Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რაჭა-ლეჩხუმის რთველი 2019 - მევენახეები მომავლის იმედად

ლევან სეფისკვერაძე

რაკი რაჭა-ლეჩხუმის მხარეები ადმინისტრაციულად გაერთიანებულია, ჩვენი ქვეყნის ამ ორ ღვინით სახელგანთქმულ კუთხეში სულ ცოტა ხნის წინ დასრულებულ რთველზეც ერთად ვისაუბროთ. მით უმეტეს, რომ პრობლემები როგორც რაჭაში, ასევე ლეჩხუმში თითქმის იდენტურია.

2019 წლიდან რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან სახვანჭკარე ჯიშების (მუჯურეთული, ალექსანდროული) სხვა რეგიონში, გადამუშვების მიზნით, გატანა კანონით შეიზღუდა. "ხვანჭკარის" შემთხვევაში, ცვლილებები შევიდა ღვინის რეგისტრაციაში, რომლის მიხედვითაც, 2019 წლიდან "ხვანჭკარის" ღვინო-მასალის წარმოება, უშუალოდ გადამუშავება-დადუღების პროცესი უნდა მოხდეს თვითონ ამ ადგილწარმოშობის დასახელების ტერიტორიაზე.

ფაქტია, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი სიახლეა რეგიონის მოსახლეობისთვის, ამ ღვინის მწარმოებლებისთვის, რადგან ხშირად იყო სურვილი, მოთხოვნა, რომ ადგილზე მომხდარიყო დამატებითი ღირებულების შექმნა. ამავე დროს, ეს არ იყო უმტკივნეულო გადასვლა ამ ახალ წარმოების წესებზე და შესაბამისად, ღვინის მწარმოებელ კომპანიებს მიეცათ ვადა, რომ 2019 წლიდან მათ უკვე თადარიგი დაეჭირათ და შეექმნათ საწარმოო სიმძლავრეები, თუ დამატებითი ინვესტიციები, რაც საჭიროა ამ ღვინის საწარმოებლად. ეს ყველაფერი ცხადია მარტივი არაა და დამატებით დიდ სახსრებსაც მოითხოვდა. 

რაჭაში არიან მეღვინეები, რომლებიც წლევანდელ რთველს ერთგვარ პროგრესულ გარღვევადაც კი თვლის. თუმცა, ამბროლაურის მკვიდრი მეღვინე ალეკო სარდანაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ რაჭაში რთველის დროს სიტუაცია დიდად არ შეცვლილა და პრობლემები პრობლემებად დარჩა.

ალეკო სარდანაშვილი, ალეკო სარდანაშვილის მარნის“ მფლობელი: “ამბროლაურის სოფლებისთვის და საკუთრივ ამბროლაურისთვის გასული წელი საშუალოდ მინდა შევაფასო. ზაფხულში რამდენიმე იყო სეტყვა ალაგ-ალაგ, რამაც მცირედით დააზიანა ყურძენი, მათ შორის ნაწილობრივ დავზარალდი მეც.

წელს გადავამუშავე დაახლოებით 1200 კილო ყურძენი ხვანჭკარისთვის და დაახლოებით 1400 კილო სხვა ჯიშებიც დავწურე. აქედან ყურძნის ნაწილი ვიყიდე გლეხებისგან. ზოგადად თავად ყურძნის ხარისხი მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელი იყო, თუ არ ჩავთვლით ჩემს მიერ უკვე ხსენებულ სეტყვით მიღებულ ზიანს .

- რთველზე რას გვეტყვით? როგორ წარიმართა რთველი რაჭაში?

- რაც შეეხება რთველს, ამ მხრივ არავითარი პროგრესი არ იგრძნობა. კერძო კომპანიები ყიდულობენ მოსავლის ალბათ ნახევარს და დანარჩენს სახელმწიფო იძენს. ყურძნის მიღება როგორც წესი ხდება სპონტანურად, ქაოტურად. თუ ადრე გადამუშავებული ყურძნის წვენი მიჰქონდათ, წელს მაგალითად პირდაპირ ყურძენი წაიღეს სატვირთო ავტომობილების  საბარგულებით და ეს არც თუ ისე კარგად ჩანდა მოსახლეობისთვის. თუმცა ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ამაზე პროტესტი ნაკლებადაა, რადგან ყურძნის გაყიდვით მიღებული ფული ხშირ შემთხვევაში ერთადერთი თავის გადარჩენის საშუალებაა“.

კლიმატის მხრივ გასულ წელს ადგილობრივი მევენახე-მეღვინეები დადებითად აფასებენ. წელს რაჭაში ზომიერად გრილი ზაფხული და თბილი შემოდგომა იყო.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოეთში მცირე მარნისა და ალექსანდროულის ვენახის მქონე ქალი მეღვინე შორენა პატარიძე ამბობს, რომ წელს მას და მის მცირე მარანს პრობლემები არ ჰქონია.

შორენა პატარიძე, მევენახე-მეღვინე: “წელს შემიძლია გითხრათ, რომ განსაკუთრებულად ხარისხიანი ყურძენი მივიღე. როგორც იცით მე არ მაქვს დიდი ვენახები, მაგრამ ვაზს ბუნებრივი მეღვინეობის წესების დაცვით ვუვლი და აქცენტი მოსავლის რაოდენობაზე არ კეთდება. ამიტომ, წელს დაკრეფილი  2200 კილოგრამი ალექსანდროული სრულიად დამაკმაყოფილებელი და მისაღები რაოდენობაა.

ამბროლაურის სოფლებში კარგი და თბილი შემოდგომა იყო და წლის განმავლობაშიც დაავადებების კუთხით არ იყო განსაკუთრებულად დიდი პრობლემები. ზოგადად, მეგობარი მეღვინეებისგან ვიცი, რომ უხვმისავლიანი წელი იყო რაჭაში და ყურძენიც ხარისხიანი მოვიდა“..

ცოტა ლეჩხუმზეც ვთქვათ...

მიუხედავად იმისა, რომ ლეჩხუმში ჯერ არცთუ ბევრი მცირე მარანია, რომლებიც ღვინოს ბოთლში ჩამოსხმულს ყიდიან, საქართველოს ამ კუთხეში მოწეული მოსავლის დაგემოვნება “ახალი ღვინის ფესტივალზე“ ყოველ წელსაა შესაძლებელი და რაც მთავარია წლიდან-წლამდე, ფესტივალზე გამოსული ლეჩხუმელი მეღვინეების რაოდენობა იზრდება.

რაჭის მსგავსად, ლეჩხუმშიც არ უჩივიან წლევანდელ მოსავალს. ერთი ისაა, რომ ლეგენდარული და ქართულ ღვინოებში ყველაზე ძვირი უსახელოურის გარდა, ლეჩხუმურ ყურძენზე და ღვინოზე ისეთი მოთხოვნა არ არის, როგორიც მაგალითად რაჭულ ალექსანდროულზეა. წელს, თუკი რაჭაში ალექსანდროულის ფასი 7 ლარიდან იწყებოდა, ლეჩხუმური თუნდაც საუკეთესო ზონების - ტვიში-ალპანას ცოლიკოურის ფასი 2.5 ლარს არ ასცდენია. ლეჩხუმური წითელი ყურძნის - ორბელური ოჯალეშის ფასი კი 3 ლარიდან იწყებოდა.

ბოლო დროს ღვინის მოყვარულებში საკმაოდ პოპულარული ჩხეტიანების საგვარეულო  მარანი მდებარეობს ლეჩხუმში, კერძოდ ცაგერის  ცნობილ მიკრო ზონაში, სოფელ ტვიშში, ხვამლის მთის  ძირას. ოჯახის კუთვნილი ვენახის მნიშვნელოვანი ნაწილი ქალმა მეღვინემ, მირანდა ჩხეტიანმა გააშენა. მირანდა ჩხეტიანი ამინდების მხრივ პრობლემურ წელზე, მაგრამ მაინც უხვმოსავლიან ლეჩხუმურ რთველზე გვესაუბრება.

მირანდა ჩხეტიანი, მევენახე-მეღვინე: “მიუხედავად მთელი წლის მანძილზე არსებული პრობლემებისა, წელს მაინც კარგი რთველი იყო და დაახლოებით 2 ტონა ყურძენი მომივიდა. ყურძნის ხარისხიც ნორმალური გვქონდა და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ღვინის ხარისხზეც დადებითად აისახება..

როგორც ავღნიშნე, ტვიშში წელს სამწუხაროდ ძალიან პრობლემური ამინდები გვქონდა. ჯერ საშინელი გვალვები იყო, შემდეგ ამას სეტყვაც დაემატა და სეტყვამაც გვარიანად დაგვიზიანა მოსავალი. თუმცა, ჩვენ მაინც იმედიანად ვართ. მიხარია როდესაც ვხედავ ჩვენ მხარეში როგორ მიმდინარეობს ახალი ვენახების გაშენება და შესაბამისად მოსავალიც მატულობს ყოველ წელს. ეს ჩემი კუთხისათვის ბევრს ნიშნავს“.

მოსავლის გაბევრების მავნე პრაქტიკა

რაჭა-ლეჩხუმში, ისევე, როგორც საქართველოს ბევრ სხვა კუთხეში ყურძნის მოსავლის ხელოვნურად გაბევრება სამწუხაროდ ძალზედ ცუდი პრაქტიკაა. გლეხების ნაწილი (სადაც ამის საშუალებაა) ვენახებს ჩვეულებრივი ბოსტანივით რწყავს და ასე აბევრებს მოსავალს, რაც ასევე ცხადია, დიდ ზიანს აყენებს ნარწყავი ვენახის ყურძნისგან დაყენებული ღვინის ხარისხს. ამის გამო ხდება ისე, რომ ყურძენი შესახედად ლამაზია, მტევნებიც ჯანსაღად გამოიყურება, გემოც კარგი აქვს, მაგრამ მისგან დამზადებული ღვინო უბრალოდ კრიტიკას ვერ უძლებს. ამ პრობლემას ბევრი ადამიანი ღვინის დამყენებლის უცოდინრობას აბრალებს. არადა, პრობლემების სათავე, როგორც წესი, არა მარნიდან, არამედ ვენახიდან იწყება ხოლმე.

რაჭველი მევენახეები ამბობენ, რომ ადგილობრივი ღვინის დიდი ქარხნების ნაწილს უკვე გააჩნია საჭირო რაოდენობის ყურძენი და აღარ ჭირდებათ გლეხებისგან შემოდგომობით ყურძნის შეძენა, მაგრამ ქარხნების უმეტესობა მაინც (თუნდაც სუფსიდირების შეწყვეტის პირობებში) ყურძენს გლეხებისგან იძენს და ამ ყურძნისგან დაყენებული ღვინოები შემდგომში ექსპორტზე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გადის.

მიუხედავად იმისა, რომ რაჭა-ლეჩხუმში ღვინის  ბევრი მარანი ჩაერთო ვენახების სხვადასხვაგვარი სერთიფიცირების პროგრამაში, რიგითი, ყურძნის გაყიდვაზე ორიენტირებული გლეხისთვის ყურძნის ხარისხის კონტროლი მხოლოდ ზედმეტ ხარჯებთან არის დაკავშირებული და არც ერთი ასეთი გლეხი საკუთარი სურვილითა და კეთილი ნებით არ შეიმცირებს მოსავალს და არ დადგება სერთიფიცირებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ იგივე ფასად ჯანსაღი და ნატურალური ყურძენი შესთავაზოს მყიდველს. ხარისხის კონტროლის სახელმწიფოს მხრიდან გამკაცრება ყურძნის ფასის გაძვირებას გამოიწვევს და ამ შემთხვევაში გლეხებთან ერთად, ყურძნის მყიდველებიც ზარალდებიან.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული