Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მეღვინეობის პრობლემები გურიაში

ლევან სეფისკვერაძე

საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფით, გურია ჩვენი ქვეყნის ყველაზე პატარა რეგიონია როგორც ტერიტორიულად, ასევე მოსახლეობის რაოდენობით. ძნელი სათქმელია ეს სიმცირე არის თუ არა მიზეზი იმისა, რომ გურიის ყურძნის ჯიშებს და საერთოდ, გურულ მევენახეობა-მეღვინეობას დღეს ძალიან მცირე ყურადღება ეთმობა და ქალაქად მცხოვრები ღვინის მოყვარულთათვის გურული მეღვინეობა ფაქტობრივად მივიწყებული ეგზოტიკური კუნძულია, რომლითაც ღვინით დაინტერესებული ადამიანების გარდა გარდა, ქართული მედიაც კი იშვიათად ინტერესდება.

ადესა არსად წასულა

გურიაში მევენახეობა და მეღვინეობა დღეს მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. ფაქტობრივად ახლაღა იწყება ცნობილი და ხარისხიანი გურული ვაზის ჯიშების: ჩხავერის, საკმიელას, კამურის და სხვა... მოძიება-გადარჩენის პროცესი. ე.წ. გლეხური ღვინის ზოგადი ხარისხი საკმაოდ დაბალია და ჯერ ისევ მყარად ფესვგადგმულია ადესას ჯიშის კულტი, რომელიც გურიაში არსებული ვენახების უდიდეს ნაწილს მოიცავს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წელია, რაც ორიოდე ენთუზიასტი მეღვინის ძალიხმევით, გურიაში ჩხავერი თანდათან იხვეჭს პოპულარობას. თუმცა, ბევრი გურული მევენახე მაინც ეჭვის თვალით უყურებს დედაქალაქიდან ჩასულ ღვინით დაინტერესებულ იმ ადამიანებს, რომლებიც ადესის ჩხავერით ჩანაცვლების აუცილებლობაზე საუბრობენ. გურიაში ბევრი აღიარებს ჩხავერის და სხვა ხარისხიანი ჯიშების უპირატესობას, მაგრამ იგივე ადამიანები ხშირად ასევე ფიქრობენ, რომ ადესა ცუდია თუ კარგია, მათი კუთხის ტრადიციულ ჯიშად ჩამოყალიბდა და მისი ასე ხელაღებით მოშორება და გადაგდება არასწორი იქნება.

გურიაში თვით ის მეღვინეებიც, კი, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, მხოლოდ მცირე რაოდენობის ადესა მოჰყავდათ და ღვინისათვის უმეტესწილად ალადასტურს, ან გურულ ცოლიკოურს აყენებდნენ, მაინც ვერ გაექცნენ ადესის ”მოკრძალებულ ხიბლს” და როგორც თავად ამბობენ, ”ღვინისათვის კარგი სურნელის მისაცემად”, სხვა ჯიშის ყურძნისგან დაწურულ ღვინოებში მცირე რაოდენობის ადესას მაინც ურევენ. სხვათა შორის, ”ადესის კეთილსურნელების” შესახებ არამხოლოდ გურიაში საუბრობენ. მაგალითად: იმერეთში, სამტრედიის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ადგილობრივი გლეხები, ადესას ციცქაში და სხვა ჯიშის ყურძენშიც ურევენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ასეთი ღვინო უკეთესი გამოდის.

ჰიბრიდული ადესას ხარისხობრივი რაობის შესახებ საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას ის, რომ ერთი თვის წინ, როდესაც გურიის რთველში ყოფნა და ჩოხატაურის რაიონში რამოდენიმე ოჯახის მოვლა მოგვიწია, აღმოჩნდა, რომ გურულები ვენახს და ვაზის ჯიშებს სამ კატეგორიად ყოფენ. 1. ჩხავერის ვაზის ვენახი, რომლის მოსავალსაც როგორც წესი სასწრაფოდ ყიდიან (ჩხავერის ფასი გურიის ზოგიერთ სოფელში სამ ლარსაც კი აღემატება) ან იტოვებენ ოჯახში ცოტას და რელიგიური დღესასწაულებისათვის მცირე რაოდენობით წურავენ. 2. ადესა, რომელიც ყოველდღიური მოხმარებისათვის გამოიყენება და როგორც წესი ადესისაგან დაწურულ ღვინოს ოჯახის წევრები, ანდა შინაურები მიირთმევენ. 3. ცოლიკოური და ალადასტური, რომელთა საერთო რაოდენობა ადესასთან შედარებით, რა თქმა უნდა მცირეა, მაგრამ ვინც ამ ჯიშის ყურძნისაგან ღვინოს აყენებს, როგორც წესი, სტუმრებს სწორედ ამ ღვინით უმასპინძლდება. როგორც ჩოხატაურელმა დათო ხაბეიშვილმა გვითხრა, გურულები მთლიანობაში კარგად ხვდებიან, რომ საპატიო სტუმრისათვის ადესა ზედმეტად უბრალო და ”შინაურული” ღვინოა. მით უმეტეს თუკი სტუმრები ქალაქელები (ანუ კახურ ღვინოზე მიჩვეული ადამიანები) არიან.

აქაც რქაწითელი...

რაკი კახური ღვინო ვახსენეთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ კახური რქაწითელის ჯიშის ყურძენი შემოდგომის დასაწყისში პრაქტიკულად მთელს საქართველოში იყიდება ხოლმე, მათ შორის ერთ დროს ადგილობრივი მევენახეობით განთქმულ სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაშიც კი. დასავლეთ საქართველოში რქაწითელი თბილისის ფასებთან შედარებით რასაკვირველია ძვირია, თუმცა კახური ღვინის განსაკუთრებულობა იმდენად აღიარებული ფაქტია, რომ თუკი საამისო ფინანსური საშუალება აქვს, საკუთარი ვენახების მქონე ბევრი იმერელი თუ გურული გლეხი მაინც კახურ ყურძენს ყიდულობს და რქაწითელს ანიჭებს უპირატესობას.

ყოველი წლის ოქტომბერში ოზურგეთის ბაზარში ძალიან ბევრ ადგილობრივს ნახავთ, რომლებიც რქაწითელის შეძენას ესწრაფვიან. დასავლეთ საქართველოში, ვენახების სიმცირის გამო, ადგილობრივი ყურძენი კახურ ჯიშებთან შედარებით ძვირი ღირს და ისე გამოდის, რომ გურიაში მოყვანილი ყურძენი (მაგალითად ცოლიკოური) და კახეთიდან ჩატანილი რქაწითელი ოზურგეთის ბაზარში ფაქტობრივად ერთ ფასად, დაახლოებით 1.5 ლარად იყიდება.

”აქ ზოგიერთები ძალიან კი აქებენ ჩვენებურ ყურძენს, მარა აი რა ყურძენია...” – ამბობს ჩვენთან საუბარში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკისციხის მკვიდრი. ”სიტკბო ამას არა აქვს და არაფერი. ყურძენი იგია, კახელებს რომ ჩამოაქვთ. ტკბილიცაა, გემრიელიც და ღვინოც ასჯერ უკეთესი გამოდის. არაყი რომ არაყია, კახური ყურძნის ჭაჭის არაყიც კი უფრო კარგია, ვიდრე ჩვენებური”. ადგილობრივების ყურძნისადმი ასეთი დამოკიდებულების მიზეზი ბევრი რამ არის. უპირველეს ყოვლისა კი, ალბათ მაინც ის, რომ დასავლეთ საქართველოს ყურძნის ჯიშები, იქაური რთველი, ღვინო და საერთოდ – დასავლეთქართული მეღვინეობა საქართველოში დღეს მთელი რიგი მიზეზების გამო მივიწყებული დი შესაბამისად ნაკლებად პოპულარულია.

მაშინ, როდესაც კახური რთველი და კახური მევენახეობის პრობლემები მასმედიის სხვადასხვა საშუალებებით მეტ-ნაკლებად შუქდება, დასავლეთში არსებული სიტუაცია კვლავინებურად ბურუსითაა მოცული. ქართველი მეღვინეები აღიარებენ, რომ ლიხს იქით ლეჩხუმური უსახელოური, რაჭული ხვანჭკარა და გურული ჩხავერი რომ არ იყოს, ის დაინტერესებაც კი არ იქნებოდა, რაც დღეს არის. არადა, ზემოთჩამოთვლილი სამივე ღვინო მცირემოსავლიანი ყურძნის ჯიშებისგან მზადდება, რაც დასავლეთ საქართველოში წარმოებული ღვინის გაყიდვის მასშტაბებზე დადებით გავლენას ბუნებრივია ვერ მოახდენს.   

ოცნება გურულ მარნებზე

მცირემოსავლიანობა და მაღალი ხარისხი ჯიშის განსაკუთრებულობას რასაკვირველია ხაზს უსვამს და ეს მის ფასზეც აისახება, მაგრამ სამწუხარო რეალობაა ის, რომ რესტორნებიდან და ბაზრიდან დაწყებული და უბრალო გლეხებით დამთავრებული, თითქმის მთელი გურია მოვიარეთ და ვერ ვნახეთ ერთი გლეხიც კი, რომელიც ჩხავერის ღვინოს (თუნდაც უხარისხოს) ყიდდა. ანუ გამოდის ისე, რომ თუკი გურიაში ჩასულ, ვთქვათ უცხოელ ტურისტს საუკეთესო ადგილობრივი ღვინის გასინჯვა მოუნდა, ღვინოში რაც არ უნდა ბევრი ფულის გადამხდელი იყოს, ამ სურვილის ასრულებას მხოლოდ და მხოლოდ თბილისში, ბოთლში ჩამოსხმული ჩხავერის შეძენის შემდეგ შეძლებს. თვალნათლივ ჩანს, რომ ამ მხრივ კახეთში სიტუაცია ბევრად წინ არის წასული. კახეთში ერთმანეთის მიყოლებით იხსნება ღვინის შატოები, მარნები, ეწყობა ღვინის ტურები, იმართება სემინარები და სხვა... გურიასა და საერთოდ დასავლეთ საქართველოში კი მდგომარეობა სამწუხაროდ ბევრად უფრო ცუდია.

საქართველოში ხშირად მოჰყავთ სანიმუშო მაგალითად მეღვინეობით განთქმული ევროპის ქვეყნები და კონკრეტული რეგიონები. იმასაც ხშირად მოისმენთ, რომ ჩვენმა მეღვინეობამ სწორება ევროპაზე და ევროპულ გამოცდილებაზე უნდა გააკეთოს. ევროპული მაგალითები რასაკვირველია კარგია, მაგრამ ევროპამდე ძალიან შორი რომ არის, ეს გურიის მაგალითიდანაც ჩანს. ამ სტატიაზე მუშაობის დროს, როდესაც ჩოხატაურელმა გლეხებმა შეიტყვეს, რომ გურიაზე და გურიის მევენახეობა-მეღვინეობაში არსებულ პრობლემებზე სტატიის დაწერას ვაპირებდით, თითქმის ყველამ ერთი და იმავე რამის დაწერა გვთხოვა.

”კი ბატონო, გვჯერა რომ ჩხავერი კარგი ჯიშია და ვხვდებით, რომ ადესის ნაცვლად ეს უნდა გავაშენოთ, მაგრამ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, საამისო ფული როცა არ გვაქვს?! არ ვითხოვთ ვინმესგან ფულის ჩუქებას და მუქთად რამის მოცემას, მაგრამ თუკი სხვა რეგიონებში გლეხებს ტრაქტორებსაც ჩუქნიან, რთველის დროს ყურძენზე ფულსაც უმატებენ და შესაწამლ საშუალებებსაც კი აძლევენ, ჩვენ გადამთიელები ხომ არ ვართ?! ჩვენც მოგვაქციონ ყურადღება და ნახავთ, სულ რაღაც ხუთ წელიწადში ყველა ოჯახში ბლომად ჩხავერი თუ არ დაიწუროს...”. – ასეთი სიტყვებს თითქმის მთელს გურიაში მოისმენთ და არის თუ არა ამ ადამიანების თხოვნა სამართლიანი, ეს უმჯობესია მკითხველმა განსაჯოს.

დაბოლოს, გურიაში, სოფელ საყვავისტყეში ყოფნისას, ერთ-ერთ ადგილობრივ გლეხთან ზემოთნახსენებ თემაზე - გურიაში ჩხავერის ღვინის ვერშეძენის პრობლემაზე სრულიად შემთხვევით ჩამოვარდა საუბარი.პ რობლემებზე დაწყებული საუბარი საბოლო ჯამში მომავლის ოცნებებისაკენ წარიმართა, მომავლის, როდესაც ღვინის ევროპული მხარეების მსგავსად, გურიაშიც გაკეთდება ღვინის ოჯახური რესტორნები, აშენდება და მოეწყობა შატოები, მცირე მარნები, და სხვა... გურული გლეხი დაუფარავი ინტერესით გვისმენდა. ბოლოს კი, ჩაილაპარაკა: ”მაი ყოლიფერი ნამეტანი კაი და სანამ აქანე შატოა თუ რაცხაა – იგი მეეწყობა და წელში გევიმართებით, მანამდე ბაღნებს რაი ვაჭამო - მაი მითხარით!”. კი ვეტყოდით, მაგრამ რა გვეთქვა?!        

© ღვინის კლუბი/Weekend



ჩვენც კი მივდიოდით ევროპისკენ, მაგრამ მხარი გვექცა


ლევან, მაგარი ხარ, ძალიან კაგი სტატიაა და ობიექტური, და ძალიან სამწუხარო !


didi madloba zura

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული