Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პოლ უაითი: ქართული ღვინის ყველაზე ძლიერი მხარე ჯიშური მრავალფეროვნებაა

ორიოდე კვირის წინ საქართველოს პირველად ეწვია ღვინის ცნობილი მწერალი და კრიტიკოსი, Decanter-ისა და World of Fine Wine-ის სტაჟიანი ჟურნალისტი - პოლ უაითი. ღვინის საინფორმაციო ცენტრმა შეძლო მასთან შეხვედრა და საქართველოს მეღვინეობის აქტუალურ გამოწვევებზე გასაუბრება.

-    ბატონო პოლ, კეთილი იყოს თქვენი ფეხი საქართველოში, რას იტყვით პირველი შთაბეჭდილებების შესახებ?

-    მქონდა შესაძლებლობა, გამესინჯა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის თეთრი ღვინოები. რამაც ყველაზე მეტად გამაოცა - რამდენად დიდი რაოდენობით სვამენ აქ თეთრ ღვინოს. ეს ღვინის სამყაროში საკმაოდ უჩვეულოა. ჩვეულებრივ, ცხელი კლიმატის უმეტეს ქვეყნებში წითელ ღვინოებს ეტანებიან, თეთრებს - ნაკლებად. ამას ასე ხსნიან, რომ თეთრი ღვინოები უფრო არომატული ხდება გრილ კლიმატურ პირობებში, ცხელ კლიმატურ გარემოში მჟავიანობა სწრაფად იზრდება და ღვინოები მეტისმეტად სხეულიანი და ოდნავ მოსაწყენიც კი ხდება.

-    რა არის ქართული ღვინის ძლიერი მხარე?

-    მე ვფიქრობ, დღეს საქართველოს მთავარი ძლიერება ჯიშური მრავალფეროვნებაშია.  წლების მანძილზე მსოფლიოში თორმეტიოდე ფრანგული დასახელების ღვინოს სვამდნენ და რაღაც დროის შემდეგ ისე მობეზრდათ ეს ფრანგული ჯიშები, რომ დაიწყეს სხვა ჯიშების მოძიება პორტუგალიაში, იტალიაში და დანარჩენ სამყაროში. ვფიქრობ, საქართველოს უდიდესი შესაძლებლობა აქვს, იმავე გზას დაადგეს.

-    რა უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია ქართული ღვინისთვის - ისტორია, სტილი თუ ჯიშური მრავალფეროვნება?

-    თქვენ ძალიან გაგიმართლათ, რომ ამდენი ძლიერი მხარე გაქვთ. გაქვთ საშუალება, რომ აწარმოოთ როგორც ქვევრის, ისე - თანამედროვე ღვინო. ქვეყნების უმეტესობას მხოლოდ ერთი ძლიერი მხარე აქვთ. თქვენ გაქვთ განსაცვიფრებელი ისტორია, ამდენი ახალი ბრენდი (დასახელება), მათ შორის, ბევრი მოქმედი. თითოეულ მწარმოებელს აქვს საშუალება, ერთი და იმავე ჯიშისგან ორი განსხვავებული სტილის ღვინო დამზადოს. 

პოტენცია უზარმაზარია. მე ვფიქრობ, პრობლემა არის მარკეტინგი და ბაზრებზე წვდომა. ასე რომ, თქვენი მხრიდან რაც უნდა გააკეთოთ, ეს არის მცირე ნიშური მწარმოებლებისა და ნიშური იმპორტიორების მოძიება მსოფლიოში. 

ქართული ღვინო ვითარდება. მეტი და მეტი ხალხი აღმოაჩენს მას და კიდევ უფრო მეტი ადამიანი გააცნობს მას დანარჩენ მსოფლიოს. ფასიც გაიზრდება, ყველგან ასე ხდებოდა. მაგალითად, კალიფორნიულ ღვინოებს მომხმარებელი თუ ადრე 10 ევროდ შეიძენდა, ახლა ბოთლი 300 ევრო უჯდებათ. ეს ბიზნესია, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, დამოუკიდებელ მცირე წარმოებებს, რომელიც, საბოლოოდ, ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს.  

-    რა დამოკიდებულება გაქვთ ქართული ტრადიციული ღვინის წარმოებისა და ქვევრის ტექნოლოგიის მიმართ?

-    მსოფლიომ ბევრი არაფერი იცის ქართული ტრადიციული ღვინის წარმოების შესახებ. სწორედ ახლა ვმუშაობ ტრადიციული პორტუგალიური ღვინის შესახებ სტატიაზე. ცენტრალურ პორტუგალიაში, ერთ-ორ სოფელში ადგილობრივი მეღვინეები აწარმოებენ ღვინოს ქვევრის მეთოდის მსგავსად, თიხის ჭურჭელში, რომელსაც ტალია (Talha) ჰქვია. ისინი ამზადებენ თეთრ ღვინოებს ჭაჭა-კლერტზე ხანგრძლივი დავარგებით. ამ ორ მეთოდს შორის განსხვავება ისაა, რომ ისინი, თქვეგან განსხვავებით, ჭურჭელს მიწაში არ რგავენ, არამედ - მიწის ზემოთ დგამენ. მცირე ტექნოლოგიური სხვაობაა. მთავარი ისაა, რომ მსოფლიოს დიდმა ნაწილმა ბევრი არაფერი იცის არც პორტუგალიური და არც ქართული ღვინის წარმოების შესახებ. 

-    ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ მარკეტინგული გზავნილები, სადაც აქცენტირებული იქნება ისტორია, სიძველე, ტრადიცია - უფრო მეტად მუშაობს შედარებით კონსერვატიულ ბაზრებზე, მაგ. ჩინეთზე და ნაკლებ - აშშ-ზე.

-    არა, მე ვიტყოდი, რომ ტრადიციული სტილის ღვინის მიმართ ინტერესი თუკი სადმე არსებობს მსოფლიოში, ესაა, პირველ რიგში, აშშ. თუმცა, ალბათ, ჩვენ არ ვსაუბრობთ მასობრივ ბაზარზე. 

-    რაც შეეხება, საქართველოს ევროპული სტილის ღვინოებს, რას ფიქრობთ ამ თემაზე?

-    რეალურად, რა განიცადა ღვინის სტილმა - თანამედროვე ღვინის სტილისტიკა უფრო მეტად ტექნოლოგიებზე ორიენტირებულია. 

ეს 1960 წლიდან დაიწყო, როცა ღვინის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგია ჩამოყალიბდა კალიფორნიაში, მალევე გავრცელდა ავსტრალიაში, ჩილეში, სამხრეთ აფრიკაში და ბოლოს კვლავ ევროპას დაუბრუნდა. შეგვიძლია მარტივად დავასკვნათ, რომ  სახელგანთქმული ფრანგული ღვინოები დღეს უფრო მეტად კალიფორნიულია, ვიდრე, დავუშვათ, 40 წლის წინ. 

საქართველოში ევროპული სტილის ღვინოები ჯერ არ გამისინჯავს, თუმცა, იმედი მაქვს, დავბრუნდები და აუცილებლად დავაგემოვნებ. ევროპაში არასდროს მინახავს ქართული ღვინო, მართლაც რთული საპოვნელია. 

-    რომელი ჯიშები გასინჯეთ ამჯერად? რას ფიქრობთ, აქვთ ამ ჯიშებს ევროპელ მომხმარებელთან საერთო ენის გამონახვის პოტენციალი?

-    გულწრფელად რომ გითხრათ, ამჯერად ერთი სახეობის წითელი ჯიშის 1-2 ბოთლი, მეორესი კი - 4-5 ნიმუში გავსინჯე. ერთ-ერთი მათგანია შავკაპიტო, მეორე კი - განსაკუთრებით საინტერესო ღვინო, რომელსაც საოცარი სახელწოდება ჰქონდა „პოლიფონია“. ეს ღვინო 430 წითელი ყურძნის ჯიშისგან იყო დამზადებული. მივესალმები იმ ფაქტს, რომ ახლებური ღვინოების დამზადების მიზნით მწარმოებლებმა დაიწყეს ახალი და ახალი ჯიშების შერევა. ადრე ისინი, მამა-პაპის დარიგებას მისდევდნენ და მუდამ ერთსა და იმავე ყურძნის ჯიშებს ურევდნენ ხოლმე. ასე რომ, ეჭვი მაქვს კიდევ ბევრი ასეთი აუთვისებელი პოტენციის შესახებ.

-    პოლიფონიაზე მინდა გკითხოთ. ვიცი, რომ უმაღლესი მუსიკალური განათლება გაქვთ, მოისმინეთ პოლიფონია საქართველოში?

-    მხოლოდ წუხელ მოვკარი ყური რამდენიმე სიმღერას, როცა „ხოხბის ცრემლებში“ ციღაცეები საკონცერტო რეპეტიციას გადიოდნენ. 

-    იმ ღვინოს („პოლიფონია“) მიამსგავსეთ?

-    ცხადია. უამრავი ცალკეული ხმა ბადებს ერთიან ჰარმონიას, რაღაც სავსებით ახალს და არა ნაწილების მექანიკურ ნაზავს. ღვინოც ასევე, ძალიან ხავერდოვანი იყო და რაც განსაკუთრებით სასიამოვნოა, მეორე ჭიქა პირველზე კარგი აღმოჩნდა. მესამე - კიდევ უკეთესი და ასე შემდეგ. 

-    დაბოლოს, როგორც ფილოსოფოსსა და მწერალს, გკითხავთ - რა მეტაფორით გამოხატავდით თქვენს დამოკიდებულებას ქართული ღვინის მიმართ?

-    ალბათ, ეს არის უდიდესი საიდუმლო, რომელიც ბოთლიდან თავს დაიხსნის. და რომელსაც ძალიან საინტერესო მომავალი ელოდება.

ესაუბრა ქეთო ნინიძე 

14.06.15

© საქართველოს ღვინის კლუბიღვინის საინფორმაციო ცენტრი 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული