Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რთველის სახელმწიფო პოლიტიკა 2012

სალომე აფხაზიშვილი

2012 წლის რთველი ჯერ დასრულებულიც არ იყო, როცა ღვინის კომპანიების მფლობელები სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამით გამოწვეულ უკმაყოფილებაზე ალაპარაკადნენ. ოფიციალური ინფორმაცია მედიასაშუალებებმა ექვს ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილსა და ბიზნესმენებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს, როდესაც ღვინის ბიზნესის რამდენიმე წარმომადგენელმა სახელმწიფო რთველის პროცესის პირდაპირ წარმართვაში დაადანაშაულა. კომპანია „თბილღვინოს“ მფლობელმა, გიორგი მარგველაშვილმა სუბსიდირების პროგრამა ღვინის კომპანიების ხარჯზე განხორციელებულ ღონისძიებად მიიჩნია. მასვე დაეთანხმნენ სხვა კომპანიებიც, მათ შორის – „შუხმანის ღვინოები“,  „ასკანელი ძმები“ და „ალავერდი“.

წელს, სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, კახელ გლეხებს ერთ კილოგრამ ყურძენში 1 ლარი გადაუხადეს. კახელმა გლეხებმა, წინა წლებისგან განსხვავებით, წელს შედარებით გაზრდილი სუბსიდია მიიღეს. მიზეზი – ზაფხულში კახეთში მომხდარი სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურება გახდა. თანხის ძირითად ნაწილს, ანუ საფერავის შემთხვევაში – 65 თეთრს, რქაწითელის შემთხვევაში კი 75 თეთრს ის კომპანიები ფარავდნენ, რომლებიც ყურძენს გლეხებისგან იბარებდნენ. გლეხებს სუბსიდიის სახით რქაწითელში  25 თეთრი, საფერავში კი – 35 თეთრი გადაუხადეს. საერთო ჯამში, წითელსა და თეთრ ღვინოში გლეხებმა ერთი და იგივე თანხა მიიღეს. 

ღვინის კომპანიები რთველის პროცესისადმი სახელმწიფოს არაჯანსაღ მიდგომაზე საუბარს სწორედ ყურძნის ფასების დადგენის ეტაპიდან იწყებენ. გიორგი მარგველაშვილმაც სწორედ ამას გაუსვა ხაზი, როდესაც აღნიშნა, რომ საფერავისა და რქაწითელის გადასახადი კომპანიისთვის ერთი და იმავე ხარჯებით განისაზღვრა, მაშინ, როდესაც წინა წლებში, რქაწითელის ფასი საფერავისას 20–30 თეთრით ჩამოუვარდებოდა. ამ შემთხვევაში, სახელმწიფომ გადაწყვიტა დახმარებოდა დაზარალებულ გლეხებს, რომლებსაც საფერავიც ისევე დაუზიანდათ, როგორც რქაწითელი, თუმცა არათანაბარ პირობებში ჩააყენა ღვინის კომპანიები, რომლებმაც გლეხებს ორივე ჯიშის ყურძენში თანაბარი თანხა გადაუხადეს. ამგვარი მიდგომა კი შორს აღმოჩნდა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისგან, რომლის მიხედვითაც,  ფასს მოთხოვნა–მიწოდების სისტემა განსაზღვრავს და არა სახელმწიფო პოლიტიკა.

„ყურძნის ფასის დადგენა უნდა მოხდეს სააბზრო ეკონომიკის პრინციპებზე დაყრდნობით, სახელმწიფოს, როგორც კონკურენტის როლი ძალიან მინიმალური უნდა იყოს რთველის პროცესში, ან საერთოდ არ უნდა არსებობდეს, იმიტომ, რომ, რადგან სახელმწიფო თავად იბარებს ყურძენს, ანუ ყურძნის მიღებაში სახელმწიფო ქარხნები იღებენ მონაწილეობას, აქ სახელმწიფო გამოდის, როგორც ერთგვარი მხარე და კერძო კომერციულ კომპანიებს უწევთ უნებლიე კონკურენცია სახელმწიფოსთან, შესაბამისად ფასი იზრდება იმაზე მეტად, რასაც რეალურად საბაზრო ფასი გულისხმობს“ , – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა რადიო „ცხელ შოკოლადთან“ საუბარში. მისი თქმით, სახელმწიფოსა და ბიზნესმენებს შორის კონკურენცია 2006 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც რუსულ ბაზარზე ქართულ პროდუქტები, მათ შორის ღვინოც აიკრძალა.

მას შემდეგ, სახელმწიფო თვითონ გახდა ქართული პროდუქციის წარმოება–რეალიზაციის, მათ შორის ღვინის ბიზნესის ერთ–ერთი მონაწილე და ძლიერი კონკურენტი. სწორედ რუსეთის ბაზრის დახურვის შემდეგ დაიწყო სახელწმიფოს ზეწოლა ღვინის ქარხნებსა და კომპანიებზე, რომლებიც იძულებულები იყვნენ ყურძნის საჭიროზე მეტი რაოდენობა ჩაებარებინათ, იმის მიუხედავად, რომ მათ ბიზნესს პრობლემები ექმნებოდა. წინა წლებში გამოქვეყნებული სტატიებიდან ისიც ირკვევა, რომ ზოგჯერ სწორედ სახელმწიფო წყვეტდა რთველის დაწყების თარიღს, რის გამოც დაუმწიფებელი ყურძნის დაკრეფას იწყებდნენ.

ბაზარზე სახელმწიფოს ჩარევას მეღვინე გიორგი სამანიშვილი ბაზრის არევასთან აკავშირებს და ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ თავისუფალი ბაზრის მართვა თავისთავად მიუღებელი პროცესია, რითაც ის კერძო კომპანიების უკმაყოფილებას იზიარებს:

„სუბსიდირება და სახელმწიფოს მხრიდან რთველის პროცესში ჩარევა ეს არის სისტემა, რომელიც რამდენიმე წლის წინ მოიგონეს, გაამართლა თუ არ გაამართლა ეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, იმის შემდეგ ინერციით გრძელდება ყოველ წელს. არავინ საუბრობს შედეგზე: კარგია ეს თუ ცუდია. მშვენიერი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია: რატომ უნდა იყოს  სუბსიდია რქაწითელზე და არ უნდა იყოს კახურ მწვანეზე? მე არ მეგულება ადამიანი, ვინც ამას ლოგიკურად ამიხნის. ერთხელ ითქვა და შემდეგ ყოველ წელს მეორდებოდა ერთი და იგივე. არავინ არ ფიქრობს ლოგიკის თანახმად. რთველი იწყება, წავლენ კახეთში და ისე ატარებენ, როგორც ეს 2007 წელს იყო“, – ამბობს გიორგი სამანიშვილი და სახელმწიფოს ურჩევს გაიზიაროს ევროკაშვირის წევრი ქვეყნების გამოცდილება, სადაც სხვადასხვა სფეროებში შიდა პოლიტიკის გადახედვა, შეცდომების აღმოჩენა და მყისიერი გამოსწორება ხდება.

სოსო არჩვაძე – ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში მიიჩნევს რომ სახელმწიფოს როლის განეიტრალებისა და კერძო სექტორის გაძლიერებისთვის, ბიზნესმა და მცირე მეწარმეება მენეჯმენტის ახლებური მეთოდები უნდა შეიმუშაონ ან უკვე კარგად გამოცდილ გზებს მიმართონ. ყურძენზე ფასის დადგენასთან დაკავშირებით მას ასეთი მოსაზრებები აქვს:

„პირველ რიგში აქცენტი უნდა გაკეთდეს დარაიონებაზე; ყურძნის რაოდენობა და წარმოების მასშტაბები სხვადასხვა რაიონების მიხედვით უნდა განისაზღვროს, რათა ამ კრიტერიუმების მიხედვით გამოიკვეთოს ღვინის სახეობები, რომელიც შეიძლება იქნას წარმოებული და რომელიც ბაზარზე აუცილებლად მოხვდება. ეს ასე ხდება ევროკავშირის ქვეყნებში. ასევე მნიშვნელოვანი შიდა კოოპერირება ცალკეული მეურნეოებების მიხედვით და მათი ერთობლივი ძალისხმევა მცირე საწარმოების შესაქმნელად და ბაზარზე გასაღწევად, რის შემდეგაც ეს მცირე ბიზნესის წარმომადგენლები აღარ იქნებიან დამოკიდებული მსხვილ მეწარმეებზე, სუბსიდირებაზე და ფასების ჭიდილზე. ეს პრობლემები სულ იქნება, ვიდრე გლეხებს არ ექნებათ იმდენი რესურსი, რომ შექმნან კოოპერატივები, რომლებიც პასუხს აგებენ თავიანთი პროდუქციის რეალიზაციაზე“.

მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი მილიარდიანი დახმარება სწორედ ისეთი უწყებების შექმნაზე უნდა დაიხარჯოს, რომელიც გლეხს უფრო კონკურენტუნარიანს, წარმოების პროცესს კი უფრო თანამედროვეს გახდის.

რთველის წარმართვისა და ორგანიზების საკუთარი ხედვა აქვს კომპანია „თბილღვინოს“ ხელმძღვანელს, რომელიც მან რადიო „ცხელ შოკოლადს“ გაუზიარა:

„ყურძნის ჩაბარება პარალელურ რეჟიმში არ უნდა ხდებოდეს. როდესაც ყველა იმდენ ყურძენს ჩაიბარებს, რამდენიც უნდა, ამის შემდეგ უნდა დაიწყოს სახელმწიფომ ყურძნის მიღება. ეს ერთი გამოსავალია, თუმცა არსებობს მეორე გზაც: თუკი სახელმწოფო ყურძნის ჩაბარებას პარალელურ რეჟიმში აწარმოებს, სახელმწიფო ქარხნის მიერ მისაღები ფასი უნდა იყოს საბაზრო ფასზე დაბალი. დავუშვათ, თუ ბაზარი დაადგენს ერთ კილოგრამზე 50 თეთრს, სახელმწიფო ქარხნებში ჩაბარება უნდა ხდებოდეს უფრო დაბალ ფასად. გლეხი არ უნდა იყოს დაინტერესბული იმით, რომ ყურძენი სახელმწიფო ქარხანაში ჩააბაროს. მისი ინტერესი პირველ რიგში კომერციული კომპანიების მიმართ უნდა იყოს მიმართული“.

გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფომ სუბსიდიისთვის გამოყოფილი თანხა ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობას უნდა მოახმაროს. მისი თქმით, ამგვარი მიდგომა გაზრდის მოთხოვნას ქართულ ღვინოზე და კომპანიები გლეხებისგან სულ უფრო მეტ ყურძენს ჩაიბარებენ.

რთველის ორგანიზების, ისევე, როგორც, ზოგადად  სოფლის მეურნეობის ახალი პოლიტიკის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა და ბიზნეს–სექტორის სხვა წარმომადგენლებმა მომავალი მთავრობის წევრებთანაც ისაუბრეს. საპროგრამო დაპირებების  სისრულეში მოყვანისთვის ახალ მთავრობას წინ კიდევ ერთი წელი აქვს. ამას მომავალი რთველის შედეგებით შევიტყობთ.

© რადიო "ცხელი შოკოლადი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული