Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის გზა 2

ზაზა გაგუა

დღევანდელ წერილში ვაგრძელებთ „ღვინის გზის“ ფარგლებში მონიშნული მცირე საოჯახო მარნების მიმოხილვას, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მდებარეობს. აღნიშნული ტურისტული ობიექტები ღვინის დეგუსტაციისა და გაყიდვის გარდა სტუმრებს სთავაზობს ისეთ აქტივობებს, როგორებიცაა: რთველში თანამონაწილეობა, ზაოტობა, ჩურჩხელის ამოვლება და სხვა.

p.s. "ღვინის გზის" პროექტს ახორციელებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

გოგი მარგველიძის საოჯახო მარანი მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. სადმელში, ცენტრალური მაგისტრალიდან, დაახლოებით, 200 მ. დაშორებით. მარნის ერთ–ერთი ღირსება ისაა, რომ  ვენახი ხვანჭკარის ადგილწარმოშობის სპეციფიკურ ზონაშია გაშენებული. მისი მონახულება საინტერესოა გამორჩეული ლანდშაფტური გარემოს გამოც. გარდა ამისა, მარნის მიმდებარე ტერიტორიიდან მარკირებული საფეხმავლო მარშუტები იწყება. ამდენად, გოგი მარგველიძის საოჯახო მარანი განსაკუთრებით მიმზიდველია ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის.

მარგველიძეს გაშენებული აქვს ვაზის რაჭული ჯიშები: ალესანდროული, მუჯურეთული, საფერავი, კაპისტონი და წულუკიძის თეთრა. ის ტრადიციული რაჭული  წესით ქვევრში აყენებს წითელ და თეთრ  ნახევრადმშრალ და ნახევრადტკბილ ღვინოებს. მოგეხსენებათ, ქვევრის ხვანჭკარა დღესდღეობით ,  რაჭასა და მთელ საქართველოში იშვიათადაა  წარმოდგენილი. ერთ–ერთი ასეთი   ადგილი  სწორედ  გოგი მარგველიძის მარანია,  სადაც , გარდა ხვანჭკარასი, იწარმოება წულუკიძის თეთრა.

მასპინძელს ეზო და მარანი ეთნოგრაფიულ სტილში აქვს გადაწყვეტილი. სტუმრის ყურადღებას თავიდანვე იპყრობს ბარელიეფებით გაწყობილი უნიკალური ჭიშკარი და ძველი სახლი (1928 წ.), სადაც დღემდე შემორჩენილია მე–20 საუკუნის 20–იანი წლების არტეფაქტები: კედლის მოხატულობა, ჩუქურთმები, სამოვარები, პატეფონის ფირსაკრავი, ძველი განჯინები და სხვა ინვენტარი. ეს ყოველივე ქმნის განსხვავებულ ისტორიულ და კულტურულ სირცეში მოგზაურობის განცდას და  დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს სტუმარზე.   

საკუთრივ მარანი ხის ძველი ნაგებობაა. აქ რამდენიმე ჭური, სამი ხორგო (საწნახელი) და ღვინის დასაყენებელი სხვადასხვა ხელსაწყოებია წარმოდგენილი. მარნის ინტერიერსა და ექსტერიერს სიძველის ელფერი გადაჰკრავს, რადგან, თითქმის, ყოველი ნივთი საუკუნოვანი ისტორიის მატარებელია – ტრადიციული ქართული სასმისები (დიდი და მცირე ყანწები, ჯამები), სამუშაო იარაღები, წინაპართა ძველი სურათები, კედელზე განთავსებული პანო და სხვ. ღვინის დეგუსტაციის გარდა, ოჯახი ტურისტებს სთავაზობს ტრადიციული რაჭული კერძებით გამასპინძლებას, წინასწარი შეთანხმების შემთხვევაში.

მობ: 591 22 16 45

თემურ შარაშიძის საოჯახო მარანი მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ბუკისციხეში. ობიექტს მაღალი ტურისტული ღირებულება აქვს იმდენად, რამდენადაც აქ იწარმოება ტრადიციული წესით დაყენებული გურული ჩხავერი. ვაზის ეს ჯიში დღესდღეობით იშვიათი გავრცელებისაა და შარაშიძეს მის წარმოებასა და პოპულარიზაციაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. ამას ემატება მეორე ფაქტორიც – სოფელი ბუკისციხე იმ არეალშია მოქცეული, სადაც ყველაზე ხარისხიანი ჩხავერის მოსავალი მოდის.

თემურ შარაშიძის ვენახმა 2011 წელს ბათუმის საოჯახო ღვინოების მე–4 ფესტივალზე, რომელიც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ იყო ორგანიზებული, „საუკეთესო ზვრების“ ნომინაციაში გამარჯვება მოიპოვა. მეღვინეს გაშენებული აქვს ვაზის შემდეგი ჯიშები: ჩხავერი, რომლისგანაც ის ამზადებს თეთრ და ვარდისფერ, ქვევრის მშრალ ღვინოებს, აგრეთვე ჯანი, ცოლიკოური, სხილათუბანი და ოჯალეში.

მასპინძელს ეზოში წარმოდგენილი აქვს ეთნოგრაფიული კუთხე. მარანიც ტრადიციული სტილით არის გაფორმებული. აქ უამრავი საინტერესო ნივთია გამოფენილი - სხვადასხვა ტიპის ტრადიციული ქართული სასმისები, სოფლის მეურნეობის ძველი სამუშაო იარაღები და მისთ. ჭურები (11 ჭური) მარნის გვერდით, ეზოშია დაფლული. მარანში კი, უმეტესად, სხვა ჭურჭელში (ბოთლი, ბოცა) ჩამოსხმული ღვინოებია შენახული.

ოჯახს ტურისტების მიღების მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. ღვინის დეგუსტაციის გარდა, მასპინძელი მათ სთავაზობს ღამის გასათევ საშუალებას (4 საძინებელი ოთახი) და ქართულ სამზარეულოს, წინასწარი შეთანხმების შემთხვევაში.

მობ:593 33 13 74

ელ–ფოსტა:Beaka_sharashidze@mail.ru

ლადო შავიშვილის საოჯახო მარანი მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაიოში, ცენტრალური მაგისტრალიდან, დაახლოებით, 1,5 კმ. დაშორებით. ობიექტს ხშირად სტუმრობენ აჭარის ზღვისპირეთის დამსვენებლები, რომლებიც განსაკუთრებით მოხიბლულნი არიან მარნის მეპატრონის სტუმართმოყვარეობითა და აქაური ბუნების გამორჩეული სილამაზით.

ლადო შავიშვილის ვენახი ოლიხნარზეა გაშენებული, სადაც წარმოდგენილია ვაზის შემდეგი ჯიშები: ჩხავერი, ცოლიკოური, ალადასტური, საფერავი. ის აყენებს თეთრ, ვარდისფერ და წითელ მშრალ ღვინოებს. მათგან განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს შავიშვილის მიერ დაყენებული ჩხავერი. ვენახს მეპატრონის ხელი ეტყობა. მის სიახლოვეს გაშენებულია, ასევე, გულმოდგინედ მოვლილი ბაღჩა–ბოსტანი. ეს დახვეწილობა, რაც ლადო შავიშვილის მთელ კარმიდამოს გამოარჩევს, მნახველებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.

მეპატრონის სახლის სარდაფში მოწყობილია მარანი. ღვინოს აქ აყენებენ უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში ევროპული წესით. მასპინძელი სტუმრებს იღებს და ღვინის დეგუსტაციას სთავაზობს ეზოში მოწყობილ ღია ფანჩატურში. წინასწარ შეთანხმების შემთხვევაში ოჯახს შეუძლია ტრადიციული ქართული კერძებით გამასპინძლება და საკუთარი მეურნეობის ნატურალური პროდუქტების შეთავაზება.

მობ:599 78 36 59

გოდერძი გონაშვილის საოჯახო მარანი მდებარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისსოფ. ხორნაბუჯშიარწივის ხეობის ბუნების ძეგლისა და ხორნაბუჯის ციხის (მე–5 ს.) სიახლოეს. ისტორიული თუ სათავგადასავლო ტურების ორგანიზებისას ტურისტებს საშუალება ეძლევათ, ესტუმრონ მარანს და დააგემოვნონ ხარისხიანი ღვინო. გოდერძი გონაშვილს გაშენებული აქვს რქაწითლისა და საფერავის ჯიშების ვაზი, რომელთაგან ის ტრადიციული კახური წესით აყენებს ქვევრის თეთრ და წითელ მშრალ ღვინოებს.

გონაშვილის ეზო ეთნოგრაფიული ელემენტებითაა შექმნილი, ისევე, როგორც მარანი, რომელიც საკმაოდ დიდ ფართობს მოიცავს. აქ დაფლულია 32 ქვევრი, წარმოდგენილია დეკორატიული და ფუნქციური დატვირთვის მეღვინეობის ინსტრუმენტები. მარნის შესასვლელში მდებარე უძველეს საზედაშე ქვევრშიკიყენდებაღვინო ეკლესიისათვის. 

ცალკე შენობებშია განთავსებულიარყის გამოსახდელი ე. წ. „ზაოტი“ და თონე. მასპინძელი ტურისტებს სთავაზობს ღვინის დეგუსტაციას, არყის გამოხდაში, „ზაოტობაში“, პურის ცხობაში თანამონაწილეობას,ქართული კერძებით ადგილზე გამასპინძლებასა და სამოგზაუროდ საგზლის მომზადებას.  გოდერძი გონაშვილის საოჯახო მარანი საკმაოდ დიდ ტერიტორიასა და მეღვინეობისთვის მდიდარ აღჭურვილობას მოიცავს. ღვინის მოყვარულებს, რომელნიც წარმოების პროცესში უჩივიან სხვადასხვა ინსტრუმენტებისა, თუ ჭურჭლის  ნაკლებობას / არქონას, მეღვინე სთავაზობს არსებული რესურსების გამოყენებასა და ღვინის დაყენების მომსახურებას საკუთარ მარანში.

ტელ:790 97 47 97

მობ:593 37 72 17

© ღვინის კლუბი/Weekend



გამარჯობათ, შესანიშნავია საოჯახო მარნების პოპულარიზაცია, უკვე რამდენი ხანია ვეძებ ამის შესახებ ინფორმაციას, რადგან საზღვარგარეთიდან ძალიან ბევრი მსურველია სწორედ ასეთი ღვინის ტურიზმის. თემურ შარაშიძის საოჯახო მარნის ელ.ფოსტა არ მუშაობს და ძალიან გთხოვთ იქნებ მომწეროთ, მე საქართველოში არ ვარ და გამიადვილდება იმელით დაკონტაქტება. დიდი მადლობა სალომე


ჩემო ბატონებო! გამაგებინეთ ვისთვის და რატომ წერთ ამ მიმოხილვებს? მე ვადგენ საქართველოზე ტურისტულ გზამკლევრს რუსულ ენაზე, თავიდან ვაპირებდი ფართოდ აღწერა ღვინის თემის, სახლის მარნების, ღვინის ტურების დეგუსტაციებით და ა.შ. ამასობაში შემოვიარე რამოდენიმე, კერძოდ 11, ყველა კახეთში მე თქვენ გეტყვით, რომ არც ერთის აღწერა არ მომინდება ბევრი ფულიც რომ გადამიხადონ უვარგისი ღვინო, უვარგისი პირობები, რაღაც ბუტაფორია ვითომ სიძველისა, სყოველთაო უვიცობა...არც ერთ ტურისტის ამის დანახვას არ ვისურვებ ორად ორი ასე თუ ისე დამაკმაყოფილებელი ადგილია---ეგ ჯონის ხოხბის ცრემლები სიგნაღში, და დეგუსტაცია წინანდალში მუზეუმში. განთქმული ყვარელის ქარხანაც თავისი გოიმი რესტორნით და უაზრო ტუნელით არ არის ტურისთვის სანახავი,სახლის მარნები ხომ საერთოდ საშინელებაა და ღვინის ტურიზმის იდეის ფალსიფიკაციაა

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული