Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რთველი 2011 – გაიზრდება თუ არა ყურძნის ჩაბარების ფასი?

ეკა ქევანიშვილი

კახეთში რთველი დღე-დღეზე უნდა დაიწყოს. გურჯაანის, ყვარელის, თელავის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, სიღნაღის გლეხობა ყურძენზე საბოლოო ფასის დადგენის მოლოდინშია. ცნობილია, რომ სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, შარშანდელის მსგავსად, თეთრ ყურძენზე 15, წითელზეკი 25 თეთრი იქნება და ის მეღვინეების მიერ გლეხებისათვის შეთავაზებულ თანხას დაემატება. სახელმწიფო ბიუჯეტმა რთველი-2011 10 მილიონი ლარით დააფინანსა.
წელს კახეთში 100-120 000 ტონა ყურძნის მოსავალს ელიან. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, შარშანდელთან შედარებით, მოსავლის ოდენობა 25%-ით არის გაზრდილი. გლეხების ნაწილი ჩივის, რომ კახეთი სტიქიამ წელსაც საგრძნობლად დააზარალა, ყურძნის ფასი კი სანახევროდაც ვერ ანაზღაურებს მთელი წლის განმავლობაში გაწეულ ხარჯებს. თელავის რაიონის მკვიდრი 80 წლის გოგია ბიწკინაშვილი წელს 700 კილომდე მოსავალს ელის. ბევრი არ არის, გვეუბნება, მაგრამ რაცაა, მის მოყვანასაც დიდი ენერგია და ფულადი სახსრები სჭირდება. გოგია ბიწკინაშვილს მთავრობისთვის სათქმელი სხვაც დაუგროვდა:
”ჯერ ერთი, ცუდი წელი იყო მოსავლისთვის. ეს წამალი არ ჭრის - ეტყობა, ძველი შემოაქვთ და ვენახს არ შველის. თანაც, თუ 5 ლარი ღირდა, ახლა 10-15 ლარი გახდა. სეტყვამ ცალკე დაგვაზარალა. აკურის ზონაში მოსავალი განახევრებულია. ჩემს ვენახში რომ შეხვიდე, თითო ვაზზე 10-15 მტევანია გამხმარი. ერთი სიტყვით, რაც დავხარჯეთ, ვერაფრით ვანაზღაურებთ.”
ჯერ არც ის იცის, ყურძენს მისგან რა ფასად ჩაიბარებენ: ”ჯერ ფასებსაც არ ამბობენ - ვერ გაგვიგია, რა იქნება.. მარტო ის გვესმის, რასაც ტელევიზორში ლაპარაკობენ. სოფლის მეურნეობის მინისტრი გამოვიდა და თქვა, გასულ წელს ვიზარალეთო, წელს კი შარშანდელზე მეტია დაფინანსებაო. რქაწითელზე ამბობენ 40 თეთრად ჩაიბარებენო. მე თითქმის ლარი დამიჯდა მისი მოყვანა, აბა 40 თეთრი რა ფულია”...
15 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ რთველი კახეთში, სავარაუდოდ, 25 აგვისტოს დაიწყება და 7-8 კვირას გაგრძელდება. სხდომაზევე ითქვა, რომ ყურძენს 27 კომპანია შეისყიდის, მოსავლის ჩაბარება კი 32 პუნქტში იქნება შესაძლებელი.
კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე გიორგი სიბაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ბუნებრივმა კატასტროფებმა წელს რეგიონი მართლაც დააზარალა, რასაც წინ ვერავინ აღუდგება. რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ გლეხების ხელშეწყობას:

”ისეთი დროც იყო, როდესაც საერთოდ ვერ ხერხდებოდა ყურძნის ჩაბარება და არანაირ სუბსიდიაზე არ იყო ლაპარაკი. მიუხედავად იმისა, რომ თელავი და გურჯაანი სეტყვამ დააზარალა, წელს გაცილებით უკეთესი მოსავალია, ვიდრე შარშან. სუბსიდია წელსაც იგივე იქნება, რაც გასულ წელს - 15 და 25 თეთრი თეთრ და შავ ყურძენზე და ეს თანხა დაემატება იმ ფასს, რომელსაც ბაზარი დაარეგულირებს.”
ხელისუფლება სუბსიდიის რაოდენობის გაზრდაზეც ფიქრობს, ამბობს გიორგი სიბაშვილი. წელს ეს ვერ მოხერხდა:
”ვნახოთ, როგორი იქნებ მომავალი წლის ბიუჯეტი და იმის მიხედვით, შესაძლოა, სუბსიდიის რაოდენობა გაიზარდოს. წინასწარ ამაზე საუბარი აბსურდია.”
რთვლის მიმდინარეობის პერიოდში ერთ-ერთი მთავარი წერტილი გურჯაანის რაიონი იქნება. გურჯაანის გამგებელი შოთა უტიაშვილი გვეუბნება, რომ შეთავაზებული თანხა გლეხებისათვის მეტ-ნაკლებად მისაღებია, მოსავალი კი - უკეთესი:
”გურჯაანში 32-33 000 ტონა მოსავალს ველით. უფრო მეტი იქნებოდა, სეტყვა რომ არა.. 7 ქარხანა იმუშავებს და მათ სხვა დამამზადებლებიც დაემატებიან.”
კახელი გლეხების ერთი ნაწილი ამბობს, რომ სეტყვის გამო გაფუჭებული მოსავლის ჩაბარებას აზრი არა აქვს და ყურძენს სახლშივე დაწურავს, ნაწილი, ვისი ვენახიც გადარჩა, ითხოვს ჩაბარების ფასმა მოიმატოს, რომ გაწეული ხარჯები აინაზღაურონ:
”უნდა მოუმატონ ცოტა ფასს.. აბა 15 თეთრი რა ფასია, როცა 10 ლარი მარტო შხამ-ქიმიკატები ღირს. 30 თეთრი მაინც არ უნდა დაამატონ?”
”ლარი მაინც უნდა დააფასონ.”
”ჩემი ვენახის 60% დაისეტყვა, ვინ ჩაიბარებს ჩემს ყურძენს... ავდგები და დავწურავ, სხვა რა გზაა. წლის ბოლოს გლეხს დახარჯულის ნახევარსაც ვერ უფარავს შემოსავალი, ჩვენს კისერზეა ყველაფერი, საწვავია თუ სასუქია. ცოტა მაინც გააიაფონ, რომ რამე სარგებელი ვნახოთ ჩვენც...”
შეგახსენებთ, 2010 წელს ღვინის ქარხნებმა ერთი კილოგრამი საფერავის ჯიშის ყურძენი 40 თეთრად ჩაიბარეს და დამატებით, სუბსიდიის სახით, 25 თეთრი გაიცემოდა. რქაწითელში 30 თეთრს ღვინის ქარხანა იხდიდა, 15 თეთრი კი სუბსიდიიდან ემატებოდა. ფასის მომატებას ყურძენზე არც წელს ელიან.

© radiotavisupleba.ge

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული