Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კახეთის მოსავლის წლების მიმოხილვა - 2011-2022

მიმოხილვა მომზადებულია მალხაზ ხარბედიას და ლევან სეფისკვერაძის მიერ. ეს მონაცემები წლების მანძილზე 50–მდე ქართველი მევენახის, მეღვინისა და ექსპერტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მზადდებოდა. გარდა ამისა ვსარგებლობდით ოფიციალური მონაცემებითაც (გარემოს ეროვნული სააგენტოს აგრომეტეოროლოგიური ბიულეტენი და სხვ.).

2011

კახეთში ეს წელი, ბევრი მევენახის აზრით, უცნაურ წლად უნდა შევაფასოთ, თუმცა, ზოგიერთ ზონაში საკმაოდ კარგი შედეგიც იყო. წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ნაფარეულისა და ქინძმარაულის მხარისთვის. ზოგიერთი მევენახის აზრით, კლიმატური პირობების თვალსაზრისით, 2011 წელი ერთ–ერთი საუკეთესო იყო. ცივი ზამთრის შემდეგ საკმაოდ თანაბარი და გრილი გაზაფხული დადგა და ვეგეტაციის პერიოდი მაისის პირველ კვირეულში დაიწყო, ზოგან კი მოსავალი რთვლამდე ისე მივიდა, რომ ვენახში საერთოდ არ გაჩენილა არც სოკოვანი დაავადებები და არც ვაზის მავნებლები. მავნებლებს მაინცდამაინც არც ალაზნის მარჯვენა ნაპირზე უმძლავრიათ, თუმცა რთველი ძალიან დაგვიანდა და ამის მიუხედავად, შაქრიანობა მაინც არასაკმარისი იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ კლერტის სიმწიფეზე, რაც აუცილებელი პირობაა ქვევრის კახური ღვინოებისთვის. ქინძმარაულის ზონაში მთელი სექტემბრის მანძილზე შაქრიანობა 22-23% ვერ გადაცდა, ბევრმა მევენახემ იჩქარა და დროზე ადრე დაკრიფა ყურძენი, თუმცა მათ, ვისაც მოთმინება ეყო, შესანიშნავი მოსავალი აიღეს. 

2012

ეს წელი ძალიან მძიმე აღმოჩნდა კახეთისთვის, უხვნალექიანი და ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ ცხელი გაზაფხული დაიწყო და ვაზმა დროზე ადრე იყვავილა. ხანგრძლივ და ცხელ ზაფხულს სტიქიაც დაემთხვა, 19 ივლისს რეგიონში აქამდე არნახული სეტყვა მოვიდა, რომელსაც გრიგალიც დაერთო და ძალიან დიდი ზიანი მიაყენა კახეთის ყველა რაიონს, განსაკუთრებით კი გურჯაანისა და თელავის რაიონებს. ალაზნის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ისეთი ადგილწარმოშობები, როგორიცაა ახაშენიმუკუზანივაზისუბანიწინანდალი, ძალიან დაზარალდა. შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო ალაზნის მარცხენა ნაპირზე, ნაფარეულიენისელიშილდაქინძმარაულის ზონაში, თუმცა ბევრი სოფელი აქაც დაისეტყვა. ამ წელს კახეთში რთველი უჩვეულოდ ადრე დაიწყო, თუმცა ვისაც მოსავალი გადაურჩა, უკმაყოფილოები ნამდვილად არ არიან, ეს განსაკუთრებით შეეხება ისევ და ისევ ალაზნის მარცხენა ნაპირის ღვინოებს, რომელიც ზოგიერთის აზრით, წელს სხეულიანი, მაღალშაქრიანი და მაღალალკოჰოლიანი იქნება, დაძველების დიდი პოტენციალით.

2013

გასულ წელთან შედარებით, 2013 წელი ბევრად უკეთესი იყო კახეთში, მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი საკმაოდ არასახარბიელო გამოდგა. სიცივეები გვიან დაიწყო და ცოტა ხანს გასტანა, რის გამოც ვაზის მავნებლები საკმაოდ მომძლავრდნენ (ვაზის ტკიპა და ყურძნის ჭია). ყვავილობამ ნაადრევად ჩაიარა, თუმცა ხელსაყრელი ამინდების გამო პრობლემებს მაინც გადაურჩა. პრობლემური იყო მაისის თვე ზოგიერთი რეგიონებისთვის. მაგ. ბაკურციხე–კახდენახის დიდი ნაწილი ძალიან დაისეტყვა, იმდენად, რომ ვაზს ფოთოლიც კი არ შერჩა.

ამის მიუხედავად, ზოგიერთი მევენახე XXI საუკუნის ყველაზე „ჯანმრთელ“ და „ბარაქიან“ წლად მიიჩნევს 2013 წელს, განსაკუთრებით ალაზნის მარცხენა ნაპირის მევენახეები. 2013 წელი თანაბრად წარმატებული გამოდგა როგორც ხირხატ ნიადაგიანი და ცხელი ადგილებისათვის, ასევე ნაყოფიერი და გრილი მიკროზონებისათვის, როგორც სხეულიანი და დაძველების პოტენციალის მქონე წითელი ღვინოებისთვის, ასევე მაღალმჟავიანი, ცოცხალი და გამოხატული ჯიშური არომატების მქონე თეთრი ღვინოებისათვის. 

ყვავილობიდან მოყოლებული დამწიფებამდე პერიოდში იშვიათად გვხვდებოდა დაავადებები, გაზაფხული საკმაოდ თბილი იყო და ვეგეტაციის პერიოდი შესანიშნავად წარიმართა, რასაც მოჰყვა შედარებით გრილი ზაფხული. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ზაფხულმა გვალვის გარეშე ჩაიარა კახეთში, სექტემბერში კი ძალიან თბილი და მშრალი ამინდები გამოვიდა, გრილი ღამეებით, რამაც იდეალური პირობები შეუქმნა მევენახეებს.

რთველი საკმაოდ ადრე დაიწყო კახეთში, ზოგიერთმა მევენახემ ნაფარეულში 23 აგვისტოს დაკრიფეს მწვანე კახურის ყურძენი (23% შაქრიანობით), ხოლო 5 სექტემბრისთვის ქინძმარაულის ზონის ზოგიერთ ვენახში საფერავის შაქრიანობა 25-26% იყო. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მაღალი შაქრიანობის მიუხედავად, ზოგან კლერტი და წიპწა ისე ვერ დამწიფდა, როგორც საჭიროა და არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთ ქვევრის კახურ ღვინოს ვეგეტაციის, მწვანე კლერტის ტონები ჰქონდეს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბევრმა ძალიან ადრე დაკრიფა ყურძენი, რისი მიზეზიც, ძირითადად ჩაბარებასთან დაკავშირებული შიშები და მოსავლის თავიდან მოშორების დიდი სურვილი იყო. ვფიქრობ, მომავალში ამ თემას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, თუარადა ბაზარი გაივსება მკვახე, დაბალალკოჰოლური, უხეში ღვინოებით, რომელსაც მკურნალი მეღვინის ხელი უფრო დაეტყობა, ვიდრე ადგილის ან ჯიშურობის. კახელები წლევანდელი მოსავლით ძალიან კმაყოფილები არიან, განსაკუთრებით კი რაოდენობისა და ხარისხის საუკეთესო შეხამებით.

უთოვლო ზამთარი იყო გარე კახეთშიც. მაგალითად ხაშმში ადრე დათბა, აპრილი-მაისი კი ჩვეულებრივთან შედარებით ნაკლებ ნალექიანი იყო და ყვავილობამაც ძალიან კარგად ჩაიარა. ნაყოფი კარგად განვითარდა ივნისშიც, ზომიერი ნალექის პირობებში. წლევანდელი მოსავალი განსაკუთრებით უხვი იყო გარე კახეთში, თუმცა ივლისის მეორე ნახევარი უჩვეულოდ ცივი და ნალექიანი გამოდგა, ხშირი იყო ნაცრისთვის ხელსაყრელი ამინდები, მცირე წვიმები და გამოდარებები, რამაც საკმაოდ დააზიანა ვაზი და ბევრს გაუნახევრა კიდეც მოსავალი. ყურძენი საკმაოდ ადრე დამწიფდა. მათ ვისაც შედარებით გვიან ჰქონდა რთველი, მაღალალკოჰოლური ღვინო მიიღეს.

2014

2014 წელი ერთ–ერთი ყველაზე რთული იყო ბოლო 10–20 წლის მანძილზე. ეს განსაკუთრებით კახეთში გამოჩნდა. ზამთარი თითქმის უთოვლო იყო, შეიძლება ითქვას, თბილი, რის გამოც ვენახში მავნებლები ზამთრიდანვე მომძლავრდნენ. მართალია გაზაფხული ყინვებით დაიწყო და სიცივეები აპრილის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა, მაგრამ მალე დათბა და მაისის ბოლომდე ზომიერად ნალექიანი გაზაფხული გაგრძელდა.

სეტყვას ვერც ამჯერად გადაურჩა კახეთი, ყვავილობის პერიოდში თელავისა და გურჯაანის რაიონი დაისეტყვა, თუმცა ისეთი მასშტაბის დანაკარგები ნამდვილად არ ყოფილა, როგორც მაგ. 2012 წელს (მცირე სეტყვა იყო მწიფობის დროსაც თელავის რაიონის რამდენიმე სოფელში, მაგ. გულგულასა და რუისპირში). ერთი სიტყვით, ვეგეტაცია კარგად მიმდინარეობდა, მაისის ბოლოსა და ივნისში ვენახები შესანიშნავ ფორმაში იყო, განსაკუთრებით ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, გურჯაანის, სიღნაღისა და თელავის რაიონის სხვადასხვა სოფელში. პრობლემები ივლისიდან დაიწყო, როდესაც ძლიერი სიცხეები დაიჭირა და სრული უწვიმობის ხანგრძლივმა პერიოდმა ძალიან დააზარალა მოსავალი. გვალვის შედეგები ყველაზე მეტად ქიზიყში იგრძნობოდა, ქვედა მხარეს, სადაც ზოგ ადგილას ვენახები ძირიანად გახმა, თუმცა იგივე პრობლემები იყო სხვაგანაც, გურჯაანის რაიონში, თელავის რაიონში და ალაზნის მარცხენა ნაპირზე, ქინძმარაულებში და ა.შ. 

ნაკლები ნალექისა და დაბალი ტენიანობის გამო ზაფხულის დასაწყისიდან მოყოლებული, ვაზის დაავადებები ხშირი არ იყო, თუმცა ლამის სამთვიანმა უნალექობამ ძალიან დააზიანა ვენახები. ცნობილი ზვრებიდან, განსაკუთრებით ეს კარდანახის წარაფებში გამოჩნდა – ბევრ ვენახში მარცვალი დაპატარავდა და მფლობელები იძულებული გახდნენ აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის პირველ რიცხვებში დაეწყოთ რთველი (ბოლო წლებში უკვე ტრადიციად იქცა კახეთში ნაადრევი რთველი). ბაკურციხეში, მაგ. ხიხვს აგვისტოს ბოლოს 27 შაქრიანობა ჰქონდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აგვისტოს მეორე ნახევარში ღამის ტემპერატურაც ძალიან ცხელი იყო, რაც საკმაოდ იშვიათი მოვლენაა ამ მხარეში. ღამის გრილი ნიავის ნაცვლად ვენახებში ცხელი ქარები გაბატონდნენ, რის გამოც ვაზს ძალიან გაუჭირდა, განსაკუთრებით კი ხნიერ და ახალგაზრდა (4–6 წლის) ვაზებს. მარცვალი არ გაიზარდა, გამოშრა, დაჩამიჩდა. ზოგიერთმა მევენახემ მორწყვაც სცადა გურჯაანისა და სიღნაღის რაიონებში, თუმცა ამან უარესი შედეგი გამოიღო, რადგან მოწყურებულმა ნაყოფმა ბევრი წყალი შეისრუტა და მარცვლების უკვე გაუხეშებული კანი დასკდა, რის გამოც ლპობის პროცესები დაიწყო.

ყურძნის ქიმიურ და ორგანოლეპტიკურ მაჩვენებლებს რაც შეეხება, საერთო ტიტრული მჟავიანობა დაბალი იყო თითქმის მთელს რეგიონში, PH მაღალი, ასევე ძალიან მაღალი იყო შაქრიანობა, ხოლო არომატული პოტენციალი შედარებით ნაკლები ჰქონდა ყურძენს. ბევრი წლევანდელი ღვინო სუსტი სტრუქტურით ხასიათდება და არასტაბილურია, საფერავები კი ნაკლებადინტენსიური შეფერვის გამოვიდა, განსაკუთრებით იმ ყურძნიდან დაყენებული ღვინოები, რომლებიც ძალიან ადრე დაიკრიფა.

თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, კახეთის ყველაზე გრილ მიკროზონებში, ახმეტის, თელავის, გურჯაანის, სიღნაღის და საგარეჯოს რაიონებში, ვენახი ნაკლებად დაზიანდა და ასევე უნდა აღინიშნოს ის კომპანიები და მცირე მარნები, რომლებსაც თავიანთი ვენახები აქვთ და მოსახლეობისგან უმწიფარ ყურძენს არ იბარებდა.

2015

კარგი წელი იყო, შეიძლება ითქვას, ერთ–ერთი საუკეთესო, უხვი და მრავალფეროვანი. უთოვლო ზამთარი სამწუხაროდ უკვე ტრადიციად იქცა, თუმცა გაზაფხული გამოდგა ნალექიანი. კვირტი კარგად გამოვიდა, ვაზის ყვავილობის პერიოდმა კი (მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში) მშრალად ჩაიარა და ნაყოფიც ძალიან კარგად ჩამოყალიბდა. ზაფხულიც ზომიერი იყო, თუმცა სეტყვამ რამდენიმეჯერ დააზარალა მევენახეები – პირველ რიგში ყვარლის რაიონში. სეტყვამ დააზიანა ახაშნის ზონაც, ფაფრის მინდვრები. წელს გასული რამდენიმე წლისგან განსხვავებით (ნაადრევი რთველი ლამის ნორმად იქცა კახეთში) – ზომიერ ვადებში დაიწყო რთველი კახეთში. რთველის პერიოდში ბევრი ყურძნის ფასით იყო უკმაყოფილო, ძირითადად ბოლო ორი წლის არარეალური (რუსეთის ბაზრის გახსნით გამოწვეული) ფასის ინერციით, თუმცა ამის მიუხედავად ყურძენი დაუბინავებელი არ დარჩენილა. დროთა განმავლობაში ნელ–ნელა იზრდება მცირე მარნებისა და ოჯახური მეღვინეობების რიცხვი, რაც, ვფიქრობ, ახლო მომავალში ერთ–ერთი უმთავრესი ფაქტორი იქნება ჭარბი მოსავლის პრობლემის გადაწყვეტის საქმეში. 

2016

ეს წელიც ერთ–ერთი საუკეთესო გამოდგა. რაოდენობითაც და ხარისხითაც. ზამთარი ცივი და ზომიერად ნალექიანი იყო, საკმარისი ნალექი მოვიდა გაზაფხულზეც, კვირტი კარგად გამოვიდა, ხოლო მაისის შუა რიცხვებში მშრალმა ამინდებმა ხელი შეუწყო ვაზის კარგად დაყვავილებას. ზოგ ზონაში კვირტი ნაადრევად გამოვიდა (განსაკუთრებით ალაზნის მარჯვენა ნაპირზე) და ყვავილობის შემდეგ ნალექებმა და სოკოვანმა დაავადებებმაც საკმაოდ დააზიანეს ვენახები (ჭრაქმა და ნაცარმა). ჭრაქი უშუალოდ ახლადგამონასკვულ მტევანს აზიანებდა პირველ რიგში. ყვავილობის პერიოდში და შემდეგაც სოკოვანი დაავადებების საშიშროება არსებობდა ალაზნის მარცხენა ნაპირზეც (ჭრაქი), თუმცა ბევრგან თავიდან აიცილეს ეს საშიშროება. ზაფხულის დასაწყისი ზომიერი იყო, გარკვეულწილად ნალექიანიც, ზოგიერთ რაიონში მცირედი სეტყვა მოვიდა. ივლისის მეორე ნახევარი და აგვისტო თითქმის უნალექო იყო. გვალვამ ძალზე შეაწუხა ვენახები. შემოდგომა თბილი და მშრალი დადგა, ზომიერი. რთველი შედარებით ადრე დაიწყო და ძირითადად საკმაოდ ხარისხიანი ყურძენი დაიკრიფა კახეთში. შემოდგომაზე იყო ნალექიც. ზოგიერთ რეგიონში (მაგ. ახმეტა, გარე კახეთი, ზემო ქიზიყი) კლერტი კარგად არ შემოვიდა, ამიტომ რამდენიმე მარანში ქვევრის ღვინო უკლეტროდ დააყენეს. 

2017

ზამთარი კახეთში უნალექო და მშრალი იყო. გაზაფხულმა მცირედი ნალექებით ჩაირია, კვირტი კარგად გამოვიდა, თუმცა მაისიდან ნალექიანი ამინდები დაიწყო. გაზაფხულზე (მაისის ბოლოს, თელავის რაიონში) და ზაფხულში სეტყვამ ზოგიერთ სოფელში რამდენიმეჯერ დააზიანა ვენახები, შემდეგ კი ორთვიანმა უნალექობამაც (ივლის–აგვისტოში) საკმაოდ დააზარალა არაერთი ვენახი. ალაზნის მარჯვენა ნაპირზე შედარებით იშვიათი იყო სოკოვანი დაავადებები. სეტყვა მოვიდა სექტემბრის ბოლოსაც (თელავის რაიონში – სოფ. ვარდისუბანში, რუისპირში, გულგულასა და კურდღელაურში). საბოლოო ჯამში 2017 წლის ყურძენი კახეთში ძალზე კონცენტრირებული და მაღალშაქრიანი დაიკრიფა. საკმაოდ გაჭიანურდა დაღვინების პროცესი. ბევრ შემთხვევაში ალკოჰოლური დუღილი დეკემბრის ბოლომდეც კი გაგრძელდა.

2018

კახეთში ბოლო წლებში, როგორც წესი, გვალვიანი ზამთარია ხოლმე. ასე იყო წელსაც. თოვლი თიქმის არ მოსულა, ტემპერატურამ კი ზოგან 18–20°–საც მიაღწია ზამთარში. ყინვები იყო დედოფლისწყაროს რაიონში, თუმცა უთოვლო, უნალექო ყინვები. გაზაფხული ნალექიანი გამოდგა, მარტში რამდენიმე ადგილას სეტყვაც მოვიდა (მაგ. 30 მარტს ნუკრიანში). ვაზის კვირტი საკმაოდ ადრე გამოვიდა და ამინდიც ხელსაყრელი დაემთხვა. დაავადებები აქა–იქ გაჩნდა (ძირითადად კვირტის ჭია იგულისხმება). აპრილის ბოლოს ყინვებიც იყო კახეთში, მაგ. გავაზში 50%–მდე ვენახებისა მოყინა. ყვავილობის ფაზაში ბევრგან ჭრაქი განვითარდა, შეინიშნებოდა შავი სიდამპლეც (ივლის–აგვისტოში).ზოგიერთ სოფელში სეტყვა მოვიდა მაისშიც. ივნისის დასაწყისში, ყვავილიდან გამოსვლის დროს რამდენიმე დღე ძალზე აქტიური მზე იყო, რამაც მტევნები დააზიანა. ზოგადად, ზაფხული ცხელი იყო, თუმცა ნალექიც არაერთხელ მოვიდა, მაგ. ივლისის დასაწყისში და აგვისტოშიც. ახმეტაში სეტყვა აგვისტოში მოვიდა. სექტემბერიც შედარებიც ნალექიანი იყო, თუმცა რთვლის მიმდინარეობისთვის ამას პრობლემები არ შეუქმნია. რთველი სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. მართალია დიდი მოსავალი არ აუღიათ კახეთში, თუმცა ხარისხით მევენახეები კმაყოფილები არიან. საკმაოდ მაღალშაქრიანი ყურძენი მოვიდა. დუღილის პროცესებიც კარგად წარიმართა. დუღილი გაუხანგრძლივდათ ძალზე მაღალალკოჰოლიან ღვინოებს.

2019

კახელებისთვის 2019 წელი გამორჩეული პირველ რიგში იმით იყო, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა კახეთში მიღებული მოსავლის აღრიცხვა განახორციელეს, რაც აქამდე მუდმივ პრობლემას წარმოადგენდა.

უთოვლო ზამთრისა და ნაკლებად წვიმიანი გაზაფხულის შემდეგ, კახეთში ვეგეტაცია მაისის პირველ კვირასვე დაიწყო. ყველაფერი თითქოს კარგად მიდიოდა, მაგრამ ცხელი ზაფხულის დადგომის პარალელურად, სეტყვამ კახეთი კიდევ ერთხელ დააზარალა. გურჯაანის, თელავის, ლაგოდეხისა და ახმეტის დაახლოებით 20 სოფელი ჯერ კიდევ მაისში დაისეტყვა და თითქმის განახევრდა მოსავალი, ხოლო ახმეტის სამ სოფელში - არგოხში, ფიჩხოვანში და ოჟიოში ვენახები სექტემბრის დასაწყისშიც დაისეტყვა.

ახმეტელები და საგარეჯოელები გვალვამაც დააზარალა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში აგვისტოში წვიმა საერთოდ არ მოსულა. ვენახებს ამის გამო ძალიან გაუჭირდა. 2019 წლის რთველი ახმეტაში 2018 წელთან შედარებით მიუხედავად ჩამოთვლილი მიზეზებისა, მაინც უხვმოსავლიანი იყო. მწვანე კახურისა და რქაწითელის შაქრიანობა რთველის დროს დაახლოებით 25%-ს შეადგენდა.

თელავში და ყვარელში რქაწითელის ნაწილი დააზიანა თეთრმა პეპელამ, რამაც ყურძნის ხარისხზეც იმოქმედა. გლეხებმა დაზიანებული ყურძენი ძირითადად ქარხნებს ჩააბარეს. თელავში წინა წელთან შედარებით რქაწითელის მოსავალი დაახლოებით 15%-ით იყო შემცირებული.

გურჯაანში, განსაკუთრებით ბაკურციხე-კარდანახის მხარეს, ვაზს ზაფხულის გვალვამ შეუქმნა პრობლემები, თუმცა მოსავალი მაინც გადარჩა. რთველის შემდგომ სითბოებმა საშუალება მისცა ღვინოს დროულად და ბოლომდე დადუღებულიყო. ყვარელში ხარისხიანი ყურძენი დაიკრიფა და დაიწურა. ამ მუნიციპალიტეტში 2019 წელს გვალვის გამო ცოტა ახალგაზრდა ვაზს გაუჭირდა. თუმცა, დიდმა ვენახებმა ყველაფერს გაუძლეს და წვიმამაც დროზე მოუსწრო.

2020

2020 წლის დასაწყისში კორონავირუსმა გავრცელება დაიწყო და პარალელურად შეზღუდვები მალევე დაწესდა. მევენახეებს ვენახში გასვლაც კი შეეზღუდათ. ამის მიუხედავად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს 2020 წელს კახეთის რთველი საკამოდ ძვირი (დაახლოებით 140 მილიონი ლარი) დაუჯდა, საიდანაც 50 მილიონი ლარი მხოლოდ მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი საწარმოებისთვის გამოიყო.

2020 წელს კახეთში სუსხიანი ზამთარი იყო და ვენახებში ვეგეტაციის პერიოდი მაისის შუა რიცხვებისთვის დადგა. კახეთში არის წლები, როცა მევენახეს ბუნებაც და სამყაროც რისხვად მოევლინება ხოლმე. სწორედ ასეთი გაზაფხული დაუდგა კახეთის ათობით სოფელს. ახმეტაში, თელავსა და ყვარელში იყო სოფლები, სადაც ივნისში სეტყვამ და ღვარცოფმა მოსავალი მთლიანად გაანადგურა.

მთლიანად 2020 წელი კახეთში წვიმიანი იყო. მართალია, სართვლოდ შემოდგომის მზეს ვარაუდობდნენ, მაგრამ ბევრგან ყურძენში შაქრიანობამ სასურველ დონეს ვერ მიაღწია. ამიტომ, ამ წლის კახური ღვინოების დიდი ნაწილი შედარებით დაბალალკოჰოლიანი გამოვიდა.

ამ კუთხით განსაკუთრებით ლაგოდეხელებს, თელაველებს და ყვარლელებს გაუჭირდათ, მაგრამ ამ პრობლემებს კახეთში ღვინის დუღილისთვის პრობლემები არ შეუქმნია.

გურჯაანში და ახმეტაში რთველის პერიოდში საფერავს შაქრიანიობა საშუალოდ 23% ჰქონდა, რქაწითელს და ქისს კი დაახლოებით 24%.

2021

კახეთში ძალიან ცივი ზამთრის შემდეგ, ვეგეტაციის პერიოდი მაისის დასაწყისში იყო. სეტყვა და გაზაფხულზე მომეტებული წვიმიანობა კახეთს არც 2021 წელს დაკლებია, თუმცა ზაფხული ზომიერად ცხელი და შემოდგომაზე ნაკლებად წვიმიანი იყო.

გურჯაანელები რთველით კმაყოფილები იყვნენ. მართალია, ივნის-ივლისის თვეში გვალვამ მცირედით დააზიანა განსაკუთრებით ახალგაზრდა ვაზი, თუმცა, მთლიან მოსავალზე ამას გავლენა არ ჰქონია. ყურძენმა კარგი შაქრიანობა დააგროვა (25-27%) და გემოზეც არ იყო ურიგო. ამ წლის გურჯაანული ღვინო მაღალალკოჰოლური და ტანინიანი დადგა.

შიდა კახეთში ზოგმა მევენახემ შერჩევით დაკრიფა ყურძენი, რაც ერთგვარ ტრადიციად და წესად ყალიბდება - მოსავლის საუკეთესო ნაწილს ცალკე კრეფენ და წურავენ, შედარებით უხარისხო ნაწილს კი ქარხნებს აბარებენ.

ყვარლისკენ და ახმეტაში სამწუხაროდ, არ იყო კარგი მოსავალი. ბევრ ვენახს ჰქონდა ჭრაქი, ნაცარი და ალაგ-ალაგ სიდამპლეც. ამ მხარეს სეტყვაც გვარიანად შეეხო.

საშუალო მოსავლიანობით და ყურძნის ხარისხით გამოირჩა გარე კახეთი. თელავში სეტყვამ ისე არ გააფუჭა საქმე, როგორც ივნისში მოსულმა თქეშმა წვიმამ, რომელმაც განსაკუთრებით კურდღელაური და რუისპირი დააზარალა.

მთლიანობაშიც კახეთში რთველი ნორმალურად ჩატარდა. ოქტომბრის შუა რიცხვებში კრეფა უკვე დასრულებული იყო, საშუალოზე კარგი მოსავალი მიიღეს და ღვინოც არ დაუდგათ ურიგო. ალკოჰოლური დუღილი ზოგგან ახალ წლამდეც კი გაგრძელდა.

2022

კახეთში ვეგეტაციის პერიოდი 7-11 მაისისთვის დაიწყო. ამ წელს კახელებს აპრილიდან-ივნისის ბოლომდე გახშირებულმა წვიმებმა და ამის თანმდევმა ვაზის დაავადებებმა დიდი პრობლემები შეუქმნა. სამაგიეროდ მცხუნვარე იყო ივლისი-აგვისტო. თუკი მთელი გაზაფხული წვიმდა, ზაფხულის ბოლოს თელავში, ახმეტაში, გურჯაანსა და სიღნაღში ერთი წვეთი წვიმაც კი არ ჩამოვარდნილა. გვალვის გამო მევენახეებმა მოსავლის დიდი ნაწილი დაკარგეს. იყო ვაზის ხმობის შემთხვევები.

ახმეტაში მთელი გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისში დიდი წვიმები იყო და ამის გამო, ახალშენმა ვენახებმა შესანიშნავად გაიხარა. სამაგიეროდ გაზაფხულიდანვე გვალვას უჩიოდნენ ქიზიყელები. ამ მხარეში რთველი ნორმალურად ჩატარდა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გვალვის გამო ყურძნის სიმწიფის პერიოდი ერთი კვირით ადრე დადგა. ქიზიყში რქაწითელი 25%-იანი სიმწიფის პერიოდში მოიკრიფა.

ტიბაანში და მის მიმდებარე სოფლებში მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელი საკმაოდ რთული, გვალვიანი წელი იყო, წლევანდელი რთველი მაინც შედგა. ტიბაანის მიკროზონაში ივლის-აგვისტოში ფიქსირდებოდა საკმაოდ მაღალი ტემპერატურა. წვიმა საერთოდ არ ყოფილა. გვალვამ შეაწუხა გურჯაანელებიც. სოფელ ახაშენთან, ცნობილ ფაფრის ველზე მევენახეებმა მოსავლის დიდი ნაწილი დაკარგეს.

გარე კახეთში ვაზის დაავადებების მხრივ კარგი წელი იყო. ბევრ ვენახში თითქმის საერთოდ არ ყოფილა ვენახის სოკოვანი დაავადება. აგვისტოში აქაც გაუსაძლისი სიცხე იყო, მაგრამ ყურძენში შაქარის და მჟავიანობის ბალანსზე ამას უარყოფითად არ უმოქმედია.

თელავის სოფლებში განსაკუთრებულად კარგი წელი არ ყოფილა, იქიდან გამომდინარე, რომ მოსავალი იყო დაბალი ხარისხის. მთელი წელი დიდი სიცხის და გვალვის გამო ვაზის ძირები ხმებოდა. ვინც მოახერხა და ვენახი მორწყა, მათ ასე თუ ისე მიაღწიეს შაქრიანობასაც, სიმჟავესაც და გარკვეული ბალანსი ეჭირათ. თუმცა, უმეტესობამ სხვადასხვა მიზეზებით ეს ვერ შეძლო.

© ქართული ღვინის გზამკვლევი, საქართველოს ღვინის კლუბი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული