Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რა არის ღვინო?

ალეკო ცქიტიშვილი

- სამოთხეში ვართ, რა! - მითხრა ცნობილმა ქუთაისელმა როკერმა რობი კუხიანიძემ, მერე ღვინის ბოკალი კიდევ ერთხელ დაატრიალა ღერძის გარშემო და “ხოხბის ცრემლების” ბოლო ყლუპიც დაგემოვნებით აითვისა.

ღვინის გასინჯვის ეს პროფესიული ჟესტი სხვებისგან არ გამიკვირდებოდა, მაგრამ მოულოდნელი იყო რობისგან, რომელიც, ყველამ ვიცით, ბიკენტიას დუქანში იმისთვის არ დადის, რომ იქ ბოკალი დაატრიალოს, სინათლეზე გახედოს და მერე ღვინოს ცხვირი ნელა მიუახლოვოს - კენკრის განუმეორებელი სურნელისა თუ სხვა ჯიშური არომატების შესაგრძნობად.

როგორც ჩანს, ყველანი ვიზრდებით და წინ მივდივართ. ასე თუ გავაგრძელეთ, ბოლოს აუცილებლად დავღვინდებით და წინაპრებსაც ვასახელებთ.

“სამოთხეში”, ანუ “ექსპო- ჯორჯიაში”, ღვინის მესამე საერთაშორისო გამოფენაზე, მთელი სამი დღე ვხედავდი ბოკალში ცხვირჩაყოფილ ადამიანებს. სტუმრები მხოლოდ მოსაწვევებით დაიშვებოდნენ და დასათრობად შემოხეტებულ მოქალაქეებს აქ პრაქტიკულად ვერ ნახავდით. სამოთხეში ყოფნის შეგრძნება კი ბევრს ჰქონდა, რადგან ვინც ქართული ღვინის აწმყო- მომავლით იყო დაინტერესებული, სწორედ აქ ეძლეოდა საშუალება, სრულიად უფასოდ დაეგემოვნებინა საქართველოში არსებული თითქმის ყველა კომპანიის საუკეთესო ღვინოები.

განსაკუთრებული ინტერესით ღვინის უცხოელი გურმანები გამოირჩეოდნენ. დაჭაშნიკების რიტუალს ისინი თავიანთ შინაგან ხმაზე ბევრად უფრო მიყურადებული მზერით ასრულებდნენ. მათი მონდომებაც არ იყო გასაკვირი. უცხოელთა დიდ ნაწილს აქ წარმოდგენილი ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალი ან ინვესტიციამდელი ნიუანსები აინტერესებდა.

ვფიქრობ, მაინც ბევრი დაკარგეს იმ კომპანიებმა, ვინც წელს გამოფენაზე მონაწილეობა გადაიფიქრა და ამ დიდი კრიზისის ჟამს, თავიანთი ჩაწოლილი პროდუქცია ყველაზე დაინტერესებულ მომხმარებელს არ გაასინჯა.

იშვიათი ქართული ჯიშებისადმი ჩემი დიდი სიყვარულის გამო, ძალიან გამიხარდა “ქისის” ოქროს მედალი და აღიარება. ამ ღვინის შემოქმედის, გოგი დაქიშვილის სახელს გამოფენაზე ჯერ კიდევ კონკურსამდე ახსენებდნენ და “ვინოტერას” ბრენდით წარმოდგენილი ქისის ქებასაც ბევრგან გაიგონებდით. მეც გავიცანი ეს მორიდებული კაცი - თავისი ღვინის მსგავსად ცოცხალი, კეთილი და ამავე დროს ეშმაკურად მოციმციმე თვალებით, მეღვინის პორტრეტისათვის დამახასიათებელი სხვა შესამჩნევი შტრიხებით. როგორც მოველოდი, “ქისი” ცოცხალი ღვინო აღმოჩნდა - ყოველგვარი ხელოვნური საფუარებისა და გაწებვა- ფილტრაციის გარეშე, თანაც - ქვევრისა!

ზოგადად, წლევანდელ გამოფენაზე რამდენჯერმე შევესწარი კამათსთემაზე: “რა არის ღვინო?!” ცხადია, ეს ისეთი კითხვაა, რომელსაც ერთმნიშვნელოვანი პასუხი არა აქვს, მაგრამ ძალიან კარგია, რომ თვითონ ეს კითხვა უკვე ძალიან ხშირად ისმის. გამოფენაზე წარმოდგენილი ღვინოების გასინჯვისა და მათ შესახებ ინფორმაციების თავმოყრის შემდეგ, მე პირადად სამი მიმართულების მეღვინეები გამოვარჩიე: ერთნი (ყველაზე ცოტანი) ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით ორგანული ღვინის დაყენებას ემხრობიან, მეორენი ისევ საბჭოთა მეღვინეობის გატკეპნილ გზას ადგანან, ხოლო მესამენი ახალ ბილიკს ჭრიან ევროპისკენ და საუკეთესო ევროპული გამოცდილების საქართველოში გადმოტანას ცდილობენ.

ჩემი აზრით, უკიდურესობებში გადავარდნა არც ერთ ამ მიმართულებას არ მოუტანს სასურველ შედეგს. წარმატებებს მიაღწევს ის მეღვინე, რომელიც ყველა მიმართულებიდან საუკეთესო ცოდნა- გამოცდილებას დაეყრდნობა და ოქროს შუალედს იპოვის.

მე პირადად გული დამწყდა, რომ გამოფენაზე ტრადიციული ქართლური ყურძნის ჯიშებით დაყენებული ღვინო არ აღმოაჩნდა “შატო მუხრანს”, რომელსაც სახელწოდებაშივე ხაზგასმული აქვს ევროპული გეზი. გულიანად გამეცინა, როცა “შატო მუხრანის” პრეზენტატორ სიმპატიურ გოგონას ვკითხე - ჩინური თუ გაქვთ- მეთქი და მკვახე პასუხი მივიღე: “ჩვენ მხოლოდ ქართული ღვინოები გვაქვს!” ამ ეტაპზე “მუხრანში” კაბერნეს, შარდონეს, რქაწითლისა და საფერავიდან დაწურულ ღვინოებს ასხამენ, თუმცა სულ მალე ჩინურის, გორულ მწვანესა და თავკვერსაც ვიხილავთ.

კიდევ ერთი პრობლემა უცხოური კულტურული საფუარებით ღვინის დამზადებას უკავშირდება. ბევრისგან მოვისმინე, რომ ქართული კომპანიები დიდწილად ერთსა და იმავე საფუარებს იყენებენ, რის გამოც სრულიად სხვადასხვა დასახელების ღვინოს თითქმის ერთნაირი გემო აქვს. კარგი გამოსავალი იქნებოდა ქართული ჯიშებიდან მშრალი კულტურული საფუარის დამზადება. მართალია, ამისთვის ძვირადღირებული ლაბორატორიის ამუშავებაა საჭირო, მაგრამ სამაგიეროდ, ქართულ ქარხნებში დამზადებულ რქაწითელს მართლაც რქაწითელის გემო ექნება, საფერავს - საფერავისა, მანავის მწვანეს - მანავის მწვანისა და ა.შ. ახლა კი ჩვენ ვსვამთ ქართული ჯიშებიდან დაწურულ ქარხნულ ღვინოებს, რომელსაც უცხოური ღვინოებისთვის შექმნილი საფუარები უდევს საფუძვლად.

ამ თემაზე დიდხანს ვეკამათე ყველაზე ახალგაზრდა მეღვინეს (თუ არ ვცდები), 28 წლის ლადო კუბლაშვილს, რომელმაც გამოფენა ტრიუმფით დაასრულა. კომპანია “ხარებაში” მის მიერ შექმნილი ორი ღვინო - “ციცქა” და “საფერავი” ოქროს მედლებით აღინიშნა. ეს ღვინოები ევროპული მშრალი საფუარებით არის დადუღებული. ლადო კუბლაშვილი და მისი თანამოაზრე მეღვინეები წარმოუდგენლად მიიჩნევენ დიდ ქარხნებში ღვინის წარმოებას კულტურული საფუარების გარეშე. თუმცა, ქართული ყურძნებიდან მშრალი საფუარების დამზადებას და გამოყენებას დიდ წარმოებაში მართლაც საუკეთესო გამოსავლად თვლიან.

მანამდე ჩვენ კარგად ვიყოთ!

დღესდღეობით ქართული ჯიშების ნამდვილ გემოს მხოლოდ ორგანულ და ბიოღვინოებში იპოვით. სამწუხაროდ, წელს “ელკანამ” კონკურსში თავისი წევრი მეღვინეების საუკეთესო ღვინოები არ წარადგინა, თორემ “თავადი მაყაშვილის მარანის” “რქაწითელი 2006” ღირსეულ მეტოქეობას გაუწევდა “ვინოტერას” ქისს.

დაბოლოს, 2010 წელს საქართველო მსოფლიო ღვინის კონგრესს უმასპინძლებს. დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს კიდევ უფრო დაკონკრეტებით გაიჟღერებს კითხვა: “რა არის ღვინო?!” იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დადგება დრო, როცა ქართული მეღვინეობა ამ კითხვას საუკეთესო პასუხს გასცემს და ქართულ ღვინოსაც აღარავინ შეხედავს ეჭვის თვალით.

© ალეკო ცქიტიშვილი/vinoge.com



ღმერთმა კარგი ყურით გისმინოთ ბატონო მეკვლე

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული