Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რამდენ ღვინოს სვამენ საქართველოში? საერთაშორისო კვლევების მიმოხილვა

ფოტო: ქეთევან ადეიშვილი

ქეთო ნინიძე

ამ საკითხის გარშემო მუდამ ურთიერთგამომრიცხავი დამოკიდებულებები იჩენს თავს. ზოგი თვლის, რომ ქართველს მსოფლიოში ღვინის მოხმარების თვალსაზრისით ბადალი არ ჰყავს. ამის დამადასტურებლად მათ მამა-პაპის უშველებელი ყანწებისა და სახელდახელოდ მოგონილი „განსხვავებულების“ მოცულობა შეიძლება მოიშველიონ. აბა, რა მოსატანია ქართველ მსმელთან ფრანგი, ხორვატი ან დანიელი?!

საკითხში შედარებით ღრმად ჩახედულებმა კი იციან, რომ ღვინის მოხმარების ინდექსი არა პიროვნების მიერ ერთჯერადად შესმულის მოცულობით ითვლება, არამედ, წლიურად, ერთ სულ (ზრდასრულ) მოსახლეზე (per capita). შესაბამისად, მსოფლიოს ღვინის მსმელ ქვეყნებს შორის ის სახელმწიფოები ლიდერობს, ვინც ღვინოს, თუნდაც, მცირე რაოდენობით, მაგრამ სტაბილურად, მოიხმარს, ვიდრე - ერთჯერადად, ბევრს. 

მსოფლიოს სხვადასხვა პროფილის წამყვანი ორგანიზაციები უძღვებიან სხვადასხვა ტიპისა და თემატიკის სისტემატურ კვლევებს, რომელთა მიხედვითაც იზომება ღვინის, ალკოჰოლური სასმელებისა და, ზოგადად, ალკოჰოლის მოხმარება (სმა, გაყიდვა) და წარმოება როგორც მოცულობითი, ასევე, ღირებულებრივი თვალსაზრისით. 

კვლევები, ძირითადად, ერთგვარი მეთოდოლოგიით ტარდება, მცირედი სხვაობებით. იზომება სახელმწიფოში წლიურად მოხმარებული ღვინის მთლიანი მოცულობა (ლიტრაჟი), ან, როგორც აღვნიშნეთ, სახელმწიფოში ერთ სულ (per capita) მოქალაქეზე ღვინის წლიური მოხმარება. 

ამგვარი დათვლები, უმეტესად, საერთაშორისო, ან ლოკალური სახელმწიფო ორგანიზაციების ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს ეფუძნება. საუკეთესო შემთხვევაში, კვლევითი ორგანიზაციები ატარებენ პირისპირ (face2face) გასაუბრებებს ღვინის სფეროს ადგილობრივ აქტორებთან (მწარმოებლები, დისტრიბუტორები და სხვ.). შეხვედრებს, დაახლოებით, თვისებრივი კვლევის დატვირთვა ენიჭება. თუმცა, სტატისტიკის მთავარი ფოკუსი მაინც გაყიდვაა. „მოხმარება“ ამგვარ კვლევებში „გაყიდვის“ იდენტური ტერმინია. 

ცხადია, ამ ტიპის კვლევების უნივერსალური მეთოდოლოგიური აპარატი ბოლომდე ვერ აღწევს თითოეული ქვეყნის კულტურული, ღირებულებრივი და სოციალური სტრუქტურების ღრმა შრეებში, ვერ ასახავს იმ მექანიზმებს, რომლებიც დაკავშირებულია ღვინის მოხმარებასთან ამა თუ იმ სახელმწიფოში. 

ერთ-ერთი პირველი, ამ ტიპის კვლევებს ეკონომიკური კოოპერირებისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) უძღვებოდა. ჯერ კიდევ 1960-იანი წლებიდან ის სწავლობდა მსოფლიოში ალკოჰოლური სასმელების მოხმარების მოცულობას ერთ სულ მოსახლეზე. კვლევაში სულ მონაწილეობას იღებდა 50-მდე ქვეყანა, რომელთა შორის საქართველო (არც იმდროინდელი საბჭოთა კავშირის ფარგლებში) არ ყოფილა. 

კვლევები, რომლებიც საქართველოში 2000-იანი წლებიდან ტარდება და სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მეთოდით მიმდინარეობდა, ცხადყოფს, რომ საქართველოს მოქალაქე წლიურად საკმაოდ მწირი რაოდენობით ღვინოს მოიხმარს.

WHO (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია), 2014 წლის ანგარიში ალკოჰოლისა და ჯანმრთელობის გლობალური ვითარების შესახებ 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეს რაპორტი 2014 წელს არის მომზადებული, 2010 წლის მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევა ითვალისწინებს სახელმწიფოს მიხედვით, მოხმარებული ალკოჰოლის (pure alcohol) წლიური მოცულობის განსაზღვრას ერთ სულ მოსახლეზე, 15 წელს ზემოთ. 

ამ კვლევაში საქართველო 69-ე ადგილს იკავებს ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 7.7 ლიტრი წმინდა ალკოჰოლის (და არა - ალკოჰოლური სასმელის) მოხმარების მიხედვით. თუმცა ალკოჰოლის ინდექსში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ღვინის წილი ერთ-ერთი, ყველაზე მაღალია - 49.8 %. ამ მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს ღვინის მსმელ ქვეყნებს არცთუ დიდად ჩამორჩება. 

ცხრილში შეგიძლიათ მოიძიოთ მონაცემები იმ სახელმწიფოების შესახებ, რომლებიც, ამ კვლევის მიხედვით, ყველაზე დიდი რაოდენობით ალკოჰოლს ღვინიდან იღებენ.

კალიფორნიის ღვინის ინსტიტუტი, ღვინის მოხმარება სახელმწიფოების მიხედვით (per capita) 2013 

ამ კვლევაში, წინამორბედისგან განსხვავებით მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში ერთ სულ მოსახლეზე, მოხმარებული ღვინის (და არა - წმინდა ალკოჰოლის) მოცულობებია განსაზღვრული. 

კალიფორნიის ღვინის ინსტიტუტის 2013 წლის ღვინის მომხმარებელი ქვეყნების მსოფლიო ათეული ასე გამოიყურება:

მართალია, კალიფორნიის ღვინის ინსტიტუტის 2013 წლის კვლევაში საქართველო არ არის წარმოდგენილი, მაგრამ მისივე 2007-2010 წლების სტატისტიკა საქართველოს მონაცემებსაც გვთავაზობს. 

საქართველოში ღვინის მოხმარების მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე 2007 წელს, სულ რაღაც, 15.21 ლიტრს შეადგენს, თუმცა ეს ციფრი 2010 წლამდე 16.25 ლიტრამდე თანმიმდევრულად იზრდება. 

IWSR, 2015 წლის ანგარიში - ღვინის საშინაო მოხმარების მოცულობა

ეს კვლევა, რომელიც 2004-2014 წლების გრძელვადიან მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდა, რამდენადმე განსხვავებულ მეთოდოლოგიას ეფუძნება. ამ შემთხვევაში, კვლევის მიზანია შინ მოხმარებული ღვინის მთლიანი მოცულობის განსაზღვრა, ღვინის სფეროში საყოველთაო, ცხრალიტრიანი ქეისის (9 ლ.  = 12 ბოთლი) მიხედვით. 

საქართველო აქაც საკმაოდ მოკრძალებული ინდექსითაა წარმოდგენილი და, ამასთანავე, აღნიშნულ კვლევაშიც ჩანს ადგილობრივი ბაზრის განვითარების სტაბილური დინამიკა. 2004 წელს საშინაო გაყიდვების მაჩვენებელი საქართველოში 7 245 ქეისია (7245 X 1000 X 9 = 65,205,000 ლ), 2014 წლისთვის კი ის 7 655.25 (7 655.25 X 1000 X 9 = 68,897,250 ლ.) ქეისამდე იზრდება.  

აღნიშნულ კვლევაში ლიდერობს აშშ, სადაც ადგილზე მოხმარების მაჩვენებელი, დაახლოებით, 3,420,000,000 ლიტრია, საფრანგეთში კი - დაახლოებით, 2,610,000,000-ს აღწევს. მას მოჰყვება იტალია, დაახლოებით, 2,520,000,000, გერმანია - 2,430,000,000 და ჩინეთი - 1,530,000,000 ლიტრით. მომდევნო ხუთეულს ბრიტანეთი, არგენტინა, რუსეთი, ესპანეთი და ავსტრალია ინაწილებენ. 

კვლევის მიხედვით, ქართველები, როგორც კონსერვატორი მომხმარებლები, უფრო მეტად ადგილობრივი წარმოების ღვინოს ეტანებიან, გაყიდვების მაჩვენებელში იმპორტირებული ღვინის მოცულობა მეტისმეტად მცირეა. 

-----------------------------------------------------------------------------------------------

ბოთლის ღვინის მსყიდველობითუნარიანი სეგმენტი ქართულ ბაზარზე საკმაოდ ვიწროა, ბოთლის ღვინოს საკუთარი მოხმარებისთვის, ძირითადად, უცხოელი ტურისტები შეიძენენ. ჩამოსასხმელი და ოჯახში წარმოებული (ხშირად, ფალსიფიცირებული) ღვინის დომინირება ადგილობრივ ბაზარზე „შეუიარაღებელი“ თვალითაც ჩანს. ეს ფაქტორები კი, ცხადია, კვლევებში არ აისახება. ამიტომ კითხვა - რა რაოდენობით ღვინო მოიხმარება საქართველოში (მთლიანად თუ ერთ სულ მოსახლეზე) კვლავ ღიად რჩება. 

დასასრულ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მიერ მიმოხილული თითოეული კვლევა ადგილობრივი ღვინის შინ (საქართველოშივე) მოხმარების განვითარების ტენდენციას აჩვენებს. უახლოესი წლების პროგნოზებიც დამაიმედებელია. ამიტომ, შესაძლოა, სულაც არ იყოს უპერსპექტივო, რომ ღვინის ადგილობრივმა მწარმოებლებმა, რომლებიც მსოფლიოში ღვინის მზარდი ბაზრების შესწავლით არიან დაკავებულნი, შინაური რესურსების ათვისებას უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ. შესაძლოა, ქვეყანაში, სადაც ღვინის მოხმარების ათასწლეულების ისტორია და ღირებულებრივი წინაპირობები არსებობს, სულ მცირე სტიმულიც კი საკმარისი იყოს ღვინის ცნობიერების ამაღლების, სამომხმარებლო კულტურის განვითარებისა და ღვინის მოხმარების გაზრდისათვის. 

მეორე მხრივ, ბოლო დროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევა ფალსიფიცირებული ღვინის წინააღმდეგ იძლევა იმის იმედს, რომ სულ მალე ოჯახში დაწურულ, ე.წ. „სუფთა“ ღვინოს ფასი მიეცემა და ეს პროდუქტი, როგორც მინიმუმ, საზოგადოებრივი კვების ობიექტებსა და სარეალიზაციო წერტილებში ჩაანაცვლებს ე.წ. „გაკეთებულ ღვინოს“. ანუ, ადამიანები უფრო მეტ ღვინოს (ამ სიტყვის ბუკვალური გაგებით) მოიხმარენ  და, შესაბამისად, ღვინის წარმოებაც უფრო შემოსავლიანი გახდება. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

მასალა შეიცავს მონაცემებს, რომლებიც ღვინის საინფორმაციო ცენტრისთვის ექსკლუზიურად გახდა ხელმისაწვდომი. ამიტომ ტექსტის გამოყენება ავტორის ნებართვის გარეშე დაუშვებელია.



აქ არ არის გათვალისწინებული ფალსიფიცირებული ღვინო და ჭაჭა ამის გარეშე კი მოხმარების შეფასება შეუძლებელია. რა თქმა უნდა ეს არ ეწინააღმდეგება იმას რომ ღვინის მოხმარების ტრადიცია შეცვლილია ჩვენ არ მოვიხმართ წითელ ღვინოს სადილზე და ა შ (ეს არ შეიძლება ტრადიცია იყოს მაშინ საერთოდ არ გვექნებოდა შავი ყურძენი)


მე ყოველ დღე სადილზე და მერე 0,3ლ წითელ ღვინოს ვსვამ, ხუთშაბათობით მეგობრები ვიკრიბებით და ვქეიფობთ, 1,5-2ლ კაცზე.წელი როგორ გავა რომ 30 მაინც ლხინის ან ჭირის სუფრა არ იყოს. ასე რომ წელიწადში საშუალოდ 200-220ლ ღვინოს გეახლებით. ჩემისთანა 4 მილიონიან საქართველოში 500 000 მაინც იქნება. გამოდის 110 000 000 ლ. 110:4= 27,5ლ/1 სულზე


2 მილიონი სმის ასაკში მოქალაქე კვირაში 1 ბოთლი =100 მილიონი ბოთლი !

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.