Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ანა კანთელაძე: „მინდა ვიყო სხვებისგან განსხვავებული მეღვინე“

ლევან სეფისკვერაძე

30 წლის ანა კანთელაძე ბავშობიდან მეღვინეობაზე ოცნებობდა. ანა რაჭველია და რა გასაკვირია, რომ მისი ინტერესის საგანიც მუდამ რაჭული ძველი ვაზის ჯიშები იყო.  მიუხედავად იმისა, რომ საჯარო მოხელეა და კარიერული წინსვლაც აქვს (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონალური სამსახურის უფროსია), მეღვინეობაზე უარი არასოდეს უთქვამს და დღეს მის მცირე საოჯახო მარანში ხუთი დასახელების ახალი ღვინო იკრებს ძალას. ეს ღვინოები სულ მალე გამოჩნდება ღვინის მაღაზიების დახლებზე და ღვინის მოყვარულებს ახალგაზრდა რაჭველი გოგოს დამზადებული ღვინის გასინჯვის საშუალება გაზაფხულიდან მიეცემათ.

მანამდე კი ანა კანთელაძე მეღვინეობასთან დაკავშირებით მის ხედვებზე, მისი მარნის ტურისტულ პოტენციალზე, რაჭის მევენახეობა-მეღვინეობის მომავალზე და მის საყვარელ თემაზე - ძველი რაჭული ვაზის ჯიშების აღდგენა-გაშენებაზე გვესაუბრა. ჩვენი შეხვედრა სოფელ ჭრებალოში მაშინ შედგა, როდესაც პროექტ „ღვინის სოფელი“-ს ეგიდით რაჭველი და ლეჩხუმელი მეღვინეებისთვის მორიგი ლექცია-ტრენინგები იმართებოდა.

ანა კანთელაძე, „ანას მარანი“: „ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო გავმხდარიყავი მეღვინე და ეს საქმე ბოლომდე შემესწავლა. 2007 წელს ჩავაბარე თელავის უნივერსიტეტში. მაშინ ცალკე არ იყო მეღვინეობის ფაკულტეტი. იყო კვების ტექნოლოგია და ამიტომაც ჩავაბარე კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტზე. მაგისტრატურის გაგრძელება ვერ შევძელი, იმიტომ, რომ 2013 წელს საჯარო მოხელე გავხდი და ფიზიკურად დროც არ იყო. დღემდე სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროში ვმუშაობ. რაკი მეღვინეობის ძირისძირობამდე შესწავლასთან დაკავშირებული ჩემი ოცნებები ბოლომდე ვერ ავისრულე, პრაქტიკული მეღვინეობა დავიწყე. ვცხოვრობ ქალაქ ამბოლაურში. ჩემს ეზოში გავაშენე 600 ძირი ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ვენახი. ასევე ამბროლაურში დავიწყე ეთნო-სახლის მშენებლობა. გავაკეთე აგრო-მაღაზია, რომელიც პანდემიის გამო სამწუხაროდ ვერ გავხსენი და იმედი მაქვს გაზაფხულზე ახალ ტურისტულ სეზონზე ამას მოვახერხებთ.

- როგორც ვიცი, ძველი რაჭული ვაზის ჯიშების აღდგენით ხართ დაინტერესებული...

- სულ ვეწეოდი რაჭაში ძველი ჯიშების აღდგენას და ეს საქმე ასე თუ ისე გამოგვდის. ვთანამშრომლობ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან, საიდანაც ჩამოვიტანე რაჭა-ლეჩხუმის მივიწყებული ვაზის ჯიშები - რცხილა, რკო შავი, კაბისტონი და სხვა... ეს ნერგები დავურიგეთ სანერგე მეურნეობებს და ადგილობრივ გლეხებს. მალე ჩემს ვენახშიც არაერთი მივიწყებული ვაზის ჯიში იქნება. სოფელში მაქვს 2 ჰექტრამდე მიწა, სადაც სწორედ ძველ ენდემურ ჯიშებს გავაშენებ და მინდა ვიყო სხვებისგან განსხვავებული მეღვინე.

- რა ღვინოებს აყენებთ და სად?

- უკვე ხუთი წლისაა ჩემი ვაზი, სახლში საკუთარი ხელით ვწურავ ღვინოს. ასევე შევიძინე რამდენიმე სხვადასხვა ჯიშის ყურძენი და წელს ბოთლში პირველად ჩამოვასხამ ხუთი დასახელების, ძირითადად რაჭული ვაზისგან დაყენებულ ღვინოებს. ვფიქრობ ჩემს ბრენდს დავარქვა „ანას ღვინო“ და ამ სახელით გავიტან ბაზარზე. მეღვინეობაში ძალიან მეხმარება ცნობილი მეღვინე დავით ჩიჩუა, რომელიც მუდამ მაძლევს საჭირო რჩევებს. ამ საქმის წამოწყებაში ასევე ძალიან დამეხმარა გიორგი ბარისაშვილი, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ მიბიძგა მეღვინეობას ბოლომდე გავყოლოდი.

- რაჭის მევენახეობა-მეღვინეობის მომავალზე რას ფიქრობთ?

- ჩემი სურვილი და ოცნებაა, რომ მონაწილეობა მივიღო რაჭაში ე.წ. „ხვანჭკარიზაციის პროცესის“ შეჩერებაში, როდესაც ფასის გამო ყველამ ნახევრადტკბილი „ხვანჭკარას“ დაყენება დაიწყო და დაივიწყეს ძველი რაჭული ვაზის ჯიშები. ეს არის ძალიან ცუდი რამ და იმედი მაქვს, რომ სიტუაცია ჯიშური მრავალფეროვნებისკენ შეიცვლება.

ამბროლაურში სულ 60 მარანია და ყველგან რომ მივიდეთ, ვნახავთ, რომ არის სულ ორი-სამი სახის ღვინო - „ხვაჭკარა“ ნახევრადტკბილი „ხვანჭკარა“ „დამშრალებული“ და რაჭული თეთრა. მე ჩვენს მომავალს ასე არ ვუყურებ და ვფიქრობ, რომ რაჭველებს უფრო მეტი პოტენციალი გვაქვს თუნდაც საღვინე ჯიშების კუთხით. მინდა ეს ჩვენი ჯიშები გავაცნო ჯერ ქართველ მომხმარებელს და მერე უკვე მთელს მსოფლიოს. ჩვენ კახეთს და იმერეთს რაოდენობით ვერასოდეს გავუსწრებთ და რაც შეგვიძლია, ესაა ჩვენი ხარისხის და უნიკალურობის  წინ წამოწევა.

- ტურიზმის კუთხით რა გეგმები გაქვთ?

- რაჭაში დაბრუნების შემდეგ გადავწყვიტე გამეკეთებინა აგროფესტივალები, რამაც ბევრი სტუმარი ჩამოიყვანა. ამის შემდეგ ტურიზმი ჩემი ინტერესის ერთ-ერთი მთავარი საგანი გახდა.  სამი წლის წინ ვიყავი იაპონიაში აგროტურიზმის კურსის გასავლელად, სადაც საგრანტო კონკურსშიც გავიმარჯვე. ეთნო-სახლი სწორედ ამის შემდეგ გავხსენი ამბროლაურში ისეთ ადგილზე, რომელიც აუცილებალდ მოგხვდებთ თვალში გავლა-გამოვლის დროს. სოფელში მქონდა ძველი რაჭული სახლი, რომელიც დავშალე, ჩამოვიტანე ამბროლაურში და სწორედ იქ მინდა მივიღო ტურისტები. ის ძველი სახლი ჩემს მარანთან და ეთნო-სახლთან ერთად მინდა გახდეს ამბროლაურში მოსული ტურისტების მთავარი შეკრების ადგილი. იქვე გავასინჯო ღვინო სტუმრებს, ასევე რაჭული კერძები. სულ მაქვს სამი ამოცანა: განვავითარო ჩემი მარანი და ვენახი, შევძლო და გავზარდო ვაზის  ჯიშების მრავალფროვნება და ეს ყველაფერი გაგვაცნო სხვებსაც.

- თქვენს უახლოეს და შორეულ სამომავლო გეგმებზეც გვითხარით...

- მინდა რაჭაში დარჩენა და აქ განვითარება. იმედია პანდემია მალე დასრულდება და ბევრ ღვინის მოყვარულ ტურისტს მივიღებთ. 15 წლის შემდეგ ჩემი თავი წარმომიდგენია ისევ რაჭაში, სადაც მექნება დიდი საწარმო, გვექნება ბევრი ვენახი, ასევე მივიღებთ სხვადასხვა რაჭულ ყურძენს, ვაწარმოებთ კარგ ღვინოს და ეს იქნება ჩემი მთავარი საქმე.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული