Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ქვევრის ღვინო საფრანგეთსა და იტალიაში

ანგარიში
 
2009 წლის 27-30 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქ ტურში საერთაშორისო ორგანიზცია “სლოუ ფუდის” და საფრანგეთის “სლოუ ფუდის” ეგიდით გაიმართა სასოფლო სამეურნეო გამოფენა-გაყიდვა “ევრო გუსტო”. ამ გამოფენაზე მონაწილეობდნენ ძირითადად ევრო-გაერთიანების წევრი ქვეყნების მცირე ფერმერები, რომლებიც აწარმოებენ იშვიათ, ტრადიციულ და ამასთან ერთად ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტებს.
სპეციალური მოწვევით გამოფენაზე მონაწილეობდნენ აგრეთვე ფერმერები საქართველოდან, ბელორუსიიდან, მაკედონიიდან, ლიბანიდან, მაროკოდან და ახალი კალედონიიდან. საქართველოდან მონაწილეობდა “სლოუ ფუდის” ე.წ. პრეზიდია “ქართული ქვევრის ღვინო”, რომელსაც წარმოვადგენდით კახეთის ჯგუფის კოორდინატორი სოლომონ ცაიშვილი და იმერეთის ჯგუფის კოორდინატორი რამაზ ნიკოლაძე. ჩვენი პრეზიდიის მონაწილეობა განიხილებოდა როგორც სასინჯი და მოსამზადებელი ეტაპი 2010 წლის “სალონ დელ გუსტოს” მსოფლიო ფორუმისთვის.
“სლოუ ფუდის” მესვეურებს აინტერესებდათ, თუ რა შთაბეჭდილებას მოახდენდა ქართული ღვინო, როგორც მომხმარებელზე, ასევე სპეციალისტებზე. გამოფენაზე წარდგენილი იყო 5 ღვინო: “თავად მაყაშვილის მარანი”, რქაწითელი, წარაფი 2007, “თავად მაყაშვილის მარანი”, რქაწითელი, ახოები 2007, “თავად მაყაშვილის მარანი”, საფერავი, ახოები 2006, ნიკოლოზ ანთაძის “ნიკი ვინო”, კახური მწვანე, მანავი 2008, “ნიკოლაძეების ოჯახის მარანი”, ციცქა-ცოლიკაური, ნახშირღელე 2008. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართველ მეღვინეთა გარდა გამოფენაზე მონაწილეობდა მეღვინეთა მხოლოდ ოთხი ჯგუფი.
ქართული ქვევრის ღვინოები გამოფენის პირველივე დღიდან განსაკუთრებული პოპულარობით და მოწონებით სარგებლობდა, რასაც მოწმობდა ხალხის სიმრავლე ქართულ სტენდთან, გასინჯული და გაყიდული ღვინის რაოდენობა (ოთხ დღეში გაისინჯა და გაიყიდა 84 ბოთლი). ქართული ღვინის წარმატება აღიარეს “სლოუ ფუდის” მესვეურებმა, გარდა პირად საუბრებში გამოთქმული კმაყოფილებისა, ამას ადასტურებს ისიც, რომ ერთერთი ქართული ღვინო: “თავად მაყაშვილის მარანი”, რქაწითელი, ახოები 2007 “სლოუ ფუდის” ღვინის ექსპერტებმა წარადგინეს სპეციალიზირებულ დეგუსტაცია-სემინარზე “ევროპის არაორდინალური ღვინოები”, რომლისთვისაც სულ ექვსი ღვინო (ქართულის გარდა 2 ფრაგული, 1 ესპანური, 2 იტალიური) იქნა შერჩეული. ამ ღონისძიებას გემოვნების ლაბორატორიასაც უწოდებენ და იგი ერთერთი ყველაზე პრესტიჟული და მნიშვნელოვანია “სლოუ ფუდის” გამოფენების ღონისძიებათა შორის. ეს არ არის ჩვეულებრივი დეგუსტაცია, აქ ჯერ საუბრობენ გასასინჯი ღვინის შესახებ და შემდეგ სინჯავენ მას. ქართული ღვინის შესახებ ისაუბრეს “სლოუ ფუდის” ღვინის კონსულტანტებმა, შემდეგ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა კახეთის ჯგუფის კოორდინატორმა, სოლომონ ცაიშვილმა. იგი მოკლედ შეეხო საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიას, შემდეგ ს. ცაიშვილმა ისაუბრა ქვევრის რაობისა და ქართული ყურძნის ჯიშების შესახებ. დასასრულ მან მსმენელებს გააცნო ის ტექნოლოგიური პროცესი, რითაც დამზადებული იყო ლაბორატორიაზე წარდგენილი ღვინო.
