Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თეთრების გასაჭირი

მალხაზ ხარბედია

საქართველოში, შეიძლება ითქვას, თეთრი მშრალი ღვინოების კრიზისია. ვგულისხმობ ქართულ თეთრ, კლასიკურად დაყენებულ ღვინოებს (ევროპულს რომ უწოდებენ ჩვენში), რომლებიც, მართალია ძალიან ფართოდ იწარმოება ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ხარისხში და ფასში არსებული პრობლემების გამო ვერა და ვერ შეიძინა ახალი მომხმარებელი. შესაძლოა კრიზისი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, რადგან უკანასკნელ წლებთან შედარებით უკუსვლა ნამდვილად არ იგრძნობა, თუმცა ვერც განსაკუთრებულ წინსვლას ვამჩნევ ამ მიმართულებით.

რამდენიმე წლის წინ უფრო იმედიანად ვიყავი განწყობილი, რადგან ახალი თაობის წინანდლები და მწვანე კახურიდან ან თითოოროლა ცოლიკოურიდან დაყენებული არომატული, ხალისიანი ღვინოები საფუძველს იძლეოდნენ გვეფიქრა, რომ თეთრები კიდევ უფრო დაიხვეწებოდნენ და ეს თემა გაცილებით აქტუალური გახდებოდა, მითუმეტეს ქვეყანაში, სადაც ძალიან ბევრ თეთრ მშრალ ღვინოს მოიხმარენ. სამწუხაროდ 4-5 წლიანმა გამოცდილებამ საპირისპირო გვაჩვენა. თეთრებმა ვერ გადადგეს წინ ნაბიჯი და მოლოდინები არ გამართლდა.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს თელავის მარანი, ბადაგონი, თბილღვინო, თელიანი და უკვე შატო მუხრანი და ხარებაც, სტაბილურად ნორმალურ ღვინოებს აწარმოებენ თეთრი ჯიშებიდან, ერთი ტენდენცია მაინც განსაკუთრებით თვალშისაცემია, კერძოდ კი თეთრი ღვინოების ერთგვარი უნიფიცირება. მაგალითად, დღევანდელი წინანდლები ძალიან ერთფეროვანი გახდა. მუხით იქნება თუ მუხაში დავარგების გარეშე, ამ ღვინის გასინჯვისას ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ერთმა მეღვინემ იმუშავა ყველა ამ ღვინოზე, იმუშავა საკმაოდ ზერელედ, რაც გასულ წელს, ღვინის კლუბის მიერ გამართულ წინანდლების დეგუსტაციაზეც გამოჩნდა - ეს იყო ყველაზე მოსაწყენი დეგუსტაცია, რომელიც კი ოდესმე ჩაგვიტარებია, რადგან ახალს და საინტერესოს ვერაფერს გადავაწყდით.

ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ბოლო 2 წლის მანძილზე წარმოებულ თეთრ კლასიკურ ღვინოებს ინდივიდუალობა არა აქვთ, ხშირად შეუძლებელი ხდება მწვანისა და რქაწითლის გარჩევაც. სამაგიეროდ, ამ უფერულ, უხასიათო ღვინოებს საკმაოდ ძვირი ფასი ადევს მაღაზიებში, რაც კიდევ უფრო გულგრილს ხდის მყიდველს. ამას დაუმატეთ არასახარბიელო შენახვის პირობები, რომელიც ყველაზე ცუდად სწორედ ამ ტიპის თეთრ ღვინოებზე მოქმედებს და შედეგიც სახეზე იქნება – ბაზრის უდიდესი ნაწილი გადაჟანგულ ან ზედმეტად ხელოვნურ, გვარიანად დამუშავებულ, უგულო თეთრ ღვინოებს უკავიათ.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთი ქართველი მეღვინე ვერ უმკლავდება ქართულ თეთრყურძნიან ჯიშებს, ან უბრალოდ არ ესმის ამ ჯიშების. შესაძლოა ეს მეღვინეები, თითქმის ყველანი, ერთნაირად უდგებიან თეთრებს, ერთიდაიგივე კულტურული საფუარი, ერთიდაიგივე ტექნოლოგიური პროცესი და ა.შ.... თუმცა მხოლოდ მათი ბრალი არ უნდა იყოს ეს პრობლემა. ძალიან მნიშვნელოვანია ვენახების საკითხიც: ჯერ ერთი, განსხვავებით საფერავის ვენახებისგან, რომელიც 2006 წლამდე, რუსული ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, საკმაოდ ფართოდ გაშენდა კახეთში, თეთრი ჯიშებით გაშენებული ვენახების ზრდა უმნიშვნელო იყო. გარდა ამისა, მთელი კახეთი მიაქვს შერეულ ვენახებს, სადაც რქაწითელთან ერთად გაუგებარი ჯიშები თუ ჰიბრიდებია შერგული, რაც ძალიან ცუდ გავლენას ახდენს საბოლოო პროდუქტის ხარისხზე, ბევრ მეღვინეს კი უბრალოდ აფრთხობს ასეთ მევენახესთან ურთიერთობა. ასევე პრობლემაა ჭარბმოსავლიანი, ზედმეტად დატვირთული ვენახებიც, სადაც 15-20 ტონა ყურძენი მოჰყავთ ხოლმე ჰექტარზე. ცხადია, ასეთი ნედლეულიდან შეუძლებელია ხარისხიანი ღვინის დაყენება.

მხოლოდ ამით არ ამოიწურება თეთრების გასაჭირი, მაგრამ ეს ისეთი თემებია, რომელთაც პირველ რიგში უნდა მიექცეს ყურადღება. დანარჩენზე მოგვიანებით ვისაუბროთ, მათ შორის ქართლისა და იმერეთის რეგიონების როლზე ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის საქმეში.

© tabula



გულთმისანი ხარ მალხაზ!!!! ზუტად წერ, რასაც ვგრძნობდი, მაგრამ ეგრე ზუსტად ვერ გამოვთქვამდი. აი განსაკუთრებით კი ერთი და იმავე საფაურებზე რომ საუბრობ... თელავის მარანს სხვასთან შედარებით მართლა კაი ღვინოები აქვს, მაგრამ ერთის თუ გასინჯავ, ჩათვალე ყველა გასინჯული გაქვს. ერთი-ერთშია. შატო მუხრანი ხომ სასერთოდ, ერთი ბებოს მიერ, ერთ ქვაბში მოხარშული ყურძნის კომპოტივითაა. ქართული ბიზნესის საფირმო დამღაც ფეხმოუცვლელია - კარგი ხარისხით დაწყება და ნელ-ნელა გაფუჭება, იმ დონემდე, რომ შეგძულდეს საერთოდ. ეს ბოლო ბადაგონის "კახურ წარჩინებულს" ეხება. მართლა ძალიან საინტერესო ღვინო იყო, ახლა კი აღარ დაილევა, ფასი კი იცოცხლე - 35 ლარს თეთრიც არ აკლდება. ეგრე!!! დავცხოთ ამ გაზულუქებულ მეღვინეებს :):):):) სახელები და ფაქტები ხომ საერთოდ დაამშვენებდა ამ სტატიას :):):):):)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული