Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დიდი ჩავარდნის შემდეგ 50%-იანი მატება ბევრს არაფერს ნიშნავს

ღვინის ექსპორტმა მოიმატა, მაგრამ კომპანიები მდგომარეობას დადებითად მაინც არ აფასებენ

მარი ჩიტაია
 
ქართული ღვინის ექსპორტი მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს. ამ ეტაპისთვის არსებული მონაცემები საიმედოდ გამოიყურება. პროდუქციის მწარმოებლები აცხადებენ, რომ შარშანდელთან შედარებით, წლეულს პროდუქციის რეალიზაცია საგარეო ბაზრებზე გაცილებით წარმატებულია. მართალია, რუსული ემბარგოს უარყოფითი გავლენა ჯერაც შეიმჩნევა, მაგრამ ალტერნატიული ბაზრების მოძიების მცდელობა პროდუქციის ქართველი მწარმოებლებისთვის არცთუ უშედეგოა. მათი ინფორმაციით, ყველაზე კარგად ჩვენი ნაწარმი კვლავ პოსტსაბჭოურ ქვეყნებში იყიდება.
არსებული სტატისტიკის თანახმად, ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთის ემბარგომდე - 2006 წელს 60 მილიონ ბოთლს შეადგენდა, შარშან კი ექსპორტმა 16 მილიონი ბოთლი შეადგინა. 2010 წლის შვიდ თვეში საქართველოდან 7 მლნ 823 ათას 595 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2009 წლის შვიდ თვეში ქვყნიდან საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნებში 5 მლნ 255 ათას 609 ბოთლი ღვინო იქნა გადაზიდული.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა ცალკეული კომპანიების დიდი ძალისხმევის შედეგი უფროა, ვიდრე ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების წარმატების.
ქართველ მეღვინეებს საგარეო ბაზრებზე არაერთგვაროვანი პოზიცია უჭირავთ. შესაბამისად, სხვადასხვა კომპანიებში არსებული მდგომარეობა ერთმანეთისგან განსხვავებულია. ზოგიერთი მათგანი ბოლო პერიოდში ღვინის ექსპორტის გაუმჯობესებულ ვითარებაზე საუბრობს. ზოგიც, პირიქით, ამბობს, რომ მდგომარეობა, შარშანდელთან შედარებით, არსებითად არ შეცვლილა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტიორი ქვეყნებიდან ლიდერობას ისევ უკრაინა ინარჩუნებს, სადაც იანვარ-ივლისში 4 მლნ 16 ათას 341 ბოთლი ქართული ღვინო გაიყიდა. ქართული ღვინის აქტიური მომხმარებელია ასევე ყახაზეთიც, სადაც შვიდ თვეში 1 მლნ 162 ათას 480 ბოთლი ღვინოა გადაზიდული. ბელორუსიაში კი წელს 623 ათას 699 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო პოლონეთში 402 ათას 124 ბოთლი ღვინოა გატანილი.
სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, ქართული კომპანიებიდან ექსპორტზე ყველაზე დიდი რაოდენობით სასმელი "თბილღვინომ" გაიტანა, რომელმაც იანვარ-ივლისში უცხეთში 1 მლნ 231 ათას 380 ბოთლი ღვინის ექსპორტი განახორციელა. უცხოეთის ბაზარზე აქტიურად იმუშავა და ექსპორტის მიხედვით მეორე ადგილზეა "ტიფლისკი ვინნი პოგრებ", რომელმაც უცხოეთის ბაზრებზე 829 ათას 600 ბოთლი ღვონო გადაზიდა.
რაც შეეხება ახალ ბაზრებს, ქართველი მეღვინეების ინფორმაციით, ასეთია კორეა, კანადა, ყაზახეთი და სხვა, სადაც ქართული ნაწარმი იგზავნება.
გავრცელებული ინფორმაციით, წლის ბოლომდე ქართული ღვინო გაიყიდება ნორვეგიაშიც. 2008 წელთან შედარებით, გასულ წელს ღვინის ექსპორტმა კლება განიცადა ამერიკაში. 2 წლის წინ აშშ-ში 460 690 ბოთლი ქართული ღვინო გავიდა, 2009 წელს კი იქ ექსპორტირებული ქართული ღვინის რაოდენობამ 369 832 ბოთლი შეადგინა. ღვინის ექსპორტი შემცირდა ლატვიაშიც, სადაც შარშან 11 თვის განმავლობაში 813 089 ბოთლი ღვინო გავიდა, წლეულს მხოლოდ 348 974 ბოთლი.
საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია "საქართველოს ღვინოებისთვის" 2009 წელს ძნელი აღმოჩნდა. კომპანიას გაყიდვები, ფაქტობრივად, ჩაუვარდა. კომპანიის ნაწარმის ძირითადი მყიდველია უკრაინა. "საქართველოს ღვინოების" პროდუქცია ექსპორტზე ასევე იგზავნება გერმანიაში, ყაზახეთში, ამერიკაში, ბოლო დროს კორეასა და კანადაში.
შარშან კომპანიამ მხოლოდ 130-140 ათას ბოთლამდე ღვინის გატანა მოახერხა. ეს იყო "საქართველოს ღვინოების" საქმიანობაში პირველი ცუდი წელი, მას შემდეგ რუსული ემბარგო ამოქმედდა.
"2009 წელთან შედარებით, 2010 წელს უკეთესი ვითარება შეიმჩნევა, აშკარად გაუმჯობესებულია. ვფიქრობ, კრიზისმა თავისი სათქმელი თქვა და სიძნელეები უკან ჩამოვიტოვეთ. ქართული ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით, არის გარკვეული სიახლეებიც. გვაქვს ახალი ბაზრები. ასეთია კორეა, სადაც გარკვეული რაოდენობით შევიტანეთ ჩვენი ნაწარმი.
ამ ქვეყანაში ჩვენ ჯერჯერობით ერთი კონტეინერი გავუშვით. შედეგზე საუბარი ჯერ ძალიან ნაადრევია. წელიწადნახევრის შემდეგ შევძლებთ ამაზე საუბარს. დადებითი შედეგის მისაღწევად საჭიროა დრო, რეკლამა, სწორი გათვლა და ა.შ. ძალიან დიდი ძალისხმევა იქნება გასაწევი იმისთვის, რომ ქართული ღვინოს რეალიზაცია წარმატებით განხორციელდეს საგარეო ბაზრებზე, როგორც ეს რუსეთში, ქართული პროდუქციისთვის ემბარგოს გამოცხადებამდე ხდებოდა.
ძალიან ძნელი სავარაუდოა, როგორ განვითარდება მდგომარეობა გაისად. საკვები პროდუქტების გაძვირების ტენდენცია იმდენად სწრაფი ტემპით ხასიათდება, რომ ერთგვარიო შიშიც მიპყრობს, რომ ქართველმა კაცმა გაისად ღვინის დალევაც ვერ შეძლოს", - ამბობს მამუკა გვალია, "საქართველოს ღვინოების" დირექტორი.
"თელიანი ველი" ახალი ბაზრების ათვისებას ინდოეთის, სინგაპურისა და ჰონგ-კონგის მიმართულებით აპირებს. გაყიდვების მიხედვით, კომპანიას ქართულ ბაზარზე 45% უჭირავს. ამასთან, ექსპორტს ახორციელებს 25-ზე მეტ ქვეყანაში: ბელორუსი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ფინეთი, ამერიკა, სინგაპური, თურქეთი და სხვა ქვეყნები.
"ქართული ღვინის რეალიზაციის თვალსაზრისით, ბაზარზე წარმატებებია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებში, თითო-ოროლას გარდა, კარგი მდგომარეობა იყოს. გარკვეული ზრდა ჩვენი პროდუქციის გაყიდვებზეც აისახა, მაგრამ ეს არის უმნიშვნელო. ფაქტია, რომ 2010 სჯობია 2009 წელს, მაგრამ კომპანიაში იდეალური სიტუაცია ჯერაც არ გვაქვს, კვლავ მრავალი პრობლემა რჩება დასაძლევი", - ამბობს ვანო ნოზაძე, "სამეფო ხარისხი 2009"-ს დირექტორი.
 
© რეზონანსი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული