Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნუგზარ ქსოვრელი – ექსპერიმენტების გზით ჭეშმარიტებისკენ

ალეკო ცქიტიშვილი

ნუგზარ ქსოვრელმა „ღვინის კლუბის“ წევრებს თავი ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე  დაგვამახსოვრა, როცა კლუბის ლექცია–სემინარების უწყვეტი ციკლი გახსნა მოხსენებით – „ღვინის დაგემოვნების შესავალი“. კლუბისთვის პირველი ლექცია არა მარტო ღვინის დაგემოვნების პროფესიული საიდუმლოებებით, არამედ ქართულ მეღვინეობაში არსებული პრობლემების წარმოჩენით იყო საინტერესო. თუმცა, ყველაზე მთავარი მაინც ამ ლექციაზე წარმოდგენილი ღვინო გახლდათ – „ყვარელი 2004“ – წითელი, მშრალი ღვინის ერთ–ერთი საუკეთესო ნიმუში. სიძველის სასიამოვნო ტონები, ტყის კენკრის არომატი და შემდგომი დაძველების დიდი პოტენციალი, რაც ამ ღვინოს ახასიათებდა, „კონჭო და კომპანიის“ მიღწევაა, რაშიც ნუგზარ ქსოვრელს, როგორც მეღვინეს და როგორც მმართველს, განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი.
იგი „კორპორაცია ქინძმარაულის“ გენერალური დირექტორია და ამ პოზიციიდან ერთდროულად ითავსებს მმართველის, მეღვინისა და მეცნიერის ამპლუას. სამივე მიმართულებით ცდილობს, ყოველდღიურ საქმიან რუტინას შემოქმედებითი, ზოგჯერ საკმაოდ თამამი და სარისკო ექსპერიმენტები შეუხამოს. სწორედ ეს მიდგომა განაპირობებს მის წარმატებას სამივე ფრონტზე – კორპორაციის მოგება წლიდან წლამდე იზრდება, ღვინოები კონკურსებში იმარჯვებს, სადისერტაციოდ გამზადებული მეცნიერული ნაშრომი კი წარმატებით ინერგება ღვინის წარმოებაში.
 
სს „კორპორაცია ქინძმარაული“ ჰოლდინგური ტიპის კომპანიაა და მისი ინტერესები, მეღვინეობასთან ერთად, მოიცავს რამდენიმე სხვა ბიზნესს. კორპორაცია ფლობს ჰიდროელექტროსადგურს, სათევზე მეურნეობას, რესტორანს, საფირმო მაღაზიას და რაც მთავარია – სასოფლო–სამეურნეო სავარგულებს 300 ჰექტარზე, სადაც ვენახების გარდა გაშენებულია თხილის პლანტაცია (50 ჰა), სიმინდის (50 ჰა), ხორბლის (5 ჰა), ქერის ყანები და ხილის ბაღი.
ადგილს, სადაც კორპორაცია ქერს თესავს, ყვარელში გაგელაანს ეძახიან. აქ მოყვანილი ქერისგან კორპორაციის შვილობილმა „კონჭო და კომპანიამ“ ვისკი დაამზადა და „გაგელანი“ დაარქვა. ყვარლური ვისკის პირველი პარტია 1500 ბოთლს არ აღემატება, ფასი – 11 ლარს. შეიძლება ითქვას, „გაგელანი“ ყველაზე განსხვავებული სამამულო მაღალალკოჰოლური სასმელია საქართველოში. მისი გასინჯვისას აუცილებლად გაგიჩნდებათ კითხვა – საქართველოში აქამდე რატომ არავის მოაფიქრდა სამამულო  ვისკის დამზადება?
ვისკი „გაგელანი“ მხოლოდ ერთი პატარა ნაწილია იმ ექსპერიმენტებიდან, რასაც უკანასკნელ წლებში „კორპორაცია ქინძმარაული“ მიმართავს. ამ პროცესში მას მხარს უბამს შვილობილი კომპანიები - „კონჭო და კომპანია“ და „კახეთი კო“. რამდენად გაამართლებს ეს ექსპერიმენტები, ამას წლები აჩვენებს, მაგრამ გარისკვისა და პირველი ნაბიჯის გადადგმის გარეშე, საქმიანობაში სიახლის შეტანა წარმოუდგენელია. ზოგადად კი, მეღვინეობაში ისევე შეიძლება არსებობდეს გაბატონებული სტერეოტიპები, როგორც საზოგადოებაში. მეღვინეებიც ადამიანები არიან და ხშირად ამ სტერეოტიპებს ისევე ვერ ელევიან, როგორც საზოგადოება ვერ ელევა ყავლგასულ ტრადიციებს. ნუგზარ ქსოვრელი თავისი საქმიანობით ცდილობს, სტერეოტიპებს დაუპირისპირდეს.
მაგალითისთვის შუაგულ ყვარელში რაჭული ვაზის ჯიშების – ალესანდროულისა და მუჯურეთულის ვენახის გაშენება იკმარებდა. „იძახიან, რომ ეს ჯიშები მარტო რაჭის ორ სოფელში უნდა იყოს და სხვაგან მის გაშენებას აზრი არა აქვს. ჩვენ დავრწმუნდით, რომ ალექსანდროულისგან ყვარელშიც მშვენიერი ღვინო დგება და მალე ამას ჩვენი ღვინით დავამტკიცებთ“, – ამბობს ნუგზარ ქსოვრელი.
 
ნამდვილი ქინძმარაული – მიკროზონა და ღვინო
 
ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული სტერეოტიპების ტყვეობაშია ცნობილი მიკროზონა ქინძმარაულიც. ითვლება, რომ ყვარლის რაიონში მონიშნულ გარკვეულ ტერიტორიაზე მხოლოდ ნახევრადტკბილი ღვინო უნდა მზადდებოდეს. საბჭოური მეღვინეობის ტრადიციები და მეღვინეთა თაობები ამ გეზიდან არ უხვევდნენ. არადა, როგორც ირკვევა, აქ მოწეული საფერავიდან უმაღლესი ხარისხის წითელი მშრალი ღვინო დგება - დიდი საექსპორტო პოტენციალით. ხომ არ აჯობებდა ნახევრადტკბილი „ქინძმარაულის“ კულტი წარსულს ჩაბარდეს და წინა პლანზე მშრალმა ღვინომ წამოიწიოს? საკითხის ამგვარად დასმის აუცილებლობას გვკარნახობს ქართულ მეღვინეობაში რუსეთის ემბარგოს შემდგომ შექმნილი პრობლემებიც. ნახევრადტკბილ ღვინოებს ძალიან მცირერიცხოვანი მომხმარებელი ჰყავს ევროპასა და ამერიკაში, სადაც შეღწევას ჩვენი კომპანიები ბოლო დროს ენერგიულად, მაგრამ ამაოდ ცდილობენ. ამ ბაზრებზე საბჭოთა მომხმარებლის გემოვნებაზე გათვლილ ნახევრადტკბილ „ქინძმარაულს“, პრაქტიკულად, შანსი არა აქვს.
ამ სიტუაციაში „კორპორაცია ქინძმარაული“ და მისი შვილობილი კომპანიები ქინძმარაულის მიკროზონაში მოწეული საფერავით წითელ მშრალ ღვინოებს ამზადებენ. ანუ აქაური საფერავის დიდი ნაწილი სხვა დასახელების ღვინოებს ხმარდება. უპირველეს ყოვლისა, ეს არის „ყვარელი“, რომლის დაგემოვნებითაც „ღვინის კლუბმა“ გაიცნო ნუგზარ ქსოვრელი. 2004 წლის მოსავლის „ყვარელის“ გარდა, კლუბის წევრებისათვის კარგად არის ცნობილი „ყვარელი 2007“ და ახლახანს „ახალი ღვინის ფესტივალზე“ წარმოდგენილი „ყვარელი 2009“.
ნუგზარ ქსოვრელისა და მისი სიმამრის, თამაზ კონჭოშვილის მონაწილეობით შექმნილმა ღვინოებმა ერთი კვირის წინ უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა ქართული ღვინის მესამე ეროვნულ კონკურსში „საქართველო – ღვინის სამშობლო“. საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ ნომინაციაში – „წითელი მშრალი დავარგებული ღვინო“ ოქროს მედლით დააჯილდოვა „კონჭო და კომპანიის“ „ყვარელი – სპეციალური რეზერვი“, ვერცხლის მედალი არგუნა ამავე კომპანიის „საფერავს“, მაღალი ხარისხის ღვინოდ დასახელდა „კორპორაცია ქინძმარაულის“ „ყვარელი“, ხოლო ნომინაციაში „წითელი ნახევრადტკბილი ღვინო“ ვერცხლის მედალი დაიმსახურა „კორპორაცია ქინძმარაულის“ – „ქინძმარაულმა“.
ამ კონკურსამდე მიღწეული წარმატებების ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, მაგრამ როგორც ხედავთ, სპეციალისტები უკვე დადებითად აფასებენ ქსოვრელისა და კომპანიის ექსპერიმენტებს. ერთი მხრივ, წარმატებულია ქინძმარაულის მიკროზონაში მოწეული საფერავის გამოყენება მშრალი ღვინის მასალად, მეორე მხრივ კი, ჩანს, რომ „კორპორაცია ქინძმარაული“ არც ნახევრადტკბილი წითელი ღვინოების მოყვარულებს აწბილებს და „ქინძმარაულის“ ხარისხიც სათანადო დონეზე „უჭირავს“.
თვითონ ნუგზარ ქსოვრელი ჩვენთან საუბრისას პირად სიმპატიას არ მალავს: „თქვენ გასინჯეთ ჩვენი „ყვარელიც“ და „ქინძმარაულიც“, გაეცანით ორივეს ღირსებებს. „ქინძმარაული“ ჩვენი ღვინოებიდან ყველაზე მეტად იყიდება და ბევრი ჯილდოც აქვს მიღებული. კარგი ღვინოა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ „ქინძმარაული“ გვაქვს იმისთვის, რომ გვქონდეს უფლება, დავტკბეთ „ყვარელით“. „ქინძმარაული“ ჩვენი საქმიანობის რუტინაა, რომელსაც დისტრიბუციის მოთხოვნებით მივყვებით, ხოლო „ყვარელი“, პირველ რიგში, შემოქმედებაა“.
სს „კორპორაცია ქინძმარაულის“ „ქინძმარაული“ ამ ადგილწარმოშობის კონტროლირებადი დასახელების ღვინისთვის საჭირო ყველანაირ პირობას აკმაყოფილებს. იგი მზადდება იმ ტერიტორიაზე გაშენებული ვენახებიდან, სადაც მდინარე დურუჯის მიერ ჩამოტანილი „შავი კლდის“ ფიქალით გაჯერებული ნიადაგებია. „ქინძმარაული“ მხოლოდ აქაური ვენახებიდან უნდა დაწურულიყო. რამდენიმე წლის წინ კი სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს ბევრი სპეციალისტი აკრიტიკებს – „ქინძმარაულისთვის“ განკუთვნილი საფერავის დაკრეფის უფლება კომპანიებს, პრაქტიკულად, ყვარლის რაიონის მთელ ტერიტორიაზე მიეცათ. ეს გადაწყვეტილება დაეფუძნა მარტივ ანგარიშს – სპეციფიკურ ნიადაგზე მოყვანილი საფერავი ყველა კომპანიას არ ეყოფოდა, ყვარლის რაიონი კი იმხელა ასპარეზია, აქ სავენახე ადგილი ყველასთვის მოიძებნება. „კორპორაცია ქინძმარაულის“ „ქინძმარაული“ სხვა კომპანიების ანალოგიური დასახელების ღვინოებისგან მაინც გამორჩეულია, რადგან მისი ვენახები გაშენებულია სწორედ ქინძმარაულის უწინდელ, მკაცრად შეზღუდულ მიკროზონაში, სადაც გადამწყვეტ სიტყვას ნიადაგი ამბობს.
„შეიძლება ითქვას, დურუჯის მარჯვენა ნაპირი „ქინძმარაულის“ მიკროზონაა, მარცხენა კი – არა. ნახეთ და შეადარეთ მარჯვენა ნაპირზე როგორი შავი ფიქალებია, მარცხენაზე კი ეს არ არის. სულ სხვადასხვა მოცემულობებია. მესმის, რომ ერთ დროს დაჭირდათ ამ მიკროზონის გაფართოება, რადგან რუსეთის ბაზრისთვის დიდძალი „ქინძმარაული“ იყო საჭირო, მაგრამ ეს სიბევრე არ არის შედეგის მომტანი. ყველამ ვიცით, რომ ნიადაგს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ამიტომ ახლანდელ დამოკიდებულებას არ მივყავართ იმ ხარისხამდე, რაც დღეს გვჭირდება“, – ამბობს ნუგზარ ქსოვრელი.
 
საკუთარი ფილოსოფია
 
ნუგზარ ქსოვრელი განათლებითაც და მოწოდებითაც მეღვინეა. თბილისის აგრარული უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ასპირანტურაში ჩააბარა და  საქმიანობა განაგრძო მეხილეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში. ასპირანტურაში სამეცნიერო თემაზე მუშაობის პარალელურად, იმყოფებოდა გერმანიაში, ვაზის რქის სამეცნიერო ინსტიტუტში, სადაც თითქმის ორი წელი მუშაობდა ღვინის არომატულ ნივთიერებებზე და ფენოლებზე. მოგვიანებით მუშაობდა ავსტრიის ქალაქ კროსტენეიბურგში მეღვინის თანაშემწედ. აქვე სპეციალური გამოცდების ჩაბარების შემდეგ გახდა ავსტრიის სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის წევრი. სამშობლოში დაბრუნებისთანავე დაამთავრა ასპირანტურა, მაგრამ სადოქტორო დისერტაციის დაცვა დღემდე ვერ მოახერხა. თუმცა, დისერტაციისთვის დამუშავებული ახალი მეთოდი – „ულტრაბგერითი და დაბალი სიხშირის რხევების გამოყენება წითელი ღვინის ტექნოლოგიაში“ ლაბორატორიულად გამოცდილია და წელს მის დანერგვას წარმოებაშიც აპირებს.
ამჟამად „კორპორაცია ქინძმარაულის“ გენერალური დირექტორის მთავარი საზრუნავი საწარმოს ტერიტორიაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების ბოლომდე მიყვანაა. რეკონსტრუქცია მოიცავს უფრო მაღალი სტანდარტების ღვინის საცავის, ჩამოსასხმელი ხაზებისა და საწყობის მოწყობას. აქვე იქნება საფირმო მაღაზია და რესტორანი „კონჭოს ზაოდი“ – კახური ჭაჭის სახდელის სრული ატრიბუტიკით.
ყვარლის ცენტრში ოთხ ჰექტარზე არსებული ღვინის ქარხანა, უნივერსალური შესაძლებლობებით და 130 ჰექტარზე გაშენებული ვენახები სამომავლოდ კორპორაციას კიდევ უფრო საინტერესო ექსპერიმენტების გაგრძელების საშუალებას მისცემს. თუმცა, კორპორაციის ხელმძღვანელისთვის მთავარი არც დიდი ინდუსტრიული წარმადობის ქარხანაა და არც უზარმაზარ ფართობზე გაშენებული ვენახები. მისთვის მნიშვნელოვანია, ღვინო არ იქცეს რუტინული წარმოების პროდუქტად, რომელიც მხოლოდ მასობრივი მოხმარებისთვის იქნება გამიზნული. მართალია, კომერციულად მომგებიანი სწორედ მასობრივი მოხმარების ღვინოების წარმოებაა, მაგრამ ნუგზარ ქსოვრელის მიზანია, მისი ღვინო იყოს გამორჩეული, რომელიც ადამიანებს ჭეშმარიტებასთან აზიარებს. ამას თვითონვე გვპირდება და შეგვახსენებს, რომ ჭეშმარიტება ღვინოშია.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“


ეს არის ადამიანი, რომლის ცოდნაც და ნიჭიც ყველამ უნდა გამოიყენოს, მის სიტყვას უნდა ენდოს და დაიჯეროს, მითუმეტეს თუ ეს რჩევა დარიგება იქნება. ფანტასტიური ადამიანია, თავისი ლამაზი ოჯახით.მე ვამაყობ რომ ასეთი მასწავლებელი მყავდა, ახლა კი მეგობარიც მყავს მისი სახით.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული