Home
ქართული | English
ნოემბერი 2014
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

მულტიმედია

კომენტარები

ქვევრის ღვინო - ქართული მეღვინეობის მთავარი უპირატესობა

ალეკო ცქიტიშვილი

ქვევრი არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობაა. მისგან ბევრს ელიან და მიაჩნიათ, რომ ქვევრის ღვინო თანამედროვე ერთფეროვან ბაზარს გაამრავალფეროვნებს. ეს უძველესი საღვინე ჭურჭელი ახლა მრავალი ქვეყნის მეცნიერთა შესწავლის საგანია, რასაც თან ახლავს დასკვნები ქვევრის ღვინის საუკეთესო თვისებების შესახებ. უცხოელი მეღვინეები ქვევრს თანდათან საპატიო ადგილს უთმობენ თავიანთ მარანში. დისტრიბუტორები კი საქართველოდან ქვევრის ნატურალური ღვინოების ექსპორტს ზრდიან.

ეს ტენდენციები გამოიკვეთა ქვევრის I საერთაშორისო სიმპოზიუმზე, სადაც ორგანიზატორებმა თავი მოუყარეს ქვევრის თემით დაინტერესებულ მეცნიერებს, ჟურნალისტებს, მარკეტოლოგებს და დისტრიბუტორებს. უცხოელი სპეციალისტები ქვევრის ღვინოების უპირატესობაზე საუბრობდნენ და ქართველ მეღვინეებს პირდაპირ მიანიშნებდნენ, რომ ახლანდელ პრეტენზიულ მსოფლიო ბაზარზე ქართულ ღვინოს წარმატებას, პირველ რიგში, ქვევრი მოუტანს.

"ქართველმა მეღვინემ უნდა უპასუხოს კითხვას: ქართული ხასიათის ღვინო უნდა შესთავაზოს სხვას, თუ იმიტირებულად ქართული, ასლირებული?" - განაცხადა კალიფორნიელმა ღვინის ექსპერტმა დარელ კორტმა, რომელმაც სიმპოზიუმზე ქართული ქვევრის ღვინის უპირატესობებზე გაამახვილა ყურადღება მოხსენებაში - "უჩვეულო ღვინოები ერთფეროვან სამყაროში".

დარელ კორტის თქმით, მეღვინეობის ისტორია გვიჩვენებს, რომ თანამედროვე სამყაროში უფრო ბევრი ღვინოა, ვიდრე ოდესმე ყოფილა, მაგრამ უმრავლესობას ინდივიდუალობა აღარ აქვს: "ახლა ყველა ღვინოს ერთნაირი გემო აქვს. უნიკალური, განსხვავებული ღვინოების ადგილს ტექნოლოგიები იკავებს. იყო დრო, ვაზის ჯიში შარდონე საფრანგეთში მხოლოდ 2-3 ადგილას იზრდებოდა და მისი ღვინოც იშვიათი იყო. დღეს კი შარდონე თეთრი ღვინის საერთაშორისო სიმბოლო გახდა. ასევე შეიძლება ითქვას რისლინგზე და რამდენიმე ჯიშზე, რომლებმაც გლობალური და სტანდარტული ბაზრები მოიცვეს. ამ ბაზარზე მსგავსი ღვინოების ახალი პარტიის შეტანა და გაყიდვა ახლა ძალიან ძნელია, მაგრამ ინდივიდუალური, საინტერესო, უცნაური ღვინოებისთვის ადგილი აქ ყოველთვის მოიძებნება. ქართული ქვევრის ღვინოების განსხვავებულობა და ინდივიდუალობა არის ის მთავარი უპირატესობა, რითაც საქართველომ უნდა აწარმოოს გაყიდვის სტრატეგია. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ საქართველოში 500 აბორიგენული ვაზის ჯიში არსებობს და აქედან 30-მდე მეღვინეობაში გამოიყენება. ეს დიდი მრავალფეროვნებაა, რასაც სწორი მიმართულების მიცემა უნდა".

დარელ კორტს სხვა უცხოელი ექსპერტებიც ეთანხმებიან. ნიუ იორკის ღვინისა და ყურძნის ფონდის პრეზიდენტის, ტიმ ტრეზისის თქმით, საქართველოს დიდ შემოსავალს მოუტანს არა მარტო ქვევრის ღვინის ექსპორტი, არამედ ქვევრის ღვინოზე ორიენტირებული ტურიზმი: "ახლა საქართველოში საჭიროა ღვინის რეგიონების სასწრაფო ბრენდინგი, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ღვინის ტურების დაგეგმვა, რომლის მიზანი არა მხოლოდ ტურისტების მოზიდვა, არამედ ქვევრის ღვინის პოპულარიზაციაც იქნება. საჭიროა ქვევრის მარნების გაერთიანება ამ მიზნების განსახორციელებლად. ერთიანობა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, რასაც თან უნდა ახლდეს ღვინის ხარისხის გაუმჯობესება, დეგუსტაციის ადგილების მოწყობა, რესტორნებსა და სასტუმროებში ქვევრის ღვინოების შეტანა, პრეზენტირება და სხვა აუცილებელი მარკეტინგული სვლები".

ენთუზიასტების პირველი ნაბიჯები ექსპორტზე

სამწუხაროდ, ქვევრის ღვინის მწარმოებელი მცირე მარნები ნელი ტემპით ვითარდებიან. ამის მიზეზი ისაა, რომ არ არსებობს ამ მარნების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები. არც კერძო დონორები იჩენენ მაინცდამაინც დიდ ინტერესს დარგის ამ მიმართულების დასაფინანსებლად. ამჟამად მხოლოდ ერთადერთი გამონაკლისი მახსენდება - ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა", რომელიც რამდენიმე მარანს მცირე გრანტებით აფინანსებს და უფასო კონსულტაციებითაც ეხმარება. რაც მთავარია, ასოციაციის წევრი მეღვინეები ეტიკეტზე ადებენ "ელკანას" ლოგოს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე მიანიშნებს და მომხმარებელიც ამის შესახებ მეტ-ნაკლებად უკვე გათვითცნობიერებულია.

რაც შეეხება უშუალოდ მარნების მიერ ჩამოყალიბებულ გაერთიანებებს, რომელთა მიზანი ერთობლივი ძალებით მოქმედებაა, ამ ეტაპზე ასეთი მხოლოდ ერთია - ასოციაცია "ქვევრის ღვინო". ასოციაცია კახეთის, ქართლისა და იმერეთის ათამდე მარანს აერთიანებს. აქვს მკაცრი შიდა კოდექსი, რომლის თანახმად ქვევრის ქართული ტრადიციული მეღვინეობა და ეკოლოგია ერთმანეთის გარეშე არ არსებობს. ამიტომ ასოციაციის წევრი მარნები თავიანთ ვენახებში არ იყენებენ ძლიერმოქმედ სისტემურ პრეპარატებს, ჰერბიციდებს და სინთეტურ სასუქებს. მეღვინეობაში კი უარს ამბობენ ისეთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, როგორიცაა: სელექციური საფუარები, ენზიმები, მჟავები, ექსტაქტები, გამწებავი საშუალებები, შაპტალიზაცია და ა.შ.

დაახლოებით ასეთივე პრინციპები აერთიანებს ოჯახური მარნების კიდევ ერთ, ჯერჯერობით არაოფიციალურ კავშირს სახელწოდებით - "ალავერდის მონასტრის მარნის მეგობრები". მათ ძალიან საინტერესო ქვევრის ღვინოები წარმოადგინეს წლევანდელ ახალი ღვინის ფესტივალზე. მონასტრის მარნის მეღვინის, მამა გერასიმეს თქმით, „ალავერდის მონასტრის მარნის მეგობრების“ სტატუსით სარგებლობენ მხოლოდ ის ოჯახური მარნები, სადაც ტექნოლოგიურად დაცულია ქართული ტრადიციული მეღვინეობის პირობები.

ამ გაერთიანებების წევრი მეღვინეები ძირითადად, ენთუზიასტები არიან, რომლებიც საკუთარი ძალებით ცდილობენ ქვევრის ღვინის პოპულარიზაციას. ასოციაცია "ქვევრის ღვინო" თანამშრომლობს იტალიელი ნეგოციანტების, ძმები ლუკა და პაოლო გარგანოების კომპანიასთან - "ველიერი", რომლის დახმარებითაც "ქვევრის ღვინოს" წევრი მარნების პროდუქცია წარმატებით იყიდება ექსპორტზე.

მცირე მარნების დასახმარებლად აქტიურად იღწვის სიღნაღელი ამერიკელი - ჯონ ვურდემანი. პირადი კონტაქტების გამოყენებით იგი წლიდან წლამდე ზრდის ქართული ქვევრის ღვინის მოყვარულ უცხოელთა რაოდენობას, რომლებიც შემდეგ ქვევრის ღვინოს თავ-თავიანთ ქვეყნებში უწევენ პოპულარიზაციას. ჯონ ვურდემანის მიერ დაფუძნებული კომპანია "ხოხბის ცრემლები" ქვევრის ნატურალურ ღვინოებს თვითონვე აწარმოებს. თუმცა, ეს მას არ უშლის ხელს, საკუთარი კომპანიის ღვინოებთან ერთად ევროპელ თუ ამერიკელ ნეგოციანტებს სხვა ქართული მარნების ღვინოებიც შესთავაზოს.

ჯონ ვურდემანი იზიარებს დარელ კორტის მოსაზრებას, რომ ქართული ღვინის მომავალი, ძირითადად, ქვევრს უკავშირდება. იგი ასევე ეთანხმება ტიმ ტრეზისსაც, რომ ამ ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის მწარმოებელთა გაერთიანება და ერთიანი ძალებით მოქმედება.

სიტყვაც და საქმეც

ქვევრის I საერთაშორისო სიმპოზიუმის პროგრამა ქვევრის ღვინოების რამდენიმე დეგუსტაციას მოიცავდა. სიმპოზიუმის უცხოელი მონაწილეები განსაკუთრებული ინტერესით სწორედ მცირე მარნების ღვინოებს აგემოვნებდნენ და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.

ჯონ ვურდემანმა სიმპოზიუმის რამდენიმე მონაწილე ასოციაცია "ქვევრის ღვინის" წევრის, იაგო ბიტარიშვილის მარანში მიიყვანა. მცირე მარანი "იაგოს ღვინო" ქართლში, კერძოდ - სოფელ ჩარდახში მდებარეობს. ჩინურის ვენახიც იქვე აქვს გაშენებული. 2010 წელს ვაზის ამ სახელოვანი ქართლის ჯიშის ყურძნისგან იაგო ბიტარიშვილმა ღვინო კახური ტრადიციული მეთოდით დააყენა, ანუ - სრულ ჭაჭაზე დადუღებით და ქვევრებში გაზაფხულამდე დაყოვნებით. უცხოელი სტუმრებმა ეს ღვინო პირდაპირ ქვევრიდან დააგემოვნეს და ძალიან მოიხიბლნენ. დარელ კორტმა იკითხა, რა რაოდენობის ღვინის გაყიდვას გეგმავდა მეღვინე. როდესაც გაიგო, რომ ეს ერთი ქვევრიღა იყო დარჩენილი, არც კი დაინტერესებულა, რა მოცულობისა იყო, პირდაპირ განაცხადა - ამ ღვინოს მთლიანად მე ვყიდულობო. იაგოს ღვინის ეს პარტია ახლა უკვე ბოთლებშია ჩამოსხმული და ამერიკაში გასამგზავრებლად ემზადება.

"დასავლეთის ბაზრებზე ქვევრის ქართული ღვინის გაყიდვები იზრდება. ჩვენი ბოლო შეკვეთებიდან ჩანს, რომ ფაქტობრივად, სულ ქვევრის ღვინოებს გვთხოვენ", - ამბობს SCHUCHMANN WINES GEORGIA-ს გენერალური დირექტორი, გოგი დაქიშვილი. ეს კომპანია ქვევრის ღვინოებს "ვინოტერას" ბრენდით აწარმოებს. დაქიშვილის თქმით, კომპანიის მიერ გერმანიაში ექსპორტირებული ღვინის 50% ქვევრის ღვინოა. შვეიცარიაში ეს წილი უფრო მეტია - 75%. "ვინოტერა" ასევე იყიდება: აშშ-ში, ჰოლანდიაში, შვედეთსა და ხორვატიაში.

"ძალიან გამიმართლა, რომ საქართველოში მოვხვდი და ეს ღვინოები გავსიჯე", - გვითხრა სიმპოზიუმის მონაწილე კანადელმა ღვინის ჟურნალისტმა მერი ბეილმა, - "მე ძირითადად ნატურალური და მაღალი ხარისხის ღვინოები მაინტერესებს. ძალიან მინდოდა იმ ხალხის გაცნობა, ვინც საქართველოში ასეთ ღვინოებს აწარმოებს. ქვევრის ქართული ღვინოები კარგად გადმოსცემს ცხოვრების სიყვარულს, სიხარულს და საერთოდ მთელ იმ ხასიათს, რაც აქვს თქვენ ქვეყანას - საქართველოს".

"ადამიანებს მოდამ და ინდუსტრიამ წაართვა ღვინო. საქართველო კი არის ქვეყანა, სადაც ჯერ კიდევ არსებობენ მეღვინეები, რომლებიც ვენახებში დიდი რაოდენობით შხამ-ქიმიკატებს არ ხმარობენ და ნატურალურ ღვინოებს აწარმოებენ", - ამბობს "თრეველ ჩენელის" ჟურნალისტი იზაბელ ლეჟერონი, - "საქართველოში უნდა აღორძინდეს ქვევრის კეთების ხელოვნება, რადგან უქვევროდ ქვევრის ღვინო არ იარსებებს. ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი კონცენტრაციაა საჭირო ვენახზე, ყურძნის ხარისხზე, რაც თავის მხრივ, ერთი-ორად გაზრდის ქვევრის ღვინოების ხარისხს. გამიხარდება, თუკი საქართველოში ვენახები მთლიანად ორგანული წესით იქნება მოვლილი". 

დაბოლოს, სტატიას უკომენტაროდ, "ნიუ იორკ თაიმსის" ჟურნალისტის, ალისა ფეირინგის ციტატით დავამთავრებთ: "მე ამერიკიდან ვარ. ეს არის დიდი ქვეყანა, სადაც ქვევრის ღვინო თავის გამორჩეულ ადგილს იმკვიდრებს. ამერიკა ახლა მოწყურებულია ნატურალურ ღვინოებს, რომლებსაც ინდივიდუალური ღირსებები შენარჩუნებული აქვს. ქვევრის I საერთაშორისო სიმპოზიუმის დღეებმა დაგვანახა, რომ დროა, მთელი კაცობრიობა დაუბრუნდეს ღვინის დაყენების ისეთ უძველეს ტექნოლოგიებს, როგორიც საქართველოში არის შემონახული".

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.
საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.