Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კარგ ღვინოს კარგი მყიდველი სჭირდება!

ანუ, ვინ არიან ადამიანები, რომლებსაც ღვინოში ფულის გადახდა არ ენანებათ

ლევან სეფისკვერაძე

ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ მეღვინემ რამდენად კარგი ღვინოც არ უნდა დააყენოს, თუკი ღვინის პოტენციური დამფასებელი და მყიდველი არ ეყოლება, უბრალოდ ყოველგვარ აზრს დაკარგავდა მეღვინეობაცა და ღვინის ბიზნესიც. არცთუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც კარგი ღვინო მხოლოდ იმიტომ არ დაფასებულა, რომ ღვინის ავტორებმა, ანდა ღვინით მოვაჭრეებმა პროდუქტის მყიდველამდე სათანადოდ მიწოდება და საჭირო პოპულარიზაცია ვერ მოახერხეს. ცუდი გამყიდველი კი ხშირად ცუდ მეღვინეზე უარესია.

“კაცს ღვინის შეფასება უნდა შეეძლოს”

ამ სტატიაში არ ვაპირებთ ცუდ გამყიდველებზე და მით უმეტეს ცუდ მეღვინეებზე ვისაუბროთ. ავსაც და კარგსაც, ღვინის მოყვარულები ისედაც მშვენივრად ხედავენ. ჩვენ უფრო მეტად იმ ადამიანებით დავინტერესდით, რომლებიც ღვინის მაღაზიების ხშირი სტუმრები არიან და საკუთარი ფინანსური შემოსავლის გარკვეული ნაწილის ღვინოში გადახდა არ ენანებათ. ალბათ, სწორედ ასეთ ადამიანებზე დგას მთელს მსოფლიოში ღვინის ბიზნესი და იმედია ასე იქნება საქართველოშიც. ჩვენში ხომ სულ ახლახანს დაბრუნდა ბოთლის ღვინის შეძენი კულტურა და არც ისე დიდი დროა, რაც გავიხსენეთ, რომ მაღაზიებში გასაყიდად დადებული ბოთლის ღვინო უცხოელი მეგობრებისათვის ჩუქების გარდა, ჩვენც შეგვიძლია დავლიოთ.

ირაკლი ხიზანიშვილი, 31 წლის:“ღვინო მგონი ყველა ქართველს უყვარს და არც მე ვარ გამონაკლისი. მაგრამ, სამწუხარო რეალობაა, რომ ხშირად არა გვაქვს კარგი ღვინის შესაძენი ფული. მაგალითად მე და ჩემს მეგობრებს სტუდენტობის დროს, ისეთი საშინელებები დაგვილევია, ახლაც მიკვირს, აქამდე როგორ შევძელი და როგორ არ შემძულდა ნებისმიერი სასმელი. ბოლო დროს, მეგობრებთან ერთად, ხშირად ვსტუმრობ ღვინის მაღაზია “ვინოთეკას” და მინდა გითხრათ, რომ ყოველ შესვლაზე სულ სხვადასხვა ღვინოებს ვყიდულობთ. ეს ჩვენთვის ერთგვარი დეგუსტაციაც არის და ღვინოში გარკვევასაც ამ გზით ვცდილობთ. როდესაც ხელში ფული ჩაგვივარდება, ეგრევე ღვინის შერჩევაზე ვიწყებთ ფიქრს და მინდა ვთქვა, რომ ქართული კომპანიების წარმოებული ღვინოების უმეტესობა ძალიან მომწონს. მომავალშიც ვაპირებთ ასე გაგრძელებას. ჩემი აზრით, კაცს ღვინის ელემენტარული შეფასება ნამდვილად უნდა შეეძლოს.”

ირაკლი ხიზანიშვილი იმაშიც გამოგვიტყდა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ხშირად მაინც უწევს ცუდი ღვინოების დალევა და ეს როგორც წესი ახლობლების წვეულებებზე ხდება. თუმცა, ირაკლი ხიზანიშვილი ერთადერთი თბილისელი ნამდვილად არ არის, რომელიც ამტკიცებს, რომ  ბოლო დროს ბოთლის ღვინის დამფასებელთა რაოდენობა აშკარად იზრდება, რამაც ერთგვარი სასიხარულო ტენდენციის სახეც კი მიიღო.

ტკბილი ღვინის მოტრფიალე სლავები

თბილისში მდებარე ღვინის რესტორან-მაღაზია “ღვინის სამყაროში” გვითხრეს, რომ ღვინოებს, ისევე როგორც ორი და სამი წლის წინ, ახლაც ძირითადად უცხელები ყიდულობენ. თუმცა, ბოლო დროს, ღვინით დაინტერესებული ქართველი ახალგაზრდების რიცხვმაც იმატა. უცხოელები ტრადიციულად წითელ ტკბილ და წითელ მშრალ ღვინოებს ანიჭებენ უპირატესობას. ქართველები კი თეთრ მშრალ კახურ და კლასიკურად დაყენებულ თეთრ ღვინოებს ეტანებიან. როგორც აღმოჩნდა, მყიდველთა შორის, ქალების არჩევანი ძირითადად ხვანჭკარაზე და საფერავზე ჩერდება. ეს ეხება როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ქალბატონებს. ხანში შესული ქართველი მამაკაცები კი ყველაზე ხშირად ქვევრის თეთრ მშრალ ღვინოებს ითხოვენ და ღვინის ხარისხით უკმაყოფილოები როგორც წესი სწორედ ისინი არიან ხოლმე.

როგორც ღვინის კლუბის წევრი, რეჟისორი ლევან კიტია ამბობს, “ჯერ კიდევ ნახევრად ტკბილი ღვინის ხიბლში არიან” და მათთვის საუკეთესო ქართულ ღვინოდ სწორედ ასეთი ტიპის ღვინოები ითვლება.

ლევან კიტია, რეჟისორი, ღვინის კლუბი წევრი:“ამასწინათ ერთ-ერთ რუსულ ტელეარხზე ვუსმინე რუს “ღვინის ექსპერტს”, რომელიც სრული თავდაჯერებულობით ამტკიცებდა, რომ მხოლოდ ნახევრადტკბილი ქართული ღვინოა საინტერესო და მშრალი ქართული ღვინოები თითქოს ტიპიური არ არის. მე რუსებთან დღემდე საკმაოდ ბევრი შეხება მაქვს და ვიცი რომ იმ კაცის მსგავსად ბევრი რუსი ფიქრობს. ფაქტია, რომ სლავების უმეტესობა დღემდე “ტკბილი ღვინის ხიბლში” არიან. რაკი უყვართ ეს ნახვერადტკბილი ღვინო, ჩვენც უნდა შევათავაზიოთ ის რაც სურთ!

ისე კი, ბოლო დროს საკმაოდ კარგ ტენდენციებს ვხედავ ქართული ღვინის ბაზარზე და მინდა თქვენც გაგიზიაროთ. ღვინის მაღაზიებში შესულს ხშირად მინახავს ადამიანები როგორ ყიდულობენ მხოლოდ ერთ ბოთლ ღვინოს. ჩანს რომ, ამ ხალხს ღვინო დასათრობად კი არა, სიამოვნების მისაღებ საშუალებად მიაჩნიათ და მე ამას მივესალმები. ასევე, ღვინის მაღაზიებში ისიც მინახავს, როგორ ურეკავს ახალგაზრდა ბიჭი ტელეფონზე მეგობარს და როგორ მსჯელობენ რომელი ღვინოა უკეთესი და რომელი წლის მოსავალი ჯობია. ამ ადამიანებს რომ ვუყურებ, მომავლის იმედები მიჩნდება.”

საფერავი და სვანი ბავშვები

ე.წ. მშრალი ხიდის ქვეშ მდებარე ღვინის სარდაფ “ძველი ხიდში” ბოთლის ღვინის გარდა, ჩამოსასხმელი ღვინოც იყიდება. ქართველ ღვინის მოყვარულებში ეს საკმაოდ ცნობილი მაღაზიაა და ბევრ თბილისელს აქვს აქ ღვინო ნაყიდი. ჩვენ მშრალ ხიდთან და ასევე ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ღვინის მაღაზია “ვინოთეკასთან” ერთგვარი ექსპერიმენტი ჩავატარეთ. დაახლოებით საათნახევრის მანძილზე ვაკვირდებოდით ამ მაღაზიებიდან გამოსულ ღვინის ბოთლებით ხელდამშვენებულ ადამიანებს.

როგორც აღმოჩნდა, ამ დროის მანძილზე მაღაზიებში ღვინო სულ 13-მა ადამიანმა იყიდა. მათ შორის 3 უცხოელი იყო. მომხმარებლებიდან ოთხმა მათგანმა ერთი-ერთი დიდი ქართული ღვინის კომპანიის მიერ წარმოებული რეზერვუარული მეთოდით დაყენებული “რქაწითელი” იყიდა. ეს არჩევენი სავარაუდოდ მაღაზიის გამყიდველთა რჩევებით იყო განპირობებული. ხუთმა ადამიანმა უპირატესობა წითელ ტკბილ ღვინოებს მიანიჭა (მათგან ორი უცხოელი იყო). გაიყიდა ორი ბოთლი სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული ცქრიალა ღვინო და მხოლოდ ერთმა ადამიანმა იყიდა, ერთ-ერთი მცირე მარნის მიერ წარმოებული ქისი.

ჩვენს მიერ გამოკითხული ღვინის მოყვარულების უმეტესობა, ღვინის ფასის სიძვირეს უსვამდა ხაზს. აღმოჩნდნენ ისეთები, რომლებიც უცხოური წარმოების ღვინოებს ეძებდნენ და თბილისურ ღვინის მაღაზიებში უცხოური ღვინის არჩევანის სიმწირე არ მოსწონდათ. ერთმა ქალბატონმა კი საერთოდ ყველა ღვინოს “გადაუსვა ხაზი” და განგვიცხადა, რომ მისი აზრით, “კარგი ღვინოები მხოლოდ ადრე მზადდებოდა. ახლა კი, ღვინის ნაცვლად ბოთლში ფეკალური მასები ასხია”.

როგორც ჩვენი მცირეხნიანი დაკვირვებიდან გაირკვა, ღვინით დაინტერესებული ადამიანები, საზოგადოების თითქმის ყველა ფენასა და კატეგორიას განეკუუთვნებიან. ერთ-ერთ ღვინის მაღაზიაში სკოლიდან გამოსული ბავშვების ჯგუფიც კი ვნახეთ, რომლებიც დიდი ინტერესით ისმენდნენ მაღაზიის მენეჯერის განმარტებებს, ქართული ღვინის მიკროზონებთან დაკავშირებით. როგორც აღმოჩნდა, ბავშვების ინტერესი მათ შორის დადებულმა სახალისო სანაძლეომ განაპირობა.   

საბა კოპალიანი, 9 წლის: “ჩემს კლასელს კომპიუტერის ახალ ყურსაცვამებზე დავენაძლევე, რომ სვანეთში ყურძენი არ ხარობს. თვითონაც სვანია და მიმტკიცებდა, სვანეთში საფერავი გვაქვს ეზოშიო. ახლა მაღაზიაში გვითხრეს, რომ სვანეთში საფერავი ვერ ხარობს...”

ლაშა დადვანი, 9 წლის: “სანაძლეო საბამ კი არა, მე მოვიგე! ამ კაცმა ისიც თქვა – ზამთარში ვაზს ნაჭრებით თუ შეფუთავენ, შეიძლება გაიხაროსო. ჰოდა, გამოდის რომ ვაზს სვანეთშიც შეძლებია გახარება”

ბავშვები ღვინის მაღაზიიდან გასვლის შემდეგაც აგრძელებდნენ ცხარე კამათს სვანეთში ვაზის გახარების შესაძლებლობების შესახებ...

ღვინის ფასი იზრდება

ნიშანდობლივი მომენტია, რომ როგორც ღვინის მაღაზიების მეპატრონეები და გამყიდველები ამბობენ, ბოლო პერიოდში ე.წ. ჩამოსასხმელ ღვინოს ძალიან შემცირებია კლიენტურა. ამის მიზეზი მათი აზრით პირველ რიგში ღვინის ფასის ოდნავი გაძვირებაა. გარდა ამისა, თბილისში წლიდან-წლამდე უფრო და უფრო ბევრი ადამიანი წურავს ყურძენს ოჯახურ პირობებში, რაც ღვინის კომპანიების მიერ წარმოებული ღვინის საერთო მოხმარების მასშტაბებს რა თქმა უნდა ამცირებს.

ალეკო კანდელაკი, ყოფილი ჟურნალისტი: “დღეს საღამოს მეგობრის დაბადების დღეა და მინდა რამდენიმე ბოთლი ღვინო ვაჩუქო. ბოთლის ღვინოს საერთოდ იშვიათად ვყიდულობ, თუმცა თუ ფული და შემთხვევა ჩამივარდება, სიამოვნებით ვსინჯავ კარგ ღვინოებს. ახლა არჩევანი “თელიანი ველისა” და კომპანია “ვინივერიას” თეთრ ღვინოებზე გავაკეთე. იმედია ჩემს მეგობარს მოეწონება საჩუქარი. ორი ბოთლი საფერავის ყიდვაც მინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ თანხა აღარ მეყო. ღვინის კომპანიები კარგს იზამენ ფასებს ცოტათი მაინც თუ დაწევენ. მესმის, რომ ღვინის დაყენება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ბევრი შრომაც სჭირდება, მაგრამ სამწუხაროდ ყველას არა აქვს კარგი ღვინის შეძენის საშუალება.”

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ შარშანდელთან შედარებით, ცალკეულმა ღვინის კომპანიებმა პროდუქცია ნამდვილად გააძვირეს. მართალია ეს გაძვირება 2-3 ლარზე მეტით არ მომხდარა, მაგრამ როგორც მწარმოებლები და ღვინით მოვაჭრეები განმარტავენ, ღვინის ფასის მომატება ბუნებრივი პროცესია და ინფლაციური პროცესების თანმდევი მოვლენაა. ქართული ეროვნული ვალუტა – ლარი სამწუხაროდ უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც კარგავს მსყიდველუნარიანობას, რაც ღვინისა და ზოგადად საკვები პროდუქტების ფასების ზრდაზეც აისახება.

© ღვინის კლუბი/Weekend



ბოთლი ღვინო 25 ლარი და ზევით რამდენი უნდა იყიდო 6-7 კაციან სუფრაზე? ღვინის რესტორნების ფასები ხომ საერთოდ - 40 ლარი, 60 ლარი...

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული