Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მეღვინეები ღვინის სამშობლოში

ვაზისა და ღვინის 33- მსოფლიო კონგრესი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა

ჯიმშერ რეხვიაშვილი
 
21 ივნისს თბილისში გაიხსნა და 25 ივნისამდე გასტანს ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესი, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად საქართველოს 100-მდე ქვეყნის 900-მდე დელეგატი ესტუმრა. ამავე დღეებში ასევე საქართველო მასპინძლობს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მერვე გენერალურ ასამბლეას. რა მიზნით შეიკრიბნენ თბილისში მეღვინეები მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან და რას მოელიან ქართველი მეღვინეები ვაზისა და ღვინის მსოფლიო კონგრესისგან?
თბილისი ვაზისა და ღვინის მსოფლიო კონგრესს მეორედ მასპინძლობს. პირველად მეღვინეები საქართველოს დედაქალაქში თითქმის ნახევარი საუკუნის წინ - 1962 წლის შემოდგომაზე - შეიკრიბნენ. მოვლენას ადგილობრივი, საკავშირო და მსოფლიო პრესა ვრცელი პუბლიკაციებით გამოეხმაურა. ითქვა, რომ კონგრესი საქართველოში - კულტურული მევენახეობის სამშობლოში - ჩატარდა.
1962 წელს გამართულ კონგრესში მონაწილეობდა პროფესორი ლევან ფრუიძე, - ავტორი წიგნისა „მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში“, - რომლის თქმითაც, კონგრესის გამართვის ადგილი შემთხვევით არ შერჩეულა:
“დამაჯერებელი საბუთი იმისა, რომ ქართველთა მიწაზე კულტურული მეღვინეობა-მევენახეობა არსებობდა, არის ქვემო ქართლში, შულავერში აღმოჩენილი წიპწები, რომელთა შესწავლის შედეგად დადგენილია, რომ კულტურული ვაზი (ჯიშობრივი ასორტიმენტით) საქართველოში ჩვ.წ. აღრიცხვამდე VI-V ათასწლეულში არსებობდა.“
ამ მეცნიერული ფაქტის გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ ვაზისა და ღვინის მსოფლიო კონგრესი, რომელსაც საქართველო მასპინძლობს, ტარდება დევიზით „შეეხე ისტორიას“. კონგრესის გახსნისას ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმაც განაცხადეს, რომ მოხარულნი არიან, ღვინის სამშობლოში რომ იმყოფებიან და აინტერესებთ როგორია ღვინის წარმოების ტრადიციული ტექნოლოგია საქართველოში. ამგვარი ინტერესის არსებობას ქართული მეღვინეობის გამარჯვებად მიიჩნევს კონგრესის მასპინძელი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, რომლის თქმითაც, ტრადიციული წესით ღვინის წარმოება და ქვევრში მისი შენახვა სპეციალისტების ცხოველ ინტერესს იწვევს.
„კონგრესისგან, შედეგის სახით, ველოდებით აგროტურიზმის განვითარებასა და მეტი ტურისტის ჩამოსვლას საქართველოში“, განაცხადა ბაკურ კვეზერელმა.
თუმცა კონგრესის ქართველ მონაწილეებს სხვა მოლოდინიც აქვთ. კომპანია „ბადაგონის“ გენერალური დირექტორი გიორგი სალაყაია იმედოვნებს, რომ კონგრესი ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას მთელ მსოფლიოში.
„ქართული მეღვინეობის უპირველესი პრობლემაა ცნობადობის ნაკლებობა, რაც პრობლემას გვიქმნის სხვადასხვა ბაზარზე, ანუ ქართული ღვინო ნაკლებადაა ცნობილი. არ იციან, რომ საქართველო არის ღვინის მწარმოებელი ქვეყანა, რომ არის ღვინის სამშობლო და ა.შ.... არ იციან, რომ გვაქვს უნიკალური ჯიშები - განსაკუთრებით, ჩვენი საფერავი, რომელიც პრაქტიკულად არ ჰგავს მსოფლიოში გარცელებულ არც ერთ ჯიშს. და როდესაც ეს ადამიანები საკუთარი თვალით ნახავენ და შეეხებიან ამ ყველაფერს, ძალიან დიდი ეფექტი ექნება საერთაშორისო ბაზარზე და ხელს შეგვიწყობს ყველას ერთად, ქართული ღვინის მწარმოებლებს“, უთხრა გიორგი სალაყაიამ რადიო თავისუფლებას.
ქართულ ღვინოს, ქართველი მეღვინეების გარდა, საქართველოს ხელისუფლებაც ქომაგობს. შემთხვევითი არაა, რომ ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესი პრეზიდენტმა სააკაშვილმა გახსნა:
„ქართული ღვინო არის არა მხოლოდ ისტორიული ფაქტი, არა მხოლოდ მუზეუმში გამოფენილი რამდენიმე ათასი წლის ქვევრები, არამედ ქართული ღვინო არის დღევანდელი რეალობა და ეს კონგრესი ასევე ემსახურება ჩვენი ღვინის პოპულარიზაციას. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა არის ახალი ინვესტიციების მოზიდვა, ძალიან ბევრი საინტერესო ინვესტორი გამოჩნდა, ის ხალხი, ვინც ახლებურად უყურებს საკითხს.“
მეღვინეობის განვითარებას ახლებურად უყურებს კომპანია „ბადაგონი“, რომლის დახმარებითაც, როგორც გიორგი სალაყაია ამბობს, ალავერდის მონასტერში ღვინის ტრადიციული წარმოება აღდგება.
პროგრამის შესაბამისად, ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესი 25 ივნისს დაიხურება. ქართველი მეღვინეები იმედოვნებენ, რომ, მეცნიერული ცოდნის შეძენასთან ერთად, ახალი ბაზრების ათვისებასაც შეძლებენ. ოფიციალური სტატისტიკით, 2009 წელს საქართველოდან 16 მილიონამდე ბოთლი ღვინო იქნა ექსპორტირებული.
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული