Home
ქართული | English
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რატომ ანებებენ თავს მარანს და ვენახს ენთუზიასტები

ლევან სეფისკვერაძის ბლოგი

საქართველოში ახალი მცირე ბიზნესების შექმნის თანმდევი სამწუხარო მოვლენაა, როცა დაგეგმილი საინტერესო პროექტების დიდი ნაწილი არ ამართლებს და რაღაც მომენტში ჩერდება. წარმოიდგინეთ, როგორი მტკივნეული შეიძლება იყოს წარუმატებლობა, როდესაც ქართველმა კაცმა აისრულა ოცნება - ააშენა მარანი, გააშენა ვენახი და რაღაც დროის გასვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ამ ბიზნესს საკუთარი თავის შენახვაც უჭირს.

ქართულ რეალობაში რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჩამოვთვალოთ, ახალბედა, იმედებით აღსავსე მევენახე-მეღვინემ რატომ შეიძლება მიანებოს თავი საქმეს, რომელიც დიდი ენთუზიაზმით და გატაცებით წამოიწყო.

უფულობა. ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი წინასწარ ვერ ითვლის ხარჯებს სწორად და ეჭიდება იმაზე დიდ საქმეს, რასაც ფინანსურად ვერ დაძლევს - აშენებს ან ყიდულობს დიდ ვენახებს, იწყებს კარგად აღჭურვილი დიდი მარნის აშენებას და ერთ დღესაც, უბრალოდ, უთავდება საამისოდ გადადებული თანხა. ამის შემდეგ ზოგი იწყებს მეგობრებში, ნათესავებში თუ ბანკებში ფულის მოძიებას, რაც ხშირად ძალიან ცუდად მთავრდება. დამწყებ მეღვინეს ბოლოს ისიც კი ვალებში გასაყიდი უხდება, რაც დიდი წვალებით ააშენა და გააკეთა. უკანასკნელი 15 წლის მანძილზე ასეთი არაერთი შემთხვევა მოხდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ფინანსური განათლება და საკუთარი შესაძლებლობების სწორად განსაზღვრა კვლავ პრობლემურია ჩვენს ქვეყანაში.

სხვისი მოიმედე. არის შემთხვევები, როცა ადამიანს სურს, ჰქონდეს წარმატებული მეღვინეობა, დებს ამ საქმეში გვარიან თანხას, აშენებს კარგ ვენახს, მაგრამ თავად არა აქვს სათანადო ცოდნა და უნარი, რომ ეს ყველაფერი მართოს. მცირე, საოჯახო მარნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეღვინისა თუ მევენახის პირადი ჩართულობა ყველა პროცესში. დარგის თუნდაც ცნობილი პროფესიონალების მოწვევა მარანსა თუ ვენახში ხშირად საქმეს ვერ შველის, რადგან მცირე მარნების ღვინო ძირითადად ნიშური, სრულიად ორიგინალური პროდუქტია, სადაც უნდა ჩანდეს მეღვინის ჩართულობა, მისი ხელწერა და განსაკუთრებულობა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჰქონდეს ასეთი მარნის ღვინოს წარმატების პერსპექტივა. თუკი ადამიანს სურს, რომ იაფფასიანი ღვინო აწარმოოს, როგორიც ყველა მარკეტში იყიდება, ამ საქმეს  მეღვინეობის ფაკულტეტის მესამე კურსელიც გაუძღვება, მაგრამ მარნის მფლობელს შემდეგ აღარ უნდა გაუკვირდეს, როცა მისი ღვინო კონკურენციას ვეღარ გაუწევს ღვინის ინდუსტრიის მიერ წარმოებულ მილიონობით ბოთლ იაფფასიან ღვინოს.

PR და არაფერი სხვა. სხვადასხვა ტელეარხების სიუჟეტებში, სოციალურ ქსელებსა თუ ბეჭდური ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე ხშირად ნახავთ ასეთი სახის ინფორმაციას: „გაიცანით ქალაქელი გოგო, რომელმაც სოფელში ვენახი გააშენა და ღვინოს აყენებს“ ან „გაიცანით ახალგაზრდა, რომელმაც თავისი ხელით ააშენა მარანი და წინაპრების ტრადიცია გააცოცხლა“. ამ სტატიებს თუ სიუჟეტებს, როგორც წესი, დიდი გამოხმაურება აქვს, მონდომებულ ახალგაზრდას ყველა უწონებს არჩევანს და უსურვებს წარმატებას. თუმცა, ხშირად მალევე გაივლის ცნობადობისა და წარმოსახვითი წარმატების პირველი ტალღა და რეალობა ბევრად უფრო რთული აღმოჩნდება, ვიდრე ეს ჟურნალის ფურცლებზე თუ სატელევიზიო სიუჟეტში მოჩანდა. დაცარიელებულ სოფელში დამხმარე მუშახელის პოვნა რთულია, ბანკის მიერ გაცემული კრედიტის გადახდის დრო დადგა, გამოუცდელობისა თუ ცოდნის ნაკლებობის გამო ვაზის სოკოვან დაავადებებთან ბრძოლა ეფექტური ვერ გამოდგა და მოსავალი განადგურდა, დამხმარე მუშად აყვანილი ადამიანი არაკომპეტენტური და ფლიდი აღმოჩნდა - ამ და სხვა მრავალ პრობლემასთან გამკლავება არც ისე ადვილია გამოუცდელი ახალგაზრდისთვის.

ორნი ერთ ნავში. სულ ორიოდე შემთხვევა მახსენდება, როცა მევენახეობა-მეღვინეობაში მეგობართა, ნათესავთა, ყოფილ თანამშრომელთა თუ ახლობელთა პარტნიორობამ გაამართლა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ სფეროში ორი და მეტი ადამიანის ერთ საქმეში ყოფნა ხშირად არ ამართლებს და უმჯობესია, საოჯახო ბიზნესს მიენიჭოს უპირატესობა. ამის მიზეზი, ძირითადად, სულ ორი რამაა ხოლმე: 1. პირველადი შეთანხმებით პარტნიორებიდან ერთი ფულს ხარჯავს, მეორემ კი საქმეში შრომა უნდა ჩადოს. როგორც წესი, ყველაფერი მიდის იქამდე, რომ უსასრულოდ ფულის ხარჯვა არავის სურს და არც მეორე პარტნიორის შრომაა უსაზღვრო და აუწონავი. 2. მარანი ასე თუ ისე ვითარდება, ღვინის გაყიდვიდან თანხებიც შემოდის, თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ რაღაც ეტაპზე აღმოჩნდება, რომ ერთი პარტნიორი ამ საქმეში მთელ დროსა და ენერგიას დებს, მეორე კი ბევრად ნაკლებს. ვისურვებდით, რომ ყოფილი პარტნიორების დაშორება მეგობრული ხელის ჩამორთმევით მოხდეს ხოლმე, მაგრამ გაყრა, არცთუ იშვიათად, კამათით, წყენით და ზოგჯერ სასამართლოს კარზე მისვლითაც მთავრდება.

კიდევ შეიძლებოდა რამდენიმე მიზეზის მოძიება, რის გამოც ბოლო წლებში არაერთმა მარანმა შეაჩერა მუშაობა, მაგრამ ძირითადად, სტარტაპების წარუმატებლობის ეს ტენდენციებია გამოკვეთილი. დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაუგეგმავად და შესაძლებლობების წინასწარი განსაზღვრის გარეშე ასეთი რთული საქმისთვის ხელის მოკიდება ნამდვილად არ შეიძლება. ერთია, როცა ადამიანს ქართული ღვინო და ღვინის კულტურა უყვარს, რაც დასაფასებელი თვისებაა, მაგრამ სულ სხვაა საკუთრივ მევენახეობა-მეღვინეობაში ჩართვა, რომელიც სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე დარგია. ასეთ საქმეს, ენთუზიაზმის და სიყვარულის გარდა, სერიოზული მიდგომა, რისკების ანალიზი, გრძელვადიანი ბიზნეს-გეგმა, შესაბამისი თანხები და მოთმინება სჭირდება.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული