Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

არჩილ გუნიავას მარანი – მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (7)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

 – მარანი და ვენახები მემკვიდრეობით მერგო წინაპრებისგან. ბაბუაჩემმა, ახლანდელი მარნის ადგილზე, პირველი ქვევრები 1928 წელს ჩაფლო, მას შემდეგ, რაც ხუთი ძმის დიდი ოჯახი და მარანი გაიყო და თითოეულს შვიდ-შვიდი ტონა ტევადობის ქვევრები შეხვდა შესაბამისი ინვენტარით, მოწყობილობებით და რა თქმა უნდა, ვენახებით. მანამდეც და მას შემდეგაც ამ ქვევრებში ღვინო უწყვეტად დგებოდა და დგება. რა ასაკის ქვევრებია, ზუსტად ძნელი სათქმელია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ბაბუაჩემის მამა და კიდევ ოთხი თაობა მისი წინაპრებისა მუდმივად ფლობდნენ იმ დიდ მარანს, ასევე იმასაც, რომ ქვევრების კედლები შესამჩნევად შეთხელებულია ხანგრძლივი ექსპლუტაციისა და რეცხვისაგან, შეიძლება ვივარაუდოთ ასაკი - არანაკლები 250 წელი.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

 – ვფლობ 1.2 ჰა ვენახს, იმერეთში, სოფელ კვალითში. გაშენებული მაქვს ტრადიციული იმერული ჯიშები: ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, ოცხანური საფერე. რამდენიმე წლის წინ გავაშენე იშვიათი ძელშავი, მგალობლიშვილი, მჭკნარა დონდღლაბი. მომავალ წელს ამ ჯიშებიდან უკვე დაწურვას ვაპირებ.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

– 2010 წელს ჩემმა ღვინომ და მარანმა მიიქცია ქვევრის ნატურალური ღვინის პიონერების, რამაზ ნიკოლაძის და ჯონ ვურდემანის ყურადღება. მალევე დაინტერესდნენ ჩემი ღვინით მათი იტალიელი პარტნიოტრები. დღესაც მახსოვს ის გაოგნება, რაც მაშინ დამეუფლა, როცა იტალიელებმა 86 ბოთლი ცოლიკოური შემიკვეთეს. იმ ღვინის დაწურვის და დაყენების დროს საერთოდ წარმოდგენა არ შემეძლო მსგავსი რამის.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

– ამჟამად ჩემი ღვინოები იყიდება საქართველოში: „ღვინო ანდერგრაუნდში“, „აზარფეშაში“, „ფიალაში“,“ ვინოთეკაში“, „BQ ბარში“.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

– უცხოეთში: ამერიკაში, ავსტრალიაში, იაპონიაში, პოლონეთში, იტალიაში.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

– ამ სფეროში გადაულახავ სირთულეებს ნამდვილად ვერ ვხედავ. შეიძლება ყოველთვის რაღაც ისე არ გამოვიდეს, მაგრამ მეღვინეობა პროცესია, რომლის დროსაც მუდმივად უნდა სწავლობდე, თავდაუზოგავად შრომობდე და გჯეროდეს, რომ მომავალი წლის მოსავლის ღვინო წლევანდელზე უკეთესი გამოგივა.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

– ბოლო წლების განმავლობაში ქართული ღვინის კულტურის განვითარებაში ნამდვილად კარგი პროცესები შეინიშნება. მსოფლიომ გაიცნო და დააფასა ქვევრის და ზოგადად, ქართული ღვინო, საქართველოში მომრავლდა და განახლდა მარნები, გაშენდა ვენახები, გამოჩნდა ბევრი ახალი კარგი ღვინო, აღდგა მივიწყებული ჯიშები... მაგრამ ქვეყნისათვის , რომელსაც ღვინის სამშობლოს სტატუსის პრეტენზია აქვს, ეს საკმარისი არაა. წარმოებული ღვინოების დიდი ნაწილი დაბალი ხარისხისაა, ღვინის მომხმარებელთა შორის დაბალია ცოდნა ღვინის შესახებ, ქართულ სუფრაზე, ბევრი ღვინის დალევის ,,ტრადიცია’’, განურჩევლად ხარისხისა, ღვინის კულტურის უპატივცემულობის გამოხატვად მიმაჩნია. ვფიქრობ, რომ ამ პრობლემების დაძლევა სწრაფად არა, მაგრამ მაინც შეიძლება. მთავარია, მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ სფეროში და მათი განათლების დონე ამაღლდეს. ამ საქმეში დიდი როლის შესრულება შეუძლია ფესტივლებს, რომლებიც მხოლოდ ერთხელ წელიწადში, მხოლოდ თბილისში კი არ უნდა ეწყობოდეს , არამედ ბევრჯერ და თანაც მხარეების, კუთხეების, რაიონების, მიკრო ზონების, სოფლების დონეზე. აქ სახელმწიფოს ბევრის გაკეთება შეუძლია.. დასახვეწია კანონებიც, რომელიც ფალსიფიკაციისაკენ აღარ უბიძგებს მეღვინეს.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

 – დამწყები მეღვინეები კითხულობენ - რითი დავიწყო? რა ჯდება ქვევრები, მარნის აშენება, მოწყობილობა? და ა.შ. მე მათ ვურჩევ: დაიწყეთ ვენახით, თქვენივე ხელით გაშენებული ვაზის სიყვარული ყველაფერს დანარჩენს შეგაძლებინებთ. ნაბიჯ-ნაბიჯ გასწავლით შრომას, მოთმინებას, შეგძენთ ახალ ცოდნასა და თვისებებს, რომელიც საჭიროა ამ საქმეში. დანარჩენი ყველაფერი ნელ-ნელა მოვა, მარანიც, ინვენტარიც და რათქმა უნდა, კარგი ღვინოც.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული