Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მიშელ ტურნიე - ღვინის სული

დიონისესა და ქრისტეს ვაზი მყიფე და ხილის სურნელებადაყოლილი ხიდით აკავშირებს. ღვინო, ხმელთაშუაზღვისპირული ცივილიზაციის უცნაური სიმბოლო, გამომწვევად უხამებს ერთმანეთს აღვირახსნილსა და წმინდას. ერთი მხრივ, ბახუსი, ოხუნჯი ლოთების დასით, როგორადაც მათ რუბენსი გამოსახავდა, მეორე მხრივ, ქორწილი კანაში და საზიარებელი ბარძიმი.

„ეკლესიის უფროსი ქალიშვილის“ თიკუნს საფრანგეთი, უპირველეს ყოვლისა, სწორედ თავის ღვინოს უნდა უმადლოდეს. ეს მსოფლიოს ერთადერთი ქვეყანაა, სადაც შორეული სოფლის ყველაზე მოკრძალებულ მაღაზიაშიც კი, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რიგიან ღვინოს აღმოაჩენთ;

და ასევე ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ღვინო არა ფუფუნება, არამედ საკვების აუცილებელი თანმხლებია. ჩემს სოფელში, კოდ-დ’ორში, ას წელს მიღწეულნი ისე კვდებიან, რომ ცხოვრებაში წვეთ სუფთა წყალს არ სვამენ. უბრალოდ, წყალი დასალევად შექმნილი სითხე არ არის, მისი დანიშნულება პირის დაბანა და ყვავილების მორწყვაა. მისი დალევა ველურთა წესია და კარგს არაფერს გიქადის. ადამიანს, რომელიც წყალს სვამს, ბურგუნდიაში ეჭვის თვალით უყურებენ, რადგან გულღრძოობისა და შეუწყნარებლობისაკენ მიდრეკილი ჰგონიათ. მთელი ბავშვობა მაფრთხილებდნენ „კუჭის გაფუჭების“ საშიშროების შესახებ და, რასაკვირველია, საფრთხეს სუფთა წყალში ხედავდნენ.

თვალნათლივ მახსოვს „საოჯახო საქმის მეცნიერება“, მშვენიერი წიგნი ოქროსფერი ტვიფრით წითელ ყდაზე, რომლითაც აგერ უკვე ასი წელია წარჩინებულ მოსწავლეებს ვაჯილდოებთ. ერთი თავი ალკოჰოლიზმს ეძღვნება. ამ სენთან ბრძოლის გზად, წიგნის ავტორები „ჰიგიენური სასმელების, კერძოდ ღვინისა და ლუდის“ მასობრივ მოხმარებას მიიჩნევენ და მთავრობას ამ სასმელზე დადებული გადასახადების შემცირებისკენ მოუწოდებენ.

თუმცა, ზოგჯერ თავშეკავებაც შეგვიძლია: გვიყვარს ჟანა კალმანის - ის ამას წინათ, ას ოცდაორი წლის ასაკში გარდაიცვალა -  მოგონებები, სადაც მხცოვანი ქალბატონი წერს, რომ ას თოთხმეტი წლის ასაკში ღვინის სმაზე უარი თქვა. ნამდვილად, მისაბაძი მაგალითია...

და აი, ისიც, პირქუში თავი, რომელშიც იმათ უბედურებას უნდა შევეხოთ, ვისაც ღვინის სმა არ უყვარს. ეკლესია მათ „აბსტემებს“ ეძახის. ნოველაში „პარიზის ღვინო“ მარსელ ემე იწყებს თხრობას სევდიან ცხოვრებაზე არბუას მხარის ერთი მეღვინისა, ღვინო რომ არ უყვარდა. მაგრამ ეს სიუჟეტი ავტორს არ იტაცებს და გმირიც სწრაფად იცვლება. პარიზელ მოხელეს, ეტიენ დიუვილს, ომის დროს ღვინოზე დაწესებული აკრძალვა საშინლად ტანჯავს. ის ცხოვრობს სიმამრთან, რომელიც მთელი გულით სძაგს. მდგომარეობა იმ  დღიდან იცვლება, როდესაც დიუვილი შენიშნავს, რომ ბერიკაცი ბორდოს ბოთლს წააგავს. ამის შემდეგ გაკვირვებული მეუღლე დაინახავს, როგორ დასტრიალებს ქმარი ბოთლის გასახსნელით ხელში სიმამრს თავს. ამბავი, რასაკვირველია, ცუდად მთავრდება: აღფრთოვანებული დიუვილი საოცარი მეტამორფოზის მომსწრე ხდება - ქუჩაში ყველა გამვლელი კარგ ღვინის ბოთლად იქცევა.

   „აბსტემმა“ მღვდელმსახურებმა ეკლესიას სერიოზული საზრუნავი გაუჩინეს. თავდაპირველად ჩაითვალა, რომ მათ მესის ჩატარების  უნარი არ შესწევდათ. მოგვიანებით, ლაროშელის 1571 და პუატიეს 1644 წლის სინოდებმა დაადგინეს, რომ „აბსტემებს“ ზიარების უფლება მიეცემოდათ, თუ ისინი ბაგით ღვინით სავსე თასის კიდეს მაინც შეეხებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ჰუსიტების (უნგრეთი, მე-14 საუკუნე) აზრით, თავად რომის ეკლესია იყო „აბსტემიზმის“ სენით შეპყრობილი. თავდაპირველად, ღვთისმსახურებისას თეთრი ღვინის გამოყენებით გამოიხატა მხიარულსა და ენერგიულ, ლალისფერ სასმელზე ხელის აღება. ხოლო როდესაც ეკლესიამ მორწმუნე ერისკაცებს ღვინით ზიარება აუკრძალა, „კალიქსტინელები“ აჯანყდნენ. კონფლიქტის დროს ათასობი ადამიანი ეწამა, ან დაიღუპა, სანამ 1433 წლის ბალის კრების დადგენილებით ჰუსიტებმა sub utraque, ორივე სახით ზიარების უფლება არ მიიღეს.

© არილი / vinoge.com



<<მესის<< არა, წირვის.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული