Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„თბილღვინო“ - რა გახდა საჭირო წარმატების მისაღწევად

თემურ იობაშვილი

კომპანია და პარტნიორები
 
ქართული ღვინის კომპანიებს შორის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია „თბილღვინოა“. ბოლო წლების მონაცემებით „თბილღვინოს“ ექსპორტზე ყველაზე მეტი ქართული ღვინო გააქვს და ადგილობრივ ბაზარზეც ლიდერი კომპანიის სტატუსი აქვს. კომპანიას ძმები ზურაბ და გიორგი მარგველაშვილები ხელმძღვანეობენ.
ზურაბი პროფესიით მეღვინეა და გარდა იმისა, რომ საწარმოს უდგას სათავეში, იგი პრაქტიკულად უშუალოდ იღებს მონაწილეობას მეღვინეობის პროცესებში და პირადად ხელმძღვანელობს მეღვინეთა მთელ გუნდს, ვინიფიკაციის ყველა პროცესს. დამთავრებული აქვს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, გავლილი აქვს პრაქტიკები კალიფორნიაში, კერძოდ „WENTE Vineyards“-ში.
გიორგი მარგველაშვილი პროფესიით ეკონომისტია, დამთავრებული აქვს მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლა, MBA-ს ხარისხით.
„თბილღვინო“ დაარსებულია 1962 წელს. საქართველოში იმ დროისთვის ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა. მრავალწლიანი ისტორიისა და დიდი მასშტაბების მიუხედავად ქარხანა მაინც საბჭოთა მეღვინეობის ნაწილად რჩებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი საწარმოს საკმაო დრო დასჭირდა ახალ რეალობაზე მოსარგებად და 1998 წლიდან „თბილღვინოში“ მუშაობის ახალი ერა დაიწყო.
 
ძველი „თბილღვინოს“ ახალი სიცოცხლე
 
1998 წელს, გიორგი და ზურაბ მარგველაშვილები პირველად ჩაერთნენ „თბილღვინოს“ მართვის პროცესში. ზურაბმა პარტნიორობა გიორგის შესთავაზა და „თბილღვინოს“ მენეჯმენტში ძმებმა ახალი მმართველობის სტილი დაამკვიდრეს. როგორც გიორგი ამბობს, მთელი 1999 წელი დასჭირდათ საწარმოში რესტრუქტურიზაციისთვის და საქმისადმი დამოკიდებულებაში ახალი ფილოსოფიის დასამკვიდრებლად.
„მიუხედავად იმისა, რომ საწარმო 1962 წლიდან ფუნქციონირებდა, 1999 წელი „თბილღვინოსთვის“ იყო პირველი წელი, როდესაც ჩვენ რთველში მივიღეთ მონაწილეობა. ყურძენი პირდაპირ, უშუალოდ გლეხებისგან შევიძინეთ, კახეთშივე გადავამუშავეთ, იქვე დავაღვინეთ და ჩამოვიტანეთ თბილისში. მას შემდეგ ამ პრინციპით ვმუშაობთ - ყურძენს ვყიდულობთ კახეთშიც და რაჭაშიც. თუმცა, რასაკვირველია, დღეს მასშტაბები გაცილებით დიდია,“ - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.
თანამდებობრივად გიორგის და ზურაბს თანაბარი უფლებები აქვთ და ორივენი დირექტორები არიან. ძმებს ფუნქციები კომპეტენციის მიხედვით აქვთ გადანაწილებული. ზურაბი, როგორც მეღვინე - ხელმძღვანელობს ყველაფერს, რაც უშუალოდ მეღვინეობასთან და წარმოებასთან არის დაკავშირებული. გიორგი კი უძღვება საერთაშორისო ურთიერთობებს, მარკეტინგს, რეკლამას და ასე შემდეგ...
„არსებობს საკითხები, სადაც გადაწყვეტილებებს ერთობლივად ვიღებთ. რასაკვირველია, ასევე ზურა ყველა იმ საკითხის საქმის კურსშია, რასაც მე გადავწყვეტ და ასევე მეც საქმის კურსში ვარ ზურას საქმიანობაში. ფინანსური და იურიდიული საკითხები - ეს ის თემებია, სადაც გადაწყვეტილებას ერთობლივად ვღებულობთ“, - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.
 
„თბილღვინოს“ ღვინოები და ჯილდოები
 
„თბილღვინოში“ ამბობენ, რომ 1999 წლიდან კომპანიაში მთავარი - ღვინის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა და იმ დროიდან ყველაზე დიდი ყურადღება ღვინის ხარისხს ექცევა. დაწყებული უშუალოდ რთველიდან - საუკეთესო ყურძნის შესყიდვით და დამთავრებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროდუქციის მომხმარებლამდე მიტანით. თუმცა, „თბილღვინომ“ ასევე ახალი ღვინოების ჩამოსხმაზე აიღო ორიენტაცია და ბაზარს ტრადიციულის გარდა განსხვავებული სტილის ღვინოებიც შესთავაზა.
ბოლო 3-4 წელია, კომპანია მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო კონკურსებზე. ჯერ კიდევ, რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის აკრძალვის დროს „თბილღვინომ“ რუსეთშივე ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსზე აღიარება მოიპოვა (გაზეთ „ვინნაია კარტას“ პრემია).
კომპანიის ღვინოებმა სწორედ რუსული ემბარგოს გამოცხადების წლიდან - 2006 წელს - პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოები მოიპოვეს. რუსეთის შემდეგ „თბილღვინოს“ ღვინოები ზედიზედ გახდნენ IWSC-ს, Decanter-ისა და სხვა ცნობილი პრემიების ლაურეატები. თუკი კომპანიას 2006-ში საერთაშორისო დონის კონკურსებზე მოგებული 2 მედალი ჰქონდა, 2007-ში მედლების რაოდენობა 6-მდე გაიზარდა, 2008-ში 11-მდე, 2009-ში უკვე 14 მედალია მოპოვებული მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ღვინის გამოფენებზე. ამ კონკურსებზე „თბილღვინო“ 3 სავაჭრო ნიშნით წასდგა: „თბილღვინო“, „განსაკუთრებული მარაგი“ და „საქართველოს ველები“.
„ჩვენი ღვინოები რქაწითელი, წინანდალი, საფერავი, მუკუზანი, ქინძმარაული, ხვანჭკარა, ასევე სამივე განსაკუთრებული მარაგის ღვინო – საფერავი, წინანდალი, მუკუზანი – თითქმის ყოველწლიურად იღებენ პრესტიჟულ კონკურსებზე მედლებს. წელს ჩვენ, ლონდონის 2 კონკურსში ავიღეთ 7 ბრინჯაოს მედალი, ასევე 2 ოქროს მედალი ავიღეთ საქართველოში ჩატარებულ დეგუსტაციაზე. ასე რომ, შეგვიძლია ჯილდოებით თავი მოვიწონოთ“, - ამბობს ჩვენთან საუბრისას „თბილღვინოს“ ხელმძღვანელი გიორგი მარგველაშვილი.
 
უცხოელი მეღვინეები ქართულ "თბილღვინოში“
 
„თბილღვინო“ ძალზე აქტიურად იყენებს თანამედროვე უცხოელი მეღვინეების გამოცდილებასაც. ჯერ კიდევ 2002 წლიდან „თბილღვინოს“ სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი მეღვინეები უწევდნენ კონსულტაციებს. ფრანგული წარმოშობის ავსტრალიელი მეღვინე დევიდ მორისონი 2001–2005 წლებში მუშაობდა „თბილღვინოში“. იგი წელიწადში რამდენჯერმა ჩამოდიოდა და ღირებულ კონსულტაციებს უწევდა თბილღვინოს მეღვინეებს.
შემდეგ იყო იტალიელი კარლო არნულფო 2003 – 2005 წლებში, ასევე ავსტრალიელი მეღვინეები -  ნიკ სპენდერი 2002 – 2004 წლებში და ჯეფ ასტონი 2005 წლიდან დღემდე მთლიანად ხელმძღვანელობს რთველის პროცესს, როგორც კახეთში, ასევე რაჭის რთველშიც.
„თბილღვინოში“ ამბობენ, რომ იტალიელმა მეღვინემ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია როგორც ლაბორატორიის დონის გაუმჯობესებაში, ასევე ახალგაზრდა მეღვინეების კვალიფიკაციის ამაღლებისთვისაც ტრეინინგებს აწყობდა ხოლმე. „თბილღვინოში“ უცხოელი მეღვინეების პრაქტიკის გამოყენება და გათვალისწინება მნიშვნელოვნად მიაჩნიათ და ამ დამოკიდებულების გაგრძელებას სამომავლოდაც აპირებენ.
 
გეგმები და პრობლემები
 
როგორც "თბილღვინოში" ამბობენ, რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება მათ მოახდინეს და ღვინოების გაყიდვის გეოგრაფიაც მნიშვნელოვნად აქვთ გაზრდილი.
"ჩვენი კომპანიის მაგალითზე, როცა რუსეთის ბაზარი იყო გახსნილი, ვყიდდით დაახლოებით 10-11 ბაზარზე. აქედან რეალიზაციის 50% გვქონდა რუსეთში. სადღეისოდ, ჩვენ არ ვყიდით რუსეთში, მაგრამ ვყიდით 20 ბაზარზე და ვყიდით იმაზე მეტს, ვიდრე ვყიდდით გახსნილი რუსეთის ბაზრის დროს".
გასულ წელს, „თბილღვინომ“ ექსპორტზე დაახლოებით მილიონ სამას ორმოცდაათი ათასი ბოთლი ღვინო გაყიდა, რაც ყველა სხვა ქართული ღვინის კომპანიის მონაცემებს აღემატება. „თბილღვინოში“ ამბობენ, რომ წელს ამ მაჩვენებლის გაზრდა აქვთ დაგეგმილი და სასურველი შედეგი მილიონ რვაასი ათასი ბოთლი ღვინის გაყიდვა იქნება. კომპანიაში ასევე ამბობენ, რომ მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემების მიხედვით რეალიზაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მილიონ რვაასი ათასი ბოთლი ღვინის გაყიდვა კი რეკორდული მაჩვენებელი იქნება „თბილღვინოს“ ბოლო 11-წლიანი ისტორიის მანძილზე.  
„თბილღვინოში“ ამბობენ, რომ დაგეგმილი დაახლოებით 30%-იანი ზრდის გარდა ასევე იწყებენ ახალი პროდუქტის გამოშვებას. ბოლოდროინდელი სიახლეა რამდენიმე სახეობის ღვინო 1,5 ლიტრიან ბოთლებში, რომლის ჩამოსხმაც „თბილღვინომ“ დაიწყო. გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ შარშანდელი მოსავლიდან საფერავის და კაბერნეს ერთად დაკუპაჟების შედეგად ამ ზაფხულს გამოუშვებენ ახალ წითელ ღვინოს კაბერნე-საფერავს. „თბილღვინოს“ ასევე დაგეგმილი აქვს დაამატოს კიდევ ერთი სავაჭრო ნიშანი „ივერიული“.
„სიახლე იქნება ასევე ახალ ბაზრებზე ჩვენი პროდუქციის გატანა. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს დანიის, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთის რამდენიმე ახალ პროვინციასთან... ანუ წელს გვინდა ახალი ბაზრების დამატება. ჯერ აქტიური მზადება არ დაგვიწყია, თუმცა წლევანდელი რთველისთვის ძირითადი მონახაზი უკვე გვაქვს, თუ რამდენ ყურძენს ვიყიდით და დავამზადებთ. შარშანდელთან შედარებით ვგეგმავთ მეტი ყურძნის შესყიდვას“, - ამბობს „თბილღვინოს“ ხელმძღვანელი.
დარგის მთავარ პრობლემად კი გიორგი მარგველაშვილი ჭარბწარმოებას და მსოფლიოში ქართული ღვინის ცნობადობის ნაკლებობას მიიჩნევს. მისი თქმით, ასევე ცნობადობის გაზრდა მომენტალურად მაინც არ ნიშნავს ქართული ღვინის გაყიდვების ზრდას და ამისთვის დარგმა და სახელმწიფომ ერთობლივად ხანგრძლივად უნდა ითანამშრომლოს.
"მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ღვინის მწარმოებელი ქვეყნების მთავრობები აქტიურ როლს ასრულებენ მათ ქვეყანაში წარმოებული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში. ასევე გარკვეული შესაძლებლობა დარგსაც აქვს და ცოტა ხნის წინ დაფუძნდა ახალი ასოციაცია „ქართული ღვინო“, რომლის ერთ-ერთი ფუნქციაც ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე ზრუნვაა“, - ამბობს „მარანთან“ საუბრისას კომპანია „თბილღვინოს“ ხელმძღვანელი გიორგი მარგველაშვილი და იმედოვნებს, რომ "თბილღვინო", რომლის მართვაც თავის ძმასთან – ზურაბ მარგველაშვილთან ერთად 11 წლის წინ დაიწყო, კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევს.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.