Home
ქართული | English
ნოემბერი 2019
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

მულტიმედია

კომენტარები

2019 წლის რთველი ქართლში მავთულხლართების გადმოღმა

ლევან სეფისკვერაძე

ქართლის მევენახეთა ბოლო პერიოდის საწუხარი მაინც ერთნაირია. რუსულმა ოკუპაციამ თანაბრად დააზარალა როგორც გორის  მუნიციპალიტეტი და ქალაქ ცხინვალის შემოგარენის სოფლები, ასევე ახალგორი - ქსნის ხეობა, ხაშურისა და ქარელის  მუნიციპალიტეტები და ახლა უკვე მევენახეობა-მეღვინეობით სახელგანთქმული კასპის მუნიციპალიტეტიც, რომლის მოსაზღვრედ უკვე რუსული ბლოკ-პოსტებია განლაგებული.

მძიმე რეალობის მიუხედავად, ქართლელები მაინც აშენებენ ახალ ვენახებს და ძალიან სასიხარულოა, რომ ეს ხშირად საოკუპაციო გამყოფი ხაზის მოსაზღვრედ ხდება. ამის მაგალითია ახალგაზრდა მეღვინე გიორგი ლაცაბიძე, რომელმაც ლიახვის ხეობის სოფელ ზემო ხვითში (გორის მუნიციპალიტეტი) შავკაპიტოს ვენახი ზედ რუსული მავთულხლართების ღობის გვერდით გააშენა. მუდამ არსებობს ამ ვენახის ოკუპირების საფრთხე და თბილისიდან საცხოვრებლად მშობლიურ სოფელში მიბრუნებული მევენახე-მეღვინის თავდადება ამ მხრივაც გამორჩეულია. გიორგი წლევანდელი რთველის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს. 

გიორგი ლაცაბიძე, ქართლელი მევენახე-მეღვინე: “წლევანდელი რთველი საკმაოდ გამორჩეული იყო, რადგან ჩვენი ახალშენი შავკაპიტოს ვენახი რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 850 მეტრის სიმაღლეზე სოფელ ზემო ხვითში, პირველად შევიდა მსხმოიარობაში და პირველივე წელს დაუგეგმავად მოგვიწია რთველის ჩატარება. მოსავლის რაოდენობა დიდი არ იყო, დაახლოებით 500-600 კილოგრამი.

ახალშენში პირველ სექტემბერს უკვე 24 ჰქონდა შავკაპიტოს ყურძენს შაქრიანობა, რაც ჩვენი ზონისათვის საკმაოდ უჩვეულო და მოულოდნელი ამბავია. იგივე პერიოდში სახლის ეზოში შავკაპიტოს ხეივანზე შაქრიანობა შეადგენდა 18-19-ს, რაც საკმაოდ დიდი სხვაობაა, ხოლო მათი დაშორება 1.5 კმ-ს არ აღემატება. წელს ფაქტობრივად ორი რთველის ჩატარება მოგვიწია სამაოდ დიდი შუალედით, რადგან ხეივანზე შავკაპიტო დაიკრიფა 13 ოქტომბერს და მისი შაქრიანობა შეადგენდა ამ დროს 23-ს.

- ამინდების მხრივ როგორი წელი იყო, პრობლემები ხომ არ შეგქმნიათ სეტყვის, გვალვის ან წვიმებისგან? 

-  წელს ვაზისთვის საკმაოდ ცუდი წელი იყო, თბილ ზამთარს გაზაფხულზე დაემატა ძალიან ძლიერი სეტყვა, რამაც შავკაპიტოს პირველი მოსავლის დაახლოებით 80 % გაანადგურა. გარდა ამისა, მთელი ზაფხულის განმავლობაში საკმაოდ ხშირი იყო წვიმა და ქარიანი ამინდები. მიუხედავად ამისა, მაინც მოვახერხეთ მცირე, მაგრამ შედარებით კარგი მოსავლის აღება.

- ზოგადად ქართლზე რას გვეტყვით. წლევანდელი რთველი რამდენად დამაკმაყოფილებლად შეიძლება ჩაითვალოს ქართლისთვის?

- წელს შიდა ქართლში, კერძოდ გორის მუნიციპალიტეტში საკმაოდ გაიზარდა მოთხოვნა ადგილობრივი წარმოშობის (შავკაპიტო, გორული მწვანე, თავკვერი, ჩინებული დ ა.შ ) ყურძენზე, რამაც თავისთვად ყურძნის ღირებულებაც გაზარდა და ადგილობრივი მოსახლეობა დააინტერესა ყურძნის მოსავლის გაზრდით და მათი გაშენებით. აღნიშნული დაინტერესება არ იყო მხოლოდ მოსავლის სიმცირით გამოწვეული, რადგან სხვადასხვა რეგიონებიდან  უკვე საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართულები ადგილობრივი ყურძნის შეძენით.

მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ 2019 წელი შიდა ქართლისათვის არ იყო კარგი და ხარისხიანი მოსავლის წელიწადი, რადგან სეტყვამ ძალიან დააზიანა როგორც წლევანდელი მოსავალი, ასევე თვითონ ვაზის ძირები და პრობლემები შეუქმნა გარკვეულწილად მომავალი წლის მოსავალსაც. ზაფხულში ცვალებადი ამინდები და ქარი ხელს უწყობდა ნიადაგის გამოგვალვასაც და ამანაც გარკვეულწილად თავისი გავლენა იქონია ყურძნის მოსავლის ხარისხზე“.

გიორგი ლაცაბიძის მსგავსად, წლევანდელ რთველს არცთუ დადებითად აფასებს კიდევ ერთი ქართლელი მევენახე-მეღვინე - დავით ხარაზიშვილი. მისი ვენახი ასევე ოკუპირებული ზონის მოსაზღვრედ,  დასავლეთ ფრონეს ხეობის სოფელ ჭვრინისში, ატოცის მოსაზღვრედ (ქარელის მუნიციპალიტეტი) მდებარეობს. ეს სოფელი ცნობილი ბოლო პერიოდში მძიმე მოვლენებით - უკანონო ბორდერიზაციით გახდა. ხარაზიშვილები ამის მიუხედავად მაინც ახერხებენ შეინარჩუნონ ვენახიცა და მევენახეობის სტიმულიც.

დავით ხარაზიშვილი, მარან "ღვინო ქართლისას" მფლობელი: "მოსალიანობით ჩვენს მხარეში, წინა წელთან შედარებით ნაკლები მოსავალი იყო რაოდენობრივად, ხოლო ხარისხით მაინც ნორმალურად შეიძლება ჩაითვალოს. შაქრიანობის მხრივ, წლევანდელი ყურძენი შარშანდელთან შედარებით უფრო კარგი იყო. ამინდებს რაც შეეხება, კვირტი ახალი გადაქცეული იყო ფოთლად, როდესაც დაისეტყვა ჩვენი მხარე. ასევე შავმა სიდამპლემ გადაუარა და ბევრი ვენახი დააზიანა. გამომდინარე აქედან,  წლევანდელი წელი საკმაოდ რთული და არასასურველი იყო ჩვენი ხეობისათვის“.

გადავინაცვლოთ კასპის მუნიციპალიტეტში. კასპელი მევენახე-მეღვინეები სხვებთან შედარებით დადებითად აფასებენ წლევანდელ რთველს და უფრო იმედიანადაც არიან. ქალაქ კასპში მდებარე “მერებაშვილების მარანს“ ვენახები საკუთრივ კასპში და მის შემოგარენში გააჩნია. მარნის მფლობელი შალვა მერებაშვილი ქართლული პირდაპირობით საკმაოდ დეტალურად გვიამბობს მათ მხარეში ჩატარებულ რთველზე და არც პრობლემებზე საუბარს ერიდება.

შალვა მერებაშვილი, “მერებაშვილების მარნისმფლობელი: “როგორც გასულს წელს, ასევე წელსაც დადებითად შეგვიძლია შევაფასოთ ჩატარებული რთველი. ყურძენი იყო  საკმაოდ ჯანმრთელი და ხარისხიანი.  პრობლემები შეინიშნებოდა ხარისხის კუთხით ადგილებში სადაც წყლის დეფიციტია. რაოდენობას რაც შეეხება, 1 ჰექტარზე საშუალო მოსავალი გვქონდა 4500 კილოგრამი.

- კასპში როგორ ამინდები იყო წელს?

- ზოგადად ამინდების მხრივ არც შიდა ქართლი იყო წელს გამონაკლისი. ძალზედ ხშირია ჩვენთან გვიან გაზაფხულზე ყინვები, მაგრამ წლევანდელ წელს არ დავდექით ამ პრობლემის წინაშე. ზაფხული დაიწყო  საშუალოზე ცხელი ამინდებით, თუმცა ივლისი-აგვისტო გაგრძელდა სტაბილური თბილი ამინდებით. ძირითადი გამოწვევა წელსაც იყო უწყლობა. ამასთანავე ამორტიზებული და განადგურებულია ქარსაფარი ზოლები, რაც მშრალ ამინდებთან ერთად ხელს უწყობს გვალვას და ნიადაგის გამოშრობას. წელს სეტყვამ ჩვენს მხარეში ნაწილობრივ დააზარალა ქსნის ხეობა და იქ მდებარე ვენახები (საუბარია ქსნის ხეობის ქვედა წელში მდებარე იმ ვენახებზე, რომლებიც ოკუპაციას გადაურჩა და კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. რედ.) თუმცა სეტყვისგან მიღებულ ზარალს შიდა ქართლში მასშტაბური სახე არ ქონია.

- საკუთრივ 2019 წლის რთველზე რას გვეტყვით?

- შიდა ქართლში ყოველ წელს რთველის დროს დგას ყურძნის გასაღების პრობლემა. მიუხედავათ იმის, რომ არის მცირემიწიანი რეგიონი და შესაბამისად არ არის ჭარბმოსავლიანობა, ყველა მევენახე მაინც ვერ ახერხებს მოწეული ყურძნის რეალიზაციას. არ არის ღვინის ქარხნები, რომლებიც ჩაიბარებენ დიდი რაოდენობით ყურძენს მევენახეებისგან. ასევე არ არის მცირე მეღვინეობებიდან და საოჯახო მარნებიდან მოწეული ყურძნის პროპორციული მოთხოვნა.

პრობლემას ართულებს ასევე რთველის დასაწყისში შექმნილი პრეცედენტები, როდესაც შეძლებული ან ხშირ შემთხვევაში საქართველოში დასახლებული უცხოელი მეღვინეები იძენენ ყურძენს რამდენიმე მევენახისგან მაღალ ფასში. მათგან ერთჯერადათ გადახდილი ფასი დგინდება საყოველთაოდ, რაც რეალურ გასაყიდ ფასთან შედარებით რამდენიმე ათეული თეთრით მაღალია. იგივე ფასის გადახდის მოლოდინში კი ბევრ მევენახეს ყურძენი გასაყიდიც კი რჩება. საერთო ჯამში რთველი 2019 შიდა ქართლში და კონკრეტულად კასპის მუნიციპალიტეტში შეიძლება დადებითად ჩაითვალოს“.

მევენახეობით სახელგანთქმულ სოფელ ატენში (გორის მუნიციპალიტეტი) ხელოვნებათმცოდნე ნიკა ვაჩეიშვილმა არც ისე დიდი ხანია, რაც საკუთარი ვენახები გააშენა და მარანი მოაწყო. იგი იმ გამონაკლისთა შორისაა, რომელიც წლევანდელ რთველს დადებითად აფასებს და მისი თქმით წელს ატენელებს კარგი ღვინო ექნებათ.

ნიკა ვაჩეიშვილი, “ნიკა ვაჩეიშვილის მარნისმეპატრონე: “წელს კარგი რთველი გვქონდა. ყურძენი იყო ხარისხიანი. ჩვენი ვენახებიდან 3 ტონაზე ცოტა მეტი დაიკრიფა. გაზაფხული გვქონდა საჭიროზე მეტად მშრალი, ნაზარდი არ გამოიღო ძლიერი, თუმცა ყურძნის ამ რაოდენობამ უფრო დაიფასა თავი. შემოდგომა იყო მზიანი და დააშაქრა განსაკუთრებულად - 22,24 შაქრიანობას მიაღწია. სეტყვას და გვალვას ზაფხულში არ შევუწუხებივართ. ჩვენსკენ რთველი მგონი კარგი იყო. სამეზობლოშიც ხარისხიანი და მაღალშაქრიანი ყურძენი ბლომად დაიკრიფა“.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული