Home
ქართული | English
ოქტომბერი 2020
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

მულტიმედია

კომენტარები

"კახეთის მეღვინეთა გილდიის" პირველი დიდი ნაბიჯები

ნანა კობაიძე   

რამოდენიმე თვის წინ, 2014 წლის გაზაფხულზე საქართველოში არსებულ ღვინის ორგანიზაციებს კიდევ ერთი შეემატა. "კახეთის მეღვინეთა გილდიამ," რომელიც ღვინოზე შეყვარებულმა ადამიანებმა დააფუძნეს, ბინა რეგიონის ერთ-ერთ გამორჩეულ ქალაქში, თელავში დაიდო. გილდიაში ხუთი კომპანიაა გაერთიანებული: "თელავის ღვინის მარანი," "თელიანი ველი," "კახური," "ვინივერია" და კორპორაცია "ქინძმარაული." ორგანიზაცია არაკომერციულია და რა უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ალტრუისტული იდეებით არის შეპყრობილი, რაც თავის მხრივ, კეთილშობილურ მიზანს - ქართული ღვინის პოპულარიზაციას ემსახურება.

გზა ნაპადან თელავამდე

ეს ისტორია რამდენიმე წლის წინათ დაიწყო, როდესაც "თელავის ღვინის მარნის" დამფუძნებელმა, ზურაბ რამაზაშვილმა და კომპანია "კახურის" მფლობელმა, ზურაბ გოლეთიანმა ამერიკაში, ნაპას შტატში ყოფნისას Napa Valley Welcome Center ნახეს. ეს პატარა, კოხტა ოფისი აქ ჩამოსული უცხოელისთვის ნამდვილი გაჭირვების ტალკვესია. ნებისმიერ ტურისტს, რომელსაც ადგილობრივი "ღვინის გზის" პერიპეტიებში გარკვევა და სასურველი მარშრუტის შერჩევა, ასევე ღვინისა და სარესტორნო კულტურის შესახებ ინფორმაციის მიღება სურს, Napa Valley Welcome Center-ში მრავალფეროვანი შეთავაზება ელოდება. ამ ცენტრით მოხიბლულ ქართველ მეღვინეებს სურვილი გაუჩნდათ, მსგავსი რამ სამშობლოშიც გაეკეთებინათ, თუმცა ოცნებიდან რეალობამდე გზა არცთუ იოლი აღმოჩნდა. ორგანიზაცია, რომელიც კახეთის რეგიონში ღვინის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ფუნქციას შეასრულებდა და ქართული ღვინის პოპულარიზაციასაც გასწევდა, ერთი იდეით გაერთიანებულ თანამოაზრეებს საჭიროებდა. საბედნიეროდ, ასეთი ადამიანების მოძებნა არ გასჭირვებიათ. შეიკრა გუნდი, რომელმაც ეს კეთილშობილური და საპასუხისმგებლო მისია საკუთარ თავზე აიღო.

"გილდიაში შემავალი ხუთივე კომპანიის დამფუძნებელთა უმეტესობა მეღვინეები ვართ. ღვინოსაც თავად ვამზადებთ, მარკეტინგშიც ვმონაწილეობთ და ღვინის ტურიზმის მიმართულებითაც გვიმუშავია. ამ სფეროსთან დაკავშირებული ყველა სირთულე საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი. ერთ ენაზე ვსაუბრობთ და მხოლოდ ფინანსური ინტერესი არ გვამოძრავებს, ამიტომ ძალიან გვიადვილდება ურთიერთობა" - ამბობს ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზურაბ გოლეთიანი. თავად ბატონი ზურაბი ამ საქმეში წლების წინ ჩაერთო, როდესაც სრულიად ახალგაზრდამ წინანდლის ღვინის ქარხანაში დაიწყო მუშაობა. იმ პერიოდში ეს პრესტიჟული დაწესებულება იყო, სადაც საქართველოში ჩამოსული ყველა საპატიო სტუმარი ჩამოჰყავდათ, ასე რომ, ვიზიტორთა მიღება-გაცილება მისთვის უცხო არ ყოფილა, თუმცა ღვინის ტურიზმის შესახებ მაშინ ბევრი არაფერი იცოდნენ. ეს თემა აქტუალური 2000 წლის შემდეგ გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით თითქმის ყველა კომპანია მუშაობდა, არ არსებობდა ერთიანი სისტემა, სადაც სასურველ ინფორმაციას მოიძიებდი. გილდიამ პირველ რიგში სწორედ ამაზე იზრუნა - შეიქმნა ღვინის ტურიზმით დაკავებული კომპანიების მონაცემთა ბაზა, რითაც ამ სფეროში არსებული ვაკუუმი ერთგვარად ამოივსო. დღესდღეობით კახეთში ჩამოსულ სტუმარს მრავალფეროვანი არჩევანი ელის - არაერთი საინტერესო მარშრუტი, რაც მოკლე დროში რეგიონის მაქსიმალურად გაცნობის შესაძლებლობას იძლევა.

დამფუძნებლებმა საქმეში ტურისტული კომპანიებიც ჩართეს, რომელთაც სტუმრები კი ჩამოჰყავთ, მაგრამ ღვინის სექტორში სპეციალიზებულნი არ არიან, არც კონკრეტული რეგიონის სპეციფიკას იცნობენ. "კახეთის მეღვინეთა გილდია" ამ მიმართულებით ერთგვარი პროვაიდერის ფუნქციას შეასრულებს. მისი დამფუძნებლები მიიჩნევენ, რომ თანამშრომლობა ორივე მხარისთვის წარმატებული იქნება. 100-ზე მეტი ტური უკვე მოაწყვეს და იმედოვნებენ, ეს ციფრი უახლოეს მომავალში საგრძნობლად გაიზრდება.     

კახეთი – საქართველოს ბორდო

ტურიზმი ტურიზმად, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი მისია, რომლის განხორციელებასაც გილდია ისახავს მიზნად, ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ამ სფეროში მოსახლეობის განათლების დონის ამაღლებაა. ისინი კახეთის, როგორც ღვინის წამყვანი რეგიონის პოპულარიზაციასაც აპირებენ. "საფრანგეთს თუ შევადარებთ, კახეთი საქართველოს ბორდოა, შეიძლება ბურგუნდიაც დავარქვათ. სწორედ ეს უნდა გავაგებინოთ დანარჩენ მსოფლიოს" - ამბობს ორგანიზაციის  დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი.   E

გილდიამ ბინა თელავის ცენტრში, ერთ-ერთ ისტორიულ შენობაში დაიდო. XIX საუკუნის ნაგებობის სარდაფში ძველი მარანია განლაგებული. სამომავლოდ მის აღდგენას და სადეგუსტაციო დარბაზის მოწყობას აპირებენ. ამჟამად ცენტრში ღვინის გასინჯვის საშუალება არ არის, რადგან პატარა სივრცე უჭირავთ, მარანი კი ამის შესაძლებლობას იძლევა. ღვინის დისპენსერის დადგმასაც გეგმავენ, ასე რომ, ყველა, ვისაც სურვილი ექნება, გილდიის ოფისში მინიმალურ ფასად სხვადასხვა კომპანიის ღვინოთა დაჭაშნიკებას შეძლებს. ამ ეტაპზე მომხმარებელს სხვადასხვა კომპანიის ღვინის შეძენა შეუძლია. წარმოდგენილია როგორც გილდიის წევრი, ასევე სხვა კომპანიათა ღვინოები. მყიდველთა უმეტესობა უცხოელი ტურისტია, თუმცა შიგადაშიგ ქართველებიც გააყოლებენ ხელს – ძირითადად საჩუქრად, საკუთარი თავისთვის ბოთლის ღვინო არ "ემეტებათ." საბედნიეროდ, ისეთებიც გამოერევიან ხოლმე, ვისაც ბოთლის ღვინის გასინჯვა განათლების არეალის გაფართოებისთვის სურს, თუმცა მათი რიცხვი მცირეა. სწორედ ამ მიმართულებით აპირებს აქტიურ მუშაობას გილდია. ზურაბ გოლეთიანი: "გვინდა მოსახლეობაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში ღვინის ცნობადობა ავამაღლოთ. ამისათვის კვირაში ერთხელ 2-საათიან ლექციას გავმართავთ, რომელსაც 10-15 ახალგაზრდა დაესწრება. შევეცდებით ამ სფეროს ანა-ბანა ვასწავლოთ. მაგალითად, რა არის მშრალი ღვინო, რას წარმოადგენს ადგილწარმოშობა, მიკროზონა, ვაზის ჯიშები და ა.შ. კურსი ერთთვიანი იქნება. ამ დროში 10 ბავშვიც რომ გავანათლოთ, წლის ბოლოს რაღაც შედეგი გვექნება." პროექტი თელაველ ახალგაზრდებზეა გათვლილი, სრულიად უფასოა და კომერციულ მოგებას არ ითვალისწინებს, ისევე, როგორც ზოგადად გილდიის საქმიანობა. "ორგანიზაცია მოგების წყარო არცერთი ჩვენგანისთვის არ არის. ეს იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანების საჩუქარია მოსახლეობისთვის. ფაქტობრივად, ალტრუისტები ვართ" - ამბობს ზურაბ რამაზაშვილი. ხუთივე კომპანია ოფისისა და მისი თანამშრომლების შესანახად საწევროს იხდის, ის თანხა კი, რომელიც ცენტრს ღვინის გაყიდვებიდან შესდის, მისსავე განვითარებას ხმარდება. 

თელავინო 2014

მუშაობის პროცესში თელავში ფესტივალის ჩატარების იდეა წარმოიშვა, რომელიც ნახევრად პროფესიონალური უნდა ყოფილიყო. მსგავსი რამ ქალაქს არ ახსოვს. ღვინო ძირითადად მწვადთან და ზურნა-დუდუკთან კომბინაციაში იყო ხოლმე წარმოდგენილი, აქ კი სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ერთ სივრცეში თავმოყრილი სხვადასხვა ქართველი მწარმოებლის სასმელი პროფესიული ჭიქით დაეჭაშნიკებინათ.

სპეციალურად ფესტივალისთვის ცნობილი გერმანული ფირმის, Spigelau-ს ჭიქები შეიძინეს და ბილეთთან ერთად სიმბოლურ ფასად შესთავაზეს სტუმრებს. ჭიქა ფესტივალისა და გილდიის ლოგოთი იყო გაფორმებული და საკიდი მოჰყვებოდა. "თელავინო" 12 საათზე დაიწყო და 5 საათამდე გაგრძელდა. თელავის თეატრის ფოიეში 21 წამყვანი ქართული კომპანიის ღვინოები გამოიფინა. უამრავი სტუმარი ჩამოვიდა, რომელთაც დეგუსტაციასთან ერთად ქართული ფოლკლორული კოლექტივების გამოსვლაც ელოდათ. იყო ბევრი ღვინო, მუსიკა და დადებითი ემოციები. ერთი სიტყვით, დღესასწაული შედგა. ზურაბ რამაზაშვილი: "სამომავლოდ გვინდა ფესტივალში რაც შეიძლება მეტი კომპანია ჩაერთოს. ჩვენი სლოგანიც ასეთია – "დააგემოვნე, რომ შეიცნო ჭეშმარიტება!" წლევანდელი "თელავინო" ამ კონცეფციით წარიმართა და მომავალშიც ასე გაგრძელდება. გვინდა ღვინის დაგემოვნების კულტურა დავამკვიდროთ და არა უაზრო ქეიფის და თრობის. ღვინის დაჭაშნიკება ყველა ქართველმა უნდა იცოდეს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია".

სხვათა შორის, ეს კერძო სექტორის ინიციატივით გამართული პირველი ფესტივალია, რომელიც მონაწილე კომპანიებისთვის სრულიად უსასყიდლო აღმოჩნდა. როგორც წესი, მსგავსი ღონისძიებები ფასიანია – აქ კი ყველაფერზე გილდიის წარმომადგენლებმა იზრუნეს - ღვინის კომპანიებს ფირნიშებიც კი გამზადებული დახვდათ, რაც ორგანიზატორთა მხრიდან ორმაგად დასაფასებელია.

"თელავინო" მომავალ წელსაც გაიმართება, თუმცა შესაძლოა ფორმატიც მცირედ შეიცვალოს და ადგილმდებარეობაც - თელავის თეატრი ასეთი ფესტივალისთვის პატარაა, მით უმეტეს, თუ მონაწილეთა რაოდენობა გაიზრდება. შესაძლოა, ერთი, შედარებით მოკრძალებული ღონისძიება გაზაფხულზეც გამართონ, თუმცა ეს მომავლის გეგმებია, ამ ეტაპზე კი პირველი ფესტივალის შედეგებს აჯამებენ. სტარტი წარმატებული იყო, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი, მომავალი გვიჩვენებს. ვიმედოვნებთ, რომ სულ მალე "თელავინო" ტრადიციად იქცევა.

სამომავლოდ გილდიის დამფუძნებლებს სხვა გეგმებიც აქვთ - საქმიანობის არეალის გაფართოებას აპირებენ. უნდათ, უცხოელ კოლეგებს დაუკავშირდნენ -  საზღვარგარეთ მსგავსი ტიპის გაერთიანებები მრავლადაა. მიზანი ისევდაისევ ქართული ღვინის პოპულარიზაციაა. საქართველოს რაც შეეხება, კლუბის შექმნას გეგმავენ, რომლის წევრები ახალ ღვინოთა შეძენას მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეძლებენ, ყოველთვის იქნებიან ინფორმირებულნი გილდიის ეგიდით გამართული ღონისძიებების შესახებ და სიახლეებსაც პირველები შეიტყობენ. მათი მიზანია გააერთიანონ ადამიანები, რომელთაც ღვინის არსი აინტერესებთ და მზად არიან, მათთან ერთად გაიზიარონ ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება, რომელიც, როგორც ძველი რომაელები ამბობდნენ, ღვინოშია.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.