მნიშვნელოვან წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს ცნობილი საერთაშორისო ტელეარხის, “თრეველ ჩენელის” ღვინის პროგრამების წამყვანის და პროდიუსერის იზაბელ ლეგრანჟის დაინტერესება ქართული ქვევრის ღვინით. ღვინის დეგუსტაციის და ქართველ წარმომადგენლებთან ხანგრძლივი საუბრის შემდგომ მან მიიღო გადაწყვეტილება ქართული ტრადიციული ღვინის შესახებ გადაცემის გაკეთების თაობაზე (სხვათაშორის უკვე თბილისში დაბრუნების შემდგომ ჩვენ დაგვიკავშირდა საქართველოს ტურიზმის სამინისტროს წარმომადგენელი, რომელმაც დაადასტურა ”თრეველ ჩენელის” განზრახვა). გარდა წმინდა პროფესიული ინტერესისა, იზაბელ ლეგრანჟმა გამოთქვა სურვილი ხელი შეუწყოს ქართული ტრადიციული ღვინის ექსპორტს დიდ ბრიტანეთში, რისთვისაც მან წაიღო ქართული ღვინის რამდენიმე ნიმუში. გამოფენაზე იყო სხვა საქმიანი წინადადებებიც, მაგრამ მათ შესახებ საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, ვიდრე ეს წინადადებები რეალურ შინაარს არ შეიძენენ.
            საქართველოს დელეგაციის საფრანგეთში ვიზიტის უმთავრეს შედეგად შეგვიძლია მივიჩნიოთ ქართული ღვინოების ცნობადობის გაზრდა და “სლოუ ფუდის” მესვეურთა სურვილის განმტკიცება მომავალშიც შეუწყოს ხელი ქართული ტრადიციული ღვინის დამკვიდრებას ევროპის ბაზრებზე.
            პირველ დეკემბერს საქართველოს დელეგაცია გაემგზვრა იტალიის დედაქალაქ რომში. სამ დეკემბერს, ქალაქის ისტორიულ უბანში მდებარე ელიტურ რესტორანში, “სპირიტო დი ვინო” გაიმართა ვახშამი, სადაც წარდგენილ იქნა “თავად მაყაშვილის მარნის” ოთხი ღვინო, ქართულ კერძებთან ერთად. მზარეულების ამპლუა მოირგეს რამაზ ნიკოლაძემ და სოლომონ ცაიშვილმა. საღამოს ორგანიზატორი იყო რომის “სლოუ ფუდის” აქტივისტი, კულტუროლოგი, ჟურნალისტი და ივენთმეიკერი ვალერიო ბორჯანელი-სპინა, რომელიც 2010 წელს ქალაქ რომში აპირებს მოაწყოს ქართული კულტურის დღეები. ამ ფართომასშტაბიანი ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ქართული მეღვინეობა და კულინარიაც, ასე რომ, სამ დაკემბერს გამართული ვახშამი დიდი სამომავლო პროექტის ერთგვარ პრელუდიადაც შეიძლება ჩაითვალოს. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ იტალიაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებიც. სტუმრებს სიტყვით მიმართეს საღამოს ორგანიზატორმა ვალერიო ბორჯანელი-სპინამ, რამაზ ნიკოლაძემ და სოლომონ ცაიშვილმა. მათ ისაუბრეს საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის და კულინარიული კულტურის შესახებ. დამსწრე საზოგადოებას მოუთხრეს ქვევრებში ღვინის დაყენების მრავალსაუკონოვანი ქართული ტრადიციის და კახეთში გავრცელებული ყურძნის ძირითადი ჯიშების შესახებ. საღამომ მეტად გულწრფელ და თბილ ვითარებაში ჩაიარა. ღონისძიების წარმატების დასტურად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ბევრმა სტუმარმა გამოთქვა ქართული ღვინის შეძენის სურვილი. აღსანიშნავის ის ფაქტიც, რომ საღამოს ესწრებოდნენ “ფაო”-ს ჟურნალისტი და ფოტოკორესპოდენტიც.
            5-7 დეკემბერს საქართველოს დელეგაცია დაესწრო ტოსკანის ქალაქ მონტეკატინიში გამართულ ევროპის მევენახეთა კონგრესს. დელეგაციის წევრებმა რ. ნიკოლაძემ და ს. ცაიშვილმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს სემინარებში და დისკუსიებში, რომლების ეხებოდა მცირე მეღვინეობის ეკონომიკურ ასპექტებს და ეკოლოგიური და ავთენტური ღვინის Yდაყენების პრობლემატიკას. 7 დეკემბერს ქალაქ ფლორენციაში გაიმართა კონგრესის შემაჯამებელი სხდომა, სადაც მიღებულ იქნა ევროპის მეღვინეთა მანიფესტი. სხდომაზე კონგრესის მესვეურთა გარდა სიტყვით გამოვიდა კახეთის ჯგუფის კოორდინატორი, ს. ცაიშვილი. მან დამსწრე საზოგადოებას მოუთხრო საქართველოში მეღვინეობა-მევენახეობის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ. გაავლო პარალელი ევროპაში და საქართველოში არსებულ ვითარებას შორის და მსმენელებს გააცნო პრობლემების დაძლევის საკუთარი ხედვა. ის, რომ აღნიშნულ სხდომაზე საქართველოს წარმომადგენელსაც მიეცა სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა, ნათლად მეტყველებს ევროპის მევენახე-მეღვინეთა საკმაოდ მნიშვნელოვანი წრეების საქართველოთი დაინტერესებაზე.Aმასვე ადასტურებს ის ორი ტელეინტერვიუ, რომლებიც ჩაწერეს იტალიის ნაციონალურმა და ტოსკანის რეგიონალურმა ტელეარხებმა საქართველოს წარმომადგენლებთან.
აღნიშნულ სხდომაზევე გაფორმდა ხელშეკრულება “ქართული ქვევრის ღვინის” პროექტსა და მარემა-ელბის რეგიონის მცირე მეღვინეთა ასოციაციას შორის. 2010 წლის გაზაფხულისთვის დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებების მოფიქრება ხელშეკრულების განვითარებისთვის. ამავე ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს წარმომადგენლები 7-8 დეკემბერს ეწვივნენ კუნძულ ელბას, სადაც მასპინძლებთან და გერმანელ მევენახეებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა დისკუსიაში, თემაზე: ბიოლოგიური თუ ინდუსტრიული მევენახეობა - რეგიონალური თავისებურებები და განვითარების პერსპექტივები.
2010 წლის 10 დეკემბერს საქართველოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ქალაქ პოსტინუოვოში გამართულ საიუბილეო სხომაში, რომელიც ეძღვნებოდა “ტოსკანის ღვინის გზის” ათი წლისთავს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დეგუსტაციაც, სადაც ადგილობრივ ღვინოებთან ერთად გაისინჯა ქართული ღვინოებიც: “ნიკოლაძეების ოჯახის მარანი” ციცქა-ცოლიკაური, ნახშირღელე 2008, “თავად მაყაშვილის მარანი” საფერავი, ახოები 2006 და “თავად მაყაშვილის მარანი” რქაწითელი, ახოები 2007. ორგანიზაციის “ტოსკანის ღვინის გზა” მესვეურებმა გამოხატეს საქართველოში ჩამოსვლის სურვილი, რათა უკეთ გაეცნონ საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს, რაც მათი თქმით, ევროპელ მეღვინეებს დაეხმარებათ დღეისათვის არსებული კრიზისის დაძლევაში. 
 
©ღვინის კლუბი/vinoge.com


მეამაყება რომ ასეთი თანაფორუმელები და თანაკლუბელები გვყავს, რომლებიც საკუთარი რეალური შრომითა და ძალისხმევით, უთქვამენ ქართულ ღვინოს სახელს ამ შემთხვევაში კარგი გამოსაყენებელია გამოთქმა - "ნაპერწკლიდან ცეცხლი აინთება !"


გასინჯული მაქვს "თავად მაყაშვილის მარანი"-ს ღვინო და მართლაც რომ ძალიან მომეწონა!


aset ghonisdziebebshi monacileoba xels sheuckobs kartuli gvinis popularizacias.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული