Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვისკი-ტურიზმის ღირსშესანიშნაობები

ვისკის კულტურა დღითიდღე ვითარდება. ინტერნეტით ან აუქციონზე შეგიძლიათ რომელიმე უიშვიათესი ვისკი შეიძინოთ, თუმცა უფრო შთამბეჭდავია, როცა სასმელს იქვე მიირთმევ, სადაც ამზადებენ, ან სულაც იმ ადგილას, სადაც შეგიძლია სასმელთან ერთად მისი ისტორიაც “დააგემოვნო”. სწორედ ამიტომ, შევეცდებით, ვისკისთან დაკავშირებული ყველა ღირსშესანიშნავი ადგილისაკენ გაგიძღვეთ. 

რაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, ვიწყებთ იაპონიით. ამომავალი მზის ქვეყანაში ვისკის გამოხდა 1923 წელს დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ იაპონური ვისკი ძალიან ახალგაზრდაა, მისმა წარმოებამ ამ ქვეყანაში განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია და შოტლანდიურ ხარისხსაც კი გაუთანაბრდა. კომპანია Yamazakiქალაქ ოსაკაში მდებარეობს და 1923 წელს იაპონური ვისკის პირველი პარტიაც სწორედ აქ ჩამოისხა. ამ ადგილიდან ნახევარი საათის სავალზე კი დგას ოსაკას უძველესი ციხე, სადაც Yamazaki-ს 12 წლიანი დაძველების ვისკით გაგიმასპინძლდებიან. სწორედ იქ, პაგოდას სტილის უძველესი ციხესიმაგრის ჭერქვეშ, სასმელს კიდევ უფრო დელიკატური გემო ენიჭება. 

კენტუკის შტატის ქალაქი ლუისვილი ორი რამით არის სახელგანთქმული – ეს არის ბურბონი და დოღი. ქალაქის ამ ორი ღირსშესანიშნაობით შეგიძლიათChurchill Downs-ზე დატკბეთ. ეს არის იპოდრომი, სადაც ყოველწლიურად ტარდება ყველასთვის ცნობილი Kentucky Derby. დოღზე ოფიციალურ სასმელად მიჩნეულია ქალაქ ვუდფორდში ჩამოსხმული Woodford Reserve, რომლის ერთი ბოთლის ფასიც დოღის მსვლელობისას 1000 დოლარამდე აღწევს. ამიტომ გირჩევთ, Churchill Downs-ის მისადგომებთან მიირთვათ Woodford Reserve, დოღისას კი მხოლოდ მშვენიერი ცხენების ქროლვით დატკბეთ.

კენტუკის კიდევ ერთი ცნობილი ვისკია Maker's Mark.გირჩევთ დალუქული საცობი გემ Belle of Louisville–ზე გახსნათ, რომელიც დუნედ მიცურავს მდინარე მისისიპიზე და ლუისვილის მიდამოებით ტკბობის საშუალებას მოგცემთ. გემს, რომელიც უკვე დიდი ხანია, ტურისტთა უპირველეს ღირსშესანიშნაობად იქცა, 2014 წელს 100 წლის იუბილეს გადაუხდიან.

ვისკის მოყვარულები იმდენად შევეჩვიეთ, რომ Jamesonთითქმის ყველა რიგიან ბარში ინახება, რომ სულ გვავიწყდება: ვისკის ეს სახლი ფლობს ნამდვილ საგანძურს – 18-წლიანი დაძველების Jameson Limited Reserve. მართალია, კონაქტის ლეგენდარული მეფე მაკკოლმანი Dunguaire-ს ციხესიმაგრეში ამ ვისკის არ მიირთმევდა, მაგრამ ჩვენ სწორედ Jameson-ს - ჭეშმარიტად ირლანდიურ ვისკის  გირჩევთ. უმჯობესია, თუ ვისკის გოლუეის საგრაფოში მდებარე ციხესიმაგრეში გასინჯავთ.  

1814 წელს ცნობილმა არქიტექტორმა ტომას ტელფორდმა მდინარე სპეიზე თუჯის ხიდი ააგო. ხიდიდან მდინარის საოცარი ხედი იშლება. ამ ხიდიდან 5 წუთის სავალზე კი ვისკის სახლი Macallan-ი მდებარეობს და მწარმოებლები ვისკისთვის წყალს სწორედ ამ მდინარიდან იღებენ. ამ ხიდზე რომელი ვისკი უნდა დააგემოვნოთ, ცხადია, ამის შეხსენებაც არ ღირს: რა თქმა უნდა, 10-წლიანი დაძველების The Macallan Fine Oak.  

ერნესტ ჰემინგუეის ძალიან უყვარდა პარიზის სასტუმრო Ritz-ის ბარში საათობით ჯდომა. მუხით გაწყობილი ბარი იმდენად დაუკავშირდა მის სახელს, რომ გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ ბარს სახელი შეუცვალეს და მწერლის პატივსაცემად “ჰემინგუეი”დაარქვეს. ჰემინგუეი საღამოებს ამ ბარში ატარებდა და თან ირლანდიურ ვისკის Redbreast Single Potწრუპავდა. გირჩევთ, თავადაც მიბაძოთ გენიოს მწერალს.

ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის პაბების შესწავლას შეიძლება მთელი ცხოვრება შესწირო, მაგრამ მაინც შეგხვდებათ ისეთი პაბი, როგორსაც ვერასოდეს წარმოიდგენდით. ამ საქმის ჭეშმარიტი მცოდნეები კი გვირჩევენ, მოვინახულოთ გლაზგოს ერთ-ერთი ყველაზე საოცარი პაბი - The Horse Shoe Bar. ასეთი ორიგინალური სახელი ბარს ნალის ფორმის დახლის გამო შეურჩიეს, რომელიც, ამავდროულად, მსოფლიოში ყველაზე გრძელ დახლად არის მიჩნეული. ამბობენ, რომ აქაურობას ყველაზე მეტად Dewar's White Label შეეფერება.   

ლეგენდის მიხედვით, ჩრდილოეთ ირლანდიის ნაპირებთან მდებარე უნიკალური კლდოვანი წარმონაქმნები ირლანდიელი გოლიათის ფინ მაკ-კულსა და მისი შოტლანდიელი “კოლეგის” ორთაბრძოლის შედეგად წარმოიშვა. ამ შეტაკებისას მაკ-კულმა მოწინააღმდეგეს სძლია, მან კი უკან დაიხია და ამ დროს უზარმაზარი კლდოვანი დამბა წარმოიქმნა. ცხადია, გეოლოგებს ამ ლეგენდის არ სჯერათ, მაგრამ იმას კი ნამდვილად ადასტურებენ, რომ კლდოვანი სვეტის გადასწორებულ თავზე ჯდომა და ვისკის სმა ფრიად საამო და კომფორტულია. თანაც მეზობლად ხომ ვისკის სახლი Bushmills–ია მოწყობილი. ჩვენ გთავაზობთ, ამ საუცხოო გარემოში Bushmills Black Bushმიირთვათ.

ვისკის სახლი Bushmills ამ მხარეში არანაკლები ღირსშესანიშანაობაა, ვიდრე საუცხოო კლდოვანი სვეტები. ამბობენ, რომ სწორედ ეს არის მთელ ირლანდიაში ყველაზე ძველი ვისკის სახდელი. არავინ უწყის, ეს მითია თუ ლეგენდა, თუმცა ერთი რამ ცხადია, Bushmills-ის სარდაფებს ყოველწლიურად 110 ათასზე მეტი დამთვალიერებელი სტუმრობს. სთხოვეთ ოსტატ კოლუმ იგანს, 12-წლიანი დაძველების Bushmills-ის თუნდაც ერთი წვეთი გაგასინჯოთ და მიხვდებით, თუ რა არის ნამდვილი ირლანდია. 

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული