Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კიღურაძეების „მზიანი მარანი“ მზიან გურიაში

ლევან სეფისკვერაძე

უკანასკნელი წელიწადნახევრის მანძილზე, პროექტ „ღვინოს სოფლის“ მონაწილე არაერთი მეგრელი და გურული მევენახე-მეღვინე გავიცანით და გაგაცანით. ჯერ კიდევ პროექტის დასაწყისში, 2022 წლის ზაფხულში შევხვდით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მზიანში მცხოვრებ ძმებს, კოკა და კობა კიღურაძეებს და სულ გვინდოდა, მათთანაც უფრო ვრცლადაც გვესაუბრა, თუმცა ისე მოხდა, რომ კიღურაძეებს მხოლოდ პროექტის დასასრულს შევხვდით.

კობა კიღურაძე ძმასთან ერთად, გურიაში ძველი გურული ვაზის ჯიშის (რომელიც შემდეგ იმერულ ჯიშად გადაინათლა) ოცხანური საფერეს დაბრუნების და გაშენების ერთ-ერთი ინიციატორია. მევენახეობას საფუძვლიანად ხელი 2016 წელს მოჰკიდეს, თუმცა უკვე აქვთ ხელშესახები შედეგები და სულ მალე ახალ მარანსაც ააშენებენ. კიღურაძეები ტურიზმითაც არიან დაინტერესებული, რაც „ღვინის სოფლის“ ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა.  

კობა კიღურაძე, „მზიანი მარანი“: „მევენახეობა-მეღვინეობას ჩვენი წინაპრები უძველესი დროიდან მისდევდნენ. კომუნისტების დროს გურიაში ცოლიკოური ბევრს ჰქონდა გაშენებული და მათ შორის ჩვენს წინაპრებსაც. მერე თანდათან დაბერდა ცოლიკოურის ვენახები, ყველა ადესაზე გადავიდა და ძველი ჯიშები დავიწყებას მიეცა. ბატონი ანდრო ვაშალომიძის დიდი დამსახურებაა, რომ გურიაში ძველი გურული ვაზის ჯიშები დაბრუნდა და მათ შორის დაბრუნდა ჩვენთანაც - კიღურაძეების კარმიდამოშიც. ვაზის ძირების მოძიებისთანავე, დავიწყეთ ღვინოზე წიგნების მოძიება და გაცნობაც. ჩვენთან ნიადაგი არის მჟავე და თიხნარი. ვიფიქრეთ თუ რა შეიძლებოდა გაგვეშენებინა ასეთ ნიადაგზე. პირველ რიგში რა თქმა უნდა გვინდოდა ჩხავერის გაშენება, შემდეგ სხვა ჯიშებიც განვიხილეთ და საბოლოოდ ოცხანური საფერეს გაშენება გადავწყვიტეთ. 2016 წლიდან მივსდევთ ოცხანურის გაშენებას და ამ საქმეს თავს არასოდეს დავანებებთ.

- რამდენადაც ვიცი, მარნის მშენებლობაც დაიწყეთ...

- უკვე დაწყებული გვაქვს მარნის მშენებლობა, გვინდა გვქონდეს საოჯახო მარანი გურული ტრადიციული ღვინოებით. თავიდან უჟანგავი ფოლადის ჭურჭელს მივანიჭებთ უპირატესობას. ასევე ვსწავლობთ ქვევრს და გვაინტერესებს მისი შესაძლებლობებიც. აუცილებლად გვექნება სარდაფი მიწის ქვემოთ, სადაც შევინახავთ და დავავარგებთ ღვინოებს,

- ოცხანური საფერეს გარდა, ვაზის რომელ ჯიშებს მიანიჭებთ უპირატესობას და ღვინის დაყენებას რა მეთოდებით გეგმავთ?

- როგორც უკვე გითხარით, ჩვენი მთავარი ჯიშია ოცხანური საფერე. ასევ გვაქვს ჭუმუტა   მტევანიდი, საკმიელა და ამას გარდა გვაქვს ძალიან ძვირფასი ჯიში, რომლისგან ღვინო ჯერ არ დაგვიყენებია. ეს ჯიშია თეთრიშა, რომელიც როგორც გადმოცემით და წიგნებით ვიცით, არის გურულ-მეგრული ვაზის ჯიში. სავარაუდოდ გვექნება 3 ტონამდე ყურძენი, რომელიც იქნება მხოლოდ და მხოლოდ ირგანული წესებით მოწეული. ჩვენ გვექნება საკუთარი ხელით მოვლილი და ყოველგვარი ინდუსტრიული ჩარევების გარეშე მოყვანილი ყურძენი და ასევე დავაყენებთ ღვინოსაც. მე ვფიქრობ, რომ ყველა მევენახემ უნდა იცოდეს ზუსტად სად უჭირს მის ვენახს და რაში და როგორ ჭირდება დახმარება.
გვინდა შევქმნათ ისეთი ღვინო, რომელის ფასიც იქნება შრომის შესაბამისი. ჩვენ არ გვექნება ბევრი ღვინო, თუმცა სავარაუდოდ ეს ღვინო იქნება ძვირფასი და ხარისხზე ორიენტირებული. ღვინის ბოთლში ჩამოსხმას 2024-2025 წლისთვის ვვარაუდობ.

- მარანში ტურისტების მიღებას აპირებთ?

- აუცილებლად გვინდა ტურიზმის კუთხით განვვითარდეთ. ჩვენთვის ძვირფასი სტუმარი იქნება ყველა, ვისაც ღვინო უყვარს და ვისთვისაც ღვინო მხოლოდ ჩვეულებრივი, რიგითი სასმელი არ არის. ღვინის მოყვარული ადამიანი აუცილებლად ხელით უნდა ეხებოდეს ღვინოსაც და ვენახსაც. ვინც იზიარებს ჩვენს ფილოსოფიას, ასეთ ხალხს მუდამ სიხარულით ვუმასპინძლებთ და მნიშვნელობა არა აქვს სადაური სტუმრები გვეყოლება. ერთადერთი პირობა გვექნება - სტუმარს ნამდვილი ღვინო უნდა უყვარდეს!

- თქვენი სოფლის შესახებ და ადგილობრივი მეღვინეობის ტრადიციაზე რას გვეტყვით?

- მარანს „მზიანი მარანი“ დავარქვით სოფლის სახელიდან გამომდინარე. სხვათაშორის, ჩვენი სოფლის - მზიანის ძველი სახელია ფიჩხისჯვარი. გურიაში სამი სოფელია, სადაც ჯვარი ფიგურირებს დასახელებაში. ეს სოფლებია - ჯვარცხმა, ვაკეჯვარი და ფიჩხისჯვარი. აქედან მხოლოდ ვაკეჯვარს არ შეცვლია სახელი კომუნისტების დროს. სამწუხაროდ, ახლა ჩვენთან ძველი გურული ვაზის ჯიშები დავიწყებულია და მხოლოდ ადესა და ცოლიკოურიღაა დარჩენილი. ჩვენს სოფელში სულ ორი ოჯახი ვართ, ვინც ძველი კულტურული ჯიშებიდან ვაყენებთ ღვინოს და დიდი იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ კიდევ  ბევრი შემოგვემატება“.

მზიანი მარანი“ პროექტ „ღვინის სოფელის“ ერთ-ერთი ბენეფიციარია. აღნიშნული პროექტი „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით „ღვინის კლუბის“ მიერ სამეგრელოსა და გურიაში ხორციელდება.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული