Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ღვინის ზეიმი

ნინა ახლოური

წარმოიდგინეთ ნოემბრის თბილი დღე. ქუჩებში ხელოსნები სხედან და ხის კასრებს ამზადებენ. ჰაერში დღესასწაულის და ღვინის სურნელია, ყველა კუთხეში კი ცოცხალი მუსიკის ხმა ისმის. მალე მოსაღამოვდება, ფერდობიდან ველოსიპედზე ამხედრებული ხალხი დაეშვება ხელში ჩირაღდნებით და ბინდს ცეცხლის ნაპერწკლები გაფანტავს. შუაღამისთვის უკვე ფეიერვერკის გაშვებაც შეიძლება, რის შემდეგაც ყველა ღვინით სავსე ბოკალს აწევს და იტყვის: Le Beaujolais nouveau est arrivé! (ახალი ბოჟოლე მოვიდა).

ეს დღესასწაული ახალ წელს ძალიან ჰგავს. კაცმა რომ თქვას, ეს არის კიდეც ახალი წელი, უბრალოდ ღვინის კალენდრის მიხედვით. ბოჟოლე ნუვო ახალგარდა, ექვსი კვირის წითელი ფრანგული ღვინოა,  მკვეთრად გამოხატული ხილის არომატებით, რომელიც გაყიდვაში უკვე ფერმენტაციის დასრულებისთანავე მიდის. ის დიდხანს არ ინახება, რადგან, სხვა ბურგუნდიული და ბორდოს ღვინოებისგან განსხვავებით, ძალიან მალე ღვინდება და საუკეთესო გემო და არომატი სწორედ დასაწყისში აქვს. ამიტომ იმისათვის, რომ ბოჟოლეს რეგიონის მეღვინეებს სასმელი არ გაფუჭებოდათ, გადაწყვიტეს ნოემბრის მესამე ხუთშაბათს ახალგაზრდა ღვინის დღესასწაული დაეარსებინათ, ცხადია, კომერციული მიზნით. ამ წამოწყებამ გაამართლა - ფრანგები ყოველ წელს თხუთმეტ მილიონ ბოთლამდე ბოჟოლეს უშვებენ ექსპორტზე, რომელთაგან დიდ ნაწილს აზიური ქვეყნები ყიდულობენ. ბოჟოლეს მოსავალის ნახევარზე მეტი კი თავად ფრანგების მიერ ისმევა. ამას გარდა, ნოემბერში მხარე რამდენიმე ათეულობით ათას ტურისტს მასპინძლობს, რაც სასიკეთოდ, ბუნებრივია, არა მხოლოდ ღვინის გაყიდვებზე აისახება.

ბოჟოლე ნუვოს ტრადიცია იმაზე გაცილებით ძველია, ვიდრე ბევრს ჰგონია – ის სათავეს მეცხრამეტე საუკუნეში იღებს. მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა გერმანელებმა მეღვინეებზე ძალიან მაღალი გადასახადი დააწესეს, ამ დღესასწაულის აღნიშვნა შეწყდა და მხოლოდ 1985 წელს განახლდა. მან თანდათან კომერციულთან ერთად, ეროვნული დღესასწაულის მნიშვნელობაც მიიღო. ბოჟოლეს პროვინციის გარდა, საფრანგეთში ამ ახალგაზრდა ღვინის დაყენებას ზეიმობენ ლიონში (baeujolympiades), სადაც კონცერტებით და ფეირვერკებით აღინიშნება ახალი მოსავალი. პარიზის რესტორნებსა და ბისტროებში ეწყობა საგანგებო წვეულებები, სადაც ახალ ღვინოს მთელი ღამის განმავლობაში აგემოვნებენ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს დღესასწაული დიდი ხანია საფრანგეთის საზღვრებს გაცდა - დღეს ბოჟოლე ნუვოს 120 ქვეყანაში აღნიშნავენ.

რა თქმა უნდა, ბოჟოლეს დღესასწაული არ არის ერთადერთი, სადაც ახალი ღვინის დაყენებას ზეიმობენ. გაცილებით უფრო ადრე, ანუ სექტემბერში მსგავსი რამ ხდება შვეიცარიაში, ნევშატელეში, სადაც ახალი ღვინის ფესტივალი 1963 წლიდან ტარდება. ამბობენ, რომ იქაური ახალგაზრდა თეთრი ღვინო განსაკუთრებულად გემრიელია. დღესასწაულს თან ახლავს ქუჩებში გამართული საბავშვო აღლუმი, ცეკვები, იმართება ყვავილისა და ხილის ბაზრობა.

სექტემბრის მეორე კვირაში ღვინის ფესტივალი იმართება მადეირაზეც, რომელიც უფრო რთველს ეძღვნება. ეწყობა გამოფენა-დეგუსტაცია როგორც ახალი ღვინის, ასევე დაძველებულის. ტურისტებს იქაურები პირდაპირ მარნებში ეპატიჟებიან, სადაც არა მხოლოდ ღვინის დაგემოვნებას, მის დაწურვაში მონაწილეობის მიღებასაც სთავაზობენ. ფესტივალი მადეირაზე ძალიან მხიარულად აღინიშნება, ახალ მოსავალს ეძღვნება ქუჩის წარმოდგენები და ცეკვები.

შემოდგომაზე ღვინის ფესტივალი ანდალუსიაში, ხერეს დე ლა ფრონტერას ტერიტორიაზეც აღინიშნება, როგორც უკვე მიხვდით, ხერესის საპატივსაცემოდ. ეს ქალაქი, გარდა იმისა, რომ ხერესის სამშობლოა, იმითაც გამოირჩევა, რომ აქ ცხენოსნობის სამეფო სკოლა და ასევე მსოფლიოში ფლამენკოს ერთ-ერთი უძლიერესი სკოლა მდებარეობს. ხერესის, ცხენებისა და ფლამენკოს შეხამება ანდალუსიურ სიმღერებთან ერთად დღესასწაულს დამატებით ხიბლსა და მხიარულებას მატებს, სანახაობრივადაც ეს ფესტივალი ერთ-ერთი წარმატებულია მსოფლიოში მსგავს ღონისძიებებს შორის.

შვეიცარიაზე გვიან და ფრანგებზე ცოტათი ადრე, ნოემბრის დასაწყისში ზეიმობენ ახალი ღვინის დღესასწაულს იტალიელები. მათი ვინო ნოველო გემოთი და არომატით წააგავს ბოჟოლეს, ისიც ტიპური ახალგაზრდა ღვინოა, რომელიც დაძველებული არ უნდა დალიო. ტრადიციულად, მას იტალიელები თებერვლიდან უკვე აღარ მოიხმარენ. უნდა აღინიშნოს, რომ ვინო ნოველოს, ისევე, როგორც ბოჟოლე ნუვოს მთავარი ღირსშესანიშნავი თვისება მათ  უნივერსალურობაში მდგომარეობს. ამაში, რა თქმა უნდა, მათი სხვადასხვა კერძებთან იდეალური თავსებადობა იგულისხმება. ახალგაზრდა ღვინო შესანიშნავ წყვილს ქმნის ყველის სხვადასხვა სახეობებთან, ხორციან კერძებთან, შემწვარ წაბლთან... ნოველოს იტალიაში უბრალო კერძებს აყოლებენ, ისეთებს, როგორებიცაა პიცა, პასტა, თევზის კერძები. ამ ღვინის დაყენება იტალიელებმა გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყეს. დღესდღეობით ყოველი წლის ექვს ნოემბერს ამ ქვეყანაში ნოველოს ახალი მოსავლის აღსანიშნავად მისი მასობრივი დეგუსტაცია, ხილის ბაზრობა და კოსტიუმირებული სანახაობები იმართება.

ახალი ღვინის მოსავალი მსოფლიოში არა მხოლოდ შემოდგომაზე აღინიშნება. აქ არ არის საუბარი ახალგაზრდა ღვინოებზე, არამედ გასულ წელს დაყენებულ სასმელზე. ყველაზე ადრე დიდ დღესასწაულებს შორის ვენდიმია იმართება, ღვინის არგენტინული დღესასწაული. ის ქალაქ მენდოსაში ერთ კვირაზე დიდხანს გრძელდება და საკმაოდ მხიარულად მიმდინარეობს - ირჩევენ წლის ღვინის დედოფალს, ამფითეატრში ეწყობა გრანდიოზული  მუსიკალური შოუ. ვენდიმიას საკმაოდ დიდი ხნის ტრადიცია აქვს – წელს ის უკვე 75-ჯერ გაიმართა.

აპრილის დასაწყისში ღვინის საგაზაფხულო ფესტივალი იმართება უნგრეთში, ბუდაპეშტში. დღესასწაულს პარკში, ღია ცის ქვეშ ზეიმობენ, რასაც თან ახლავს ცოცხალი ეროვნული მუსიკა და ჯაზი, სტუმრებს კი ახალი ღვინის დაგემოვნების საშუალება ეძლევათ. მაისში მსგავსი დღესასწაული იმართება სამხრეთ შვეიცარიაშიც. იგი იმითაა გამორჩეული, რომ ტურისტებს საშუალებას აძლევს გასინჯონ წინა წლის შვეიცარიული ღვინო, რომელიც საზღვრებს გარეთ გასაყიდად არ გადის. ამას გარდა, დღესასწაულზე მრავლად არის წარმოდგენილი გემრიელი შვეიცარიული ყველისა და ძეხვის ნაირსახეობები.

ახალი ღვინის ფესტივალი გასული წლიდან, საქართველოშიც აღინიშნება. წელსაც, ისევე როგორც შარშან, მაისის მეორე შაბათი ახალი ღვინის დღეა. ღვინის კლუბის აზრით, და ქართული ტრადიციული თუ თანამედროვე მეღვინეობის გათვალისწინებითაც, ღვინო მხოლოდ საგაზაფხულოდ ყალიბდება და სწორედ ამიტომაა, რომ მაისი შეირჩა საფესტივალო დროდ. ღვინის კლუბის მიერ 2010 წელს ორგანიზებულმა ახალი ღვინის ფესტივალმა ძალიან წარმატებულად ჩაიარა და დიდი დაინტერესება გამოიწვია. ის დღეს საქართველოში ღვინის ერთად-ერთი ფესტივალია, რომელიც სტუმრებს საშუალებას აძლევს დააგემოვნონ და შეაფასონ გასულ წელს დაყენებული ღვინოები, ხოლო მწარმოებელს კი სასმელის ცნობადობის გაზრდაში ეხმარება. იმედია, გასულ წელს მოწეული ღვინოების სახალხო დეგუსტაცია თანდათანობით ისეთ პომპეზურ და ეროვნულ დღესასწაულად გადაიქცევა, როგორც მას საფრანგეთში, მადეირაზე, არგენტინაში და სხვა ქვეყნებში აღნიშნავენ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული