Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

8000 მოსავალი - საქართველოს ღვინის ბარების და მაღაზიების მეგზური (4)

8000 მოსავალი - ადგილი, სადაც ყველას ღვინო აერთიანებს

დღეს ღვინის კლუბი, თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო ღვინის მაღაზია-ბარში, 8000 მოსავალში გაგიწევთ მეგზურობას. ღვინის მოყვარულები უკვე იცნობენ ამ ადგილს, სადაც კარგი ქართული ღვინის - საოჯახო მარნების, საშუალო თუ დიდი კომპანიების ღვინოების უდიდესი არჩევანია.  მაღაზიაში ყველა ბოთლზე ნახავთ ნიშანს "8000 მოსავალი" - რომელიც დღეს უკვე ხარისხის ნიშანია. ღვინის ასორტიმენტთან ერთად ფასებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. მაღაზიის გახსნიდან დღემდე სტატისტიკა ასეთია: ღვინის 155 მომწოდებელი ჰყავთ, 600 მდე განსხვავებული დასახელების ღვინო აქვთ და დღეში საშუალოდ 100 ბოთლს ყიდიან.

8000 მოსავალი-ს დამფუძნებლების მიზანია რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაასინჯონ და შეაყვარონ კარგი ქართული ღვინო, პირველ რიგში ქართველ მომხმარებელს. სწორედ ამიტომ, წელიწადნახევრის წინ, ღვინის მაღაზია-ბარისთვის ადგილი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ურბანულ ნაწილში, საბურთალოზე, ს. ცინცაძის ქუჩაზე შეარჩიეს. დამფუძნებლების მხრიდან ეს საკმაოდ გაბედული ნაბიჯი იყო. მათ ყველა ურჩევდა ტურისტულ უბანში მაღაზიის გახსნას. მაგრამ 8000 მოსავალი-ს მესვეურებს კარგად ჰქონდათ გააზრებული რას აკეთებდნენ. ისინი თვლიან, რომ თუ პროდუქტი ქვეყანაში არ არის პოპულარული, შეუძლებელია ქვეყნის გარეთ გახდეს ცნობილი. აქცენტი კი ქართველ მომხმარებელში ბოთლის ღვინის პოპულარიზაციაზე კეთდებოდა.

ღვინის კლუბი 8000 მოსავალი-ს ერთ-ერთ დამფუძნებელს, ირაკლი ჩხაიძეს ესაუბრა.

ირაკლის გზა ღვინით ვაჭრობის ბიზნესამდე ასეთია: კარიერია სინერჯი ჯგუფში დაიწყო, ჯი პი სი-შიც მუშაობდა, შემდეგ კი გადაწყვიტა ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა (MBA) საზღვარგარეთ გაევლო. მაგრამ არ სურდა მხოლოდ ფინანსების მხრივ გაეღრმავებინა ცოდნა. ღვინო ყოველთვის აინტერესებდა და 2013 წელს ბოლონიის ბიზნეს სკოლაში ღვინისა და საკვების მაგისტრატურაში (MBA in Food and Wine) ჩააბარა.  ბოლონიაში სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მილანში, წყლის კომპანიაში მუშაობდა. მოსწონდა წყლის ბიზნესი. საქართველოში რომ დაბრუნდა, ისე მოხდა, რომ წყლის ნაცვლად, ღვინის სფეროში აღმოჩნდა, წელიწადნახევარი კომპანია "ხარებას" კომერციული დირექტორი იყო.

ბოლონიის უნივერსიტეტში სწავლისას ირაკლიმ მთელი იტალია მოიარა, იქაურ მეღვინეობებსაც გაეცნო, როგორც თვითონ ამბობს, სწორედ იტალიაში ყოფნისას ღვინომ მთელი არსებით მოიცვა.

ღვინის კლუბთან საუბარში ირაკლიმ გაიხსენა, რომ იტალიაში ყოფნის დროს, მან და მისმა მეგობარმა, თამარ ჯავახიშვილმა ანტინორის ექსპორტის დირექტორთან, სტეფანო ლეონესთან ინტერვიუ მოამზადეს, რომელიც vinoge.com-ზე გამოქვეყნდა - სტეფანო ლეონე: “დაიცავით თქვენი უნიკალური ტექნოლოგია, ისტორია და ტერუარი”. ანტინორის ოჯახი მეთოთხმეტე საუკუნიდან დღემდე უმაღლესი ხარისხის ღვინოს ამზადებს ტოსკანაში, იტალიაში. საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა, მნიშვნელოვანი აქცენტებით.

ირაკლის იტალიელები ლექციებზე ხშირად უყვებოდნენ, რომ იტალიური ღვინო მსოფლიოში მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც მე-20 საუკუნის 30-იან წლებში იტალიელები მასიურად წავიდნენ ემიგრაციაში, თითქმის მილიონი ადამიანი  საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. ის იტალიელი მეღვინეები კი, ვინც სამშობლოში დარჩნენ, პოულობდნენ ამერიკაში ნათესავებს და იტალიური ღვინის მაღაზიის გახსნას სთავაზობდნენ, თან ისე, რომ მაღაზიის ქირის, მომსახურე პერსონალის თუ სხვა ხარჯების დაფარვას თავად კისრულობდნენ, სანაცვლოდ კი მათი ღვინო უნდა გაეყიდათ, ღვინის მოგებას თვითონ დაიტოვებდნენ. ამის შემდეგ ამერიკაში ბევრი იტალიური ღვინის მაღაზია გაიხსნა. ირაკლის ჯგუფელი აღმოჩნდა სწორედ ერთი ასეთი მაღაზიის მფლობელის შვილიშვილი. ამ ოჯახს ბრუკლინში დღემდე აქვს ღვინის მაღაზია, რომელიც ნელ-ნელა გააფართოვეს, დაამატეს ყველი, პროშუტო და ახლა ცნობილები არიან. ირაკლიმ ჩვენთან საუბარში აღნიშნა: "აქ მთავარი იყო ის, რომ უცხო ქვეყანაში იტალიელი საუბრობდა იტალიურ ღვინოზე, დახლთან იტალიელი იდგა და იტალიურ ღვინოს ჰყიდდა. ამ დროს ღვინოს კარგად ნერგავ. ჩვენ ახლა ექსპორტზე ღვინოს ვუშვებთ, მაგრამ, მაგალითად ჩინეთში, ღვინის მაღაზიაში მინახავს "ჩილე", "არგენტინა", "საფრანგეთი"და ა.შ. წარწერებით სექციები, ქართულ ღვინოსთან კი "გრუზია" აწერია. არაფერი არ ასწავლეს ჩინელ ღვინით მოვაჭრეს და რა უნდა ილაპარაკოს? თუ გინდა, რომ ექსპორტი განვითარდეს, საცალო ღვინის მაღაზიები უნდა გაიხსნას სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც სწორედ ქართველ ემიგრანტებს დაასაქმებ, რომლებიც ქართულ ღვინოს ძალიან კარგად გაყიდიან. ემიგრაციაში როცა ცხოვრობს ადამიანი, სულ აქვს მოთხოვნილება, რომ ქვეყანასთან მუდმივი კავშირი ქონდეს. ვფიქრობ, ეს კარგი ხიდი იქნება სამშობლოს მოშორებულ ადამიანებსა და ჩვენ ქვეყანას შორის და ქართულ ღვინოსაც კარგად გაყიდის. თან ეს მარტო ღვინის მაღაზია კი არა, ტურისტული ცენტრიც გახდება. ღვინის ტურიზმი პიკზეა მთელ მსოფლიოში. ქართულ ღვინოს კი ისეთი მესიჯები აქვს -"ღვინის სამშობლო, 525 ჯიში, ქვევრის ტექნოლოგია, 8000 ათასწლიანი ისტორია", ამას რომ მოუყვები უცხოელს, აუცილებლად მოუნდება ჩავიდეს იმ ქვეყანაში, სადაც ღვინო დაიბადა".

ირაკლი ჩხაიძემ, ამ გამოცდილებით და იდეებით შთაგონებულმა გადაწყვიტა საკუთარი საქმე დაეწყო. მოძებნა თანამოაზრეები: პაპუნა ტურიაშვილი (სინერჯი ჯგუფის დამფუძნებელი), გიორგი კვირიკაძე (ქარელის ხილის დამფუძნებელი) და ლევან ზუროშვილი (ჯიპიაი ჰოლდინგის ფინანსური დირექტორი). წელიწად-ნახევრის წინ, ასე დაიწყო ღვინის მაღაზია-ბარის "8000 მოსავალი"-ს ისტორიაც.

ირაკლი: "შინაგანად ქართველს ღვინო უყვარს. დღეს ყველას უნდა ღვინის ბიზნესში ჩართვა, მაგრამ არ ფიქრობენ ღვინით ვაჭრობაზე. ქვეყანაში ძალიან ბევრი ღვინო რჩება. მე წარმოებაც მიზიდავდა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ვაჭრობა ის სფეროა, რომელიც ახლა ქართულ ღვინოს სჭირდება. არ არის დღეს საქართველოში კარგი მოვაჭრე, რომელიც ამ პატარა და დიდ მეღვინეებს დაეხმარება. ჩვენ ვთქვით, რომ ვაჭრები ჩვენ ვიქნებით."

8000 მოსავალში  ღვინოების შერჩევა წინასწარ, ბრმა დეგუსტაციების შედეგად ხდება. ყოველთვიურად დამოუკიდებელი ღვინის ექსპერტები და გამოცდილი მეღვინეები სინჯავენ ღვინოებს. თვეში 100 ღვინო გროვდება, აქედან ღვინოების გასინჯვის შემდეგ მაღაზიაში ხვდება დაახლოებით 35-40 %. დღეისათვის სულ 1600 ღვინო დააგემოვნეს და აქედან 550 შეარჩიეს. სამწუხაროდ, ბევრი ღვინო ხვდებათ ისეთი, რომელიც დაავადებულია, აქვს ზადი.

მაღაზიის ასეთ მიდგომას, წინასწარი შერჩევის ამ მიუკერძოებელ წესს ბევრი მწარმოებელი კარგად ხვდება, თუმცა უკმაყოფილებაც არის ხოლმე. ამის მიუხედავად 8000 მოსავალი პრინციპულია დეგუსტაციის შედეგების მიმართ. უმეტესობა დამწყები მეღვინეებისა ითვალისწინებენ შენიშვნებს, ცდილობენ გამოასწორონ. ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა დეგუსტაცია ვერ გაუვლია უკვე პოპულარულ ღვინოებსაც.

8000 მოსავალი-ს  ბარში ღვინო მაღაზიის ფასში იყიდება. ეს ხელმისაწვდომს ხდის კარგ ღვინოებს მომხმარებლისთვის, რადგან რესტორანში ბოთლის ღვინო ძალიან ძვირია, ხშირად ორმაგი და სამმაგი ფასი ადევს. "თუ მაღაზიაში შუხმანის ტვიში 11,20 ღირს, ბარშიც იგივე ფასი აქვს. მომსახურების საკომისიოს არ ვამატებთ. აქაც გვიწერია, "საკომისიო ჩვენთან არის ნოლი, თქვენ თავადვე შეაფასეთ პერსონალის როლი". პერსონალი თუ კარგად გემსახურება, თვითონ დაუტოვე, რაც ეკუთვნის. და ამით მომსახურე პერსონალიც მოტივირებულია" - გვითხრა ირაკლიმ.

ღვინის ბარის სტუმრები ღვინოს უფრო ხშირად ბოთლით ყიდულობენ. მაღაზიაში მუდმივად 15-20 სახეობის ღვინო აქვთ გახსნილი და არჩევაც აქედან არის შესაძლებელი. ჭიქა ღვინო 5 ლარი ღირს, მაგრამ თუ სამნი დასხდებით, ბოთლით 15 ლარად ძალიან კარგ ღვინოს დალევთ. ბარი ღვინოსთან  მისაყოლებლად სტუმრებს ლორის, ყველის, თევზის დაფებს სთავაზობს.

8000 მოსავალი გაყიდვების ტოპ ათეულში, სხვადასხვა ფასის ღვინოებს ასახელებს, პირველ ადგილზე 49 ლარიანი ღვინოა, მეორეზე 42 ლარიანი, მესამეზე 14 ლარიანი, მეოთხეზე 39 ლარიანი და ა. შ. მაღაზიაში  წარმატებით იყიდება როგორც დიდი კომპანიების, ისე მცირე  მეღვინეობების ღვინოები. თუმცა დღეს მცირე საოჯახო მარნების ღვინოები უკვე ხარისხთან ასოცირდება, და მოთხოვნა და ინტერესიც მეტია. პოპულარულია ჭოტიაშვილის, გავაზის, დორემის  ღვინოები და სხვა.

8000 მოსავალს სასიამოვნო სიახლე აქვს ღვინის მოყვარულებისთვის: შეგიძლიათ შეიძინოთ ღვინო და სპეციალურად შექმნილ მარანში შეინახოთ. მარანში ღვინის შენახვის სათანადო პირობებია - ტემპერატურა, ტენიანობა, განათება და ვიბრაცია საჭირო პარამეტრებით. 1 ბოთლი  ღვინის შენახვა წელიწადში 3 ლარი დაგიჯდებათ. გაყიდვებიც ახლახანს დაიწყეს, 60 ბოთლი უკვე მარანში ინახება. მომავალში ფიქრობენ ამ დაძველებული ღვინოების აუქციონის მოწყობას.

8000 მოსავალის ონლაინ მაღაზია აქტიურად მუშაობს და ის მომხმარებელი, რომელიც დადის მაღაზია-ბარში, შემდეგ უკვე საიტიდანაც უკვეთავს ღვინოს.

ირაკლის დაკვირვებით, ქართველი მომხმარებელი ძალიან გაიზარდა, 1 წლის წინ და ახლა, ძალიან დიდი სხვაობაა. ირაკლიმ ერთი ამბავიც გაიხსენა ამასთან დაკავშირებით. როცა მაღაზია  ახალი გახსნილი იყო, ერთი იმ უბნელი კაცი შესულა ვისკის საყიდლად და დიდად გაჰკვირვებია მხოლოდ ბოთლის ღვინოები რომ დახვდა. ამ უბანში დავიბადე-გავიზარდე და ბოთლის ღვინოს აქ ვინ იყიდისო უთქვამს. თუმცა ერთი ბოთლი მუკუზანი მაინც თან გაუყოლებია. მეორე დღეს ისევ მისულა მაღაზიაში, ღვინო ძალიან მოგვეწონაო და ისევ ერთი ბოთლი მუკუზანი უყიდია. მერე თეთრი ღვინოც გაასინჯეს და დღეს უკვე ეს ადამიანი ღვინის გემოში და არომატებში მშვენივრად ერკვევა. ასეთი მომხმარებული მაღაზიას უკვე 50 ყავს, რომლებიც დადიან, რომ გასინჯონ ახალ-ახალი ღვინოები. და მათი რიცხვი ყოველდღე მატულობს.

ღვინოში გარკვევა დღეს ითვლება ტრენდად, არა მარტო საქართველოში, ყველგან ასეა. მაღაზიას ყავს მუდმივი მომხმარებლები, 19-20, 30-40, 60-65 წლისანი. ღვინის შეძენა აქ 19-20 წლისებისთვისაც ხელმისაწვდომია, 1 ბოთლი შეუძლია 10 ლარად იყიდოს და დაჯდეს გოგოსთან ერთად ბარში. ძირითადი სეგმენტი მაინც 28-დან 45 წლამდე მომხმარებელია.

საქართველოში ბევრი ისეთი ადგილი არ არის, სადაც შეგიძლია მიხვიდე უცხო გარემოში და შენს ინტერესებზე ისაუბრო. 8000 მოსავალში ხშირად ტარდება ღვინის კლასები სხვადასხვა თემაზე, რაც ღვინის შესახებ ცოდნის და სამომხმარებლო კულტურის გაზრდას ემსახურება.

8000 მოსავალს ხშირად სტუმრობენ ჩამოსული თუ თბილისში მცხოვრები ფრანგები, ინგლისელები, იტალიელები, ამერიკელები, ბელგიელები, რუსები. უცხოელი მომხმარებელი უფრო მცოდნეა. ტურისტებისთვის უცხო ქალაქში ის ადგილები უფრო მიმზიდველია, რომელიც ტურისტულ ცენტრებში არ არის.

თუმცა მალე 8000 მოსავალი თბილისის ტურისტულ ნაწილშიც გამოჩნდება და  ქალაქს კიდევ ერთი ადგილი შეემატება, სადაც ხარისხიან ღვინოებს შესთავაზებენ სტუმრებს. ბევრი რისკის მიუხედავად, პარალელურად საზღვარგარეთზეც ფიქრობენ.

ირაკლი: "ჩვენ გვინდა ქვეყნის გარეთ გავიდეთ იგივე კონცეფციით, ვიცით რომ ძალიან რთულია, მაგრამ უნდა ვცადოთ. ისევე, როგორც ვცადეთ აქ ურბანულ ნაწილში, ამან გაამართლა და წარმატებულია. გვინდა დავიწყოთ ევროპით, რადგან თუ ქართული ღვინის მაღაზია ევროპაში იქნება წარმატებული, მერე ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება გაკეთდეს. ჩვენ არ ვუყურებთ ამ საქმეს როგორც ერთ მაღაზიას, არამედ  ვუყურებთ როგორც კომპანიას, რომელიც უნდა განვითარდეს  თავისი გუნდით. ახლა გვყავს ასორტიმენტის მენეჯერი, რომელიც პასუხისმგებელია ღვინოების შეგროვებაზე,  მარკეტინგის მენეჯერი, რომელიც ხალხის მოყვანაზე ზრუნავს და ქსელის განვითარების მენეჯერი, რომელიც ახალ გაყიდვების არხებზე ფიქრობს. ვცდილობთ მოვძებნოთ ის ადამიანები, რომლებიც ამ საქმით აინთებიან."

ინტერიერის დიზაინის გადაწყვეტაში მთავარი ამოცანა იყო ის, რომ ყველა ღვინის ეტიკეტი უნდა ყოფილიყო თვალსაჩინო. ბარის დამფუძნებლებმა ეს იდეა გაუზიარეს დიზაინერებს (კომპანია Space), რომლებმაც ძალიან სწრაფად და გონივრულად შექმნეს სივრცე, ერთგვარი მიწისზედა სარდაფი, ბეტონის კედლებით, ნათურებით, ჭერამდე ღვინის ბოთლებით სავსე თაროებით. ეს არის გახსნილი სივრცე, გახსნილი ურთიერთობებისთვის, აქ ვერ განმარტოვდები, როცა ბარი სავსეა, ხშირად ერთ მაგიდასთან შეიძლება უცხო ადამიანს მიუჯდე, ეს არის ურთიერთობა ადამიანებს შორის, რომლებსაც საერთო ინტერესები აქვთ, აქ ღვინო აერთიანებს.

მისამართი: თბილისი, სულხან ცინცაძის .26

ტელეფონი:+558 48 88 11

ელფოსტა: info@8000vintages.ge

ვებგვერდი: www.8000vintages.ge

ფეისბუკი: 8000 მოსავალი / 8000 Vintages

სამუშაო საათები: 11:00 - 01:00

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი 2017.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.