Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ხაშმის საფერავი - „ჯაყელების“ სავიზიტო ბარათი და დამოკლეს მახვილი

ქეთო ნინიძე

ჯაყელების მეღვინეობის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი - ხაშმის ზვრები - კომპანიისთვის დამოკლეს მახვილი გახდა. ბრენდს, რომელმაც საქართველოს მსოფლიოში სახელი გაუთქვა, შესაძლოა, არსებობის საკითხი დაუდგეს, რადგან სოფ. ხაშმის მკვიდრი, შოთა ფეტვიაშვილი კომპანიას სავენახე მიწას ედავება. 

„ჯაყელების“ ბრენდის ერთ-ერთმა სულისჩამდგმელმა და მფლობელმა, მალხაზ ჯაყელმა კომპანია დატოვა და  აშშ-ში, ნიუ-ჯერსის შტატში, საკუთარ ოჯახთან გადავიდა საცხოვრებლად. კომპანიის მფლობელად კვლავ რჩება ზაზა ჯაყელი, რომელიც ხაშმის ვენახების დაბრუნებაზე, ან გამოსყიდვაზე იზრუნებს.

მისი თქმით, წლევანდელ მოსავალს სადაო ვენახებიდან კომპანია მოიწევს და „ჯაყელების“ 2015 წლის ხაშმის საფერავი აუცილებლად გამოვა, თუმცა, იმის გამო, რომ ვენახები მოუვლელია, ღვინის ხარისხმა, შესაძლოა მომხმარებლის მოლოდინი ვერ გაამართლოს.

ჯაყელების მეღვინეობას ხაშმის ვენახები იმთავითვე დიდ პრობლემებს უქმნიდა. როგორც მალხაზ ჯაყელი ღვინის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აღნიშნავს, თავდაპირველად ისინი შეცდომაში შეიყვანა ყოფილმა ბიზნეს-პარტნიორმა, შოთა ფეტვიაშვილმა, როცა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი საკუთარ ქონებად წარმოაჩინა. აღნიშნული მიწების კანონიერად შესყიდვას მალხაზ და ზაზა ჯაყელებმა დიდი რესურსები მოახმარეს, რაშიც, მათი თქმით, ფეტვიაშვილი ფინანსურად, ან რაიმე სხვა ფორმით, არ თანამონაწილეობდა.

2012 წელს კომპანია ახალი გამოწვევის წინაშე დადგა. სახელმწიფომ აღნიშნული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის წესით ფორმალურ თანხად გადასცა შპს სპან ფიშინგ ინდასტრის; კომპანიას, რომელთანაც, როგორც მალხაზ ჯაყელი აღნიშნავს, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის ინტერესები იკვეთებოდა. სამწლიანი სამართლებრივი დავის შემდეგ რამდენიმე დონის სასამართლო პროცესი ჯაყელების სასარგებლოდ დასრულდა, თუმცა დავა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 

ამჯერად, ხაშმის ვენახებზე პრეტენზია გამოთქვა მისმა იურიდიულმა მესაკუთრემ, ჯაყელების ყოფილმა ბიზნეს-პარტნიორმა, შოთა ფეტვიაშვილმა. საქმეს ართულებს ის გარემოება, რომ კომპანიის მფლობელებმა, მალხაზ და ზაზა ჯაყელებმა 2006 წელს მათ მიერ შესყიდული მიწის ნაკვეთი ფორმალურად ფეტვიაშვილზე, როგორც ბიზნესპარტნიორსა და ხაშმის მკვიდრზე, დაარეგისტრირეს. მათი თქმით, ფეტვიაშვილის სახელზე მიწის რეგისტრაციის საჭიროება დადგა გლეხების უკმაყოფილების  გამო. ისინი აპროტესტებდნენ, რომ ხაშმში მიწის ნაკვეთის ახალი მფლობელი ადგილობრივი არ იყო და თავადაც აცხადებდნენ პრეტენზიას აღნიშნულ ნაკვეთზე. თუმცა მათი მიზანი ვენახების გაშენება არ ყოფილა, მეტიც, თვლიდნენ, რომ ამ ადგილას ხარისხიანი ვენახების გაშენება უპერსპექტივო იყო. 

მიუხედავად იმისა, რომ ფეტვიაშვილმა კომპანია 2011 წელს დატოვა, იურიდიულად იგი კვლავ იმ მიწის ნაკვეთის მფლობელად რჩებოდა, სადაც „ჯაყელების“ ვენახი იყო გაშენებული. როგორც ჯაყელები ამბობენ, ფეტვიაშვილის ხელახალი დაინტერესების საგანი კომპანია მას შემდეგ გახდა, რაც ბრენდმა მსოფლიოს მასშტაბით აღიარება მოიპოვა. ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა კომპანია „ჯაყელების“ მფლობელებს ხაშმის ვენახებში 70 000 $ მოსთხოვა. ჯაყელების აზრით, ეს არაადეკვატური წინადადებაა, რადგან ვენახი, რომლის ფართობი 5,5 ჰა-ს შეადგენს, მხოლოდ 12-14 ტ. მოსავალს იღებს, მისი შენახვა და ორგანული მეთოდებით მოვლა დიდ ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს მოითხოვს, რაც ფეტვიაშვილისთვის, როგორც რიგითი მევენახესთვის, რენტაბელური ვერ იქნება. 

ამჟამად კომპანია „ჯაყელების“ ამჟამინდელი მფლობელი, ზაზა ჯაყელი, დავას ოთხ სუბიექტთან განაგრძობს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან და შპს სპან ფიშინგ ინდასტრისთან. მისი თქმით, აღნიშნული პროცესის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ის ფეტვიაშვილთან მოლაპარაკებასაც შეეცდება. 

რაც შეეხება მალხაზ ჯაყელს, ამ ეტაპზე ის კონკრეტულ ბიზნესგეგმებს არ განიხილავს. საქართველოში მას რჩება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. შრომაში იშვიათი ადგილობრივი ჯიშების, ჩხავერისა და საკმიელას სამი წლის წინ გაშენებული საკუთარი საცდელი მაღლარი ვენახი. მალხაზ ჯაყელი ფიქრობს, რომ თუკი ეს ვენახი გაამართლებს, მეღვინეობა ამ მიმართულებით წარმართოს. 

„ჯაყელების ორგანული ვენახისა და ღვინოების“ საფერავი ერთ-ერთი პირველი იყო ქართული ღვინოებიდან, რომელიც მიშლენის სამვარსკვლავიან რესტორანში მოხვდა (დიდი ბრიტანეთი, The Fat Duck Restaurant). ბრიტანეთის უმაღლესი კლასის რესტორანში კომპანიის 2010 წლის საფერავი 60 £, ხოლო 2011 წლისა - 55 £ ღირდა. წელსაც „ჯაყელებმა“ დიდი ბრიტანეთიდან 2012 წლის საფერავის 1200 ბოთლის შეკვეთა მიიღო. 

ბრენდი „ჯაყელებისთვის“ 2015 წელი წარმატების მწვერვალი იყო. Wine and Spirits Magazine-მა მათი 2010 წლის საფერავი 100-დან 91 ქულით შეაფასა. ხოლო Washington Post-მა, დაივ მაკინტეიერის პუბლიკაციაში - 5 ქართული ღვინო, რომელიც უნდა დააჭაშნიკო, პირველ ადგილზე ჯაყელების 2012 წლის საფერავი დაასახელა. წლევანდელ ზაფხულში კომპანია „ჯაყელების ორგანული ღვინო და ვენახები“ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების გვერდით, მსოფლიო ხარისხის უზრუნველყოფის (WQC) კონვენციის ოქროს მედალოსანი გახდა. 

ღვინის საინფორმაციო ცენტრი რამდენიმე დღეში შემოგთავაზებთ ინტერვიუს მალხაზ ჯაყელთან, ბრენდის ისტორიაზე, მიმდინარე გამოწვევებსა და მის სამომავლო გეგმებზე. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული