Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის დღიურები. გიორგი სამანიშვილი - ენოლოგი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე

ორშაბათი, 31 აგვისტო

დღეს ორშაბათია - აგვისტოს ბოლო დღე. ვარ თელავში, „რთველი 2015“-ის საკოორდინაციო შტაბში და ვემზადები რთველის დაწყებისთვის. რთველის შტაბი 25 აგვისტოს გაიხსნა. ღვინის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები რთველის დაწყებამდე აკვირდებიან ყურძნის დამწიფების პროცესს და სწავლობენ მოთხოვნას ყურძენზე. ჩვენი ამოცანაა ზუსტად აღვრიცხოთ გადამუშავებული ყურძენი შემდგომი მონიტორინგის და სერტიფიცირების მიზნით. თუმცა შტაბის მუშაობას პოლიტიკური ელფერიც გაკრავს - ხალხი თვლის, რომ რთველის შტაბმა უნდა „ჩაიბაროს“ ან „ჩააბარებინოს“ ყურძენი „გლეხებს“ „ქარხნებში“...

„გლეხის ყურძენი“, „ქარხანა“, „ჩაბარება“ ანდა კიდევ „ზონის ყურძენი“ და ა. შ. ეს ის ჟარგონებია, რომლებსაც წლებია ვებრძვი მეც, და ჩემი ბევრი მეგობარიც, მაგრამ ვატყობ, რომ უკვე მე თვითონაც ხშირად ვიყენებ და ეს ძალიან არ მსიამოვნებს.

ყველაზე რთული კითხვა, რომელსაც ჟურნალისტები ხშირად მისვამენ - „როდის დაიწყება რთველი ოფიციალურად?“. როდის დაიწყება რთველი, ვიცი - მას შემდეგ რაც ყურძენი დამწიფდება. ოფიციალურად კი.... ალბათ იგულისხმება - ზარ-ზეიმით, რეპორტაჟებით კახეთიდან, პირდაპირი ჩართვებით, დიდ მანქანებზე დამაგრებული აკიდოებით...

დღეს, როდესაც ეს კითხვა დამისვეს, მივხვდი რა რთული იქნება რთველზე საუბარი მედიასთან.

ყოველ შემთხვევაში, ყურძენი ჯერ არ დამწიფებულა. მღელვარება და ნერვიულობა მატულობს, მაგრამ ვცდილობთ რთველთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია გვქონდეს დროულად და დროულად გავავრცელოთ ხალხში. 

რთველის შტაბის ძირითადი სამუშაო, ფაქტობრივად, რაიონებში სიარული და მოსახლეობისთვის რთველის კონიუქტურის კარგად ახსნაა, რაც ძალიან გვიჭირს, რადგან ბოლო დაახლოებით 10 წელია რთველი ძალიან პოლიტიკურ პროცესად ჩამოყალიბდა. განსაკუთრებით, მას შემდეგ რაც 2006 წელს რუსეთის ბაზარი დაიკეტა ქართული ღვინისათვის. მაშინ პირველად ვიგრძენით ჭარბი ყურძნის პრობლემა. დასაწყისში ჭარბი ყურძნის პრობლემა მარნებზე თხოვნით, ხანდახან მსუბუქი ზეწოლითაც გვარდებოდა. იყო წლები, როდესაც ყურძენი არაღვინის კომპანიებმაც შეიძინეს და თანამშრომლებს დაურიგეს ხან ყურძნად და ხან ღვინოდ. იყო უფრო უსიამოვნო ფორმით ჩარევებიც. მსხვილი მევენახეების ე. წ. „ფაშისტებად“ მოხსენიებაც და ა. შ. ის, რისი გახსენებაც არ გვინდა და რასაც არამც და არამც არ გავიმეორებთ. 

ბოლო წლებში, თანდათან დაიხვეწა ყურძნის ფასის სუბსიდირების და სახელმწიფოს მიერ ჭარბი ყურძნის შესყიდვის მეთოდები. დაიხვეწა იმდენად, რომ პოლიტიკური ბრძოლოს იარაღადაც კი იქცა, რამაც გამოიწვია ბოლო წლებში ყურძნის ფასის ხელოვნური მატება, იმდენად, რომ ეს ბევრისთვის კარგ ბიზნესადაც იქნა. ყურძენი იყიდებოდა ერთნაირად მაღალ ფასად, მიუხედავად ხარისხისა. მევენახეები მიეჩვივნენ ისეთ მეთოდებს, რაც ხარისხს ძალიან აზარალებს. მაგალითად ყურძნის მორწყვა დაკრეფის წინ, რათა ყურძენი დამძიმდეს წყლის ხარჯზე (ეს დაახლოებით იგივეა, ღვინოს რომ წყალი დავასხათ).

ხელოვნურად გაზრდილი ფასის გამო გაიზარდა ღვინის ფასიც, რაც ხელს უშლის ღვინის გაყიდვებს ექსპორტზეც და განსაკუთრებით ადგილზე, საქართველოში. საქართველოში გვიჭირს ღვინოში ძვირი ფასის გადახდა. 

ამას ემატება კიდევ ერთი ნეგატიური მოვლენა. ყველა მევენახე ცდილობს ყურძენი სრულად მიჰყიდოს კერძო მარანს თუ სახელმწიფოს და სახლში ღვინოს აღარც კი წურავს. ერთი მხრივ სახელმწიფო ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს რთველზე, მეორე მხრივ, დარგი, ანუ მევენახეობა-მეღვინეობის დარგი ძალიან ზარალდება.ზედმეტი ჩარევა ბაზარზე, ყოველთვის უარყოფით შედეგებს იძლევა.

2015 წელს კი ბოლოს და ბოლოს გადაწყდა, რომ სახელმწიფომ ხელი არ უნდა შეუშალოს თავისუფალი ბაზრის განვითარებას და ზოგადად დარგი უნდა გაძლიერდეს, თუნდა ეს არ იყოს პოლიტიკურად მომგებიანი. 

სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა :

-    ხარისხიანი ყურძენი არ დარჩეს გაუწურავი;

-    ყურძნის ფასზე მოილაპარაკონ ყურძნის გამყიდველმა და მყიდველმა. ამ შემთხვევაში კარგ ყურძენს მეტი ფასი ექნება ვიდრე ნაკლებად კარგს, და ამას ყველაზე კარგად გამყიდველი და მყიდველი დაარეგულირებენ;

-    ის მევენახეები, რომლებსაც ფასი არ დააკმაყოფილებს საკუთარ ყურძენს ბაზარში გაყიდიან ან სახლში დაწურავენ;

-    ხოლო ის მევენახეები, რომლებიც ვერც დაწურავენ და ვერ გაყიდიან ყურძენს, ჩააბარებენ სახელმწიფოს, გარკვეულ (თუმცა ყურძნის მოყვანის ფასზე მაღალ) ფასად. სახელმწიფო ამ ყურძენს იბარებს მხოლოდ იმ მიზნით, რომ მევენახე ზარალზე არ წავიდეს, ვენახი არ გაჩეხოს და გაისად უკეთესი ყურძენი მოიწიოს.

ვთვლი, რომ წელს ძალიან არაპოპულარული, მაგრამ მევენახეობა-მეღვინეობისთვის აუცილებელი გადაწყვეტილება მიიღეს. საუბარში თითქოს ყველა გვეთანხმება, მაგრამ თითქმის ყველა უკმაყოფილოა. დიდი იმედი მაქვს გავუძლებთ ზეწოლას და ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება რაიმე სხვა - პოპულისტური გადაწყვეტილებით. 

ჯერ ყურძენი არც დამწიფებულა.  რთველი დაახლოებით 10-15 დღეში გაჩაღდება.

კინაღამ დამავიწყდა მთავარი აღმენიშნა : წელს, 2015 წელს ძალიან კარგ მოსავალს ველოდებით არა მარტო რაოდენების მხრივ, არამედ ხარისხობრივად. აგვისტოს ბოლოს წვიმები, გრილი ღამეები და მზიანი დღეები.... ყურძენი კარგად მწიფდება და თუ მშვიდობა იქნა 2015 წლის ღვინოები გამორჩეული იქნება.

 

სამშაბათი, 1 სექტემბერი

გასულ კვირაში დედოფლისწყაროში და სიღნაღში გვქონდა შეხვედრები მუნიციპალიტეტების გამგებლებთან და მათ წარმომადგენლებთან სოფლებში (ადრე რაიონის გამგებელი და სოფლის რწმუნებული ერქვათ, ახლებურად ცოტა მიჭირს სწორად მოხსენიება :) ). დღეს გურჯაანის რაიონში შევიკრიბეთ. 

გურჯაანი მეღვინეობის კუთხით, განსაკუთრებული რაიონია. აქ ყველაზე ბევრი ყურძენი მოდის, თუმცა ყურძნის მყიდველი ყველაზე ნაკლებია. თელავსა და ყვარელში ბევრი ახალი მარანი აშენდა, ახალი ვენახები გაშენდა. გურჯაანშიც არის თანამედროვე მარნები, მაგრამ მეტია ძველებური „ქარხანა“, სადაც კარგი ღვინის დაყენება რთულია. ასეა თუ ისე, გურჯაანის რაიონში ყურძნის გაყიდვა საკმაოდ გაძნელებულია და აქ წელს ბევრ უკმაყოფილებას ველით.

სოფლის რწმუნებულებთან შეხვედრა ძალიან საინტერესო პროცესია. ერთი მხრივ ყველას ესმის შექმნილი მდგომარეობა. კარგად ხვდებიან, რომ ხელოვნურად მაღალი ფასი ყოველ წელს ვერ იქნება და იმასაც ხვდებიან რომ არ არის სწორი სახელმწიფო ბიუჯეტის ზედმეტი ხარჯვა. ამის მიუხედავად, ყველა მათგანი პირდაპირ, ან მინიშნებით ითხოვს, სახელმწიფომ „რამენაირად ასწიოს ყურძნის ფასი“. ყველა რწმუნებულს აქვს საკუთარი ყურძენი გასაყიდი და ამაზეც დარდობენ. თუმცა ყველაზე მეტად იმაზე ნერვიულობენ, თანასოფლელებს როგორ აუხსნან, რომ ყურძნის ფასი შესაძლოა შარშანდელზე ნაკლები იყოს. ის, რომ ფასი შარშანდელზე დაბალი იქნება, ცალსახად ჩანს მოთხოვნისა და მიწოდების შედარებით. რამდენად მოიკლებს ფასები - პროგნოზის გაკეთება ჯერ რთულია.  

კარგი ამბავი არ მოგიტანიათო, გვითხრეს, მაგრამ სადილზე მაინც დაგვპატიჟეს. რა თქმა უნდა ვერ წავყევით, მაგრამ გამოსვლისას „არაოფიციალურად“ ბევრი ვისაუბრეთ. ყველა ნერვიულობს, როგორ დააბინავებენ მოსავალს, რა შემოსავალს მიიღებენ. დარგის ზოგადი მდგომარეობა მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ექსპორტის კლებაზე როდესაც ვსაუბრობთ, ზრდილობიანად გვეთანხმებიან, მაგრამ არც ეს არ სჯერათ. 

შეხვედრის შემდეგ ვესტუმრე გურჯაანის ტელევიზიას და განახლებულ სტუდიაში, პირდაპირ ეთერში ვისაუბრეთ კარზე მომდგარი რთველის შესახებ. ძალიან სიმპატიური სტუდია და გარემო დამხვდა, სადაც ღიმილით და მეგობრულად ვისაუბრეთ კახეთისათვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე - რთველზე. საღამოს, შტაბში დაბრუნებულმა ჩანაწერს ვუყურე და კმაყოფილი დავრჩი გადაცემით - ჩემი აზრით მოვახერხე ყველა საკითზე მესაუბრა და ჩემი აზრი სრულად გამოვხატე. 

საუბარი დავასრულეთ სურვილით, რომ კახეთში, კახელი მევენახე დაუბრუნდეს ქვევრს, ქვევრის ღვინის წარმოებას, რაშიც უფრო კარგ შემოსავალსაც ნახავს და ეს უძველესი ტრადიციაც შენარჩუნდება.

ღამით გურჯაანიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ გადაცემამ ხალხი გააღიზიანა და უკმაყოფილოები არიანო. გულის სიღრმეში მჯერა, რომ ეს ასე არ არის.

 

პარასკევი, 4 სექტემბერი

დღეს 4 სექტემბერია. რთველი ისევ არ დაწყებულა. რამდენიმე მარანი საკუთარ ყურძენს კრეფს (კახეთში უცხოური ჯიშები გაშენდა, რომლებიც  არ არის აქაურ კლიმატს მორგებული და ადრე მწიფდება). ხალხი უკვე აქტიურად რეკავს ცხელ ხაზზე - როგორ ჩააბაროს ყურძენი, სად იბარებენ...

ამ დღეებში კახეთის ყველა რაიონში ვიყავით. ყველგან მსგავსი მდგომარეობაა, ყველა რთველის მოლოდინში ვართ. ყველაზე რთული დედოფლისწყაროს, სიღნაღის და ნაწილობრივ გურჯაანის რაიონებია. ერთი მხრივ ყურძნის მყიდველი არ ჩანს. ვინც მოსალაპარაკებლად ჩავიდა - ჯერჯერობით ფასზე ვერ შეთანხმდა ადგილობრივებთან.

ჩვენთან, რთველის შტაბში 40-მდე ღვინის კომპანია დარეგისტრირდა, თუმცა ჯერ ყურძენს არ ყიდულობენ, დამწიფებას ელოდებიან. ეს ყოველთვის ასეა - მევენახეები ცდილობენ რაც შეიძლება ადრე დაკრიფონ ყურძენი. მარნები პირიქით - რაც უფრო კარგად დამწიფდება ყურძენი, მით უფრო კარგი ღვინო დგება.

ღვინის კომპანიებთან საუბრისას იკვეთება, რომ მარნები იმაზე მეტ ყურძენს მიიღებენ, ვიდრე ველოდით. ეს ძალიან კარგი ინფორმაციაა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინტერნეტ-საიტზე ქვევრები ისევ ცარიელია (ყურძნის გადამუშავების შესახებ ინფორმაციას რეალურ დროში ვდებთ ჯიშებისა და რაიონების მიხედვით. ამ ციფრებს გრაფიკების ნაცვლად ქვევრებით გამოვსახავთ. ქვევრში ჩასხმული ღვინის შეხედვით ყველას შეუძლია შეაფასოს რთველის მიმდინარეობა).

 

შაბათი, 5 სექტემბერი

რთველი ისევ არ „გახურებულა“. კვლავ მედიასთან და მევენახეებთან შეხვედრებზე ვართ გადართული. დღეს ახმეტის რაიონში ვიყავით. ადგილობრივებმა, ფაქტობრივად, ჩვენი სათქმელი აქეთ გვითხრეს. სუბსიდია და ხელოვნურად მაღალი ფასები რომ ხელს უშლის ღვინის ბიზნესის განვითარებას, არც კი ვკამათობდით. ის, რომ ოჯახის და ქვევრის ღვინის წარმოება უნდა წავახალისოთ - არც ამაზე. თანაც 7-8 სექტემბერს ახმეტის რაიონში, ალავერდში ქვევრის მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმი იხსნება. 

ახმეტის რაიონში ყურძენი ყველაზე გვიან მწიფდება, თან კარგად მწიფდება. აქაური თეთრი ყურძენი გამორჩეულად კარგია. ახმეტაში ჯერ არ ნერვიულობენ, ელოდებიან, რომ როგორც დანარჩენ კახეთში, აქაც ისევე მოხდება ყველაფერი.

ახმეტიდან მეც დამშვიდებული წამოვედი. 

ინტერნეტში ორი სტატია ვნახე რთველის თემაზე - მეღვინის, დავით თამარაშვილის სტატია, ზოგადად, რთველზეა და ძალიან მომეწონა. ამ თემებზე მსჯელობა რთველის დამთავრებისთანავე უნდა დაიწყოს. იმედი მაქვს, დათოც ჩაერთვება. მეორე,  სალომე ზურაბიშვილის სტატია წავიკითხე facebook-ზე. ასევე ძალიან სწორად და მოკლედ შეფასებული რთველი და სახელმწიფოს როლი. მაშინვე „მოვიწონე“ შესაბამის ღილაკზე დაწკაპუნებით.

ყურძნის კრეფა დღესაც არ დაწყებულა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამონაკლისს. ჩვენს ინტერნეტ საიტზე (rtveli2015.gov.ge) ქვევრები ჯერ კიდევ ცარიელია. 

ფოტოები მოგვაწოდა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ

© გიორგი სამანიშვილი, საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
 
პროექტ „ღვინის დღიურების“ ფარგლებში მომზადებული მასალა წარმოადგენს ავტორთა კერძო შეხედულებებს და არ გამოხატავს საქართველოს ღვინის კლუბისა და ღვინის საინფორმაციო ცენტრის პოზიციას.



პრინციპში სწორი მიდგომაა, მაგრამ გლეხი რომელსაც კარგი მოსავალი აქვს სუსტ სიტუაციაშია ვიდრე ჩამბარებელი. პირველი ინფორმაციის ნაკლებობა თუ რომელი ჩამბარებელი იხდის ყველაზე მეტს ხარისხიან ყრძენში, მეორე. ტრანსპორტირება. მაგალითად საგარეჯოდან გლეხმა როგორ უნდა წაიღოს ყურძენი თელავში, და თუ შეძლებს ამას რა დაუჯდება. მესამე როგორ უნდა დაამტკიცოს რომ მისი ყურძენი მართალა კარგი ხარისხისაა თუ არ არსებობს ნეიტრალური ინსტანცია რომელიც ამას დაუმტკიცებს. მეოთხე. ადგილზე მიტანილი ყურძნის წამოღება უკან გლეხისთვის ძალიან ძნელია. ამიტომ გლეხი ცუდ პოზიციაშია. მე არავან იმის მომხრე, რომ მოხდეს სახემწიფოს ჩარევა ფასის დადგენაში, მაგრამ საჭიროა სისტემატიური პრობლემების აღმოფვრა რომელიც გაამყარებს გლეხის სუსტ პოზიციას. საერთო ყურძნის ბირჟის შექმნა თავისი ინფრასტრუქტურით საქართველოში მიმაჩნია აუცილებლად. ერთ ან სამ ადგილას რომ მოხდეს ასეთი ბაზრების შექმნა დამოუკიდებელი ლობორატორიებით, სადაც გლეხები და ჩამბარებლები ერთმანეთს "შეხვდებიან" იქნება კარგი გამოსავალი ამ ყოველწლიური დრამისაგან და პოლიტიზირებული პროცესისაგან.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული