Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სად მივყავართ ღვინის გზას?

ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებები განვითარების გზას ადგას. მათ შორის, ენოტურიზმი, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ღვინის ტურიზმის ფართო პოტენციალი და ღვინის წარმოების ათასწლეულების ტრადიცია აქვს, ეს პროცესი საკმაოდ ნელი ტემპებით  მიმდინარეობს. ენოტურისტული კერების მომრავლება უკანასკნელ წლებში არაპირდაპირ სტიმულირებული იყო რუსული ემბარგოთი – ღვინის ექსპორტის მასშტაბის შემცირებამ ქართველი მწარმოებლები აიძულა, მისი გასაღების ახალი გზები მოეძებნათ. აღნიშნული სიტუაციიდან ერთ–ერთი გამოსავალი იყო ღვინის ტურიზმის განვითარება, რაც მთელ მსოფლიოში მიჩნეულია, როგორც პროდუქციის შედეგიანი რეალიზაციის საშუალება.

ღვინის ტურების ორგანიზებისა და ეფექტური წარმართვის პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში მოქმედ მეღვინეებსა და ტუროპერატორებს შორის მხოლოდ ახლა იკიდებს ფეხს. ღვინის ტური შეიძლება წარმოდგენილი იყოს შემდეგი ღონისძიებებით: მარნისა და ვენახის დათვალიერება, ღვინის დეგუსტაცია, რთველში მონაწილეობა, „ზაოტობა“, ჩურჩხელის ამოვლება, კვება, ღვინის რეალიზაცია და სხვა მრავალი აქტივობა, რომლის საშუალებითაც ტურისტი არამხოლოდ შეიძენს პროდუქტს, არამედ ეცნობა ადგილობრივ ტრადიციებს, კულტურას და თავად მონაწილეობს პროდუქტის შექმნაში. ყოველივე აღნიშნული მეღვინეებისთვის აფართოებს შემოსავლის დამატებით შესაძლებლობებს, ხოლო მათი წარმოებისთვის ეს ხდება პოპულარიზაციის ერთგვარი გარანტი.

იმისათვის, რომ სახელმწიფოს შეესწავლა საქართველოში ღვინის ტურიზმის თანამედროვე პოტენციალი და გრძელვადიან ჭრილში განესაზღვრა განვითარების სტრატეგიები, 2011 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წამოიწყო პროექტი „საქართველოს ღვინის  გზა“ (პროექტის კოორდინატორი – ნატალია ბახტაძე), რომელიც დღემდე გრძელდება. პროექტის მიზანია ქვეყნის მასშტაბით იმ მარნების მოძიება, რომლთა პირობები, ღვინისა და მომსახურების ხარისხი შეესაბამება წინასწარ განაზღვრულ სტანდარტებს.  კვლევით ნაწილში სხვადასხვა  ეტაპზე ჩართულნი იყვნენ: მეღვინე ქალთა და ყურძნის მესაკუთრეთა  ასოციაცია, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“, ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი და ღვინის კლუბი.  პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 150–მდე მარანი მოიძებნა, რომელთაგან რეკომენდაცია მიეცა სხვადასხვა ტიპის (ღვინის საწარმოები, მცირე საოჯახო და სამონასტრო მარნები, ღვინის ბარები, მაღაზიები და რესტორნები) 58 ობიექტს. მარნების მცირე ნაწილი სავსებით აკმაყოფილებს მოთხოვნებს, უმეტესობა კი მხოლოდ ახლა იკვალავს გზას ღვინის ტურიზმში. მთავარ პრობლემად ჯერ კიდევ მოიაზრება არა საკუთრივ ღვინის ხარისხი, არამედ მომსახურების დონე.

ობიექტებისთვის რეკომენდაციის გაცემა სამი კრიტერიუმის მიხედვით მოხდა: ღვინის, როგორც საბოლოო პროდუქტის ხარისხი, მისი მიღების სრული  პროცესის გათვალისწინებით; ობიექტზე წარმოდგენილი ინფრასტრუქტურა და ინვენტარი; მომსახურების ხარისხი. მიუხედავად იმისა, რომ სასურველი დამაკმაყოფილებელი შედეგის მიღწევამდე ჯერ კიდევ დიდი ძალისხმევაა საჭირო, ორწლიანი მუშაობის შედეგად საკმაოდ გაფართოვდა ენოტურისტული კერების რუკა (კახეთი – 32, ქვემო ქართლი – 1, შიდა ქართლი – 4, მცხეთა–მთიანეთი – 5, იმერეთი – 5, რაჭა–ლეჩხუმი – 4, სამცხე–ჯავახეთი – 1, სამეგრელო – 1, გურია – 2, აჭარა – 3) და, რაც მთავარია, რეგიონებში უკვე შეინიშნება მოტივაციის ამაღლება მარნების მოწესრიგებისა და პოპულარიზაციის საქმეში. ასევე, არსებობს იმის მზაობა და დაინტერესება, რომ „ღვინის გზაში“ მონიშნული მარნების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით უახლოეს წლებში შესამჩნევად  გაიზარდოს.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აღნიშნული პროექტის ფარგლებში უზრუნველყო „ღვინის გზის“ მარკირება სპეციალური ორენოვანი მანიშნებლების საშუალებით. ცენტრალურ მაგისტრალებზე განთავსებულია მანიშნებლები წარწერით „ღვინის გზა / WINE ROUTE“, ხოლო საკუთრივ მარნებთან მისასვლელი გზები  გზაჯვარედინზე მონიშნულია კონკრეტული მარნების სახელწოდებებით. ობიექტების მოძიება ინტერნეტითაც შესაძლებელია ონლაინ რუკაზე შემდეგ მისამართზე www.mygeorgia.ge/tourism. უახლოეს მომავალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ იგეგმება, ასევე, საქართველოს  ღვინის რუკის გამოცემა სამ ენაზე (ქართული, ინგლისური, რუსული), სადაც მევენახეობა–მეღვინეობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციასთან (ვაზის გავრცელების არეალი, ადგილწარმოშობის მიკროზონები, მეღვინეობა–მევენახეობით გამორჩეული სოფლები, ვაზის ჯიშური გავრცელების არეალები, ისტორიული მარნები და სხვ.) ერთად „ღვინის გზის“ რეკომენდებული მარნებიც იქნება მონიშნული. ხსენებული მარნების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ, ასევე, იხილოთ  2013 წლის „ქართული ღვინის გზამკვლევში“ (მ. ხარბედია). 

გაზეთ „მარანის“ ინიციატივით, დღეიდან მის ერთგულ მკითხველს საშუალება ექნება, თითოეულ ნომერში შეიტყოს „ღვინის გზის“ მარნების შესახებ და ინდივიდუალური ტურების დაგეგმვისას მხედველობაში მიიღოს ჩვენი რეკომენდაცია. თავდაპირველად ვისაუბრებთ იმ მარნების შესახებ, რომელთა გარშემო საზოგადოება ნაკლებად ინფორმირებულია. თუმცა, მათი მეპატრონეები ღვინის მოყვარულებს სთავაზობენ საუკეთესო საოჯახო ღვინოსა და ეკოლოგიურად სუფთა სხვა პროდუქტებს.

გოგი დვალიშვილის საოჯახო მარანი

მდებაროებს  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, ცენტრალური გზიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით. სოფელი ესაზღვრება ატენის ადგილწარმოშობის სპეციფიკურ ზონას, სადაც ისტორიულად სახელგანთქმული ატენური იწარმოებოდა. დვალიშვილის საოჯახო მარნის ერთ–ერთი მთავარი ხიბლიც სწორედ ამაშია. ღვინის ტურის ორგანიზებისას შესაძლებელია ისტორიული ძეგლების, უფლისციხისა და  ატენის სიონის მონახულება, რომლებიც მარნიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

გოგი დვალიშვილი არამხოლოდ ღვინის წარმოებითაა დაკავებული, არამედ  მთელი წლის მანძილზე ვენახსაც თავად პატრონობს. მარანიც დვალიშვილის საცხოვრებელ სახლშია განთავსებული. აქ წარმოდგენილია ქვის საწნახელი, ქვევრები და მცირე ენოთეკა. ბატონ გოგის გაშენებული აქვს ვაზის ჯიშები: თავკვერი, ჩინური, გორული მწვანე, კახური მწვანე, რქაწითელი. ღვინო დაყენებულია როგორც ქართული ტრადიციული, ისე ევროპული  წესით. განსაკუთრებულ აღნიშნვას იმსახურებს მისი  ორი ღვინო: „ატენური“ და „ხიდისთაური“.

გარდა მეღვინეობისა, ოჯახი გვთავაზობს სხვადასხვა ნატურალურ პროდუქტს და მრავალფეროვან მომსახურებას. მათ აქვთ საკუთარი საფუტკრე მეურნეობა და ტურისტებს უმასპინძლდებიან თაფლით, ფიჭითა და თაფლის არაყით. წინასწარი შეთანხმების შემთხვევაში შეუძლიათ, მსურველს შესთავაზონ ქართული ტრადიციული კერძები.

 მობ: 599 73 75 63

ელ–ფოსტა:  gogidvali@gmail.com

არჩილ გუნიავას საოჯახო  მარანი

ეს მარანიციმით არის გამორჩეული, რომ მდებარეობს ადგილწარმოშობის კონტროლირებადი ზონის, სვირის სიახლოეს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითში (გუნიავების უბანში). თავად ღვინის მწარმოებელი თავს გვამახსოვრებს განსაკუთრებული შემოქმედებითობით. მის მიერ შექმნილი კოლორიტული გარემო  წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს ტურისტებზე.

მარანი განთავსებულია ხის ძველ საუკუნოვან  ნაგებობაში, სადაც სხვადასხვა ზომის 10-ზე მეტი ქვევრია ჩარგული. აქვე ვხვდებით ხის კასრებს, მარნის იარაღებს, ღვინის წნეხს და თიხის მრავალფეროვან ქართულ ტრადიციულ საღვინე ჭურჭელს.

არჩილ გუნიავას გაშენებული აქვს იმერული ვაზის  ჯიშები:  ცოლოკოური, ციცქა, ოცხანური საფერე და კრახუნა. ტრადიციული იმერული წესით აყენებს  თეთრ და წითელ მშრალ ღვინოებს – ცოლიკოურს და ოცხანურ საფერეს. ღვინო სარეალიზაციოდ გამზადებულია განსაკუთრებით უჩვეულო ჭურჭელში, რომლის დიზაინის იდეაც თავად მეღვინეს ეკუთვნის. მცირე ზომის (1–2 ლიტრიანი) კომპაქტური გასანთლული თიხის ქვევრი  (თავისივე სადგამით) ინარჩუნებს ღვინის გემოვნურ თვისებებს და ორიგინალურ სუვენირს წარმოადგენს.

გუნიავების სახლი და ეზო კეთილმოწყობილია. ოჯახს აქვს საკუთარი მეურნეობა. ისინი  ღვინოსთან ერთად გვთავაზობენ სოფლის ნატურალურ პროდუქტებს და იმერულ კერძებს.

ტელ: 599 53 42 95

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული