Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნატალია სოროკინას დეგუსტაციები მოსკოვში

ქეთო ნინიძე

ღვინის პროფესიონალები საქართველოში ხშირად საუბრობენ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის, რუსეთში, ქართული ღვინის იმიჯის მოდიფიკაციის აუცილებლობაზე. მათი აზრით, მაღალი ხარისხის ქართული ღვინის პოპულარიზაციას რუსეთის ბაზარზე ხელს უშლის, მითები და სტერეოტიპები ქართული ღვინის როგორც გემოვნური, ასევე, მარკეტინგული პოტენციის შესახებ. ამ სტერეოტიპების გენეტიკა საბჭოთა მეღვინეობისა და ღვინის მოხმარების არცთუ ჯანსაღი გამოცდილებებიდან იღებს სათავეს. ერთ-ერთი ასეთი სტერეოტიპია, რომ რუსეთის ბაზარზე მოთხოვნადია მხოლოდ დაბალი საფასო კატეგორიის ქართული ღვინო. არსებობს ისეთი შეხედულებაც, თითქოს, ქართული ღვინის გემოვნური შესაძლებლობები, უმთავრესად, ნახევრადტკბილი ღვინოების არომატულ ჩარჩოებში მერყეობს. 

საინტერესო იქნებოდა ქართული ღვინის მომხმარებელთა ჩვევებისა და დამოკიდებულებების კვლევა რუსეთში, ასაკობრივი, სოციალური, ღირებულებრივი ასპექტებით. თუმცა, ამ ეტაპზე, შეგვიძლია, დავუშვათ ასეთი ჰიპოთეზა - მომხმარებელთა და ღვინის ექსპერტთა საკმაოდ დიდი ნაწილი ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში განიცდის ინფორმაციის დეფიციტს ქართული ღვინის ჯიშური მრავალფეროვნებისა და არომატული პოტენციალის შესახებ. ამ ფონზე განსაკუთრებით საინტერესო და დასაფასებელია ის აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში შედარებით უცნობი სტილისტიკის, მაღალი ხარისხის ქართული ღვინოების პოპულარიზაციას. 

სულ ახლახანს, 17-18 აპრილს, უკრაინის დედაქალაქში ჩატარდა მასშტაბური ღონისძიებების სერია, სახელწოდებით „ახალი საქართველო“, რომელიც უკრაინულ ბაზარზე ქართული ღვინის შესახებ ახალი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ისახავდა მიზნად. უკრაინელი პროფესიონალები და ღვინის იმპორტიორები ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ საქართველოს მეღვინეობის უახლეს გამოწვევებს. აუცილებლად უნდა მოვიხსენიოთ ქართული ღვინის გულშემატკივარი, დენის მარჩენკო, რომელიც ამ საქმეში უკვე დიდი ხანია აქტიურადაა ჩართული უკრაინაში და ენოლოგი ნუკრი ქურდაძე, რომელიც მოსკოვში, პროფესიონალთა წრისთვის, ჯერ კიდევ, 2013 წელს უძღვებოდა  მაღალი კლასის დეგუსტაციებს.  

16 აპრილს, სომელიესა და ღვინის ენთუზიასტის, ნატალია სოროკინას ინიციატივით, მოსკოვის ერთ-ერთ იტალიურ ბარ-რესტორანში -“Остерия Тоскана“ - ქართული ღვინის მორიგი დეგუსტაცია გაიმართა. დეგუსტაციას ესწრებოდნენ ღვინის გაყიდვების სფეროს წარმომადგენლები - ღვინით მოვაჭრე კომპანიების მენეჯერები, სომელიეები, ღვინის სკოლისა და ღვინის ელექტრონული ჟურნალის, "Дижестив“-ის წარმომადგენლები. ღონისძიების ორგანიზატორის, ნატალია სოროკინას თქმით, დეგუსტაციის მიზანი იყო, კიდევ ერთხელ ეჩვენებინა ქართული ღვინის „ნამდვილი სახე“, რომელსაც, მისი თქმით, ბაზრის სპეციალისტები რუსეთში ნაკლებად იცნობენ. როგორც სოროკინა აღნიშნავს, ქართულმა ღვინოებმა მოწვეულ პროფესიონალთა დიდი სიმპათიები დაიმსახურა და რაც მისთვის ყველაზე ღირებულია, მაღალი შეფასება მიიღო იმ პირებისგან, ვინც დიდი ხანია, რუსეთში ღვინის დეგუსტაციებსა და სხვადასხვა ღონისძიებებს თავად უწევენ ორგანიზებას. დეგუსტაციაზე, უმეტესად, წარმოდგენილი იყო, „ლაგვინარის“ ღვინოები - ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, ალადასტური, ოცხანური საფერე, გორული მწვანე და საფერავი. ასევე, დააგემოვნეს „Georgian Accent“-ის რქაწითელი 2012 და „მუკუზანის“ მუკუზანი 2011.

ნატალია სოროკინა დღესდღეობით მოსკოვის ერთ-ერთი ვინოთეკის კავისტად მუშაობს. ქართულ ღვინოსთან  მისი გზა 2013 წელს გადაიკვეთა და მისმა დაინტერესებამ იმდენად სერიოზული სახე მიიღო, რომ იმავე წელს სოროკინამ მიატოვა მოსკოვში, ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში  სტაბილური და კომფორტული სამუშაო და ღვინის სკოლაში დაიწყო სწავლა.  

სიმბოლურია, რომ ეს ღონისძიება 16 აპრილს ჩატარდა, ზუსტად ერთი წლის შემდეგ მისი პირველი მოსკოვური დეგუსტაციიდან. 2014 წლის გაზაფხულიდან დღემდე ნატალია სოროკინას პირადი ინიციატივითა და ძალისხმევით, მოსკოვში, პროფესიონალთათვის ქართული ღვინის 8 ასეთი დეგუსტაცია ჩატარდა, რომელთათვისაც ორგანიზატორი თავად ყიდულობს ხოლმე ღვინოებს. ეს ღონისძიებები დახურულია, არ გამოირჩევა ხალხმრავლობით, თუმცა, მისი სტრატეგია მიზანმიმართული და ხარისხზე ორიენტირებულია. დეგუსტაციები თემატურია, მაგალთად, 2014 წლის შემაჯამებელი ჭაშნიკის თემა იყო ქარვისფერები, სულ ახლახანს, 17 მარტს, კი ნახევრადტკბილი ღვინოები დააგემოვნეს. 

სოროკინასა და მისი სტაბილური პარტნიორების - თამილა ალექსეევასა და პაველ ალექსეევის (Winearound) გემოვნება ნატურალისტური ღვინოებისკენ იხრება. კომპანია Winearound დაკავებულია ევროპის მასშტაბით ნატურალისტური ღვინოების აღმოჩენითა და ამ ახალი სახეებისა და სახელების წარდგენით რუსეთში. ქართულმა ბუნებრივმა ღვინოებმა  მათში დიდი ინტერესი გამოიწვია და დღეს ისინი აქტიურად თანამშრომლობენ ნატალია სოროკინასთან ამ ღვინოების პოპულარიზაციის საქმეში. 

სოროკინასა და მისი მეგობრების უახლოეს გეგმებთან დაკავშირებული იდეები ევროპული და ქართული დისტილატი ნაყენების შედარებითი დეგუსტაციის გარშემო ტრიალებს. ის, აგრეთვე, აპირებს საქართველოში ვიზიტს ადგილობრივი ღვინოების უკეთ შესწავლისა და ღვინის მწარმოებლებთან კომუნიკაციის გაღრმავების მიზნით. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული