Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პირველი ქართული მარანი ბრიტანეთში, ლონდონური მონათხრობი

გიორგი ბარისაშვილი

ბოლო ათწლეულია, რაც ქართული ქვევრითა და ზოგადად ღვინის ქართულად დაყენების საქმით ევროპისა თუ უცხოეთის სხვა ქვეყნები საკმაოდ ინტერესდებიან. შედეგად საზღვარგარეთ უკვე არსებობს ათეულობით მარანი, რომლებიც ქართული ქვევრებითაა გაწყობილი. ვფიქრობთ, რომ ეს ყოველივე ჩვენი ქვეყნის სახელია, თუმცა არის არაერთი შემთხვევა, როდესაც უცხოეთში ჩატანილი ქვევრი არაა სათანადო ხარისხისა. ამ უსიამოვნო შემთხვევისაგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ უცხოეთის შემთხვევა კი ერთი-ორად მტკივნეულია, ვინაიდან ეს ყოველივე ქართული ტრადიციული მეღვინეობის რეპუტაციაზე უარყოფითად აისახება... ამიტომაც უცხოეთში ქვევრების გატანისას დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან, რა დასამალია და, ზოგიერთი მექვევრის ნახელავი ქვევრი ხშირად არაა სათანადო ხარისხის, ხოლო ზოგჯერ კი მათი ხარისხი პირდაპირ სამარცხვინოა. ეს ვითარება ჩვენი საერთო პრობლემაა და ამიტომ მის გამოსასწორებლად ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო. ვფიქრობთ, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივა, შეიქმნას ქვევრის სტანდარტი - მისასალმებელია და ეს გარემოება პრობლემას მეტ-ნაკლებად გადაჭრის. ასევე აუცილებლად მიგვაჩნია ქვევრის ნიშანდება, ანუ დამღის ნიშნის გამოყენებაც, რაც უხარისხო ქვევრების გაყიდვის შემთხვევაში მათ მიკვლევადობას გააიოლებს.
რაც შეეხება ჩვენი სტატიის მთავარ საგანს, მოგახსენებთ, რომ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ქართული ტრადიციული ჭურჭელს - ქვევრს უცხოეთში ღვინის ქართულად დაყენების წესიც გაჰყვა. საქმე ეხება ბრიტანეთში, კონკრეტულად კი პლამპტონის ღვინის კოლეჯში აშენებულ ქართულ მარანს, რომლის ინიციატივაც ეკუთვნის ბრიტანეთის მოქალაქეს - ზაზა (ჰენრი) მჭედლიშვილს. ეს ყოველივე კი იმით დაიწყო, რომ გასულ, 2017 წლის ზაფხულს ზაზა ლონდონიდან დამიკავშირდა და იდეის არსი გამაცნო. ამის შემდეგ შევუკვეთეთ ქვევრები ტყემლოვნელ და მაქათუბნელ მექვევრეებთან. წვიმიანი ამინდების გამო ქვევრების დამზადება საკმაოდ გაჭიანურდა და შესაბამისად მათი ადგილამდე ჩატანა ცოტა დაგვიანდა, რის გამოც ქვევრების ჩარგვა დაძაბულ, ექსტრემალურ ვითარებაში მოგვიწია ლონდონური წვიმების თანხლებით.


მარნის მშენებლობა
ქვევრების ჩარგვისა და მარნის გადახურვის დასრულებისთანავე ხის მომცრო ყუთებში ჩაყრილმა იტალიაში ნაყიდმა ყურძენმაც მოაღწია მაცივრიანი მანქანებით. ეს იყო თეთრი ტრებიანო, წითელი მონტეპულჩანო და მერლო. აქედან ტრებიანოს ყურძნის ერთი მცირე ნაწილი დავაყენეთ უდედოთ, ხოლო ძირითადი ნაწილი კი ქვევრში ჩავწურეთ ჭაჭიანად.


ტრებიანო ჭაჭაზე
დაიწურა წითლებიც. დუღილის პროცესი მესამე დღეს დაიწყო და საკმაოდ აქტიურად წარიმართა. ტრებიანომ ჭაჭაზე სამ კვირამდე დაჰყო, ხოლოდ წითლები კი ჭაჭიდან მალევე მოვხსენით და ფერმენტაცია და მეორადი დუღილი მაჭარმა დაასრულა. ეს პროცესი ღვინის კოლეჯის სტუდენტებისა და სტუმრებისათვის ძალზე საინტერესო აღმოჩნდა და შესაბამისად, მარანში მათი ნაკადი უწყვეტი იყო. თუმცა დამხვდურებისაგან, როდესაც გაიგეს, რომ საფუარისა თუ სხვა უამრავი ქიმიური საშუალების გამოყენებას არ ვაპირებდით, „ეჭვის თვალსაც“ ვგრძნობდით... მაგრამ, მადლობა ღმერთს, ფერმენტაციამაც და დაწდომის პროცესმაც ძალზედ კარგი და დროული შედეგი მოგვცა. საბოლოოდ, დაახლოებით ერთი თვის თავზე ადგილობრივი ლექტორების, სტუდენტებისა და სტუმრებისათვის, რომელთა მხრიდანაც დიდი დაინტერესება გამოითქვა, მომიწია სემინარის ჩატარება სათაურით - „ღვინის კულტურა საქართველოში“, რომლის დასასრულსაც მე და ზაზამ ჩავატარედ ახალგაზრდა ღვინოების დეგუსტაცია, რამაც დამსწრეთა მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა.


სემინარი და დეგუსტაცია პლამპტონის კოლეჯში
თუმცა ჯერ კიდევ ყველაფერი წინ იყო, რადგან, რამდენიმე თვეში ღვინის დიდი და მკაცრი შეფასება უნდა გაგვევლო... მარანში ყველა ღვინო დაწყნარდა თუ არა, ქვევრები დაილუქა. სარქველები თბილისში, „კიროვის“ ქარხანაში დავაჭრევინეთ მინისაგან, თიხაცა და ქვევრების სარეცხი კირიც აქედან გავაყოლე ქვევრებს. სანამ ქვევრებს ჩავრგავდით, ისინი კირწყლით კარგად დავხეხეთ წინდაწინ მომზადებული გრძელტარიანი ჯაგრისებით.


ჭაჭის ჩასარევები თავადვე დავამზადეთ, ხოლო ჭაჭის ფიწლები, თანაც „ზედგამოჭრილები“, სამშენებლო სუპერმარკეტში ვიყიდეთ, საკმაოდ ხელსაყრელ ფასად (ჩვენთან მაინც იყიდებოდეს ამგვარი ფიწლები...).
ვითარებას გვიადვილებდა ის, რომ კოლეჯში ყველა საჭირო ელექტრო თუ მექანიკური დანადგარი (წნეხი, ტუმბო, კლერტსაცლელი...) ადგილზე იყო, რაც ნამდვილად დიდებულად წაადგა ჩვენს საქმიანობას. დანადგარებითა თუ სხვა კომფორტით დახმარება თავიდანვე აღგვითქვა კოლეჯის უფროსმა კრის ფოსმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ საქართველოში იყო ნამყოფი. მე მას სექტემბრის პირველ თუ ორ რიცხვში შევხვდი კოლეჯში და მაშინვე მახარა: ერთი კარგი ღვინო მაქვს და ახლავე უნდა გაგასინჯოო. ბოთლში 45 გრამი თუ იქნებოდა ჩარჩენილი. ალავერდის მონასტრის საფერავი... მივხვდი, ძალიან აინტერესებდა ჩემი აზრი ამ ღვინოზე. მე ვუთხარი, ამას ახლოს ვიცნობ და მე უფრო მაინტერესებს შენი აზრი მეთქი. ერთ-ერთი საუკეთესოაო, ასე მითხრა...


ზაზა მჭედლიშვილი, კრის ფოსი, გიორგი ბარისაშვილი და პლამპტონის მთავარი მეღვინე სარა მშენებარე მარანში.
კოლეჯი ღვინოსა და ცქრიალა ღვინოს აწარმოებდა, რისთვისაც საკუთრი ვენახები ჰქონდა. ღვინის საამქროს კედლებზე უხვად იყო გამოფენილი პლამპტონის ღვინის კოლეჯში დაყენებული ღვინოების სიგელები. კრისს ორჯერ-სამჯერ ვთხოვე, ერთი ბოთლი მათ კოლეჯში დაყენებული ღვინო მოეცა, რათა ჩემი კოლეგებისთვის გამესინჯებინა საქართველოში. ამაზე სიხარულით დამთანხმდა, თუმცა, ალბათ უფრო გულმავიწყობით, ღვინო არ მოუცია... ის კი არა, ერთი ჭიქა ღვინოც არავის შემოუთავაზებია ჩვენი ერთი თვით იქ სტუმრობის დროს... არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყოველივე ბატონი კრისის საქართველოში ვიზიტის ხარისხის გავლენაც იყოს. მხოლოდ ერთხელ კი, და ისიც სრულიად უცხო კაცმა, გამასინჯა კოლეჯში დაყენებული ერთი ჭიქა ღვინო და მაშინვე დავრწმუნდი, რომ დიდი ბრიტანეთის ერთადერთ ღვინის კოლეჯში დამზადებულ ერთი ბოთლი ღვინის გარეშე დარჩენაში ნამდვილად უფლის ხელი ერია...
მიიწურა სექტემბერი. დავლუქეთ ქვევრები და დავთქვით ლონდონში ჩემი შედგომი ვიზიტის თარიღი. იანვრის ბოლოს ჩავაკითხე ჩვენს ლონდონურ ჭურ-მარანს. ქვევრები მოვხადეთ და ღვინო ლექიდან მოვხსენით. თან სადეგუსტაციო ნიმუშებიც ავიღეთ, ბოთლებში ჩამოვასხით და გავაფორმეთ. 2018 წლის 22 იანვარს ლონდონის ცენტრში ღვინის ცნობილი მაღაზიის - „ჰედონიზმის“ მახლობლად, პიკადილის ქუჩის კვეთაზე დეგუსტაცია დაინიშნა, სადაც მოწვეულები ივყენენ სპეციალისტები, ჟურნალისტები და სხვ... მოსული იყო ღვინის მაგისტრი, ქალბატონი სარა ებოტიც. ყოველი ღვინის გასინჯვის წინ ჩვენ ღვინოებს მცირედ შესავალს ვუკეთებდით.


მორიგი ღვინის წარდგენა
საზოგადოებას გავასინჯეთ ოთხი ღვინო: ტრებიანო უდედო; ტრებიანო ჭაჭაზე (3 კვირა); მონტეპულჩანო და მერლო. სიმართლეს ვიტყვი, ამგვარ შედეგსა და შეფასებას არ ველოდი. ეს ყოველივე პრესამაც გააშუქა. ვთვლი, რომ ჩვენი პირველი ნაბიჯი წარმატებით დასრულდა და ჩვენმა კარგმა ჭურჭელმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა ის, რომ თუკი კაცი საგანს საქმის ცოდნით მიუდგება, ქვევრი ყოველთვის იტყვის თავის მართალ სიტყვას.


დეგუსტაციის მსვლელობისას


ღვინის ოსტატი ქალბატონი სარა აბოტი
ჩვენც უნდა ვეცადოთ, რომ ქართულ ჭურჭელს უცხოეთში მხოლოდ მზერა კი არა, ღვინის ქართულად დაყენების წესიც გავაყოლოთ, რისი ერთ-ერთი პირველი მაგალითია ბრიტანეთში აშენებული პირველი ქვევრ-მარანი.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



გიორგი ისეთი მაღალი დონის სპეციალისტი და მკვლევარია, ყველაფერს შეძლებს! საქართველოშიც და მის ფარგლებსგარეთაც პოპულარიზაციას უწევს ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციას. მისი დამსახურებით ჩვენთანაც ბევრგან აღსდგა ეს მივიწყებული წესი.ვამაყობ ამ ადამიანით, მრავალი წარმატება და სულ წინსვლა ქონოდეს.


ბატონი გიორგი არა მარტო თავისი საქმის დიდი პროფესიონალია,არამედ დიდი პატრიოტული სულის მატარებელია, ნათქვამია, რაც არ იწვის არ ანათებსო, სწორედ ასეთმა ადამიანებმა უნდა დაიკავოს ხელისუფლებაში და ბიზნესშიც წამყვანი პოზიციები,ასეთი ხალხი უნდა იყოს მომავალი თაობებისათვის მისაბაძი, და არა ათასი ჯურის ნაძირლები, რომლებიც არამი ლუკმის საშოვნელად ყველაფერზე არიან წამსვლელნი. ამ მარნის შესახებ ბატონმა გიორგიმ თავად გვიამბო ოზურგეთში სტუმრად ყოფნისას, დანარჩენი კი ამ სტატიიდან შევიტყვეთ, რაც ფრიად სასიხარულოა. ღმერთმა ხელი მოუმართოს გიორგის და ყველა ჩვენი ქვეყნის დიდებისათვის მებრძოლს.გაიხარეთ.


გლოცავთ გიორგი ამ დიდებულ მარნის შექმნისათვის და გილოცავთ ქართულ ტენოლოგიით ნატურალურ ღვინის წარმატებით დაყენებას ინგლისში. ნება მომეცით ქართული ღვინის პრევენციულ და სამკურნალო თვისებებზე მინიშნება გაგიკეთოთ რომელიც ჯერ კიდევ უცნობ მის შემადგენელ კომპონენტებითაა განპირობებული და კერძოთ ყურძენში აღმოჩენილი: 4-ეულ ფაზის მქონე წყალი (https://www.pollacklab.org/ ) ეგზოსომები, რომლებიც სამკურნალოთ გამoიყენეს უკვე https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3702113/ მიკრო-რნმ (allowed us to identify not only 110 known miRNAs but also 175 novel miRNA candidates, considerably extending the number of miRNAs described in grapevine. BMC Genomics 2015 16:393- https://bmcgenomics.biomedcentral.com/articles/10.1186/s12864-015-1610-5 და ასევე სტრესს ცილები, მათ შორის hsp70, რომელიც უძლიერესი იმმუნო-მოდულიატორია და ანტიგენების გადამტანი ლეიკოციტებზე 10 000-ჯერ ეფექტიურად ვიდრე ამას ახერხებენ მაკროფაგები, მიკრო-ელემენტების ფართო სპექტრი, ნატურალურ პიგმენტები. ასე, რომ ბოღლოწო - თქვენს ღვინოში დამბალ-გაჟღენთილი პური აჭამე ინგლისელებს, რითაც ნაყრდებოდა სამკალში ცელის ქნევით დაღლილი, ისე რომ არც კი იცოდა თუ რა სრულფასოვან საკვებს იღებდა დიდი პატივისცემით თენგიზი ჯალიაშვილი მობილური: 568 716 424

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული