Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მეტყველი სასმისები

გიორგი ბარისაშვილი

 ქართული სუფრა ღვინის სასმისთა დახვეწილი ფორმებითა და მრავალფეროვნებით ყოველ დროში გამოირჩეოდა. ეს გარემოება ბევრს ფაქტორს ეფუძნება, რომელთა სათავეში, რა თქმა უდან ღვინო დგას. თუმცა, სასმისთა დიდი მრავალფეროვნების მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში ძველთაგანვე ღვინის სასმისის ერთი საერთო ფორმა ჩამოყალიბდა, რომელიც კლასიკურ ფორმად უდნა ჩაითვალოს. ესაა თასი, რომელიც მზადდება: თიხის, ოქრო-ვერცხლის, სპილენძისა და იშვიათად ხისგანაც. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის ღვინის სასმისები უძველესი არქეოლოგიური ნიმუშებისაგან თითქმის არ განსხვავდება და მათი ესეოდენი მსგავსება გაოცებას იწვევს. საინტერესოა ისიც, თუ რამ განაპირობა ათეულ საუკუნეთა დაშორებულ ამგვარი სასმისების ასეთი მსგავსება? აღსანიშნავია, რომ ქართული მეთუნეობის ასაკი ჩვენი ქვეყნის მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიის მსგავსად 8000 წელია...

უძველესი და დღევანდელი სასმისების მსგავსება, როგორც აღინიშნა, გარკვეულწილად ღვინომაც განაპირობა. გვხვდება შემთხვევა, როდესაც, მაგალითად ღვინის ჭურჭლის მოყვანილობასა და შინაარსს მეჭურჭლეს თავად ღვინის ხასიათი კარნახობს. მაგალითად შიდა ქართლში, გორისა და ატენის ხეობის მახლობელ ადგილებში გვხვდება საკმაოდ ვიწროყელიანი დოქები. საქმე ის გახლავთ, რომ ატენის ხეობის შემოგარენის ღვინოს ბუნებრივი ცქრიალი ახასიათებს. ამ შემთხვევაში კი დოქიდან ფიალაში გადმოსხმული ღვინო, რომელიც ქვევრში გარკვეული დროით მიძინებული იყო, უნდა გაცოცხლდეს და გახალისდეს, რის დროსაც ღვინის სიკეთეს ადამიანი უკეთესად შეიგრძნობს. ზოგადად, გორის მეთუნეობის კერა ძალიან განთქმული იყო. შესაბამისად, აქაური საღვინე ჭურჭელი მაღალმხატვრული გემოვნებითაა შესრულებული. ხშირია შემთხვევა, როდესაც გორის დოქებზე კონკრეტული ვაზის ჯიშებია გამოსახული. დოქებზე გვხვდება, მაგალითად ყურძნის მწვანე მტევნების რელიეფური გამოსახულებები, რაც პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ დოქზე ქართლის ვაზის ჯიში გორული მწვანეა გამოსახული. ანდა მოყვითალო-მომწვანო მტევნებიც, რაც, რა თქმა უნდა ჩინურია. მსხვილმარცვლიანი, დიდრონი წითელი მტევნები კი ცხადია, თავკვერია.

საქართველოში ჩვენ გვხვდება, როგორც თიხის, ისე ბრინჯაოს, სპილენძის, მინის, ოქრო-ვერცხლის, ხისა და პირუტყვის რქისაგან დამზადებული სასმისები. როგორც აღინიშნა არსებობს სასმისის კლასიკური ფორმა, რომელიც ფაქტობრივად არ შეცვლილა და ის დღესაც იმგვარია, როგორც საუკუნეების წინ. რა თქმა უნდა, გვხვდება ფიალებისაგან რადიკალურად განსხვავებული სასმისებიც, რაც ამ დიდ სფეროს კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის. ქართულ სასმისთა მრავალფერიოვნებას ცხადია ლხინის სუფრასთან ვხვდებით, ხოლო ამგვარ სასმისებს სალაღობო სასმისები ეწოდება, რაც ჩვენი ქვეყნის კუთხეების მიხედვით საკმაოდ განსხვავდება. განსხვავებულია სასმისების სახელებიც. ასე მაგალითად: ყარყარა, კულა, აზარფეშა, ჭინჭილა, ორჭინჭილა, კვანჩხა, მარანი და სხვ. ღვინის სასმისების სახელებს "ვეფხისტყაოსანშიც" ვხვდებით:

"რა მეფემან უსენს წინა სვა მრავალი დოსტაქანი,

კვლა შესვეს და კვლა აუვსნეს სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი"...

ამ შემთხვევაში ჩვენ ღვინის სამი სასმისის სახელს ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანში: დოსტაქანი, ფარჩი და ჭიქა...

ერთობ საინტერესოა ქართული და ირანული სასმისების მსგავსებაც. როგორც ცნობილია, ერთ დროს ღვინო საქართველოდან ირანში გაჰქონდათ. უნდა ითქვას, რომ ირანში უპირატესად კახური ღვინო ჩადიოდა, რომლის გემო და ხასიათი ირანის მაშინდელი მოსახლეობისათვის და უმთავრესად  დიდგვაროვნებისთვის, კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი. შესაძლოა, ღვინის ირანული სასმისების ქართულთან მსგავსება ამითაც იყოს განპირობებული. საქართველოში, ძირითადად თბილისსა და მის შემოგარენში ხშირად გხვდება ვერცხლისა და სპილენძის სასმისები, რომლებზეც გვხვდება ირანული თუ არაბული წარწერები. თუმცა ცხადია, ქართულ სასმისებზე გაკეთებული წარწერები, აბსოლუტური უმრავლესობის შემთხვევაში ქართულია. ღვინის ზოგიერთი ქართული სასმისი ირანულ-არაბული სახელებითაც მოიხსენიება ჩვენში, რასაც ვიგებთ ამავე სასმისებზე გაკეთებული ქართული წარწერებიდანაც. ერთ-ერთი ამგვარი სახელია, მაგალითად ვერცხლის სასმისი "მისხალი", რომელი სასმისის სახელიც ბოლო პერიოდამდე უცნობი იყო. უპირატესად XVIII-XIX საუკუნეების ამგვარ სასმისზე, რომელსაც, მეორე მხრივ აღმოსავლური გავლენა ეტყობა, ხშირია ქართული წარწერები, რომლებშიც მოიხსენიება სიტყვა "მისხალი".

მაგალითად:

"ქ. გარსევანის. შვილის. ზურაბ. მღდელისა. ვარ. მისხალი. მ."

"ქ. მეცხვარი. შვილი. ბექოასი. ვარ. მისხალი. მა."

"ქ. დავითის. შვილი. თევდორე. ნაცვალისა. ვარ. მისხალი." 

"ქ. აბაშიძის. ევგენის. ასულის. თინათინის. მზითვისა. ვარ. მისხალი. მბ."

და სხვ.

სასმისი მისხალი ვერცხლისაა და იგი ქართველი ოსტატების მიერ მზადდებოდა ზემოაღნიშნულ პერიოდში. მას აქვს ვიწრო და მაღალი ქუსლი და წარმოადგენს მომცრო, ან საშუალო ზომის ერთგვარ ფიალას. უმეტეს შემთხვევაში სასმისს ძირზე ქართველი ოსტატის მიერ დასმული აქვს დამღა.

ღვინის ქართულ სასმისებზე არც თუ ისეთი იშვიათობაა რაიმე წარწერა. ზოგიერთი წარწერა გვამცნობს, რომ სასმისი განკუთვნილი ყოფილა მიცვალებულთა შესანდობრისათვის. მაგალითად წარწერა სპილენძის სასმისსზე: "იორამ შველაშვილის სასულიერო".

წარწერა თიხის ჭიქაზე - "უდროვოდ გარდაცვლილთა შესანდობარი" და სხვ.

საინტერესოა წარწერა გურული მღვდლის ღვინის სასმისზე, რაც, ამავდროულად ერთგვარი შეგონებაცაა:

"ღმერთო ყურძნისა ნაყოფი

დღე ყოველ მოგვეც საყოფი,

ზომიერ მსმელო იხარებ

უზომო მსმელო ინანებ".

ანდა წარწერები ყანწებზე:

"ყანწი ვარ. ღვინით. სამსე. და. ალავერდი. ვარ. თქვენთან."

"ალავერდი იახშიოლ. გიორგი ყურაშვილი."

"ესე წყვილი ჯიხვები შემოვწირე მე მამიამ ჯიხაძემ დედა ღვთიშობლის ეკლესიას ჩემისა სახსოვრად".

წარწერა ვერცხლის ბადიაზე: † ჩყვ. მიურთმევია. გიორგი. რობაქიძესა. თვის. სიძე. ვასუასათვინა. ღმერთმა. შვიდობაში. მახმაროს. ესე. ვერცხლის. ბადია

წარწერები აზარფეშებზე:

წარწერა ნიკოლოზ ბარათაშვილის აზარფეშაზე: "ამავსებ ღვინით, აგავსებ ლხინით, შესვი? გაამოს!"

"აზარფეშა ვარ კოლა ერისთავისა"

"ლევან დადიანი"

"ქ. თა. გივი ბარძიმის ძის ამილახვარვის ვარ"

"ჰაზარფეშა ვარ ღვინისა მომხურებელი ტვინისა..." და სხვ.

როგორც თავშივე აღინიშნა, ქართულ სასმისთა უმრავლესობას ფიალის მოყვანილობა აქვს. ღვინის სასმისების ეს ფორმა, როგორც ითქვა, ათეულობით საუკუნეებს ითვლის, მაგრამ მათი მოყვანილობა შემთხვევითი მიგნება ნამდვილად არ უნდა იყოს, და ამ გარემოებას შესაძლოა რაიმე საფუძველი ედოს. ამ მხრივ მეტად საინტერესოა დავით ბაგრატიონის წიგნი - "იადიგარ დაუდი" (თბილისი, 1985), რომელშიც ქართული სასმისის კლასიკურ ფორმასა და პრინციპზე მეტად საინტერესო ცნობებს ვკითხულობთ:

..."თუ კაცი ღვინოსა პირვიწროსა სასმლითა სვამს, უფრო ადრე დაითრობის, და თუ პირფართოსა სასმლითა სვამს, გვიან დაითრობის, ამისთვის რომე თუ პირვიწროსა სასმლითა სვამს, ღვინის სული და ძალი მაშინვე ტვინსა და დამაღშიგა  (დამაღი - სასა, პირის ღრუს უკანა კედელი, ავტორი.) ეცემის და მისთვის ადრე დაითრობის და ეს ღვინის სული ადრე დაათრობს. და თუ პირფართოთა სვამს, ღვინის სული დაიფანტვის და აღარ დაითრობის" ...

XVI საუკუნის ამ ძეგლში, რომელიც სამკურნალო კარაბადინის შინაარსის წიგნია, ყურძენზე და ღვინოზე ბევრი საინტერესო დეტალის ამოკითხვაა შესაძლებელი. როგორც მოტანილი ამონარიდიდან ჩანს, რომელიც, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი ადამიანის აზრი არ უნდა იყოს, ქართული სასმისის – ფიალის მოყვანილობას თავისი მიზეზი ჰქონია, რაც მეტად საინტერესოა. ალბათ ამით უნდა იყოს გამოწვეული, რომ ქართულ ყოფაში "პირფართო" ჭურჭლეულის რიგი მრავალფეროვნება გვხვდება: თასი, ფიალა, ჯამი, ჯამთასი, ჯამფილა, თასფიალა, ბადია, წაფი, წაფურა, აზარფეშა და სხვ.

საგულისხმოა, რომ, თუკი ქართველები ღვინის სასმისებს ამგვარად ამკობდნენ, მაშინ იოლი წარმოსადგენია, თუ თავად ამ სასმისებში ჩასხმული ღვინო როგორიღა იქნებოდა...

დასასრულს კვლავაც გავიმეორებთ, რომ ღვინის ქართულ სასმისთა ესოდენ მრავალფეროვანი სახე ქართული ღვინის ხასიათმა განაპირობა. ხოლო ქართულ ვაზის ჯიშთა სიმრავლისა და მათგან დაყენებულ ღვინოთა განსხვავებულობის გამოისობით ჩვენს ყოფაში უჩვეულოდ მრავალფეროვან სასმისებს ვხვდებით, რამაც არქაული დროიდან თითქმის უცვლელად მოაღწია დღევანდლამდე.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული