Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სამხრეთაფრიკელ მეღვინეთა ახალი ტალღა

სამხრეთ აფრიკის ღვინის მრეწველობის უდიდეს ნაწილს ადგილობრივი თეთრკანიანები აკონტროლებენ, თუმცა შავკანიან მეღვინეთა და მწარმოებელთა მხარდაჭერა დღითიდღე უფრო მატულობს, წერს გამოცემა The New York Times-ი. სტატიას Exploring South Africa’s Black Wine Scene ჰქვია და მთლიანად ახალი თაობის შავკანიან სამხრეთ აფრიკელ მევენახე-მეღვინეებს ეძღვნება.

ქვეყნის მეღვინეობის უმთავრეს რეგიონში, Stellenbosch-ში მდებარე  ღვინის ბარი, რომელიც კეიპტაუნიდან 45 კმ-ში მდებარეობს, ერთი შეხედვით, წყნარი და კულტურული ადგილია, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება და სადაც სასიამოვნოდ შეგიძლია გაატარო დრო, თუმცა, თუ კარგად დააკვირდებით, განსხვავებასაც შეამჩნევთ. ეს გახლავთ The Wine Arc, ერთადერთი სადეგუსტაციო სივრცე სამხრეთ აფრიკაში, სადაც შავკანიან მწარმოებელთა ღვინის გასინჯვა, შეძენა და ამ გზით მათი მხარდაჭერის გამოხატვა შეგიძლიათ. The Wine Arc 2021 წელს, არაკომერციული ორგანიზაცია Wine Industry Transformation Unit-ის ინიციატივით  და დარგის ინკლუზიურობის მიზნით გაიხსნა.

South African Wine Industry Information and Systems-ის 2020 წლის მონაცემებით, შავკანიანები ქვეყნის მოსახლეობის 80%-ს შეადგენენ, თუმცა ქვეყნის შიდა ბაზარზე გაყიდული ღვინის მხოლოდ 1% მოდის მათ მფლობელობაში არსებულ საწარმოებზე, ხოლო ექსპორტზე კიდევ უფრო ნაკლები რაოდენობის ღვინო გადის. შავკანიანებს ეკუთვნით სამხრეთ აფრიკის ვენახების მთლიანი ფართობის 3%-ზე ნაკლები. იმის მიუხედავად, რომ სამხრეთაფრიკელ შავკანიანთა უმრავლესობა მეღვინეობის დარგში არა მფლობელად, არამედ მუშახელად არის წარმოდგენილი, მათი გავლენა ამ სფეროზე უფრო და უფრო იზრდება. შავკანიან მეწარმეთა უმრავლესობის  პრობლემების ნაწილი განპირობებულია იმით, რომ მათ არ გააჩნიათ თაობათა მიერ დაგროვილი მდიდარი გამოცდილება, რაც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს მარკეტინგის, ბრენდის განვითარების და მასობრივი წარმოების საქმეში.

ამ მიმართულების განვითარებაზე რამდენიმე ადამიანი განსაკუთრებით ზრუნავს, მათ შორისაა 50 წლის ტუანი პრაისი, აფროამერიკელი ექსპატრიანტი, რომელიც მშობლიურ კალიფორნიაში ტურიზმის ბიზნესით იყო დაკავებული და მსურველებს შავკანიან მფლობელთა ღვინის ბრენდებს აცნობდა. 2018 წელს ის სამხრეთ აფრიკაში გადავიდა და იმავე მიმართულებით გააგრძელა მუშაობა. მისი კლიენტები, ძირითადად, შავკანიანი ამერიკელები არიან, რომლებიც თვლიან, რომ მათი შემოსავლის ნაწილის დახარჯვა აფრიკელი თანამოძმეების წასახალისებლად მეტად მნიშვნელოვანი საქმეა.

,,ჩვენ ფონური ხმაურივით ვართ, მაგრამ ჩვენი არავის ესმის“, - ამბობს კარმენ სტივენსი, მეღვინე, რომელიც ამავე დასახელების ღვინის ბრენდს ფლობს. 51 წლის კარმენ სტივენსი სამხრეთ აფრიკაში ღვინის საწარმოს  პირველ შავკანიან მფლობელად ითვლება. 1993 წელს, სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული პირველ დემოკრატიულ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ის პირველი შავკანიანი გახდა, რომელიც ელზენბურგის კოლეჯში მეღვინეობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მანამდე მას სამჯერ უთხრეს უარი სწავლაზე, კანის ფერის გამო.

დღესდღეობით სამხრეთ აფრიკაში მინიმუმ 82 ღვინის ბრენდი ეკუთვნით შავკანიანებს, რაც 20%-ით მეტია, ვიდრე 2019 წელს. ღვინის საწარმოს მფლობელთა გარდა, იზრდება შავკანიან სომელიეთა, მეღვინეთა და მევენახეთა რაოდენობაც, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სფეროს განვითარებისთვის.

©ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული