Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქართველოს 2013 წლის მოსავლის მიმოხილვა

მალხაზ ხარბედია

2014 წლის მარტში გამოვა “ქართული ღვინის გზამკვლევის” მესამე გამოცემა. როგორც იცით, პირველად ეს წიგნი 2011 წლის ბოლოს გამოვიდა და მას შემდეგ იგი ყოველწლიურად, ორ ენაზე, ქართულად და ინგლისურად გამოიცემა და წარმოადგენს ერთად-ერთ რეგულარულ საინფორმაციო გამოცემას, რომელიც მთლიანად თანამედროვე ქართულ ღვინოს შეეხება. გთავაზობთ ერთ თავს წიგნიდან, რომელიც 2013 წლის მოსავლის დახასიათებას ეძღვნება.

გასულ წელთან შედარებით, 2013 წელი ბევრად უკეთესი იყო კახეთში, მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი საკმაოდ არასახარბიელო გამოდგა. სიცივეები გვიან დაიწყო და ცოტა ხანს გასტანა, რის გამოც ვაზის მავნებლები საკმაოდ მომძლავრდნენ (ვაზის ტკიპა და ყურძნის ჭია). ყვავილობამ ნაადრევად ჩაიარა, თუმცა ხელსაყრელი ამინდების გამო პრობლემებს მაინც გადაურჩა. პრობლემური იყო მაისის თვე ზოგიერთი რეგიონებისთვის. მაგ. ბაკურციხე–კახდენახის დიდი ნაწილი ძალიან დაისეტყვა, იმდენად, რომ ვაზს ფოთოლიც კი არ შერჩა.

ამის მიუხედავად, ზოგიერთი მევენახე XXI საუკუნის ყველაზე „ჯანმრთელ“ და „ბარაქიან“ წლად მიიჩნევს 2013 წელს, განსაკუთრებით ალაზნის მარცხენა ნაპირის მევენახეები. 2013 წელი თანაბრად წარმატებული გამოდგა როგორც ხირხატ ნიადაგიანი და ცხელი ადგილებისათვის, ასევე ნაყოფიერი და გრილი მიკროზონებისათვის, როგორც სხეულიანი და დაძველების პოტენციალის მქონე წითელი ღვინოებისთვის, ასევე მაღალმჟავიანი, ცოცხალი და გამოხატული ჯიშური არომატების მქონე თეთრი ღვინოებისათვის. 

ყვავილობიდან მოყოლებული დამწიფებამდე პერიოდში იშვიათად გვხვდებოდა დაავადებები, გაზაფხული საკმაოდ თბილი იყო და ვეგეტაციის პერიოდი შესანიშნავად წარიმართა, რასაც მოჰყვა შედარებით გრილი ზაფხული. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ზაფხულმა გვალვის გარეშე ჩაიარა კახეთში, სექტემბერში კი ძალიან თბილი და მშრალი ამინდები გამოვიდა, გრილი ღამეებით, რამაც იდეალური პირობები შეუქმნა მევენახეებს.

რთველი საკმაოდ ადრე დაიწყო კახეთში, ზოგიერთმა მევენახემ ნაფარეულში 23 აგვისტოს დაკრიფეს მწვანე კახურის ყურძენი (23% შაქრიანობით), ხოლო 5 სექტემბრისთვის ქინძმარაულის ზონის ზოგიერთ ვენახში საფერავის შაქრიანობა 25-26% იყო. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მაღალი შაქრიანობის მიუხედავად, ზოგან კლერტი და წიპწა ისე ვერ დამწიფდა, როგორც საჭიროა და არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთ ქვევრის კახურ ღვინოს ვეგეტაციის, მწვანე კლერტის ტონები ჰქონდეს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბევრმა ძალიან ადრე დაკრიფა ყურძენი, რისი მიზეზიც, ძირითადად ჩაბარებასთან დაკავშირებული შიშები და მოსავლის თავიდან მოშორების დიდი სურვილი იყო. ვფიქრობ, მომავალში ამ თემას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, თუარადა ბაზარი გაივსება მკვახე, დაბალალკოჰოლური, უხეში ღვინოებით, რომელსაც მკურნალი მეღვინის ხელი უფრო დაეტყობა, ვიდრე ადგილის ან ჯიშურობის. კახელები წლევანდელი მოსავლით ძალიან კმაყოფილები არიან, განსაკუთრებით კი რაოდენობისა და ხარისხის საუკეთესო შეხამებით არიან კმაყოფილნი.

უთოვლო ზამთარი იყო გარე კახეთშიც. მაგალითად ხაშმში ადრე დათბა, აპრილი-მაისი კი ჩვეულებრივთან შედარებით ნაკლებ ნალექიანი იყო და ყვავილობამაც ძალიან კარგად ჩაიარა. ნაყოფი კარგად განვითარდა ივნისშიც, ზომიერი ნალექის პირობებში. წლევანდელი მოსავალი განსაკუთრებით უხვი იყო გარე კახეთში, თუმცა ივლისის მეორე ნახევარი უჩვეულოდ ცივი და ნალექიანი გამოდგა, ხშირი იყო ნაცრისთვის ხელსაყრელი ამინდები, მცირე წვიმები და გამოდარებები, რამაც საკმაოდ დააზიანა ვაზი და ბევრს გაუნახევრა კიდეც მოსავალი. ყურძენი საკმაოდ ადრე დამწიფდა, მათ ვისაც შედარებით გვიან ჰქონდა რთველი, მაღალალკოჰოლური ღვინო მიიღეს.

ქართლში 2013 წლის ზამთარი ზომიერად ცივი, მაგრამ უნალექო იყო. ზამთრის განმავლობაში უთოვლობა ნიადაგის გამოშრობას იწვევს, რაც ქართლში ხშირ შემთხვევაში ვენახების გახმობის მიზეზიც კი ხდება ხოლმე.

გაზაფხული საკმაოდ გრილი იყო, ისევე, როგორც ზაფხული. ბევრ მევენახეს არც ახსოვს ქართლში ასეთი გრილი ზაფხული. არც დაავადებების მხრივ იყო პრობლემური წელიწადი და არც სეტყვა მოსულა. გრილი ზაფხულიდან გამომდინარე მევენახეები ვარაუდობდნენ, რომ რთველი ჩვეულებრივზე გვიან დაიწყებოდა, მაგრამ ტრადიციულად - სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში ჩატარდა რთველი.

ყურძნის შაქრიანობა გასულ წელთან შედარებით ნაკლები იყო, მოსავლიანობის მხრივ კი 2013 წელი ერთ-ერთი ყველაზე უხვმოსავლიანი წელიწადი იყო ბოლო დროის მანძილზე.

იმერეთში ზამთარმა თოვლის გარეშე ჩაიარა, გაზაფხულზე ერთიანად დათბა და ვაზი ჩვეულებრივთან შედარებით ორი კვირით ადრე გამოვიდა. კარგად ჩაიარა ყვავილობის წინა, ყვავილობის და ყვავილობის შემდგომმა პერიოდებმა. ამ დროს წვიმა საერთოდ არ ყოფილა. ივნის-ივლისში კარგად განვითარდა ყლორტიც და ნაყოფიც. უჩვეულოდ წვიმიანმა აგვისტომ საკმაოდ დიდი საფრთხე შეუქმნა ვენახს, მაგრამ როგორც ჩანს, წინა თვეების სიჯანსაღემ თავისი ქნა და ყურძენი ძლიერ არ დაზიანდა, მხოლოდ აქაიქ, წვიმებისაგან წვენით გადავსებული მარცვალი დაიწვა მზისგან. რთველი 2-3 კვირით ადრე დაიწყეს იმერეთში, რაც ნაწილობრივ შარშანდელმა ნაადრევმა რთველმაც გამოიწვია. სექტემბრის 20 რიცხვისთვის ზესტაფონის და ბაღდათის რაიონის სოფლებში შაქრიანობამ კრახუნაზე 23-ს, ციცქა-ცოლიკოურზე კი 22-ს მიაღწია. წლევანდელი წელი იმერეთში შარშანდელზე უხვმოსავლიანი იყო და ხარისხითაც უკეთესი. ოცხანური საფერე ტრადიციულად, გაცილებით გვიან, ოქტომბრის ბოლოს-ნოემბერში დაიკრიფა.

რაჭაშიც ძალიან ადრე დაიწყო გაზაფხული და სავეგეტაციო პერიოდი. თუკი წინა წლებში ვაზის კვირტის გაშლა იწყებოდა 15-20 აპრილიდან, მიმდინარე წელს აპრილის დასაწყისიდან დაიწყო ეს პროცესები. 25-30 აპრილს ვენახები უკვე შესაწამლი იყო, რაც რაჭის მევენახეობის ისტორიას არ ახსოვს. ამის გამო ზოგიერთმა მევენახემ ვაზი ხელმეორედ გასხლა, რათა ვაზის ნაადრევ ყვავილობაზე უარყოფითი გავლენა არ მოეხდინა გაზაფხულის ცვალებად ამინდებს, ან 2007 წლის საგაზაფხულო წაყინვები არ განმეორებულიყო, რამაც მაშინ საგრძნობლად დააზიანა ვენახები. ამის მიუხედავად, წელს ყვავილობამაც კარგად ჩაიარა და ზაფხულის პირველმა ნახევარმაც, თუმცა აგვისტო-სექტემბერის ხშირმა ნალექებმა ყურძნის სიმწიფეც შეაჩერა და ზოგიერთმა ჯიშებმა ლპობაც დაიწყო. იყო მოლოდინი, რომ რთველი ადრე დაიწყებოდა, თუმცა ზემოხსენებული მიზეზების გამო რთველი მაინც ჩვეულებრივ ვადებში ჩატარდა. მცირე მოსავალი ნამდვილად არ ითქმის წლევანდელ რაჭულ ყურძენზე, თუმცა გამორჩეული ხარისხის ყურძენიც არ ყოფილა წელს.

პრობლემები იყო ლეჩხუმშიც. ამინდი წინააღმდეგობრივი იყო. 27 აპრილიდან 2 ივლისამდე წვიმა საერთოდ არ მოსულა, რამაც ყვავილობას ძალზე შეუწყო ხელი და განაპირობა უხვი მოსავალი, თუმცა ივლისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის დასაწყისამდე თითქმის გადაუღებელი წვიმები იყო, რამაც უხვი მოსავლით ისედაც დატვირთული ვენახი ვერ დაამწიფა და იმ მევენახეებმა, ვინც მწვანე რთველი არ ჩაატარეს (ლეჩხუმში, საქართველოს ყველაზე ძვირიანი ყურძნის, უსახელაურის ვენახებში მწვანე რთველს, როგორც წესი, არ ატარებენ) ძალზე დაბალშაქრიანი ყურძენი მიიღეს. შაქრიანობა საშუალოდ 19-21%^შორის მერყეობდა. რთველი ოქტომბრის პირველი რიცხვებიდან დაიწყეს.

გურიაში ჩხავერის მოსავალი 2013 წელს საგრძნობლად მცირე იყო გასულ წელთან შედარებით, ძირითადად მავნე მწერების ზემოქმედების გამო. 2012-2013 წლების ზამთარი გურიაშიც უთოვლო იყო, გაზაფხული აქაც ადრიანი იყო, თუმცა ეს არანაირი გართულების მიზეზი არ გამხდარა. ყვავილობის პერიოდმაც კარგად ჩაიარა, წვიმების გარეშე. ზომიერად ნალექიანი და ვეგეტაციისთვის ხელსაყრელი იყო ივნისი-ივლისიც, თუმცა აგვისტოში წვიმამ მოუხშირა და სოკოვანი დაავადებების საშიშროებაც გაჩნდა, გარდა ამისა მტევნებიც დაზიანდა წვიმისა და ძლიერი სიცხეების მონაცვლეობის გამო. გასულ წელთან შედარებით ჩხავერი ადრე შევიდა სიმწიფეში და რთველი 15 ნოემბერს დაიწყეს. ზოგიერთმა მევენახემ თოვლიან დეკემბერში დაკრიფეს ჩხავერი. გურულები წლევანდელი მოსავლით კმაყოფილები არიან.

სამეგრელოში 2013 წელს ზამთარი ზომიერად ცივი იყო, ხოლო გაზაფხული კი ძირითადად მშრალი და თბილი, ვაზმა ყვავილობა 25 მაისს დაიწყო. სამეგრელოშიც, როგორც მთელს საქართველოში, ზაფხული უჩვეულოდ ცივი და უხვნალექიანი გამოდგა, რამაც თავისი კვალი დააჩნია ყურძნის რაოდენობას და ხარისხს, რადგან კლიმატური პირობების გამო მოსავალი საშუალოზე ნაკლები მოვიდა. მშრალმა და თბილმა შემოდგომამ ყურძნის ხარისხი საგრძნობლად გამოაკეთა, რთველი დაიწყო ნოემბრის მეორე ნახევარში, ამ დროისთვის ოჯალეშის შაქრიანობა 23% იყო.

თბილი და უთოვლო ზამთარი იყო აჭარაშიც, გაზაფხულიც ნაადრევად მოვიდა და ვაზმაც ადრე დაიწყო გამოსვლა. გაზაფხული შედარებით მშრალი იყო, ზომიერად თბილი. ივნისი და ივლისი გრილი იყო, ზომიერი ნალექებით, ვაზს ძლიერი ვეგეტაცია აღენიშნებოდა, ნაყოფიც და ყლორტიც კარგად ვითარდებოდა. გრილი და წვიმიანი აგვისტოს მიუხედავად ჩხავერმა აგვისტოს მეორე ნახევრიდან დაიწყო შეთვალვა, რაც ადრეა ამ ჯიშისთვის. ჭრაქი და ნაცარი ჩხავერს არ გასჩენია, ამ დაავადებებმა უფრო ცოლიკოურს, ციცქას და კრახუნას ავნეს, იყო მზის მიერ მტევნის დაწვის შემთხვევებიც. ოქტომბერ-ნოემბერში, ცოლიკოურის და მოგვიანებით ჩხავერის რთველისთვის ყურძენს არასაკმარისი შაქრიანობა ჰქონდა.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული