Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნატურალური მეღვინეობის პირველი ოფიციალური აღიარება

ანა ჭეიშვილი

2020 წლის გაზაფხულზე ნატურალური ღვინის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა: საფრანგეთში დაკანონდა ნატურალური ღვინის აღმნიშვნელი ლოგოს ბოთლზე დატანის უფლება. ეს ცვლილება „ნატურალური ღვინოების დაცვის პროფესიული კავშირის“ ინიციატივით შემუშავებულ წესდებაში განსაზღვრული ტექნიკური მოთხოვნების საფუძველზე მოხდა.

თუმცა, მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრობით.

2019 წლის შემოდგომაზე, საფრანგეთში, მეღვინეების (ჟაკ კაღოჟე, სებასტიან დავიდი, ჟილ აზონი) და ღვინის სფეროს პროფესიონალების (ერიკ მორანი - ადვოკატი, კრისტელ პინო - მკვლევარი და ანთროპოლოგი, ანტონან იომი-ამუნათეგი - გამომცემელი და ჟურნალისტი) ინიციატივით „ნატურალური ღვინოების დაცვის პროფესიული კავშირი“ ჩამოყალიბდა. ამ „პროფესიული კავშირის“ შექმნას წინ უძღოდა არაერთი გახმაურებული სასამართლო საქმე, როდესაც სახელმწიფო, ამა თუ იმ მიზეზით, ნატურალურ მეღვინეებს ედავებოდა. ქართველი პუბლიკისთვის ამ შემთხვევებიდან ყველაზე უკეთ ცნობილია სებასტიან დავიდის ნატურალური ღვინოების დაპატიმრების ამბავი, რომლის შესახებაც „ღვინის კლუბის“ საიტზე 2019 წლის 8 მაისის სტატიაში ვწერდით.

სწორედ ამ და სხვა ტიპის პრობლემების მოგვარების სურვილით შეიქმნა „ნატურალური ღვინოების დაცვის პროფესიული კავშირი“. „კავშირის“ მთავარი მიზანი ნატურალური ღვინის კანონის წინაშე აღიარება იყო, ვინაიდან ამ დრომდე ნატურალური ღვინო არც ერთ ქვეყანაში ოფიციალურად არ არსებობდა. ამ „უსაბუთო“ ღვინოს აუცილებლად სჭირდებოდა ნათლად განმარტებული ნებაყოფლობითი ვალდებულება, რომელიც გასაგები იქნებოდა როგორც მეღვინეებისთვის, ასევე მომხმარებლისთვის.

„პროფესიულმა კავშირმა“ შეიმუშავა წესდება, რომელსაც ამ კავშირში შემავალი 100-მდე წევრი იზიარებს (წევრების რაოდენობა მითითებულია 2020 წლის მაისის მონაცემებით). სწორედ ეს წესდება აღმოჩნდა ის დოკუმენტი, რის საფუძველზეც მეღვინეს აქვს უფლება თავისი ბოთლის ეტიკეტზე დაიტანოს ლოგო შემდეგი აღნიშვნით: „ღვინო [დაყენებული] ბუნებრივი მეთოდით“ (Vin méthode Nature). რა თქმა უნდა, ეს წესდება წინასწარ შეთანხმდა საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ კონკურენციის, მოხმარებისა და ფალსიფიკაციასთან ბრძოლის გენერალურ სამსახურთან (DGCCRF) და, ასევე, ადგილწარმოშობისა და ხარისხის ეროვნულ ინსტიტუტთან (INAO).

წესდების ტექსტი შემდეგია:

1. ყურძნის 100% (ნებისმიერი წარმომავლობის: ადგილწარმოშობა, მხარის ღვინო და ა.შ.) უნდა იყოს სერტიფიცირებული ბიო სოფლის მეურნეობიდან (გარდამავალ პერიოდში მყოფი ვენახი დაშვებულია მეორე წლიდან).

2. ხელით მოკრეფილი ყურძენი

3. მხოლოდ მკვიდრი (ანუ ველური) საფუვრები

4. არანაირი დანამატი

5. დაუშვებელია ყურძნის შემადგენლობის მოდიფიკაცია სურვილის მიხედვით

6. დაუშვებელია ისეთი უხეში ფიზიკური ჩარევა, როგორებიცაა უკუ ოსმოსი, ფილტრაციები, ტანგენციალური ფილტრაცია, ფლეშ პასტერიზაცია, თერმოვინიფიკაცია და სხვ.

7. ფერმენტაციამდე და ფერმენტაციის დროს დაუშვებელია გოგირდის დამატება. შესაძლებელია, SO2 < 30 მგ/ლ ჩამოსხმამდე (არ აქვს მნიშვნელობა ღვინის ტიპსა და ფერს); ამ შემთხვევაში ინფორმაცია დატანილი უნდა იყოს ეტიკეტზე.

8. ღვინის სალონების/გამოფენების დროს მეღვინეები და ორგანიზატორები გამოფენენ წესდებას ბოთლების გვერდით.

9. ეტიკეტზე გამოყენებული უნდა იყოს შესაბამისი ლოგო. პირველი ვარიანტი: „ღვინო [დაყენებული] ბუნებრივი მეთოდით“ ; მეორე ვარიანტი: „ღვინო [დაყენებული] ბუნებრივი მეთოდით. სულფიტები < 30 მგ/ლ“

10. მეღვინე წესდებაში გათვალისწინებულ ნაკისრ ვალდებულებათა პირნათლად შესრულების პირობას წერილობით დებს, სადაც ასევე მითითებულია ყოველი კიუვეს ლოტის ნომერი. ამგვარი წერილობითი პირობა ყოველ წელს ყოველ ახალ კიუვეზე ხელახლა ფორმდება.

11. ის კიუვე, რომელიც არ არის „ღვინო [დაყენებული] ბუნებრივი მეთოდით“, მეღვინემ უნდა გამოყოს განსხვავებული ეტიკეტით.

12. „კავშირის“ მიერ მოთხოვნილი ყველა ინფორმაცია განთავსებული იქნება ინტერნეტში.

მეღვინის მიერ აღნიშნული წესდების პირნათლად შესრულებას წელიწადში ერთხელ გააკონტროლებს „პროფესიული კავშირი“. ასევე, კონკურენციის, მოხმარებისა და ფალსიფიკაციასთან ბრძოლის გენერალურ სამსახურს შეუძლია წლის მანძილზე ნებისმიერ დროს გააკონტროლოს მეღვინის მარანი, ღვინო და ვენახი - თუმცა, აქვე დავძენთ, რომ ამ კონტროლის უფლება გენერალურ სამსახურს ყოველთვის ჰქონდა, მიუხედავად იმისა თუ რა ტიპის მევენახეობას ან მეღვინოებას მისდევს მევენახე/მეღვინე.

„პროფესიულ კავშირში“ გაწევრიანების პროცედურა შემდეგია: დაინტერესებული პირი გადის ონლაინ რეგისტრაციას და იხდის საწევრო გადასახადს წელიწადში 30 ევროს ოდენობით; ყოველი წლის 10 დეკემბრამდე „კავშირის“ წინაშე აკეთებს განაცხადს მისი კიუვეს რაოდენობისა და მაქსიმალური მოცულობის შესახებ; აგზავნის ანალიზებს, რომელთაც თავის მხრივ „კავშირი“ ამოწმებს და დადასტურების შემთხვევაში ლოგოს გამოყენების ნებას რთავს მეღვინეს. თითო ნებადართული კიუვეს ლოგოს გადასახადი 20 ევროა.

ამ ახალს ამბავს ღვინის სამყაროში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა: თუ ერთნი დიდი ენთუზიაზმითა და აღტაცებით შეხვდნენ მას, მეორენი ისეთ დეტალებზე ამახვილებდნენ ყურადღებას, როგორიც გოგირდის შემცველობა ან ყურძნის სავალდებულო ხელით კრეფა იყო. ასევე, გაისმა, ჩვენი აზრით, სამართლიანი შენიშვნა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ინიციატივა სახელმწიფოსგან უნდა მოდიოდეს, ლოგო საჯარო უნდა იყოს და შესაბამისი საჯარო სამსახური უნდა აკონტროლებდეს და არა ერთი კონკრეტული „კავშირი“. ყველაზე უცნაური კი მაინც საერთაშორისო გამოხმაურება აღმოჩნდა. იტალიელი ევროდეპუტატი ელენა ლიცი ღიად გამოვიდა ამ ლოგოს წინააღმდეგ; მან განაცხადა, რომ ვინაიდან ევროკავშირის დღეს არსებული კანონმდებლობით „ნატურალური ღვინის“ ტერმინის გამოყენება აკრძალულია, საფრანგეთი ამ ლოგოს აღიარებით ევროპის კანონმდებლობის გვერდის ავლას გეგმავს და, ამავე დროს, არათანაბარი კონკურენციის პირობებში აყენებს ევროკავშირის მეღვინეებს. დეპუტატმა ევროკომისიას თხოვნით მიმართა ეს საკითხი უფრო დაწვრილებით შეესწავლათ. სანამ ევროკომისია თავის დასკვნას გამოაქვეყნებს, მანამდე „ნატურალური ღვინოების დაცვის პროფესიულმა კავშირმა“ მოკლედ უპასუხა დეპუტატის განცხადებას და აღნიშნა, რომ მათი ორგანიზაციის კარი ევროკავშირის ყველა მეღვინესთვის არის ღია. 

„კავშირის“ პროგნოზით ახალი ლოგოებით დამშვენებული პირველი ღვინოები მიმდინარე წლის ბოლოს უნდა გამოჩნდეს ბაზარზე.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული