Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ამერიკის ღვინის ბაზარი დღეს

ამირან ბაბუნაშვილი
 
მათთვის, ვინც აშშ-ის ბაზარზე შევლას გეგმავს, შეიძლება საინტერესო იყოს შემოთავაზებული მოკლე მიმოხილვა.
 
კრიზისი და ღვინის ინდუსტრია
 
ეკონომიკურმა კრიზისმა აშშ-ის ღვინის დარგზე უმძიმესად იმოქმედა.
ღვინის ინდუსტრიის ყველა წარმომადგენელი – მევენახე, მეღვინე, დისტრიბუტორი, საცალო მოვაჭრე, ბროკერი, დანადგარების მომწოდებელი თუ კონსულტანტი – იმას ელოდება, თუ რა მოხდება უახლეს მომავალში.
თვალშისაცემია ტენდენცია – მომხმარებელი სულ უფრო მეტად გადადის იაფფასინი სეგმენტის (8-12 დოლარი ბოთლში) ცნობილი ბრენდების შეძენაზე. ამ სეგმენტზე მომუშავე მეღვინეებს, რომელთა წარმოება საკმაოდ დიდი მოცულობისაა, კრიზისი ნაკლებად შეეხოთ. უარეს მდგომარეობაში მცირე მეღვინეები აღმოჩნდნენ – მათგან ისინი გადარჩებიან, ვინც უკვე მოასწრო კარგი რეპუტაციის შექმნა და ექპერტთა მაღალი შეფასება დაიმსახურა.
გაუჭირდებათ ახალ, ჯერ კიდევ უცნობ ბრენდებს. მათ არც ჩამოყალიბებული სადისტრიბუციო ქსელი აქვთ და არც ბრენდის სახელი ამბობს მომხმარებლისთვის რამეს. ასეთი მეურნეობების მთავარი ამოცანა 2009 წლის როგორმე გადატანაა.
კრიზისმა ყველაზე სერიოზულად საიმპორტო ღვინოების გაყიდვებზე იმოქმედა. ამას ისიც დაემატა, რომ დოლარი სუსტდება. შარშან, ბოლო ცამეტი წლის განმავლობაში პირველად, ადგილობრივი ღვინოების გაყიდვებმა იმპორტირებული ღვინოების გაყიდვებს გადაუსწრო.
დაზრალდნენ რესტორნები, ბარები და სხვა დაწესებულებები, სადაც ღვინის გაყიდვა ხდება. ამ დაწესებულებების გადარჩენისთვის ღვინის ასორტიმენტის შემცირება აუცილებელი გახდა. იმპორტირებული ღვინის გაყიდვების დაცემის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ესაა – ისინი მეტწილად რესტორნებისა და ბარების მენიუში იყვნენ წარმოდგენილი. ახლა კი ბევრი ღვინის მწარმოებელი იძულებულია სეგმენტი დატოვოს.
რესტორნების გარდა, კრიზისი ყველაზე მტკივნეულად კალიფორნიული ძვირფასიანი საკულტო ღვინოების მწარმოებლებს შეეხო. იმაზეც კი საუბრობენ, სამუდამოდ ხომ არ ჩაესვენა კაბერნე სავინიონის მზე ნაპის დაბლობიდან, რომლის ფასი ერთ ბოთლზე 100-150 დოლარია. 
ნაპის კაბერნე იმის კარგი მაგალითია, როგორ კარგავენ დღეს ძვირფასი ღვინოები თავის დიდებას.
ყველაზე ცნობილი ღვინის მეურნეობები დიდხანს ცდილობდნენ ფასის შენარჩუნებას. მაგრამ მცდელობა უნაყოფო აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც გაირკვა – სულ უფრო მეტი მომხმარებელი ძვირფასიანი ღვინოს შეძენაზე უარს ამბობს. შედეგად, ბევრი იძულებულია ფასები 30-40%-ით შეამციროს. მაგალითად, სახელგნთქმული ღვინის მწარმოებლის Special Selection Cabernet Sauvignon 2006 კრიზისამდე თუ 160 დოლარად იყიდებოდა, ახლა 99 დოლარი ღირს; Viader Howell Mountain Cabernet 2006 თუ 80 დოლარად ფასობდა, ახლა – 40 დოლარად იყიდება. ასეთი მაგალითები უხვადაა. საკულტო ღვინოები თუ რამოდენიმე თვეში იყიდებოდა, ახლა მათ რეალიზაციას შეიძლება წლები დასჭირდეს.
 
საქმე უკეთ ისეთ კომპანიებს აქვთ, როგორებიცაა, მაგალითად, Screaming Eagle-ი და Grace Family-ი. და ეს იმიტომ, რომ ისინი მცირე მოცულობის მაღალი ხარისხის ღვინოს აწარმოებენ და საცალო ქსელში თავისი ნაწარმი საერთო არ შეაქვთ - თაყვანისმცემლები ღვინოს წინასწარი შეკვეთით ყიდულობენ და წლობითაც კი ელოდებიან საყვარელ სასმელს.
ქცევას ძვირფასი ღვინის მოყვარულებიც იცვლიან: თუ კრიზისამდე ისინი ფავორიტად სხვადასხვა მწარმოებლის ოცამდე ღვინოს ირჩევდნენ, ახლა იძულებულნი ხდებიან თავისი ინტერესის სფერო რვა-ათი ღვინის სახეობით შემოფარგლონ.
ღვინოსთან ერთად იაფდება ყურძენიც. თუ ორი წლის წინ ტონა შარდონეში 2500 დოლარს იხდიდნენ, ახლა ფასი 500 დოლარამდე შემცირდა. ფიქრობენ, რომ ამ წლის მოსავლის 30%-მდე შეიძლება არ გაიყიდოს.
ღვინით მოვაჭრე კომპანიებმა უკვე გამოაცხადეს ასორტიმენტის შემცირებისა და რიგი ღვინის მწარმობელი კომპანიის პროდუქციის მიწოდების შეწყვეტის შესახებ. მცირე მოცულობის საწარმოებს გაღატაკება ემუქრებათ. ღვინის ბაზარი სწრაფად იცვლება: შიშობენ - ბაზარი პასიური და მოთხოვნაზე მართვადი გახდება.
“New York Times”-ში ღვინის მიმომხილველი ერიკ აზიმოვი ჯერ კიდევ ივლისის თვეში ასეთ კითხვას სვამდა: “შეცვლის თუ არა რეცესია კალიფორნიის ღვინის გემოს?” მისი აზრით, რეცესიამ შეიძლება კალიფორნიული ღვინოების სტილზე შესამჩნევად იმოქმედოს. პირველი მიზეზი ის დანახარჯები შეიძლება გახდეს, რომელიც ამ სახის ღვინოების დამზადებისთვისაა საჭირო. მაგალითად, ფრანგული მუხისაგან დამზადებული ღვინის კასრის ფასი 1000 დოლარია. ახალი კასრი იმისთვისაა საჭირო, ღვინომ რომ ვანილის, შოკოლადის და სანებლების ნოტები მიიღოს და ტექსტურა გაიუმჯობესოს. ძვირფასი ღვინის მწარმოებლები კი დღევანდელ პირობებში ახალი კასრების გამოყენებას ამცირებენ და მათ ხელმეორედ გამოყენებას აღარ ერიდებიან. აზიმოვი ამ ღვინოებთან დაკავშირებით ახალი ტერმინების გამოჩენასაც ელოდება – “შიშველი”, “მარტივი”, “მეტალის” და კიდევ ბევრი სხვა ახალ სიტყვას, რითაც იმის მინიშნებას შეეცდებიან, რომ ღვინო მუხის კასრში არაა დაძველებული.
 
საკანონმდებლო პრობლემები
 
მეღვინეთა და ბითუმად მოვაჭრეთა, კანონმდებელთა და ლობისტთა, ტრადიციული მაღაზიებსა და ინტერნეტით მოვაჭრეთა, იმპორტიორებსა და მომხმარებელს შორის ისევ მძაფრი ბრძოლა მიმდინარეობს იმ კანონების ირგვლივ, რომელებიც აშშ-ში ღვინის გავრცელებისა და გაყიდვის პროცესს არეგულირებს.
შეერთებულ შტატებში მწარმოებლიდან მომხმარებლამდე ნებისმიერი ალკოჰოლიანი სასმელის მოძრაობა აუცილებლად ასეთი სქემით უნდა განხორციელდეს: მწარმოებელი – დისტრიბუტორი (ბითუმად მოვაჭრე) – საცალო მოვაჭრე – მყიდველი. ამ ჯაჭვის ყველაზე სუსტი რგოლი ყოველთვის იყო და ახლაცაა დისტრიბუტორი.
აშშ-ში “მშრალი კანონის” მოქმედებისის დროს, დისტრიბუტორთა ინსტიტუტის აუცილებლობასა და შესაბამის კანონების მიღებას საკმაოდ გონივრული არგუმენტებით ასაბუთებდნენ: კორუფციის შემცირება; ალკოჰოლის ზომიერი მოხმარების უზრუნველყოფა; ღვინის ბაზარზე წესრიგის დამყარება; არასრულწოვანთა ლოთობის წინააღმდეგ ბრძოლა.
მაგრამ, ერთია რას ისახავდნენ მიზნად, მეორე კი ის, დამატებით რა შედეგი მოიტანა მიღებულმა კანონებმა. ერთი შედეგი ისაა, რომ დისტრიბუტორები მონოპოლისტებად იქცნენ. მიზეზი მარტივია – ისინი კანონით კონკურენციისგან დაცულნი გახდნენ. კონკურენციის არარსებობიდან კი სულ ერთი ნაბიჯია ფასების ზრდამდე და ისეთი ლობის გაჩენამდე, რომელიც ყველაფერს გააკეთებს არსებული სისტემის, ღვინის ბაზრის კონტროლის და თავისი შემოსავლების შესანარჩუნებლად.
“მშრალი კანონის” შემდგომ პერიოდში დისტრიბუტართა რიცხვი მუდმივად მცირდებოდა მათი გამსხვილების, ურთიერთ შთანთქმის თუ გაერთიანებების შექმნის გამო. ნელ-ნელა ალკოჰოლის მწარმოებელთა უზარმაზარი ძალაუფლება მთლიანად მსხვილი დისტრიბუტორების ხელში გადავიდა. დამატებით, ყველა შტატში კანონმდებელი თანმიმდევრულად შეუდგა საკუთარი ღვინის მწარმოებლის დაცვას და შექმნა ბარიერთა მთელი წყება ტერიტორაზე ღვინის შემოტანის გზაზე. დღეს, როცა მომხმარებელს ინტერნეტით ნებისმიერი ღვინის შეკვეთა შეუძლია, ეს შეზღუდვები შეიძლება სასაცილოდაც კი მოგეჩვენოთ. მაგრამ - ფაქტი ფაქტად რჩება.
დღეს ყველასთვის ნათელია - განაწილების არსებული სისტემა აღარ შეესაბამება ბაზრის ინტერესს. მწარმოებელსა და მომხმარებელს კარგად ესმით - დისტრიბუტორები იმ უზარმაზარი მოგების შესანარჩუნებლად იბრძვიან, რომელსაც დაუმსახურებლად, მხოლოდ მონოპოლიურ სისტემის იერარქიაში დაკავებული ადგილის გამო იღებენ. და ამ ბრძოლაში ყველა ხერხს იყენებენ კიდეც. მათ ხელში თავმოყრილი ფინანსური სახსრები საკმარისია, რომ კანონების მიღების პროცესიც გააკონტროლონ. მაგალითად, ღვინის ბითუმად მოვაჭრეთა გაერთიანებები და საზოგადოებები უზარმაზარ თანხებს ხარჯავენ საარჩევნო კომპანიის დროს თუ ფედერალურ დონეზე ლობისტების შესანახად. ხარჯავენ იმაზე მეტს, ვიდრე საბანკო სისტემა, კაზინოები, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლები, თამბაქოს კომპანიები და ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები ერთად აღებული!
2005 წლის 16 მაისს აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ ერთი ხმის უპირატესობით (5 ხმა 4-ის წინააღმდეგ) მიიღო გადაწყვეტილება შტატებს შორის ღვინის ყოველგვარი ბარიერების გარეშე მიწოდების სასარგებლოდ. სასამართლოს დაგენილებაში ვკითხულობთ: “შტატებს გააჩნიათ ფართო უფლებამოსილება დაარეგულირონ კანონები მათ ტერიტორიტორიაზე. მაგრამ ეს უფლებამოსილება მათ ნებას არ აძლევს აკრძალონ ან მკაცრად შეზღუდონ ღვინის შტატის გარედან შემოტანა..”. გადაწყვეტილება ბითუმად მოვაჭრეთა მარცხია. გახარებულმა ღვინის მწარმოებლებმა ეს დღე საუკეთესოდ გამოაცხადეს მას შემდე, რაც შტოპორი იქნა გამოგონებული! თუმცა, ამ გადაწყვეტილების განხორციელებამდე ჯერ დიდი გზაა გასავლელი – სიტუაცია ძალიან ნელა იცვლება.
ცხადია, უცხოეთის ქვეყნების ღვინი მიმწოდებლებიც ითხოვენ კანონების გამარტივებას. ევროკავშირი უკვე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ჩივილითაც იმუქრება, თუ შეერთებული შტატების ხელისუფლება პროტექციონიზმის წინააღმდეგ გადამწყვეტ ზომებს არ მიიღებს. ამ შემთხვევაში კი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია უფლებამოსილი იქნება შტატებში არსებული სისტემა შეცვალოს.
 
© vinoge.com/„ბიზნესი - ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები


Mondovino ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს ღვინოზე. ძალიან საინტერესოდ არის აღწერილი ამერიკელი და ევროპელი მეღვინეების ტრადიციები, გლობალიზაციის გავლენა მეღვინეობაზე და განსხვავებები ამერიკულ და ევროპულ მეღვინეობას შორის.


თუ არ ვცდები, სადღაც ავტვირთე ეს ფილმი. ეგარი ჩვენი "ბრანენოსეც პატიომკინ" :)))



სად ატვირთეთ, სად შეიძლება რომ მივაგნოთ??? თუ კიდევ შესაძლებელია რომ ატვირთოთ, საინტერესო იქნებოდა სანახავად...


ახლა ვნახე და ლინკი გაუქმებული ყოფილა. ახლა ვტვირთავ და რამდენიმე საათში დავაგდებ კიდეც ბლოგზე.



სიამოვნებით ვნახავდი კიდევ ერთხელ!


აბა მეგობრებო, მოიდა მონდოვინო :)



საინტერესო ფილმი იყო. კარგი და ჭკვიანური ჯურნალისტური გამოძიება, რომელიც აშიშვლებს და სააშკარაოზე გამოჰყავს ღვინის თანამედროვე სამყაროში არსებული ძირითადი პრობლემატური საკითხები: მრავალფეროვნების გაქრობა, კომერციული შედეგის უპირატესობა ხარისხსა დე გუსტატიურ შედეგებზე, მასიური მომხმარებლის არაკომპეტენტურობა და მოუთმენლობა (დღეს იყიდოს იაფად ღვინო, რომელსაც დალევს დღესვე ან უარეს შემთხვევაში ხვალ მაინც და ექნება 20 წლის ბურგუნდიული La Tâche-ის გემო)რომელიც შეუთავსებელ სისულელეებში გადაიზრდება; თუმცა ამ სისულელეებს სამწუხაროდ ინდუსტრიის დიდი ნაწილი მიყვება პროგრესის იარლიყს ამოფარებული. დამაფიქრებელი ფილმია... კარგი მომავლის იმედს არ ჩაუსახავს დამოუკიდებელ ღვინის მწარმოებელს, რომელიც ადამიანური ზომის კომპანიაში, ხარისხიანი და არაუნიფიცირებული ღვინის შექმნითაა დაკავებული.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული