Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის დღიურები. ბაია აბულაძე, ოჯახური მარნის წარმომადგენელი სოფ. ობჩიდან

ორშაბათი, 30 ნოემბერი

ცივა. ცივა გარეთ. ცხვირის გაყოფა დაგეზარება - ისე. მაგრამ დღეს მნიშვნელოვანი დღეა, ღვინის ჩამოსასხმელი მოწყობილობები უნდა ვიყიდოთ. მთელი ერთი წელია, ღვინის კლუბში სიარულის მერე, სულ ეს ფიქრი მიტრიალებს თავში, როდის ვიყიდი და ჩამოვასხამ ღვინოს-მეთქი. რაღას უცდიო, მეუბნებიან გამოცდილი მეღვინეები, მაგრამ ასე ადვილი არაა. ადვილი იმიტომ არაა, რომ ჯერ ცოდნა გჭირდება, მერე კავშირები დიდ ქალაქში, გამოთვლა, ეტიკეტი... თან ეს ყველაფერი კარგად უნდა იცოდე, თორემ სოფელში ხომ არ ანერვიულებ ბიძიას, ან დედ-მამას.  ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ის არის, რომ შენზეა დამოკიდებული ვიღაცის მოტივაცია. 

წარმოვიდგენ ხოლმე, ასეთ სიცივეში როგორ უწევთ ფერმერებს ღუმელის გახურება, შინაური ცხოველების დაპურება, მერე კიდევ მარანში შესვლა და იქ ტრიალი. ახლა ბიძია რემონტს ასრულებს, ყოველდღე ხვეწს და აკოხტავებს თავის მარანს. ერთი პატარა სიახლეც და, მაშინვე მატყობინებს. მეც მიხარია, ისიც ამაყობს. ბაბუა გადაშლის ხოლმე თავის ჯადოსნურ წიგნებს, წაიკითხავს ყველაფრის მიზეზსა და შედეგს, არ გამოეპარება გასხვლის, აქიმობის, გათოხვნის, მიწის დამუშავების, კრეფის, ბალახის გამოჭრის ამბები. სულ ვენახშია. ისეთი მოვლილი აქვს, სანახავად მიდის ხალხი. 

რომ ვუყურებ, თბილისელი კაცისთვის სოფელში ცხოვრება საკმაოდ რთულია, ყოველდღე იმდენ პრობლემას ეჭიდები, ჭიანჭველას შეშურდება. მაგალითად, იწყებ სხლვას და დილიდან საღამომდე ვერ ამთავრებ. მამიკოს და დედიკოს კუდშიდაყვებიან კატები, იმათ არ ეზარებათ სირბილი. ბოლოს, საღამოსკენ მარჯვენა ხელი გტკივდება, მერე კიდევ ერთი კვირა გიწევს ასე, გადაბმულად სხლვა. ხანდახან გამოსავალი ისაა, მარტო ლერწი მიაჭრა და სხვამ (ანუ ბავშვებმა) გააცალონ ვენახს. აბა ისე 6000 ძირს რაფერ გასხლავთ ორი ადამიანი. ახლა რომ ვუყურებ,  ხელებზე კიდევ მეტყობა ამობურცული. ადრე მრცხვენოდა არ შემეტყოს-მეთქი, ახლა კი სიამაყით ვუყურებ ხოლმე. მერე ძირებს გამობარვა უნდა, ამისთვის სხვაც უნდა დაიქირავო, მერე ტრაქტორით დახვნა. მამიკო ხელათში გადაუვლის ხოლმე ყველა ვენახს ტრაქტორით, ბებია წუხს - ცოდვაა კაცი, სულ შრომაშიაო. ბიძიამ და ბაბუამ თვითონ გამოიგონეს სხვანაირი ტრაქტორი - ხან ცელავს, ხან აქიმობს. ძალიან ჭკვიანი უნდა იყო, თუ სოფელში ცხოვრობ, თორემ ისე გაიყიდები ფულისგან, კაპიკი აღარ შეგრჩება. ბიძია იცინის, ამ ტრაქტორებს იმისთანა ფასი ადევთ, ტალახში რაფერ გავსვრიო. საბოლოო ჯამში სიცხეში შუადღისას გიწევს აქიმობა. დილით დაიწყებ და შუადღემდე ვერ ამთავრებ. მეორე დღეს - მეორე ნაკვეთი, მერე - მესამე. ამ დროს კიდევ, ფული სულ უნდა გქონდეს, ხან რა წამალია საყიდელი, ხან რა. თან ფასებიც არითმეტიკულად ძვირდება.

 
ერთს რომ ვუკვირდები, ჩვეულებრივ, პატარა ფერმებს უფრო უჭირთ, უფრო მეტი შრომა უწევთ, ვიდრე - დიდებს. განსხვავება დაქირავებულ ძალასა და მოწყობილობებშია. მაგრამ რომ ვუკვირდები, ამდენი შრომის მერეც არაფერი ცუდი არ ჩანს, მაინც ყველა ბედნიერია.თუ შრომობ, საჭმელი გაქვს. ჩვენ, მაგალითად, ყანებიც გვაქვს(თან ნამეტანი ბევრი) შინაური ცხოველებიც, ფრინველებიც. 

შემოდგომას ბიძია და მე ყანის ტეხვით დავიწყებთ, მერე მოჭრა უნდა ამ ყანას, აქუბვა, მერე კარგად რომ გახმება - აკონვა და შენახვა. ასეა ჩვენთანაც. ბებიები კიდე, ამ სიმინდს კარგად ასუფთავებენ და ვახმობთ, ბიძიას დიდი მანქანა ჰყავს და მთელ ობჩას მაგით ამოაქვს ჩალა და სიმინდი სახლში. ჰოდა, ჩალების პერიოდი სწრაფად უნდა მოასწრო თუ არა, ყურძენი მოსაკრეფი გაგიხდება. ხან ერთ ნაჭერს ვკრეფთ, ხან - მეორეს. დილით ხარს შეკმაზავ, ძირითადად მე, გიორგი და მანანა დეიდა მივდივართ ხოლმე. დედიკო და მამიკო სკოლაში არიან, ვინ გამოუშვებთ დილით. ჰოდა, მიგვაქვს ცხელი ხაჭაპურები და მივდივართ ფართობისკენ. ძალიან შორს კი არის, მაგრამ ვნატრობ უფრო შორს იყოს, კარგია ურემზე ჯდომა და აქეთ-იქით ყურება. გზა ცოტა ცუდია, თუ ნაწვიმარია განსაკუთრებით მაშინ, მაგრამ ეგ არაფერი. 

კი ვამბობ, ძნელია ყველაფერი-მეთქი, მაგრამ თუ ოჯახი ერთადშრომობს, მაგაზე მეტი სიხარული არაფერია. უყურებ და მოგწონს, ყველაფერს რომ გავალებენ. როგორც პატარას, გეხმარებიან კრეფაში(მაინც ყველაზე ნელა მე ვკრეფ).  უყურებ ბიძიას, მამიკოს, დედიკოს, გიორგის, ბაბუას, მანანა დეიდას. უხარია ხალხს. მამიკოს სიმღერა უყვართ ხოლმე. მე და გვანცა ავყვებოდით და ისე ვმხიარულობდით, მეტი რომ არ შეიძლება. 

სამშაბათი, 1 დეკემბერი

ამოიჩემებ ხოლმე ადამიანი რაღაცას-ვერ იშორებ თავიდან. რა უნდა ქნა. იყოს, რაცხა არი. ახალი ამოჩემება ტერუარს ეხება. სიყვარული სჭირდებაო, მოვლაო, სითბოო. ჩავჯექი ახლა დღეს მეტროში. ვიცინი ჩემთვის, ვინ გაიგებს, რაზე. ეს ორი დღეა, იმისთანები მესმის ჩემზე, მეცხრე ცაზე ვარ სიხარულით. მეღვინე გოგოაო,ნეტა ბევრი გვყავდეს ამისთანაო...უყურე შენ!ჯერ მხოლოდ 22 წლის არისო, გაგვაცანითო.  მიხარია, მიხარია, აპა რა იქნება?!

კი ვარ 22 წლის, მაგრამ, ასე, სუფთა 10 წლის სტაჟი კი მექნება, განსაკუთრებით, ლერწის (წალმის) ბოჭვაში(აქ შეიძლება ერთი 3 წელი წავუმატოთ) - ქალის თუ კაცის საქმე, მთავარია შეძლო. ყველაზე კარგი-ახლა, რომ ვთქვათ (ყველა სეზონი კარგია, ლერწის ბოჭვის გარდა) შემოდექია(შემოდგომა). ამდენი გემრიელი ყურძენი ერთად, თან თუ მზეც ხელს გიწყობს...დღისით კრეფ, საღამოს კიდე - დაწურვა იწყება. ისევ მამიკო, დედიკო, გიორგი, გვანცა, ბებია- ახლომახლოსაა ჩამომჯდარი (რა გააჩერებს ამ დროს სახლში?). კიდევ, კატები გითვალთვალებენ შორიდან, ოღონდ, მხოლოდ პირველ ხანებში, მერე სწყინდებათ. იწურება ეს ყურძენი, თან ფოტოებს ვიღებ, მარა ჩუმად, იმიტომ რომ შუა საქმის დროს ფოტოს გადასაღებად მოცლა არ შეიძლება. 

ჰოდა იმას ვამბობდი, ამ ყველა სიახლეს ხან ბიძიას ვეუბნები, აქეთ დედიკოს და მამიკოს, იქით, ძალიან შორს- გვანცას შვედეთში. დღეს ნამეტანი სიცივეა, მაგრამ კარგია, დაღვინებას შეუწყობს ხელს. ხვალინდელ დღეს ველოდები, გუშინ კარგი იყო, დღეს კარგი დღეა, ხვალ რა ღმერთი გაუწყრება?! ეს პატარა ინდუქციის ამბავში, თუ არა, ვინ იცის ხვალ რა მოხდება (მიკროეკონომიკის გარდა).

დღეს სტატია დაწერეს ჩემზე, აღმოჩენა მიწოდეს. ჩემი ძმა მირეკავს- გახარებულია. რას ვიფიქრებდი, ასე ერთ დღეში თუ შეიძლებოდა რვაასზე მეტ ადამიანს წაეკითხა შენზე სტატია და მერე უმრავლესობას მოეწერა. მწერენ, მადლობა ასეთი საქმისთვისო, ყოჩაღი ხარო, არსად მინახავს 22 წლის ფერმერი გოგოო. მე კიდე, ვკითხულობ და ვფიქრობ - უყურე შენ! სოფელში ცხოვრება რამდენს ჰყვარებია და რამდენი გულშემატკივარი ჰყოლია. ყველაზე მეტად ის მიხარია, დედიკოს და მამიკოს რომ ვეტყვი ამ ამბავს. კიდევ ის, რომ გიორგის სოფელში დაბრუნებისას დიდი სტიმული ექნება და ამასთან ცოტათი მაინც გაძლიერებული იქნება ჩვენი მარანი. 

ოთხშაბათი, 2 დეკემბერი

ბიძიას ვურეკავ. მოვუყევი სიახლეების შესახებ. ისეთი გახარებულია!.. მერე რჩევა მომცა, ღვინის კლუბში იარე აუცილებლადო. ეჰ, ბიძიაზე მეტდ მინდა ხოლმეიქ სიარული, მაგრამ საჯარო პოლიტიკს ლექცია მემთხვევა. ახალი დაწყებული მაქვს მაგისტატურა და რას გააცდენ. გადავხედე გუშინდელ ამბებს Facebook-ზე. უამრავი ახალი წერილი, კომენტარები, მეგობრობის თხოვნა! წავედი ეკონომიკის ლექციაზე. 

ხუთშაბათი, 3 დეკემბერი

ჩემს ძმას უკვირს, სახლში რატომ ხარო. ჩვეულებრივ, სულ სადღაც ვარ. ამინდი არ არის ცუდი, მაგრამ მაინც ცივა.

პარასკევი. 4დეკემბერი

სამსახურის დროს სულ 20 წუთი აკლია. მაინც დროულად მივედი. რას ერჩი მეტროს, 5 წუთში სამსახურში ხარ. უცბათ მომდის მესიჯი- თუ შეძლება ინტერიუ ჩავწეროთო, ვფიქრობ ახლა, ეს სოფლელი გოგო რა საქმეში  ჩავდგი ფეხი-თქვა. ცოტა კი მეშინოდა, მაგრამ მაინც ვუპასუხეყველაფერს. რას ვხედავ! ჩემზე სტატია იმდენმა ადამიანმა ნახა და გაიზიარა, გასახარელია, ხან უკრაინიდან მწერენ, ხან ქუთაისიდან, რჩევებსაც მეკითხებიან! ჩემმა უფროსმაც ნახა სტატია, წაგვართვეს თანამშრომელიო, იცინოდა. ჰოდა ეს ფერმერთა ასოციაცია ყოფილა, რაც ყოფილა. სასწაული. 

შაბათი,5 დეკემბერი

დღეს ჩემი დის დაბადების დღეა. გულიანი გოგოა გვანცა. სისხამ დილას ინგლისურზე  მივდივარ. ძალიან მაგვიანდება, ტაქსი გავაჩერე. აღმართია შიშოვი, ჩემი მასწავლებელი კიდევ, იმ აღმართის ბოლოს ცხოვრობს. მძღოლმა შეიცხადა, მასწავლებელთან ამ გზაზე რომ დავდიოდი - როგორ ადიხარფეხით ამ აღმართზეო. კი მეცინებოდა,  რა იცის ამ კაცმა, რაა აღმართი ან დაღმართი ჩემთვის. 13 ტონა ყურძნის, 5 ნაჭერი ყანის მოტეხვის და მოჭრის მერე + ბიძიას 8 ტონა ყურძენი, ყველა მე კი არ გამიკეთებია, ასე მეხუთედი. 

კიდევ დამირეკეს ინტერვიუზე. ამასობაში ეტიკეტის ამბებზე ვფიქრობ, რთულია შეარჩიო ისეთი, ოჯახის ყველა წევრს და კიდევ რაღაც მოთხოვნებს რომ დააკმაყოფილებს. რომ დავაკვირდე, რთულია მარტო რამის გაკეთება. ერთად რომ ვართ ხოლმე, სულ სხვაა, დაცული ხარ, იცი რა უნდა გააკეთო.  

დედიკო და მამიკო ღვინოს იღებენ, მევიდა დრო. ამ დროს ხან რაში სჭირდებათ დახმარება, ხან - რაში. ახლა  ინგლისური ენის ჯგუფში ჩასაწერად წავედი (ქარს მივყავდი). იქიდან, ასე, 20 წუთის მანძილზე საცობში ყოფნით ვისიამოვნე, მერე ლექცია რავარც იქნა, სახლიც. 

ერთი სული მაქვს ხოლმე, ჩავიჭყიტო, რა ხდება ჩემს facebook-ზე. კიდევ რა სიახლე იქნება. დიდად ვისიამოვნე. კაი ცხელი ჭადებიც გავაკეთე და გიორგის და მე სამომავლო გეგმებისსერიოზული გარჩევა  გვქონდა. 

კვირა, 6 დეკემბერი

ამ ბოლო დროს იმდენი რამ ხდება... ყოველდღე სიახლეებია ობჩაში. დღევანდელი დილიდან სტატიის რეიტინგებს გადავხედე, ძალიან გაზრდილა. მე კიდევ მიხარია, რომ გიორგი ხედავს ამ ყველაფერს. მე ერთი უბრალო დამხმარე ვარ და უცბათ ასეთი დაფასებული გავხდი. დედიკო, მამიკო და ბიძია რომ არა, ვინ დაწერდა ჩემზე სტატიას. ჟურნალისტობა კარგი პროფესია ყოფილა-ასე რომ ახარებენ და აძლიერებენ ადამიანებს.მადლობა, ყველა იმ ჟურნალისტს, ვინც ჩვენით დაინტერესდა, ახლა უკვე ობჩაში ყველამ იცის, ჩვენზე რასაც წერენ.

ობჩაც ცნობილი გახდა. 

ბიძიას ველაპარაკები. მეუბნება- ღვინის კლუბმა აღმოგვაჩნაო, იმისთანა ხალხიაო!.. ფესტივალებზე მონაწილეობა კიდე, საუკეთესო შესაძლებლობაა სოფლელი კაცისთვის. ახლა გადავწყვიტეთ, შემდეგ სამშაბათს ბიძიაც ჩამოდის, რომ დაესწროს მარნის აშენების შესახებ კლუბის ლექციას.გადაწყდა, საჯარო პოლიტიკის ლექციას ვაცდენ. 

© ლანა-ბაია აბულაძე, საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

პროექტ „ღვინისდღიურების“ ფარგლებში მომზადებული მასალა წარმოადგენს ავტორთა კერძო შეხედულებებს და არ გამოხატავს საქართველოს ღვინის კლუბისა და ღვინის საინფორმაციო ცენტრის პოზიციას.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული