანმელმა რედი ნოსდამ კი გვითხრა, რომ თავის სამშობლოში მცირე ვენახი აქვს და ძალიან უყვარს ღვინო.

რედი ნოსდა, სტუმარი მიანმადან: ”სადღაც მაქვს წაკითხული, რომ იმ ხალხს, რომელსაც ღვინის დაყენება უყვარს და იცის, როგორც წესი, განვითარება სხვებზე მეტად შეუძლია. მე ვეთანხმები ამ მოსაზრებას. ჩემს სამშობლოში ღვინის კულტურა მაინცა და მაინც მაღალ დონაზე არ არის გავრცელებული, მაგრამ ღვინის მოყვარულები მიანმაშიც ბევრნი ვართ. დღეს გასინჯული ღვინოებიდან, განსაკუთრებით ერთ-ერთი, თქვენი მეფის მოგონილი წესით დაყენებული ღვინო მომეწონა, რომელიც ძალიან სურნელოვანი და არომატული ღვინო იყო”.

უცხოელი სტუმარი კობა ქვაჭრელიშვილის მიერ დაყენებულ ქისის, ხიხვისა და რქაწითელის ყურძნის თანაბარი რაოდენობის დაწურვით მიღებულ ღვინოს გულისხმობდა. ლეგენდის მიხედვით, ასეთ ღვინოს ჯერ კიდევ საუკუნეების წინ აყენებდნენ ჭიკაანში და ეს ღვინო ძალიან უყვარდა ერეკლე მეფეს. კობა ქვაჭრელიშვილს საკმაოდ ძველი, როგორც თვითონ ამბობს, სწორედ ერეკლე მეფის დროინდელი მარანი აქვს - უძველესი ქვევრებით. ვენახებიც ისტორიული ეტიმოლოგიის მქონე ადგილზე - ნაოტარში აქვს გაშენებული. აქაურებს ერთი ძველი სიმღერაც აქვთ: “ღვინოსა ვსომ, განა დოსა – ნაქებარსა ნაოტარსა, გულით ვუმღერი სამშობლოს – საქართველოსა, კახეთსა”.

ფესტივალზე ასევე ვნახეთ სტუმრები: საფრანგეთიდან, გერმანიიდან, აშშ-დან, იაპონიიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ჩინეთიდან, სომხეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, რუმინეთიდან...

ფესტივალზე მრავლად იყვნენ ქართველი პოლიტიკოსებიც. თბილისის მერმა – გიგი უგულავამ ფესტივალის ოფიციალურ გახსნაშიც მიიღო მონაწილეობა - ქვევრი მოხადა და ღვინოც პირველმა დააჭაშნიკა. თბილისის  ვიცე-მერმა, მამუკა ქაცარავამ კი აღნიშნა, რომ მერია ღვინის კლუბთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს და ”ახალი ღვინის ფესტივალის” ტრადიციას შემდეგ წლებშიც შეუწყობენ ხელს. როგორც გაირკვა, ქალაქის მერიც და ვიცე-მერიც ყველაზე მეტად რქაწითელის ღვინის მოყვარულები არიან და განსაკუთრებულ უპირატესობას, რქაწითელის სხვადასხვა ვარიაციის ღვინოს ანიჭებენ. რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს, ”ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის” თავმჯდომარეს – გიორგი თარგამაძეს, მან ყველაზე მეტად სხვა ღვინოებისგან, ბუკისციხელი თემურ შარაშიძის ოჯახური მარნის “ჩხავერი” გამოარჩია.

გიორგი თარგამაძე, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი: ”ძალიან კარგი ფესტივალია და ღვინოებიც შესანიშნავი გავსინჯე. თუმცა, მაინც ყველაზე მეტად გურულ ღვინოებს გამოვყოფდი. წარმოშობით გურული ვარ. ბებიაჩემი იყო ბუკისციხიდან. ამ სოფლის ჩხავერი ყველაზე მეტად მომეწონა. ალბათ, არაა გასაკვირი, რომ უპირატესობას გურულ ღვინოს ვანიჭებ. დღეს ამინდიც მშვენიერი დაემთხვა და ქართველ კაცს სხვა რა უნდა, მეგობრებთან ერთად მშვენიერი ქართული ღვინის გასინჯვის გარდა... ბოლოს ერთი მცირე შენიშვნაც მინდა ვთქვა ამ შესანიშნავი ფესტივალის ორგანიზატორების მიმართ. ყველაფერი ძალიან კარგადაა ორგანიზებული, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, თუ უფრო მეტ ქართულ სიმღერას მოვისმენდით ფესტივალზე. ქართული ღვინო ხომ სიმღერის გარეშე წარმოუდგენელია?! იმედია, ამ ჩემს მეგობრულ რჩევას ღვინის კლუბელები მომავალ ფესტივალებზე გაითვალისწინებენ”.

”ახალი ღვინის ფესტივალზე” ტრადიციულად ბევრ სტუმარს ჰყავდა წამოყვანილი ბავშვები, რამაც ფესტივალს განსაკუთრებული სიხალისე შესძინა. ვებ-პორტალ ”ფუფი და ნუფის” მიერ მოეწყო სპეციალური გასართობი ღონისძიებები, დაიჭრა მშვენიერი ტორტი და მაშინ, როცა მშობლები ახალ ღვინოებს აგემოვნებდნენ, მათი შვილები კარგად ერთობოდნენ თანატოლებთან ერთად. “ფუფი და ნუფიმ” ასევე მოაწყო საბავშვო აღლუმიც, რომელმაც ფესტივალის მონაწილეები განსაკუთრებით გაამხიარულა.

14 მაისი საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმში იყო დღე, როდესაც ადამიანებს მხოლოდ და მხოლოდ ხალისისა და მხიარულების ”უფლება” ჰქონდათ. როგორც ღვინის კლუბელები ამბობენ, სწორედ ეს ”უფლებათა შეზღუდვა” იყო ფესტივალის მთავარი მიზანი. ”ახალი ღვინის ფესტივალი 2011” დასრულდა, მაგრამ არასოდეს დასრულდება ის ენთუზიაზმი და შრომა, რაც ამ ფესტივალის მოწყობაში ღვინის კლუბელებმა ჩადეს. მითუმეტეს, კლუბს მომავალში კიდევ არაერთი საინტერესო ღონისძიება აქვს დაგეგმილი.

© ღვინის კლუბი/Weekend



მადლიერების განცდა აუცილებელია, მაგრამ მადლიერების გამოხატვა პირფერობაში არ უნდა გადაიზარდოს. ალბათ რედაქტორმა ამოიღო, თორემ დარწმუნებული ვარ ამ სტატიის პირველად ვერსიაში სადმე "მიშა მაგარია" და "კოკოითი ფანდარასტ" იქნებოდა მიწერილი. ეგ ერთი თავაზიანობის ფარგლებში. ახლა კი მეორე - რა ... საქმე ამ უსახელაურით??!!! რომ გიკვირთ რუსი ექსპერტების უვიცობასა, ქართული ღვინის ფლაგმანად წითელ ნახევრადტკბილი ღვინოები რომ მიაჩნიათ, თქვენც ანალოგიურ უვიცობას უკეთებთ პროპაგანდას უსახელოურს "ფერარის" კლასს რომ ადარებთ. ფესტივალი მართლა დაუვიწყარი იყო. დახვეწილი, ორგანიზებული და იმ სახის ხარვეზებით , რომელიც მხოლოდ ალამაზებდა და პეწს სძენდა იმ თავყრილობას. მადლობა ორგანიზატორებს !!! ბოლოს მსგავსი ემოცია 2001 წელს მივიღე სტამბოლში, ვოთერსის კონცერტზე.


"ალბათ რედაქტორმა ამოიღო, თორემ დარწმუნებული ვარ ამ სტატიის პირველად ვერსიაში სადმე "მიშა მაგარია" და "კოკოითი ფანდარასტ" იქნებოდა მიწერილი." უფრო ახლოს რომ ცნობდეთ სტატიის რედაქტორსა და ავტორს, მაშინ ეს აზრი არ გაგიჩნდებოდათ. ერთი ღვინის კლუბის პრეზიდენტია, მეორე კი ღვინის კლუბის წევრი. ღვინის ფესტივლით, რომლითაც მოხიბლულხართ ამ ხალხის დამსახურებით შედგა. ასე რომ მგონი უადგილოა თქვენეული მოსაზრება! "რა ... საქმე ამ უსახელაურით??!!!" უზრდელი ხარ შენ!!!


ვიზიარებ lechkhumeli -ის აზრს. ჯერ გავიცნოთ ვინ ვინაა და მერე ვილაპარაკოთ.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული